ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ემიგრაცია

მფრინავი კოიოტი | მარი, თბილისი-თელავივი

მარი, 30 წლის, თბილისი-თელავივი

„სულ თხუთმეტია. ყველაფერი გექნებათ მზად, შენ უნდა ჩაიყვანო დანიშნულების ადგილას, დაკითხვა იქნება თუ გასაუბრება – ყველაფერი ისე უნდა გაატარო, არავინ დაიწვას, არ დაიკარგოს, არ გაიჭედოთ“, – ეს იყო ჩემი მთავარი დავალება.

ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციამდე.

ძალიან ბევრი იყო მსურველი.

ისრაელში ლეგალური გადასვლის და არალეგალურად დარჩენის ყველაზე გაბაზრებული გზა პილიგრიმების ჯგუფები იყო. ამიტომ პილიგრიმებს ისე ამოწმებდნენ, ლამის სულში უძვრებოდნენ, აეროპორტში მგონი პირდაპირ მოსადის წევრები გელაპარაკებოდნენ. თვითმფრინავი მოუბრუნებიათ უკან. ყოფილა, რომ ჯგუფიდან შვიდი, ან თხუთმეტი ადამიანი დაუტოვებიათ. რეგისტრაციაზევე აჩერებდნენ, ბარგს არ აბარებინებდნენ.

მაგრამ იყო სხვა, უფრო უსაფრთხო გზებიც – კონფერენცია, ვორკშოპი, ტრენინგი.

საბუთებზე ყველაფერი აჟურშია: ანგარიშზე თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვორკშოპზე მოწვევა ორგანიზაციიდან, შრომითი ხელშეკრულება კომპანიისგან, სადაც მუშაობ – ოღონდ ყველაფერი გამოგონილია. შენი ორგანიზაცია, სინამდვილეში, არ არსებობს, რეგისტრაციის ნომერს იქვე, აეროპორტში არავინ შეამოწმებს. ანგარიშზე კიდევ, სულ ცოტა ხნით გედო ერთი დღით ნაქირავები ფული, რომელიც დამადასტურებელი დოკუმენტის აღებისთანავე გადარიცხე უკან.

ჩემს ჯგუფში თხუთმეტნი იყვნენ, ძირითადად დასავლეთ საქართველოდან, ყველაზე ახალგაზრდა – ოცდათხუთმეტი წლის, უმრავლესობა ორმოცდაათს გადაცილებული, ქალებიც და კაცებიც. უფრო უმუშევრები, ერთი იყო ცეკვის მასწავლებელი, ერთი ფიზკულტურის, ერთი ყოფილი პოლიციის თანამშრომელი, ქიმიკოსი, ბიოლოგი, ინჟინერი...

„ერთის შეცდომაზე შეიძლება ყველა ჩავარდეს. ჩვენ ამაზე პასუხს არ ვაგებთ. ყველა ასრულებს იმას, რასაც გეუბნებით“, – გვამეცადინებდნენ ორგანიზაციაში. გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე ოფისში შეგვახვედრეს, ერთმანეთი გაგვაცნეს.

არასდროს მიკითხავს, მაგრამ ალბათ რამდენიმე ათასი გადაიხადა თითომ. მომსახურებაში შედიოდა: ბილეთის ფული, დაზღვევა, სასტუმრო ერთი კვირით და ამ მომსახურების საფასური. ყველას ჰქონდა ამობეჭდილი ერთი კვირის პროგრამა, სულ ტყუილები – ამაში მე ვავარჯიშე. მნიშვნელოვანი იყო თარიღები, ტრენინგის თემატიკა, რაზე მუშაობდნენ და სად მიდიოდნენ. დანარჩენ კითხვებზე თითს იშვერდნენ ჩემკენ – ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი.

„ეს იმ ორგანიზაციის სახელი, რომელმაც მოწვევა გამოგვიგზავნა. მეორე ფურცელზეა ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციების შესახებ. ძალიან გთხოვთ, არ აგერიოთ. სამი ორგანიზაციიდან მივდივართ და ყველამ უნდა ვიცოდეთ, ვინაა ჩვენი თანამშრომელი. მანდ წერია, ვინ რამდენი წელი მუშაობს ორგანიზაციაში და ვინ რას აკეთებს – გთხოვთ, დაიზეპირეთ ყველაფერი, რაც მაგ გვერდზე წერია. აი, მეორე აბზაცში თქვენი პოზიციაა მითითებული, თქვენ ოფისმენეჯერი ხართ, თქვენ – უფროსი აგრონომი, შვიდი წელია ორგანიზაციაში მუშაობთ“... ხალხი იზუთხავდა ტექსტებს ფურცლებიდან. კითხვების დასმა ერიდებოდათ, უფრო ერთმანეთში ჩურჩულებდნენ. მეც უნდობლად მიყურებდნენ, ფიქრობდნენ ალბათ, ეს შვილის ტოლა გოგო ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი რანაირად უნდა იყოსო, მაგრამ თან ჩემს იქით გზა არ ჰქონდათ – მარტო მე ვლაპარაკობდი ინგლისურად.

ნათესავებთან გამომშვიდობება აეროპორტში, რა თქმა უნდა, აკრძალული იყო. არავითარი ფოტოების გადაღება, ჩახუტება და ტირილი. ეგ წინა დღეს. ოფისში გააფრთხილეს, ვინმეს ოჯახის წევრს თუ დავინახავთ, ჩვენ თვითონ დაგტოვებთო. ბარგიც ყველას ჩემი ხელით შევუმოწმე. ჩემოდნები მაგიდაზე დავაწყობინე, გავახსნევინე და ყველა განყოფილება გავუჩხრიკე: ოჯახის ფოტოები, სასაუბრო, საეჭვო ნივთები რომ არ ჰქონოდათ თან. მარტო ორი ხელი ტანსაცმელი უნდა წამოეღოთ, არავითარი დუტის პალტოები და დუბლიონკები. იქ ორმოცი გრადუსი სიცხე იყო. რამდენიმეს ვუპოვე, სასაუბროც და ფოტოებიც. ძალიან უხერხული იყო.

ყველას წააშლევინეს ისრაელში ნაცნობების და ნათესავების ნომრები მობილურში. ოჯახის წევრებს თავიდან უნდა მოეწერათ და როგორც კი ინტერნეტთან მოვხვდებოდით, თავიდან შეინახავდნენ.

აეროპორტში ეცვა ყველას ერთ სტილში – კაცებს თეთრი პერანგი, ჰალსტუხი, სოლიდური იერი რომ ჰქონოდათ. ზოგს ცხოვრებაში არ კეთებია ჰალსტუხი და ძაან უხერხულად გრძნობდნენ თავს. ქალებს კლასიკურად უნდა გვცმოდა, ან უბრალოდ შავი – კიდე ძაძები სჯობდა ჭყეტელას. ვიღაცებმა მაინც მომჭრეს აეროპორტში თვალი, მაგრამ, საერთო ჯამში, არა უშავდა.

გამწურეს თბილისის აეროპორტში. ოთხნი დაგვხვდნენ. თავი მართლა ჯვარედინ დაკითხვაზე მეგონა. ერთი მგზავრი იყო ომარი და ამას ისლამური სახელი რატომ ჰქვიაო, ჩამაცივდნენ. თქვენ გათხოვილი ხართ? პირველად მიდიხართ? ადრე თუ ყოფილხარ ახლო აღმოსავლეთში? რომელიმე არაბულ ქვეყანაში? ერთი ორგანიზაციიდან ხართ? ერთად რომლები მუშაობთ? ვინ რა პოზიციაზე? როგორ შეირჩა ეს ჯგუფი? იქ ვინ გხვდებათ? რა ჰქვია ორგანიზაციას? საკონტაქტოები გაქვთ? გვაჩვენეთ.

თუ რამეზე წავიბორძიკებდი, აღარ მეშვებოდნენ. პასუხს არ მაცდიდნენ, მაყრიდნენ კითხვებს. კინაღამ გული წამივიდა შიშისგან. თან არაფერი უნდა შეგეტყოს, ისეთი ბოჩოლას თვალებით მიყურებდა მთელი ჯგუფი, გული მოგეწურებოდა. ამხელა მოხეული კაცები, ათასრამეგამოვლილი, ზუსტად ორჯერ და სამჯერ ჩემზე უფროსები, ისეთი უსუსურები იყვნენ.

აეროპორტში იქაც კარგა ხანს გაგვაჩერეს, მაგრამ უკვე ერთი ადამიანი გვკითხავდა, თან ყველას მე ვუთარგმნიდი და ეგ კარგი იყო, ვაკონტროლებდი, რას ამბობდნენ. დავაგვიანეთ გასვლა, ამიტომ ძლივს ვიპოვეთ ისრაელელი ქალი, რომელსაც სასტუმრომდე უნდა მივეყვანეთ. გაბრაზებული იყო, რას აკეთებდით აქამდე, ვინერვიულეო. მარშრუტკაში ჩაგვსვა, გზაში წყლები დაგვირიგა და ბევრი აღარ ულაპარაკია. ყველა ისეთი დაშინებული იყო, მთელი გზა ხმა არავის ამოუღია. სტიუარდესა რომ სთავაზობდა სადილს, იმაზეც მე მიყურებდნენ, რა ვუპასუხოთო. ეს კიდევ უფრო მძაბავდა, დაჭიმულობისგან ყველა კუნთი მტკიოდა. თან ჩემი იმედი უნდა ჰქონოდათ, პატარა, ტატუებიანი, ცხვირში საყურით გოგოსი. ძაან კი დაიძაბნენ თავიდან, რომ დამინახეს. ალბათ, სხვა სიტუაციაში რამეს მომაძახებდნენ, მაგრამ იქ კი იყვნენ უბულკესები.

მარშრუტკა გაჩერდა პატარა სასტუმროს წინ, რომლის შესასვლელის თავზეც ფრიალებდა პრაიდის დიდი დროშა. იქ უკვე ვუთხარი, აწი, ცოტა მოდუნება შეიძლება, თუ სადმე გაჩუმება იქნება საჭირო, მე თვითონ განიშნებთ-მეთქი.

პასპორტებს რო ვაბარებდით, უცბად ოთახიდან გამოვიდა მოხეული, ზორბა შავკანიანი კაცი, მივიდა პორტიესთან, ლამაზთვალება შავგვრემან ბიჭთან, მოატრიალა სკამზე და ჩაზასა ტუჩებში. სანამ არ მორჩნენ, პორტიეს მაგიდის აქეთ ვიდექით თექვსმეტი ძეგლი. ერთმა ჭაღარა ქალმა გაბედა ბოლოს და ამოიკვნესა, ვაიო. ის ზორბა რო გაგვეცალა, ყველაზე უფროსმა კაცმა ჯგუფში, ჩუმად მკითხა: ეს ალბათ აქ ნორმალურია, არა, შვილოო? აბა, რა და გთხოვთ დაიმახსოვროთ, ხმა რომ ამოიღოთ, თვალებითაც რო ანიშნოთ ვინმეს რამე, მეორე დღეს, თქვენს სოფელში, საკუთარ სახლში დაიძინებთ-მეთქი.

ნომრებში ვიყავით წყვილად, ან რამდენიმე. მარტო მე მქონდა შირმით გამოყოფილი საძინებელი, ქინგსაიზ საწოლით, მეორე ოთახში, სამი ქალი დაბინავდა. ფანჯრებს დიდი, მძიმე რკინის დარაბები ჰქონდა, ვერ ვაღებდით ქვიშის ქარების გამო და ვერ ვხვდებოდით, გარეთ დღე იყო თუ ღამე. ძალიან დავითრგუნეთ.

ზოგი მაშინვე წავიდა, ვიღაცეებმა მოაკითხეს. ბოლოს ვთხოვე, მოდით, იქნებ ცოტა გამოვცოცხლდეთ, მალე ისედაც დავიშლებით-მეთქი და ჩვენს ოთახში შევკრიბე ყველა. კაცებმა მაღაზიიდან რაღაცეები მოიტანეს. ჩვენ ნომერში სამზარეულოც გვქონდა, ქალებმა იქვე დავამზადეთ და პატარა სუფრა გავშალეთ. ორის გარდა, ერთმანეთს არავინ იცნობდა. იქ გავიგეთ, რო ვიღაც კომუნისტების დროს ბიოლოგი იყო, მერე ქვეყანა დაინგრა და ომი დაიწყო და აღარავის სჭირდება, ამიტომ წამოვიდა. ქიმიკოსი იცინოდა, ჩემი პროფესიით მაინც ვერ ვმუშაობ და მირჩევნია, აქ ვიყო მონა, მონობაში აქ უკეთესად იხდიანო. მერე შვილების ფოტოები დავათვალიერეთ ტელეფონებში. ამ დროს, ახალგაზრდა კაცს სკაიპით ცოლმა დაურეკა და ორი წლის ბავშვი ალაპარაკა. ჩვენ ვუსმენდით, თან ცოტას ვსვამდით. მეც მოვყევი, როგორ მეშინოდა გზაში, რომ პირველად ვარ ამ საქმეზე და სასტუმროდან გასვლის ეხლაც მეშინია. ამ ლაპარაკის დროს, ბავშვმა უცბად მამამისისკენ გაიწია, ამიყვანეო. ეს დაიბნა, თვითონაც გაიწია, კი, მამაო, მერე გაჩერდა და დაჰყურებდა ეკრანიდან, ჩვენ ყველა ზურგს უკან ვედექით და ბავშვს ხელებს ვუქნევდით, თან ვბღაოდით. მთელი ღამე ვფიქრობდი, რამდენჯერ მოუწევს ამას ეგეთი ბღავილების შეკავება-მეთქი.

მეორე დღეს უკვე ცხრანი დავრჩით. იმ საღამოს მიდიოდა კიდევ რამდენიმე, ნელ-ნელა ქრებოდნენ. მე ერთი კვირა იქ უნდა ვყოფილიყავი, სანამ ყველას არ დავარიგებდი.

დაწვრილებით

მე არავის ვაცილებდი. რო მეუბნებოდნენ, აი, მივდივართო, გამოვდიოდით. მგონი დამშვიდობებისას ერთსა და იმავეს გაუთავებლად ვიმეორებდი: არ გეგონოთ, აქ აღთქმული მიწა გელოდებათ, ძაან ფრთხილად იყავით, პასპორტი არავის მისცეთ, ყველას ნუ ენდობით-მეთქი. და ვეხუტებოდით ერთმანეთს. არავინ წასულა დაუმშვიდობებლად. მაგრამ ბედნიერები არ იყვნენ, მაინც ეს დამპალი ქვეყანა უნდოდათ და შემომტიროდნენ: შენ ისევ უკან ბრუნდები, სახლში, რა გიჭირსო.

ამ სამვარსკვლავიანი, გეიფრენდლი სასტუმროს წინ იყო ზღვა. ერთხელ პლაჟზეც ვიყავით, ვიბანავეთ.

ნელ-ნელა ვცოტავდებოდით, ვცოტავდებოდით და ბოლოს დავრჩი მარტო მე.

ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ, რისთვის წავედი, ვორკშოპზე ვეგონე.

„ურემი რო გადაბრუნდა“, მერე ვუთხარი. მამაჩემმა, მიხარია, საკუთარი თავის იმედი რომ გაქვს, მაგრამ, შვილო, ხო იცი, მაგაზე 15 წლამდე ციხეაო? ვიცოდი – ექვსი თვიდან თხუთმეტ წლამდე, თან მოსადს შეუძლია იქვე მოგკლას, თუ გაქცევას სცდი. მაშინ ისეთი გამოუვალი მდგომარეობა მქონდა, რომ ეგ 500 დოლარი მთელი მემკვიდრეობა იყო ჩემთვის. მეორედ აღარ წავსულვარ, მაგრამ იმ მდგომარეობაში რომ ვიყო, როგორც მაშინ, თბილისში რო ვცხოვრობდი, ხვალაც წავიდოდი, ყელში მქონდა ყველაფერი, კაპიკებზე ვმუშაობდი.

მერე ეგ ხუთასივე დოლარი მარტო წამლებზე დავხარჯე, იქიდან რაღაც ვირუსი ავიკიდე და თვეები ვმკურნალობდი.