ქედა - მწვანე ზონა დიდი პოტენციალით
14.08.2020
მახსოვს, ზღვაზე ჩასული ხშირად ვუყურებდი ხოლმე მთებს და ფერდობებზე შეფენილ სახლებს. რატომღაც, ყველაზე დიდი საწადელის ახდენის - ზღვაზე მოხვედრის მიუხედავად, მაინც ყოველთვის მიმზიდველად, მომნუსხველად გამოიყურებოდნენ. მიკვირდა ხოლმე - აი, იქ ვარ, სადაც ყოფნას ვნატრობდი - ზღვასთან ასე ახლოს, ზედ ნაპირზე, მე კი მაინც გავყურებ მთებს და ვცდილობ გამოვიცნო, როგორ მიდის ცხოვრება ამ მთების სქელი და გაუვალი სიმწვანის მიღმა, ნისლს იქით.
ამ ზაფხულს ქედაში ვიმოგზაურე. სწორედ ამ გამოცანად ქცეულ მთებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ფიქრებში ეს გორები ხშირად ხვდებოდნენ, მაინც არასოდეს მიფიქრია, რომ აქაური კულტურა ასეთი მრავალფეროვანი, ადგილობრივები კი ამხელა შესაძლებლობების ადამიანები იქნებოდნენ. თუ ჩემ გზას დაადგებით, თქვენც გაიცნობთ საინტერესო მასპინძლებს, ჭიბონის ოსტატებს, დაათვალიერებთ ჩხავერის ვენახებს, ხის მეჩეთებსა და თამბაქოს პლანტაციებს, და თუ მოინდომებთ, უძველეს ნალიაში მოწყობილ მოდერნის ტიპის გესთ-ჰაუზშიც დაიძინებთ.
მაღალმთიან აჭარაში მწვანე ძალიან ინტენსიურად გხვდება თვალში. ამიტომაც უწოდებენ აქაურობას "მწვანე აჭარას". პირველი დღე ქედაში, სოფელ ვაიოში იწყება. ამ სოფელში საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელდა პროექტ „ქედა-ლიდერის“ გამო. ტურის ორგანიზატორებმაც ჩვენს დასაბინავებლად სწორედ ეს ადგილი აირჩიეს. მთავარი, რაც აქ უნდა ვნახო, ადგილობრივი მოსახლეობის ახალი წამოწყებებია. ეს სიახლეები, ძრითადად, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას ეხება.
სოფელი ვაიო მდინარე აჭარისწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 380 მეტრზეა. ქედიდან სოფლამდე 6 კილომეტრია. დღეს დაახლოებით 500-მდე ბინადარი ჰყავს. გასაკვირია, მაგრამ პანდემიის დროს სოფლიდან გადასახლებული რვა ოჯახი უკან დაბრუნებულა. ასეთი რამ მაღალმთიან სოფელზე პირველად გავიგე, ძირითადად, საწინააღმდეგო მესმის ხოლმე.
ვბანაკდებით მახოს მარანში, აქ სამი ღამის გატარებას ვაპირებთ. „მახოს მარანი“ გესთ-ჰაუზია, რომელსაც ძალიან კეთილგანწყობილი ადამიანები მართავენ. აქვთ დიდი ეზო და ჩხავერის ვენახი. ზედმიწევნით კოხტად მოვლილ ეზოში, იმდენი ლამაზი ყვავილი და გამწვანებული კუთხეა მოწყობილი, რომ დავიბენი, არ ვიცოდი, საიდან დამეწყო «სთორების» გადაღება. ეზოს მოვლა ჩვენი მასპინძლის დარეჯანის საქმეა. დილას ადრე დგება, ხელებზე ხელთათმანს ჩამოიცვამს, სამუშაო იარაღს მოიმარჯვებს და საყვარელ საქმიანობას იწყებს. ოჯახში 3 სხვადასხვა თაობის ქალი გავიცანი- დარეჯანი, თამარი და მაგდა. თამარი „მახოს მარნის“ მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 46 წლის დიასახლისი, 3 შვილის დედა. მისი ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობა და ტურიზმია. თუმცა სოფლის საბავშვო ბაღში ლოგოპედად მუშაობს.
„კვირაში 3 დღე მაქვს ბაღში საათები. 50-მდე ბავშვი გვყავს, ლოგოპედი კი შერჩევით სჭირდებათ. დანარჩენ დროს ვდიასახლისობ და ამ სასტუმროს ვამუშავებთ. 7 საათზე ვდგები, ვწველი ძროხას. მერე მივდივარ ბაღში. 2 საათიდან ამოვდივარ და მეურნეობაში ვარ. საჭმელსაც მე ვაკეთებ. დამხმარე თუ მყავს, დასუფთავებაში მეხმარება. კორონამ ხელი შეგვიშალა, მაგრამ სასტუმროს აქამდე არასოდეს აკლდა მომსვლელები. აგერ, ნახეთ, ჩვენს ეზოში უკრაინელმა წყვილმაც კი გადაიხადა ქორწილი", - ჰყვება თამარი და ეზოში ყვავილებით მორთულ საქანელას მიჩვენებს.
მახო გორგილაძის კარ-მიდამო, ან როგორც აქ ეძახიან « ღელე-ღუტანი» თურმე მთელ ვაიოშია ცნობილი, განსაკუთრებით თავის გადმოსახედით და ამ შემაღლებულ ადგილზე მოწყობილი ფანჩატურით. აქედან მართლა ხელისგულივით ჩანს მთიანი აჭარის პეიზაჟი. საოჯახო ტიპის სასტუმრო ერთი ღამის გათენებასა და დღის გატარებას 3-ჯერად კვებით - 70 ლარად გვთავაზობს, კვების გარეშე – 30 ლარად.
„ქედა-ლიდერის“ ფარგლებში, გორგილაძეებმა 2012 წელს გახსნილი გესტ-ჰაუზის გაფართოება მოახერხეს - სასტუმროს ნომრები და მარანი მოაწყვეს. მიზნადაც ბიზნესის დახვეწა ჰქონდათ დასახული და დღეს უკვე 16 ადამიანის გამასპინძლებას ახერხებენ. სტუმრებს ახლად დაწურული ღვინით და მთიანი აჭარის კერძებით უმასპინძლდებიან. ეზოში გაშენებულ ვენახში მალხაზ გორგილაძე ცოლიკოურს, ჩხავერსა და ალადასტურს უვლის. ყოველ წელს 2 ტონა ყურძენი მოდის. მაგდა, თამარის და მახოს შვილი, ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრია და ბათუმში სწავლობს. ამბობს, რომ სოფელ ვაიოში არის იმის პერეპქტივა, საინტერესოდ იცხოვრო და თავი გაიტანო.
"პირველ რიგში, იმიტომ, რომ გზა გვაქვს. ახლოსაა საავადმყოფო და სკოლა. მეტ-ნაკლებად გვაქვს ღისრშესანიშნაობებიც, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ღირსშესანიშნაობები ჩვენითვე შევქმნათ, მარტო ტრადიციები გვაქვს ისეთი, როგორსაც ბათუმსა და ქობულეთში ვერ ნახავთ. მაგალითად, აქ ახალ წელს გარეთ ვხვდებით. მერე ერთ აიღებს კვახს და დაამსხვრევს, წელი ბარაქიანი და მოსავლიანი რომ იყოს, ის უნდა ვიპოვოთ, რაც ჩვენ გამოგვარჩევს, თან ბუნებრივად გამოგვდის", - მიყვება მაგდა.
მეორე დილას ვხვდებით ტურიზმის მიმართულების ადგილობრივ ხელმძღვანელებს და ჩვენი ტურის ორგანიზატორებს, არასამთავრობო ორგანიზაცია Cenn-ის წარმომადგენლებს. იქ ვიგებ, რომ ქედაში 22 ჩანჩქერი, 5 ისტორიული ხიდი, 14 სალაშქრო ბილიკი, 7 ისტორიული ციხე, 4 კოშკი, 22 ღვინის მარანი, 33 სასტუმო, 34 კვების ობიექტი და 6 სხვადასხვაგვარი სამკურნალო წყალია. ქედაში არის 5 ეკლესია და 22 მეჩეთი. ვითარდება საკალმახე ბიზნესიც, რადგან აქ 11 სალიფსიტე-საკალმახეა. Cenn-ი ქედაში 70-ზე მეტი ინიციატივის განხორციელებაში დაეხმარა ადგილობრივებს. ევროკავშრის მიერ დაფინანსებული პროექტი, „ქედა-ლიდერი“ რეგიონში ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი პრობლემების გადაჭრას ემსახურება. ადგილობრივებს ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში ე.წ. LAG-ი ანუ ადგილობრივი აქტივისტების ჯგუფი ეხმარება. „მახოს მარანიც“ ერთ-ერთია ბენეფიციართაგან ისევე, როგორც სოფელ ვარჯანისში მდებარე შატო „ივერი“.
შატოს მფლობელი როსტომ ბერიძეა, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტს ხელმძღვანელობს. სასტუმროსა და მარანს თავისი ვაჟის სახელი დაარქვა - ივერი ბერიძე ოჯახურ ბიზნესში თავადაც მონაწილეობს. სამზარეულო სპეციალურად გამჭვირვალე გააკეთეს, რათა სტუმარმა საკუთარი თვალით ნახოს, როგორ ამზადებს ოჯახის დიასახლისი სინორსა თუ ბორანოს. აქ ღვინოს ორივე ტექნოლოგიით აყენებენ - ჭაჭით (კახურად) და ჭაჭის გარეშე (ევროპულად). „ივერის“ მარანში ჩხავერის და ცოლიკოურის დეგუსტაციას ვესწრებით. ვიგებთ, რომ სოფლის ამ ურბანს წურბანი ანუ „წურვის უბანი“ ჰქვია, რადგან აქ ოდითგანვე წურავდნენ ღვინოს. „შატო ივერის“ ღვინო კი ექსპორტზეც გადის.
შატო „ივერიდან“ დაუვიწყარი ხედი იშლება. ერთ ჰექტარზე გაშლილი ვენახის თავზე შუა საუკუნეების ტიპის შენობა დგას, სადაც სასტუმროს თანამედროვე ოთახებია მოწყობილი. მასპინძლები ბოლო სართულზე აუზის გაკეთებასაც გეგმავენ. უახლოეს დღეებში შატო პირველ ვიზიტორებს მიიღებს. ნომრის ფასი 150-დან 200 ლარამდეა და ფასში საუზმეც შედის.
ტურის მეორე დღეს კიდევ ერთ აღმოჩენა გველის. ეს სოფელ მილისში მდებარე „ფრიდონ-ჰაუსია“ - ხის კოტეჯის ტიპის სახლი. პირველად, სწორედ აქ გავსინჯე ტკბილი სინორი, რომელსაც განკსუთრებულად გემრიელი თაფლის და ნიგვზის გემო ქონდა. მე რომ არჩევანი მქონდეს, ალბათ სწორედ აქ დავისვენებდი, რადგან სახლში დაუვიწყარი, ნაძვის სურნელი დგას. ოთახებში მინიმალისტური, ხისგან დამზადებული თანამედროვე სტილის საწოლები და კარადები დგას. ხეს „ბრუსის იმიტაცია“ ეწოდება. ეკოლოგიურად სუფთა ხეა. დიზაინი თავად მასპინძლებს ეკუთვნის. ფრიდონ გვარიშვილი გერმანული ენის სპეციალისტია. სასტუმროს ბიზნესში ადგილობრივებიც არიან ჩართულები. ზოგადად, ნებისმიერი პროექტის განხორციელების ერთ-ერთი პრიორიტეტი მოსახლეობის ჩართულობაცაა.
„ადრე აქ ტურისტები რომ მოდიოდნენ, ეზოში კარვებს შლიდნენ ხოლმე. შემდეგ იუთუბზე ვნახეთ პროექტი, როგორ შეიძლებოდა ხის კოტეჯის მოწყობა. შევახამეთ ჩვენს ეზოსთან და ავაწყეთ ეს კოტეჯი“, - მიყვება ფრიდონის შვილი, რამინ გვარიშვილი. „აქ არის მთავარანგელოზის ბილიკი, სადაც ფრინველებზე დამკვირვებლები გადადიან შემოდგომაზე და გადამფრენ ფრინველებს აკვირდებიან. იმავე მიზნით დადიან დედაბერას მთაზე. ორივე ადგილი ჩვენგან ახლოსაა. მთლიანი კოტეჯის დაჯავშნის შემთხვევაში ფასი 200 ლარია, ერთი ნომერი კი – 100 ლარი ღირს“.
სოფელ მილისის შემდეგ, გზად ხის მეჩეთი, აქაურობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ღირსშესანიშნაობაც შემოგვხდა.
„შინაურულად ნურის მეძახიან, ისე ზურაბი მქვია“, - გვიყვება მოხუცი ხოჯა, რომელიც ხის ჯამესთან გველოდა. აღმოჩნდა, რომ ეზანს (მუსლიმურად ლოცვისთვის მოწოდებას) ჯამეში სწორედ ის ასრულებს. „ადრე მაგარი ვიყავი. ხალხი ამოდიოდა, „ბალკონებზე“ გამოდიოდა და მისმენდა. პატარა არ ვარ. 80-საც გადავცილდი“.
ხოჯა ნური და ვაიოს ქალები არასდროს დამავიწყდება. ერთ-ერთი მათგანი, ჩვენი მეზობელი ბულბულია. ის და მისი ოჯახი თავს თამბაქოს ბიზნესით ირჩენს. როგორც აქაურები ამბობენ, „მაგით იბრუნებს ხალხი ხელს და მაგით აქვს შემოსავალი, თორემ ისე ძალიან გაჭირვებული იქნებოდა მთიანი აჭარა“.
ვაიოს სამეზობლოში ვნახე, როგორ კრეფენ ქალები თამბაქოს ფურცლებს, შემდეგ როგორ ახმობენ საგანგებოდ მოწყობილ ნალიებში და სათბურებში, როგორ „ანემსავენ“ და სპეციალურ „მაშინაზე“ ანუ დაზგაზე ფშვნიან. ამ სახით თამბაქო ბათუმში, ბაზარზე მიაქვთ გასაყიდად. 1 კილოგრამი თამბაქო 60 ლარი ღირს. სოფელში კი თამბაქოს „ფოთლად“ ჰყიდიან.
ნატურალური, ქარვასავით თაფლი ქედის მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. წარმოებას ხელს უწყობს ქედის ბუნებრივი პირობები და რესურსი. სწორედ ამიტომ, ვაიოში, „ქედა-ლიდერის“ მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტი, აქ უკვე სახელგანთქმული „თაფლის სახლია“. იდეა კი ლამზირა ხინიკაძეს ეკუთვნის. ლამზირამ და მისმა მეუღლემ თაფლი და არაყი ჩვენც გაგვასინჯეს, ასევე გვაჩვენეს, თუ როგორ ამოაქვთ თაფლი სკებიდან. დავათვალიერეთ თაროებზე ერთმანეთის გვერდით ჩაწყობილი წაბლის, აკაციის, ცაცხვის და ყვავილის თაფლი. ასევე ე.წ „სანთლის არაყი“, დინდგელი, თაფლი და თვითონ „ქედა-ლიდერის“ ფარგლებში ლამზირა ხინიკაძემ და მისმა ქმარმა, თანამედროვე ტექნოლოგიების ჭურჭელი და ინვენტარი შეიძინეს. ამით თაფლის ოჯახური ბიზნესი, რომელსაც რვა წელია მისდევენ, ახალ საფეხურზე აიყვანეს.
„დინდგელა მათთვისაა კარგი, ვისაც კუჭის ტკივილი აწუხებს. ბევრი წამალი კეთდება ამისგან. ამჯერად 70-მდე სკა გვაქვს. თაფლს ამ დღეებში დავწურავთ. წელს ტონამდე თაფლს ველოდებით“, - მიყვება დიასახლისი.
თაფლის დაგემოვნებას ისევ ღვინის დეგუსტაცია ენაცვლება. ოღონდ ამჯერად შერვაშიძეების მარანში, სოფელ პირველ მაისში. ევროკავშრის პროექტის ბენეფიციარი ნოდარ შერვაშიძეა. ტურისტულ ბიზნესს 2006 წლიდან ეწევა. წელს კი ძველ, მამა-პაპისეულ ნალიებში სასტუმრო კოტეჯები განათავსა. კოტეჯში მყუდრო და კომფორტული გარემოა და შერვაშიძეების ვენახებს გადაჰყურებს. ნოდარ შერვაშიძე ამაყად ამბობს, რომ მის ზვარში 23 ჯიშის ყურძენი ხარობს.
მარანს თავზე ცივასულას ციხე-სიმაგრე დაჰყურებს. მასპინძელი გვიამბობს, რომ მე-12 საუკუნეში აქ თამარ მეფეს გამოუვლია, დარბაზობა ჩაუტარებია და ამიტომაც სოფელს ნადარბაზევი ეწოდა. თუმცა დღეს მას პირველი მაისი ჰქვია.
შერვაშიძეების მარანში ზიპლაინიც აქვთ. რამდენიმე წუთში შეგიძლიათ ვენახებს გადაუფრინოთ და ექსტრემალური გართობითაც იჯეროთ გული. პირველ სტუმრებს ნოდარ შერვაშიძის 4 კოტეჯი ამ სეზონზე ელოდება.
შემდეგ ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტების სახელოსნოში მივდივართ და იქ ვხვდებით მურად თავართქილაძეს - ჭიბონის ოსტატს სოფელ კოკოტაურიდან. მურადი ჯერ ორიოდე ცნობილ აჭარულ მუსიკალურ ნომერს ასრულებს ჩვენთვის, შემდეგ ჭიბონის დამზადების ტექნოლოგიას გვაჩვენებს.
ჭიბონს 200 წლიანი ისტორია აქვს. ის ორი ძრითადი ნაწილისგან შედგება - გუდისა და სტვირისგან. გუდა თხის ან ცხვრის ტყავისგან მზადდება, რომელსაც საგულდაგულოდ ასუფთავებენ.
მურადმა დაკვრა 14 წლისამ დაიწყო, ინსტრუმენტის კეთება კი 15 წლისამ. ამბობს, რომ 300-ზე მეტი ჭიბონი აქვს დამზადებული და თითო მათგანის დამზადებას დაახლოებით 10 დღე ჭირდება. მისთვის მთავარია, ტრადიცია არ დაიკარგოს და წინაპრების მუსიკა მომავალ თაობასაც დარჩეს. ჭიბონის სახელოსნოში დანადგარები ევროკავშირის პროექტის ფარგლებში შეიძინეს. მალე გარემონტებული სახელოსნოც ექნებათ. ამჟამად მურადს 6 მოსწავლე ჰყავს. ყველაზე პატარა 3 წლისაა. აჭარულ სიმღერას და ცეკვას მურად თავართქილაძე უცხოელებსაც ასწავლის.
ჩემი ბოლო გაჩერება ქედაში, ლადო შავიშვილის მარანშია. მისი და მისი მეუღლის, ქალბატონი ელიკოს ინიციატივა მარნის კეთილმოწყობა და შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა იყო. მარანში შავიშვილების საფირმო ღვინოს ვსინჯავთ. აქ 6 სახის ღვინო აქვთ, ზოგი კახური, ზოგიც ევროპული წესით დაყენებული. შავიშვილების მარნიდან განსაკუთრებით ალადასტურის გემო მამახსოვრდება.
საოჯახო სასტუმრო შავიშვილებს თითქმის 10 წელია აქვთ. 5 ოთახიან გესთ-ჰაუსში 10 ადამიანის განთავსება შეიძლება. ერთ ადამიანზე ფასი 100 ლარია სამჯერადი კვებით.
ჩანჩქერი სოფელ ზედა მახუნცეთშია. მისი სიმაღლე 50 მეტრია და ქვევით საკმაოდ დიდ მორევს აჩენს. შხეფების ხმა და თვალწარმტაცი სანახაობა ბევრ ადამიანს იზიდავს. ჩანჩქერის ნახვის შემდეგ, ვერ აცდებით ვერც თამარის ხიდს. ეს ორი ღირსშესანიშნაობა თითქოს ერთ კომპლექსში მოიაზრება, რადგან ასე ახლოს არიან ერთმანეთთან.
ქედის ტური აქ მთავრდება. მშვენიერი ფინალია. ყველაზე დიდ შთაბეჭდილებად კი, დაბლა, ზღვისკენ დაშვებისას, ბუნება და ადამიანები მომყვება. ზოგისთვის ალბათ დაუვიწყარია აქაური კულინარიაც. ახლაც ვფიქრობ, რომ გასაოცარია ქედელების მიზანდასახულობა და შრომისუნარიანობა - აქ, მაღალმთიან აჭარაში, ველურ პირობებში, მონდომებულმა ადამიანებმა შეძლეს საკუთარი სუვრილებისთვის, სხვა კეთილი ადამიანების დამხარებით, ხორცი შეესხათ და გამოეცოცხლებინათ არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრება, არამედ - მთელი მხარის.