ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ემიგრაცია

ბანდეროლი | საიმონ, ლონდონი

საიმონ, 24 წლის, ლონდონი

რაც ნამდვილად მახსოვს, ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. არც დეტალებზე ფიქრი – რა წამეღო თან და ეგეთები.

წასვლა უფრო შვება იყო. როგორც კი ვთქვი, მივდივარ-მეთქი, გავთავისუფლდი. ერთი ჩემოდნით წამოვედი. ვიტირე მარტო იმაზე, რომ აეროპორტში მამაჩემი დავტოვე.

18 წლის ვიყავი მაშინ. თუმცა გაქცევის პროცესი მენტალურად უფრო ადრე დაიწყო, ალბათ 14 წლის ასაკში, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი სურვილებით ყველასგან განვსხვავდები. ძალიან კონსერვატიულ, ქრისტიანულ დასახლებაში გავიზარდე; უფრო სოფელია და ხალხი გეი კულტურას არ იღებს, არც არტისტული თვითგამოხატვისთვისაა ადგილი. ყველაფერი უნდა იყოს კორპორაციულ ჩარჩოებში, გამართულად რომ იმუშაოს და მე ამაში ვერ ვეწერებოდი.

ამას დაემატა ისიც, რომ 14 წლისამ ჩემი სურვილების გარეთ გამოტანა დავიწყე – ფოტოებს ვიღებდი, სხვებს რა ეცვათ, ვაკვირდებოდი და ბალეტი შემიყვარდა – იუთუბზე ვიდეოებს ვუყურებდი და მოძრაობებს ვსწავლობდი. cirque du soleil-ის სანახავადაც წავედი – საოცრებაა, ყველაფერია მასში, რაც მომწონს – ამბავი, რეჟისურა, თვითგამოხატვა, ემოცია, სევდა. ისეთი ლამაზები არიან და ისე მიმიზიდა ამან, თან მამაკაცურმა ძალამ და თავდაჯერებულობამ, ნელ-ნელა გავიაზრე, ალბათ, გეი ვარ-მეთქი. ვცადე კიდეც რამდენჯერმე გოგოებთან, ვკოცნაობდი, ძაან ვინდომებდი, მაგრამ ამაზე იქით აღარ მინდოდა, რა.

სექსულობა – როგორც ლონდონში გაქცევის მიზეზი, უფრო ქვეცნობიერად იყო. ტვინში უცებ მაღვიძარა კი არ აწკრიალდა, მოწოდებით – „გეი ხარ, წადი აქედან!“ – ეს უფრო გრძნობა იყო, რომელიც მთელ სხეულში მივლიდა ხოლმე და მახვედრებდა, რომ ჩემი სექსუალობის გამო ვეღარ ვჩერდები ამ ქალაქში.

A levels გამოცდების დამთავრებამდე მივხვდი, რომ უნდა გავიქცე. A levels ბავარიაში ძალიან რთულია. ძალიან ტრადიციული აღზრდა და მკაცრი სკოლა აქვთ, ამიტომ ბევრს ვმეცადინეობდი, მთლიანად გადავეშვი სწავლაში და მერე ერთბაშად მივხვდი, რომ ცოტაც და ამას ვეღარ შევძლებდი.

მაშინ ვთქვი, რომ დიდ ქალაქში უნდა გავიქცე.

სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, ლონდონში წამოვედი, სადაც შევხვდი ბიჭს, რომელიც შემიყვარდა. მშობლებს ვუთხარი, ისევ ლონდონში მინდა წავიდე-მეთქი. რატომაც მინდოდა წასვლა, ვერ ვაღიარე, მაგრამ ჯიუტად დავიწყე ინტერნშიპების, ბინის ძებნა. ინვოისი და საფოსტო კოდი რა იყო, ეგეც კი არ ვიცოდი. ყველაფერს ვგუგლავდი. ინტერნშიპი მართლა ვიშოვნე. სამი თვით ბინასაც გამოვკარი ხელი. ზუსტად სკოლის დამთავრების დღეს, გამოვფრინდი. წამოვედი და აღარც დავბრუნებულვარ.

ლონდონში არავის ვიცნობდი, მაგრამ ყველაზე მარტივი, ყოველდღიური რაღაცები, მაგალითად, სუპერმარკეტში წასვლაც კი, ისეთი ახალი და სასიამოვნო იყო – მიდიხარ, რომ აარჩიო, რაც შენ გინდა და არავინაა გარშემო, ვინც დაგიშლის. დაახლოებით 300 ადამიანს ხვდები ამ მარკეტში, მაგრამ ზუსტად იცი, რომ მათ ალბათ ვეღარასდროს ნახავ, ჩემს სოფელში კი მაღაზიაში წასული, სავარაუდოდ, ყველას იცნობ და ყველამ იცის, რომ ეს გამხდარი ბიჭი ისაა, გოგოს რომ ეძახიან.

ძაან ბევრი აბუჩად აგდება დავტოვე გერმანიაში. განსაკუთრებით ბიჭებისგან ვგრძნობდი.

ფეხბურთი მეზიზღებოდა. ყველაფერი მეზიზღებოდა, რაც ფეხბურთს უკავშირდებოდა, male douchiness, ხო იცი, რასაც ნიშნავს. ამიტომ ბურთს ფეხს არც ვაკარებდი. ვჯდებოდი ხოლმე ჩემთვის სტადიონთან, ისინი კიდე მოედნიდან ჩემკენ ისროდნენ ბურთს, სპეციალურად, რომ მომხვედროდა. ერთ დღეს გასახდელის საპირფარეშოში ჩამკეტეს. სამი საათი ვიჯექი ასე. 15 თუ 16 წლის ვიყავი.

მამაჩემს სულ ვეუბნებოდი, სადაც უნდა წავიდე, ზუსტად ვიცი, ამაზე უკეთესი იქნება-მეთქი.

ახლა ჩემმა ოჯახმა იცის, რომ გეი ვარ. მამაჩემთან ძალიან ახლოს ვარ და ვიცი, რომ ეშინია, კაცები გულს არ მტკენდნენ. მშობლის სინდრომია ალბათ. ჩემი ძმა კი საერთოდაც ერთ-ერთი მიზეზია ჩემი გაქცევის. ძალიან გამოკვეთილად მამრია. კაცურ რაღაცებს აკეთებს სულ. სამი წლით დიდია ჩემზე.

ერთხელ მატარებლის გაჩერებაზე შემხვდა და თავის მანქანაში ჩამისვა. ძალიან უცნაური შესახედი იყო, დავიძაბე, ხმაურით ქშინავდა, მერე ატირდა და ატეხა ყვირილი მანქანაში, მე რატო არ მითხარი, რო გეი ხარო. საშინელება იყო, გული გამისკდა.

სიტყვასიტყვით გაქცევა შესაძლებელია – ესაა პრობლემებისგან გაქცევა ქვეყნის შეცვლით, ან პლანეტის სხვა მხარეს გადახვეწით, მაგრამ ის, რასაც განიცდი და რაც ხდება შენს გონებაში, ისევ რჩება, თუ გამოსწორებაზე არ იმუშავებ. მე ნაღდად შემიძლია ვთქვა, რომ პრობლემა გერმანიაში დავტოვე.

თუმცა, ეს ქვეყანა ახლაც შფოთის მიზეზია ჩემთვის. საშობაოდ რომ ჩავდივარ, ეგრევე ცუდად ვხდები. ერთხელ რომ ჩავედი, მანქანაში კინაღამ გული ამერია და ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ასე მარტივად, მხოლოდ ლონდონში გადმოსახლებით, ვერაფერს გავექცევი.

დაწვრილებით

ერთხელ, უკვე ლონდონში ვცხოვრობდი და ჩემი მეგობრის მშობლები მოვიდნენ სადილად, ცოტა კონსერვატორები არიან და ეგრევე გამიცოცხლდა გერმანიის ტრავმები. უცებ წარმოვიდგინე, რომ ისევ სახლში ვარ და ახლა მომეთხოვება, უფრო კაცური ვიყო, გეი თემაზე არ ვილაპარაკო. ძალიანაც მომწონდა ეს ჩემი ვარდისფერი თმა, მაგრამ იმ საღამოს, სადილზე, მაინც მომიხდა იმ როლის თამაში, რაც ასე მძულს.

საბოლოო ჯამში, ასეთი ეპიზოდები გაძლიერებს. რთული ის არის, რომ რადგან გამოქცეული ვარ, ახლა აქ, ამ გარემოში ძალიან მაღალი მოლოდინები მაქვს ადამიანების მიმართ, რომ ისინი აქ მაინც უფრო გონებაგახსნილები იქნებიან. თუმცა, მაინც უამრავს ვაწყდები ისეთს, ვინც საპირისპიროში მარწმუნებს.

პირველივე რომანტიკულმა თუ სექსუალურმა ურთიერთობამ მასწავლა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მაინც მარტო ვიქნები, სულ, ყველანაირი გადაწყვეტილების მიღების მერე, ვიქნები მარტო იმის მიუხედავად, მეყოლება თუ არა კარგი მეგობარი ან პარტნიორი, მე ვიქნები მხოლოდ მე. ვისაც კი უმცირესობაში ყოფნა საკუთარ თავზე გამოუცდია, იცის, რომ მარტოობის გრძნობა კიდევ უფრო ინტენსიურია ჩვენთვის, ვიდრე ჩვეულებრივი მარტოსულობა, რასაც, დროდადრო, ყველა განიცდის.

და ეს ნამდვილად საფასურია. უნდა შეახსენო შენს თავს, რომ შეძელი და ეს გზა გაიარე. თითქმის დალურჯებული ხარ ამ რყევებისგან და ეს სილურჯეები ჯერაც მწარედ გიფეთქავს, როცა კი ხელახლა გეხებიან, და ყოველთვის სხვებზე უფრო ადვილად ეცემი, როცა ვიღაც თავიდან გატკენს. ამიტომაც ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი გავიღო ადამიანებთან ურთიერთობაში.

უკვე 6 წელი გავიდა. დედაჩემზე ვცდილობ არც ვიფიქრო, იმიტომ, რომ მისი არაფერი მესმის. ალკოჰოლიკია დედაჩემი და იქიდან თავდაღწევის გზა არ არსებობს, თუ არ აღიარებ. დედაჩემი კი ჯერ ამ ჭიდილშია, ამიტომ კეთილი დასასრული არც ისე ახლოსაა მისთვის. მე კი არ მინდოდა, ამის ნაწილი ვყოფილიყავი.

ბევრისგან გამიგია, რომ სახლი იქაა, სადაც შენი გული თუ შენი მეგობრები არიან, მე კიდე რატომღაც არ ვიღგზნები ამ თემაზე. იმიტომ კი არა, რომ არ ვაფასებ ჩემს მეგობრებს, უბრალოდ სახლის განმარტება ამაზე ღრმაა, რა.

ყველაზე ხშირად მამაჩემს ველაპარაკები. ყველაფერზე ვსაუბრობთ. კაცებზე ისე ხშირად არა. შეიძლება ცინიკურად ჟღერს, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ის ერთადერთია, ვისაც აინტერესებს ყველაფერი ჩემ შესახებ და ეს მასთან ძალიან მაახლოებს. ვგრძნობ, რომ რაც უფრო შორს ვარ სახლიდან, ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩემთვის.

მამაჩემი მიგზავნის ხოლმე დიდ ბანდეროლებს – ღვინო, პური, ყველი, ჰარიბოები, გერმანული შოკოლადი, ლინზების სითხე, ყავა – რომელსაც ამათ შუაში დებს სიმყარისთვის. ყველაზე ამაღელვებელი ის არის, რომ ამ გზავნილს აუცილებლად თან ახლავს წერილი, რომელიც 6 წელია ერთსა და იმავე ფურცელზეა დაწერილი. მთელი დასტა მაქვს ამ წერილების. ისეთი სიღრმეა ამ ჟესტში, ისეთი გამძლეობა და მუდმივობა, რაც ასე მიყვარს მამაჩემში. მგონია, რომ ბანდეროლს მაშინ კრავს ჩემთვის, როცა ძალიან მარტოსულად გრძნობს თავს. ამით ცდილობს ხოლმე შემახსენოს, რომ ჯერაც ცოცხალია.