ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ემიგრაცია

ნელ ტემპში | გიორგი, ბარსელონა

გიორგი, 32 წლის, ბარსელონა

პროექტებიც და შეკვეთებიც იყო, სახლში ქამინგაუთიც მქონდა. შეყვარებულთან ერთად ცალკე გადავედი საცხოვრებლად. ძაან ვერთობოდით, ბევრ მოსაწევს ვეწეოდით. რეალურად, ძაან კარგად ვგრძნობდი თავს, ესე, ერთი შეხედვით. მერე, რაღაც, უცბად მომბეზრდა ყველაფერი, ჩემი გრაფიკოს დიზაინერობის ჩათვლით.

ეს პროექტები მარტო ფინანსურად რო გჭირდება და აღარ გავსებს. არც მოგზაურობა აღარ მსიამოვნებდა. სადმე რო მივდიოდი, მინდოდა, უბრალოდ აღარ დამთავრებულიყო, გაღვიძებასავით იყო ეს დაბრუნება კარგი სიზმრის მერე. არანაირი საკვები აღარ მქონდა.

ფსიქოლოგთან დავდიოდი და მახსოვს, იქ ვთქვი, რო აღარ მინდოდა არც ეს ვიზა გოლდი, აღარც ეს ამერიქან ექსპრეს გოლდი, აღარც ეს ძვირადღირებული ლანჩები და მოგზაურობები. გული მერეოდა. ვეღარ ვხედავდი, სად მთავრდებოდა ეს ყველაფერი, რაღაც უნდა ვქნა, რო გავჩერდე, ესე ხო არ დავბერდები, გავაკეთებ ანფლაგს და ვნახავ, რა ხდება ჩემ თავში, სხვანაირი ცხოვრება როგორია, სხვები როგორ ცხოვრობენ, სხვა გიორგი როგორია-მეთქი.

სინამდვილეში, უბრალოდ, სხვა გზა არ იყო.

აგვისტოში, საღამოს, ჩემთან სახლში, მე და ჩემი მეგობარი, ჩემი ყოფილი ესპანელი შეყვარებულის ფოტოებს ვათვალიერებდით. ადრე გავიცანი ბარსელონაში. და უცებ, მეთქი, მოდი, ესპანეთში წავიდეთ. ჩემი მეგობარი სამსახურიდან ახალი წამოსულიყი იყო. მეც აღარ მინდოდა ასე მუშაობა. ცოტა დანაზოგიც მქონდა. იმ საღამოსვე ვიყიდე ერთი გზის ბილეთები და რამდენიმე დღეში წავედით.

ბარსელონაში, თავიდან ჰოსტელში დავრჩით, მერე ორი კვირით ერთმა მეგობარმა დაგვითმო ბინა.

მაშინვე დავრეგისტრირდით მოსაწევ კლუბში. მოსაწევი მაშინ ჩემთვის აუცილებელი, რეალობიდან გაქცევის, თუ სტრესის მოხსნის ერთადერთი საშუალება იყო.

პირველი თვე ძირითადად აივანზე ვისხედით. ბევრს ვსვამდით, უფრო მეტს ვეწეოდით, ძაან ბევრ ფულს ვხარჯავდით. მაშინ ჯერ ვიცით, რომ სამი თვით ვართ წამოსულები. არანაირი დარჩენა.

მარა ფული გვეხარჯება. თან ათასი დეტალი უნდა იცოდე, ოთახის სწორედ შერჩევა ონლაინ, კულტურული სხვაობების გათვალისწინება, ადგილმდებარეობა, ფასი – რო მერე ეს ყველაფერი შეაჯერო. თან გვქონდა მაქსიმუმ ორი თვის ბინის ბიუჯეტი, და მორჩა.

ნერვიულობა ორ თვეში დავიწყეთ. ვიზაზე მალე გაგვდიოდა ვადა. თბილისში არ გვინდოდა, ჯერ არაფერი გაგვეკეთებინა, რო უკან დავბრუნებულიყავით, ემოციურად. არც კი დაგვისვენია. თან არაფერი არ მელოდებოდა უკან.

ჩვენმა ესპანელმა მეგობარმა გოგომ, რომელიც საქართველოში გავიცანი, გვითხრა, ცოტა ხანი შემიძლია შეგიფაროთო და იმასთან გადავედით საცხოვრებლად. უსაბუთოდ რო ხარ, არაფრის უფლება არ გაქვს. მარტო გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაა შენთვის. ფული სულ გამოგველია, ვინმეს თუ ვთხოვდი, 50 ევრო მასესხე, ოღონდ არ ვიცი, როდის დაგიბრუნებ-მეთქი. იყო, რო ერთი პური გვქონდა საჭმელად. ან იყო, რო, ან ყავა უნდა გვეყიდა, ან საჭმელი და, ყველა ვარიანტში, სახლში ფეხით უნდა წავსულიყავით, რომელიც ძაან შორს იყო.

ვიცოდით, რო სამსახურს ასე ადვილად ვერ დავიწყებდით.

ადრენალინიც იყო, რისკიც და ინტერესიც, რო აი, სადამდე შეიძლება კომფორტის ზონიდან გავიდეთ. ვიზის ბოლო დღეს საერთოდ არ გვილაპარაკია, ასე, ჩუმი თანხმობით გადაწყდა, რო დავრჩით.

ორი თვე, ერთი ესპანელი მეგობრის მისაღებში მეძინა. ნელ-ნელა თვითშეფასებაზეც მენძრეოდა. შეკვეთები სამშობლოდან საჭმელზე ძლივს გვყოფნიდა, ბინას ვერ ვქირაობდით.

28 დეკემბერს, ჩემმა მეგობარმა გვითხრა, სტუმრები ჩამოდიან გერმანიიდან და თქვენ უნდა წახვიდეთო – ხვალვე.

მეორე საღამოს უკვე ვდგავართ ჩემოდნებით ქუჩაში. ცივა. მე მაქვს ჩემი ლეპტოპი, ჩვენი მთავარი საარსებო წყარო, ჯიბეში მიდევს ცოტა მოსაწევი. ორივეს დარღვეული გვაქვს ვიზა და აზრზე არ ვართ სად წავიდეთ.

იმ ღამეს დავიშალეთ. მე ერთმა ქართველმა მეგობარმა შემიფარა, ის მეორემ. თვეზე მეტი დავრჩი მასთან.

დღეში მქონდა ხუთი ევრო. დილით მოვიკიდებდი ლეპტოპის ჩანთას, რომელიც გზაზე კიდევ უფრო მძიმდებოდა და დავაწვებოდი კოფიშოფში, რომელიც იყო სახლიდან ძალიან შორს, ზღვისკენ. ოთხ ევროდ ვყიდულობდი მოსაწევს და ყავას, დავაჯდებოდი მაგათ ვაიფაის და მთელი დღე ვმუშაობდი. ღამე ვბრუნდებოდი გვიან. იქვე, მაკდონალდში ვყიდულობდი ერთ ცალ ბურგერს და ეგ იყო ჩემი მთელი დღის საჭმელი. ეგრე ვიყავი ერთი თვე. და ეს ყველაფერი ისე მსიამოვნებდა – ეს ესპანური, ცოტა უცნაური მუსიკა, სხვადასხვა წარმომავლობის ხალხი კლუბში და ჩემი თავი. გარეგნობაც შევიცვალე მაშინ. გადარჩენისთვის რო იბრძვი, სხვანაირად გამოიყურები, სხვა გამომეტყველება გაქვს. ეს ობრაზი მომწონდა. არ მინდოდა გაპრიალებული გიორგი, კომფორტულად, ვაიფაიზე მიერთებული, ახალი ტანსაცმლით. როგორც ვიყავი, რაღაცნაირად მსიამოვნებდა და ვხვდებოდი, რო ჩემში რაღაც ახალს აღვიძებდა. უბრალოდ, თან სულ ვიცოდი, რო სადღაც დასრულდებოდა ეს ტანჯვა.

რაღაც შეკვეთებიც რო ავიღე, უკვე ოთახის ქირაობა შევძელი. პირველი თვე არ გამოვდიოდი ოთახიდან.

რუტინით ვცხოვრობდი, მაქსიმუმ მეფიქრა, ხვალ რა ვჭამო. არც ერთხელ, არასდროს მქონია, რო უკან ხო არ წავიდე. სრულიად პროცესში ვიყავი. არც ჩემი მშობლები მახსოვდა, არც ჩემი დები მახსოვდა. გადარჩენის მოუდზე ვიყავი, ოღონდ ამას ვუყურებდი თითქოს კამერით. ჩემ ფილმში ვიყავი. რეალითი შოუ გავიკეთე, გადარჩენის ჩელენჯით.

აქ ახალ ჩემ თავს ვპოულობდი, ვერ გავუშვებდი ამას ხელიდან. ვერ ვიტყოდი, რო მოდი ეხლა მე ისევ ღია კარში შევალ, როცა თითქოს ახალი კარი უნდა გამეღო.

ცოტა ხანში ბარსელონაში ბინის ქირა ვეღარ გავქაჩე და სხვა ქალაქში გადავედი. ერთი წელი ვიცხოვრე ულამაზეს ადგილას, ძაან კარგი ხალხი, ყველაფერი, მაგრამ იყო სოფელი რიტმით, თავისი ყოველდღიურობით და სულ ჩავიკეტე. იქაც მოსაწევ კლუბში ჩავეწერე, რო სოციალიზაცია გამევლო და ძაან ცუდად შემხვდნენ, ალბათ წვერების გამო. აქ წვერით, ყველას ან ჯიბის ქურდი გონიხარ, ან ბომჟი. გაპიწკინებული და ევროპელი ხარ მხოლოდ ვალიდური. მერე ბინაშიც პრობლემები დაიწყო.

დაწვრილებით

დავიწყე ფეისბუკის ისტერიული მოხმარება. გიჟივით ვდებდი პოსტებს, ისტერიულად ვეწეოდი, ხან მუსიკას ვუსმენდი, ხან ჩვეულებრივად ვგიჟდებოდი. მარტო ყოფნა არასდროს გამჭირვებია, მაგრამ იქ იყო მარტოს მარტოს მარტო – არც ლაპარაკი მინდოდა, არც მოყოლა, არც მოსმენა. თან აღმოჩნდა, რო ჩემი კარის მეზობელია ბარიგა. მისგან ვყიდულობდი მოსაწევს და იყო ერთადერთი, ვისთანაც კომუნიკაცია მქონდა. ამ ჩემი მოგლეჯილი ესპანურით. მოდიოდნენ მისი ძმაკაცები. ცოტა ნარკოტიკი, ღამე ცოტა საშიში სიტუაცია. ვცხოვრობდი პატარა, ფერად ოთახში და ჩემ თავში ყველაფერი იცვლებოდა, მთელი ცხოვრება გადავაფასე. ფული ისევ არ მქონდა, მაგრამ მქონდა ულევი დროის ფუფუნება.

რამდენიმე თვის მერე მივხვდი, რო პარანოია მაქვს უკვე ამ ჩემი მეზობლის აღრიალებულ მუსიკაზე, ხალხის აქეთ-იქით სიარულზე, ყოველ წუთას ზარის რეკვაზე, ძაღლის ყეფაზე. გიჟივით დამამშვიდებლებს ვსვამდი, რო არ გამერეკა.

ჩემთვის ვსეირნობდი ერთხელ ქუჩაში და ერთი კაცი გავიცანი. რაღაცნაირად, უცბად დავმეგობრდით. იმ პერიოდში საშინელი პანიკის შეტევები მქონდა. რამდენიმე დღეში მეორედ შემხვდა და მაშინ მითხრა, სხვა ქალაქში ვცხოვრობ, მოცეკვავე ვარ, მაქვს ჩემი სახლი, არანაირი, როგორც წყვილი ან პარტნიორი, უბრალოდ, როგორც ადამიანი – შეგიძლია გადმოხვიდე და ცოტა ხნით ჩემთან დაისვენოო. არც დავფიქრებულვარ, მეორე დღესვე ჩავალაგე ჩემოდანი და გადმოვედი.

ძაან კარგი ქალაქია, უკვე მძინავს კარგად. თავიდან გაუცხოებული ვიყავი, ეხლა ჩემი ბოიფრენდია. მოსაწევს დავანებე თავი. ფინანსურად ეგრევე დამეტყო. დავდივარ ექიმთან და ვმკურნალობ, ახალი ლეპტოპი ვიყიდე, პროექტები წამოვიდა, მოვიხოდე. ძაან დავუახლოვდი ამ ადამიანს.

ვაპირებ, რო მოვაწეროთ სამოქალაქო პარტნიორობას ხელი, რო მქონდეს ყველაფრის უფლება, მოკლედ, მაქამდე მივედით.

აქედან ერთიანად რო ვუყურებ, ყველა პოლიტიკოსის აზრს, ყველა იგნორს, ყველა გამოუძიებელ საქმეს, ნებისმიერ მძიმე-წერტილს, ისეთი სტრესულია. არის, რო უსამართლობის განცდა მაქვს და ვერავის ვერ ველაპარაკები. შენი ნაწილი თითქოს სხვაგანაა და სახე აღარ აქვს იქაურობას. ყველა ქართულ გადაცემას ვუყურებ, ყველა არხზე. ხან ვის ვაგინებ, ხან ვის, მერე ვწერ რაღაცეებს. მარა იცი, დღევანდელი ამბებია სულ, გუშინდელი უკვე არავის ახსოვს. ამ აქციებიდანაც სულ ერთი და იგივე პასუხებია, რო ვუყურებ, ერთი ტექსტია, უბრალოდ სხვადასხვა სახეები ამბობენ.

ამ დროს, აქაური პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს.
თითქოს არ მინდა, ხელიდან გამომეცალოს, რამე გამომრჩეს. ფიზიკურად ვარ დამოკიდებული მაქაურ ამბებზე.
დაბრუნებაზე არასდროს ვფიქრობ. პირიქით, საბუთს რო შევხედავ, ვმშვიდდები ხოლმე. ის მაინც ვიცი, რო აქ არ ჩამქოლავენ.

აი, დედაჩემს რო ვხედავ კამერაში, ძაან მესევდიანება და სულ გავურბივარ. მერე განვიცდი ამას. ამიტომ, უფრო ვწერ ხოლმე. რაც წამოვედი, უფრო დამიახლოვდა. როგორ გაგვექეციო. რატო არ იყავი ჩვენთან ახლოსო. მამაჩემთან ქამინგაუთის მერე, ვიცი, რო ძაან ვუყვარვარ, მარა თავისი ხასიათიდან გამომდინარე, შორიდან მესიჯს თუ გავუგზავნი. ყველაზე ძალიან ამას ვნანობ, რო ოჯახის წევრებს არ ვუთმობდი დროს. სხვა არანაირი სინანული. პირიქით. გამოვასწარი.

მალე ჩამოვალ ცოტა ხნით, მარა ჩემებთან მაინც ვერ გავჩერდები. ძაან მიყვარს, მარა იმდენი უნდობლობა იყო, არა მგონია, გამოვიდეს. მეგობრებთანაც, სამი წლის მერე, გავუცხოვდი – რა მაგარია, სახლში ჩავდივარ – ნაღდად არ მაქვს.

იმდენი რაღაც გაქვს გრანთიდ აქ. ძაან ბეიზიქ რაღაცეები, საერთოდ რო არ არი ამაზე ლაპარაკი. ჩამოდიხარ და იწყებ ცხოვრებას, ვინც ხარ, რაც ხარ, ისე. საქართველოში ეს დაძაბულობა, ცოტა შეფუთვა, გასწორება, მისწორება – ძაან მომბეზრდა. ამ ბეიზიქ ჭეშმარიტებებზე კამათი და მსჯელობა, მით უმეტეს ბრძოლა ძაან დამღლელია. მარტივია, რა – ნელ ტემპში, აი, ჩემთვის მინდა ცხოვრება.