ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბუნება

გასროლილ გუნდაზე ვცხოვრობთ | ინტერვიუ ბესიკ ხარანაულთან

ინდიგო: ისე, ადამიანი განსაცდელის მრავალ შრეს გადის ცხოვრებაში და მერე მუდმივად აქვს იმედი, რომ ეს განსაცდელი რაღაც სასიკეთოში გადაუხურდავდება. ამ ვირუსმა ხომ არ შეიძლება რამე ცვლილებებს დაუდოს სათავე?

ბ.ს. ცვლილებები იქნება და ის ყველაფერს შეეხება, მართლა ყველაფერს – იმასაც, რაც ღმერთისა არ არის და რაც ღმერთისა არის, იმასაც. ხალხიც იმდენად შეიცვლება, რომ თავს ვერ იცნობს. ყველაფერი შეიცვლება იმდენად, რომ გაგვიკვირდება. განა დრო არ არის?! უკვე მოძველდა ყველაფერი. ყველაფერი სხვანაირი უნდა გახდეს.

ინდიგო: და როგორი? უკეთესი თუ უფრო სახიფათო?

ბ.ს. უკეთესი. თავისუფალი. უფრო თავისუფალი.

ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს, რადგან ასე უფრო ბუნებრივია. მაშინ კანონებიც სხვანაირი გახდება, ადამიანის ურთიერთობაც სხვანაირი გახდება.

ინდიგო: ვირუსს ბევრი სოფელში, მთებში გაექცა. შესაძლებელია, რომ ადამიანი ისევ მიუბრუნდეს ბუნებას?

ბ.ს. თვალთმაქცური არშიყი არ გამოვა. თუ დებ, უნდა დადო, ბოლომდე გადადო. იცი, როგორ დავინახე? ახლა რომ გელაპარაკები, ეს ლიტონი სიტყვები არაა. იმდენად აღარ მინდა ეს ძველი, რაც იყო, იმდენად მოსაწყენი და არაფრის მომცემი გახდა ყველაფერი. ეს კულტურული ზეიმები, მოზეიმე ხალხი, ტაშები.

ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, ახალი პოეზია უნდა მოვიდეს. მარტო ლექსი ხომ არაა პოეზია, ახალი სამყარო გვინდა.

ხომ ხედავ, რა პრიმიტიული რაღაცები ხდება – ხელების დაბანა, მაგალითად. მე ძველი კაცი ვარ, ხელის დაბანა ძალიან მიყვარს. ამას წინათ ვთქვი: მერე მოვა ისეთი ვირუსი, ტრაკის დაბანასაც გვასწავლის-მეთქი. ადამიანი ცოდოა. სუსტია და ცოდო. შესაცვლელი შეიცვლება. და შეიცვალოს. ზნეს გამოვიცვლით. სხვა ცხენებზე შევსხდებით, ალბათ. განა ასეთი მაღალზნიანები ვართ, რომ ეგენი დაგვენანოს გამოსაცვლელად?

ინდიგო: წინათ რომ დაგირეკეთ, მითხარით, ჭინჭყლი ამინდიაო და მოწყენილი იყავით. აი, დღეს გამოიდარა და, შესაბამისად, კარგ ხასიათზე ხართ?

ბ.ს. ჰო, კაი ამინდი როცა გამოდის, ამაწრიალებს ხოლმე სასტიკად. გაყვავებულ ტყემლის ტოტს რომ დავინახავ ვიღაცის ეზოში, არ ვიყურები იქითკენ, მაგრამ დარი თუა, მინდა, რომ წავიდე, მძრავს. როგორც ორი ბედნიერი ადამიანი აღიარებს ერთმანეთს, ისე ვართ მე და ბუნება – ერთმანეთს ვაღიარებთ, პატივსა ვცემთ. ამით იმას არ ვამბობ, რომ მე ვარ ბუნება, მით უფრო, რომ ვაჟა-ფშაველა გვყავს და სითამამეს გვართმევს ამ ამბავში. ეგ ხომ ის კაცი იყო, რომლის ნაწერშიც უკეთესია ბუნება, ვიდრე რეალობაში. ბუნება თანასწორობისკენ მოგვიწოდებს. ვაჟა-ფშაველა რომ მოკვდა, საჩივრები იყო სასამართლოში. მეტყევეებს ებრძოდა სასტიკად. დღეს, წარმოიდგინე, რას იზამენ მეტყევეები, როცა მილიონები გააქვთ და გამოაქვთ. 11 წელია, აქ ვცხოვრობ, ხის ერთი ნაჭერი არ მიმიტანია სახლში. აქ გაატარებენ ხოლმე მოჭრილ მორებს, როგორც დახოცილ ვაჟკაცებს. ეგ ხალხი უღირსია.

ინდიგო: ბუნება გვიბრუნებს პასუხს, თქვენ ასე ხედავთ?

ბ.ს. ახლა ხომ გაჩერდა მთელი მსოფლიო. რომ გახედო, რა საქმეები გადაიდო, რა თამაშები, რა კონფერენციები, ტურისტები აღარ მიმოდიან. მე ის მჭირს, რომ საქართველოშიც კი არ დავიარები. განა ცუდად ვამბობ. აქ ჩემი არაფერია და თითქოს მაინც ყველაფერი ჩემია. ყველაზე ცოდვაა ის ხალხი, ვინც მუშაობდა და დაკარგეს სამსახურები. არ ვიცი, ბუნების პასუხია თუ არა, მაგრამ არაფერი არ არის უსულო, სული ყველაფერშია. ბარათაშვილი, ვაჟა – ყველა მაგას ამბობს და ასეა.

ინდიგო: ვაჟა ბუნებას და ადამიანს ერთ სხეულად განიხილავდა, სიკვდილსაც კი ადამიანური ცხოვრების მშვენიერ აქსესუარად წარმოაჩენდა. თქვენ თუ აღგიძრავთ მსგავს დაკვირვებებს ბუნებაზე ფიქრი?

ბ.ს. მე ეგ საათი გავაჩერე. ერთი წამითაც აღარ ვფიქრობ სიკვდილზე და მის შემადგენელზე. გავაჩერე ეგ დრო. გემზე რომ იყო, რომ უჭირდეს გემს და თავს რომ იმსუბუქებდე, არ გინდოდეს, რომ თავი გემძიმებოდეს, სხვა ამბავი იქნებოდა. არ მინდა დავაწვე დედამიწას ამ მომენტში, რადგან ეს ვირუსიც არის დედამიწის ავადმყოფობა და ადამიანებისადმი მისი რეაქცია. არ ვაწუხებ დედამიწას.

დავუშვათ, მე და შენ ისე კარგად ვიცით ყველაფერი, რომ ხვალინდელ დღესაც განვჭვრეტთ. ჩვენს სიტყვასაც ხომ ისმენენ, მაგრამ სანამ ზურგი არ გადაგვიტყავდება, მანამდე უნდა ჩავთვალოთ, რომ არაფრისთვის მიგვიღწევია. სუყველაფერი საწყალი, ჩვეულებრივი ადამიანების ზურგზე გადადის. ესენი რაღაცნაირად ინაწილებენ სიმძიმეს. ნამი ხომ ერთ ადგილას არ ედება, ნაწილდება მთელ მინდორზე. საზიაროა ყველაფერი, ახლა – მით უმეტეს. მე ვერასოდეს ვიტყვი გაფუყულად, რომ ისინი ცალკე არიან და მე – ცალკე.

ინდიგო: იზოლაციაში ყოფნა უნდა მიიღონ ადამიანებმა როგორც მოცემულობა, რომელშიც სიმარტოვესთან ცხოვრებას ვისწავლით?

ბ.ს. არა მგონია. პირველი, რასაც იზამენ ადამიანები, დიდი ლხინი შეიქმნება. ძაღლიც კი გარბის, რომ აუშვებ. ინსტინქტია. დალაგდებიან. ადამიანები ახალ გზაზე დალაგდებიან. ქვეყნები ხომ ერთმანეთს ჭამდნენ, არ ისვენებდნენ დიქტატორული ქვეყნები, სხვა ქვეყნების შეჭმა უნდოდათ, თავიანთი ხალხის შეჭმაც, სანამ თვითონ არ შეეხოთ, ხმა არ ამოიღეს. ახლა კი იქაჩავენ ტრიკოებს შიშისგან. აქამდე ხუთი წუთიც კი არ ყოფილა კაცობრიობა თანასწორი, ახლა კი თანასწორია ყველა. გასროლილ გუნდაზე ვცხოვრობთ, ისე სწრაფად მიდის ეს გუნდა, ვერც კი ვიაზრებთ. ცხენი სამ მხედარს იცვლიდა დოღში, მხედრები ვერა ძლებდნენ ზედ. ასეა კორონაც. იოლად ვერ გადავიტანთ, მაგრამ ფინიშამდე მაინც მივალთ.

კიდევ კარგი, რომ მე, მაგალითად, სულ მზად მაქვს ჩემში ცარიელი ადგილი – მადლი რომ მოხდეს, მისთვის ადგილი ხომ უნდა მქონდეს, დატენილი არ უნდა ვიყო. მადლისთვის სივრცე გამოთავისუფლებული მაქვს.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დედამიწამ გაიტკაცუნოს და მოკვდეს. ეს როდის იქნება, არ ვიცით. ყველაზე მნიშვნელოვანი რამეები არ ვიცით ჩვენ. არაფერიც არ ვიცით. მიუხედავად ამისა, მე მგონია, რომ თვითონ ადამიანს არაფერი დაუშავებია. ახლა ადამიანი ცოდოა და უნდა გავაძლიეროთ.

პ.ს. ახლა ვწერ „ეპიდემიის დროის ფრაგმენტებს“. მე თვითონ ხომ ღობე არა მაქვს და სულ ვწერდი, ეპიდემიამდეც. მაგრამ ეს ხომ უკვე იყო? ხომ არ ვიმეორებ? – აი, ეს კითხვა სულ მაქვს. არ მინდა, რომ გავმეორდე. საწვავი მაქვს, პატრუქს ცეცხლი უკიდია და იწვის.

ინტერვიუ ჩაწერილია 2020 წლის აპრილში, ტელეფონით
ტექსტი: პაატა შამუგია