ინტერვიუ ფილოლოგთან, ლიტერატურული სახელოსნოს დამფუძნებელთან, მანანა ბეგიაშვილთან

ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი

მანანა: მასწავლებლობას ვერ ისწავლი. ესაა პირველ რიგში ემპათია, რომელიც ან გაქვს, ან არა. ბავშვის ტყავში უნდა შეგეძლოს შეძრომა, მისი თვალით დანახვა. ურთულესი პროფესიაა, მთელი ცხოვრება ბეწვის ხიდზე დადიხარ. შენ, როგორც მასწავლებელს, შეგიძლია გააბედნიერო, ან დაღუპო ბავშვი.

ჩემთვის საგანი მხოლოდ იარაღია. სულ ეგ უნდა გახსოვდეს. მიზანი სინთეზური აზროვნების განვითარებაა. ოღონდ შემოქმედებით წერაში ამ თვალსაზრისით მუშაობა კიდევ უფრო რთულია. ამ პროფესიას ძალიან მაღალი ემოციური ინტელექტი სჭირდება, სულ ფორმაში რომ იყო. თორემ მასწავლებლის ტემპერამენტმაც კი შეიძლება ბავშვი დააზიანოს. ისეთი ფაქიზები არიან.

ჩემი მიზანია, სამყაროს მიმართ ინტერესი გაუჩნდეთ, გაიხსნან. რადგან არ არსებობს ზარმაცი ადამიანი. მას უბრალოდ, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს, თვითდამკვიდრების ეშინია. რა თქმა უნდა, ყოველთვის თამაშგარე რჩება ‒ ურჩევნია, არაფერი აკეთოს. რადგან ნაკლებად მტკივნეულია, იყო ზარმაცი, ვიდრე უნიჭო. უფრო ადვილია, საკუთარ თავზე მოისმინო, რომ ზარმაცი ხარ, ვიდრე ის, რომ არაფრის ნიჭი არ გაგაჩნია. მერე ამ როლმა შეჩვევა იცის და უკვე რთულია მოჯადოებული წრიდან გამოსვლა. მე ხშირად ვამბობ ხოლმე: მოდი, რა, მოინდომე, მეტის ღირსი ხარ, ბევრად მეტი შეგიძლია. ოღონდ ამას ვეუბნები მხოლოდ მას და მაშინ, როდესაც ამის ღირსია, როცა გაგებისთვისაა მზად. სხვა შემთხვევაში ეს ტყუილი ნათქვამი იქნება.

ბავშვებს გამხნევება ხშირად აკლიათ მშობლებისგან. სიყვარულით, ცხადია, მშობელს უყვარს შვილი, მაგრამ ბევრს საერთოდ არ აინტერესებს, რას ფიქრობს მისი შვილი, რა უხარია, რა სწყინს. „ეს რატო დასვარე! მე შენი მოსამსახურე ვარ? რატომ არ ჭამ საჭმელს? სიგარეტი მოწიე? ვინ არის ის ბიჭი, რატო დაგირეკა?“ ‒ წარუმატებელი ბავშვის უკან სულ ყეყეჩი მშობელი დგას. შვილებთან არ მეგობრობენ, სამაგიეროდ ათ სამსახურში მუშაობენ, როგორღაც შვილებს ყველაფერი რომ ჰქონდეთ. მეათე სართულიდან ელაპარაკებიან ბავშვებს, ისინი კიდევ უფრო პატარავდებიან, იკუნტებიან და ისეთი საწყლები ხდებიან, მერე, სკოლაში თვითონ ჩაგრავენ სხვას ‒ მათზე სუსტს. ყველა ჩაგვრის სათავე ესაა.

საერთოდ, უარყოფითს საოცარი მიზიდულობა აქვს, დადებითი კი ‒ განიზიდავს ‒ აი, ეს უნდა ახსოვდეს მასწავლებელსაც და მშობელსაც. ცუდს იოლად იმახსოვრებ, კარგი სულ გისხლტება ხელიდან. ამიტომ, მასწავლებელი ამაზე მუშაობს ‒ ცუდს უნდა გამოგლიჯოს ბავშვი ხელიდან, კარგისკენ გადაქაჩოს. შეიძლება ათმა პროცენტმა კარგმა ოთხმოცდაათი პროცენტი ცუდი გადასძლიოს, თუ ბავშვი სწორ გარემოში მოხვდა. მე, წერის კულტურაზე ვმუშაობ, მაგრამ, სინამდვილეში, მიზანი ისაა, რაც არ გასვენებს, გაწუხებს, ზედაპირზე ამოვიდეს. უბრალოდ, არასოდეს პირდაპირ არ უნდა დაეჯახო, ჭადრაკში მხედრის სვლასავით, ირიბად, ასოციაციურად უნდა იარო და ნელ-ნელა იმ ათი პროცენტი პოზიტივისკენ წაიყვანო.

მოქნილობა მნიშვნელოვანია. აი, სკოლებში სწავლების პრინციპი და სტრუქტურა მთელი თორმეტი კლასის მანძილზე უცვლელია. ყველაფერს ერთი მეთოდით ასწავლიან და ანალიტიკურ აზროვნებას არ სცდებიან. ეს ძალიან დაბალი საფეხურია ‒ მთელის ნაწილებად დაშლას სწავლობენ. სინთეზური აზროვნება კი ბოლო საფეხურია ‒ ეს ნაწილების გაერთიანებაა. მე, თავიდანვე, სინთეზურ აზროვნებაზე ვიწყებ მუშაობას, რადგან პიროვნებად რომ ჩამოყალიბდე, მთელი სურათის აღქმა და ამ მთელში საკუთარი თავის გვერდიდან დანახვა უნდა შეძლო.

რას ფიქრობ შენ და რატომ ფიქრობ ასე? ‒ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია. „ვეფხისტყაოსანს“ გადიხარ თუ ნიუტონის კანონს, კითხვები უნდა დასვა და ბავშვებმა პასუხები უნდა მოძებნონ: როგორ ფიქრობ, რატომ მოიქცა ფარსადანი ასე? რატომ იწვევს ყოველი ქმედება უკუქმედებას? აქ მთავარი აზროვნებაა და არა სწორად გაცემული პასუხი.

მე მიმაჩნია, რომ უნდა ისწავლოს ყველამ, ყველაფერი გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვს ასწავლოს. ძნელი ბავშვი პირველ რიგში იმიტომ არის ძნელი, რომ წარმატება სჭირდება, ან იმიტომ, რომ კრიზისი აქვს.

მე ძალიან მიყვარს ჯგუფში მუშაობა, რადგან იქ ყველა ერთი ვართ, ერთ ნავში ვსხედვართ. სახელოსნოში შეიძლება ვიღაც სხვაზე უკეთესად წერს, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. ფანტასტიკურად დაწერილზე შეიძლება ვუთხრა: კარგი, რა, ეს ხომ უკვე იცი, ახლა სხვა რამე სცადე! მირჩევნია, გააფუჭო და ცოტა წინ წახვიდე, ვიდრე იქ დარჩე, სადაც ხარ-მეთქი. ადამიანი მაშინ იზრდება, როცა კომფორტის ზონას ტოვებს. როდესაც ასე ელაპარაკები ძველ მოსწავლეს და ამას ახალმოსული ისმენს, ისიც ეშვება. ხედავს, რომ ყველანი გზაზე ვართ და მთავარი მოძრაობაა, წინ უნდა იარო.

საერთოდ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდები, ის ან ძალიან ახლოს მოდის და გვერდით გისკუპდება, ან ყველაზე შორს ჯდება, ხელს გიშლის, მაიმუნობს, შენთან ერთად ლაპარაკობს. იმ დღეს რომ ვერ გავაჩერე, მივუტრიალდი, ახალი მოსული იყო. ასი ცხვრის იგავი გავახსენე და ვუთხარი, იცი, მე არა ვარ მწყემსი კეთილი, შენ ერთს არ გამოგეკიდები და ამათ არ დავტოვებ-მეთქი. საშინლად არაპედაგოგიური ნათქვამი იყო, მაგრამ იქ ზუსტად ეს იყო საჭირო. მეორე გაკვეთილიდან წერა დაიწყო. მესამეზე მოვიდა და მკითხა ‒ მას, ისე, ეს როგორ მითხარითო. აქ რომ დამეტოვებინე, იმიტომ გითხარი-მეთქი. ესე იგი, მაინც გამომეკიდებოდითო. აბა, რას ვიზამდი-მეთქი, ვუპასუხე. ეს ისეთი გახსნილი დიალოგი იყო, ბევრ დიდს რომ გაუჭირდება. აი, ეგ არის ჩემთვის მიზანი. სწავლა შეიძლება მხოლოდ გულით და არა ტვინით, თუ არ გინდა ‒ ვერ გაიგებ. თუ ძალიან რთული მშობელი არა ჰყავს, მაშინ ბავშვს ყოველთვის გამოსდის. თორემ ნიჭიერი ბავშვის ჩაძირვასა და დაღუპვაზე ადვილი არაფერი არ არის.

თუმცა, არის ბუნებრივი ასაკობრივი კრიზისებიც, ეგზისტენციალური პრობლემები ‒ მარტოობის შიში, ყველა განიცდის უმეგობრობას. მეოთხე კლასელმა დაწერა სახელოსნოში, ორი ხე იყო, ერთი მოჭრეს და იმისგან ფანქრები გააკეთეს. ღამღამობით კი ეს ფანქრები და ხე ერთმანეთზე ფიქრობდნენო. გული მოგეწურებოდა, ისეთი ამბავი იყო, თანაც ხომ გასაგებია, რა პრობლემაზეც მიანიშნებდა. გვერდში დგომა სჭირდება ამ დროს და ყველაფერი კარგად იქნება.

მასწავლებლობაც ეს არის. ნიუტონის მესამე კანონია ‒ ქმედება იწვევს უკუქმედებას, რაც უფრო მეტია დაწოლა, მეტია წინააღმდეგობა ‒ აი, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ, მასწავლებელმაც და მშობელმაც.

კიდევ ორი რამეა მნიშვნელოვანი ‒ ერთი, რომ თვითდაჯერებული უნდა იყო. და მეორე: არასდროს დაამუნათო. ეს ეშლებათ ხოლმე. დაიწყებ თუ არა: „როგორ არა გრცხვენიათ, ამას როგორ აკეთებთ“ ‒ მორჩა, აღარაფერი გამოვა. ბავშვი რაღაცას რომ აკეთებს, ყოველთვის მოტივი აქვს. შენ მაგრად უნდა დადგე, მკაცრადაც უთხრა, მოგვიანებით გაუცინო კიდეც, მაგრამ იმ წუთას უნდა მიახვედრო, რომ იცი, რასაც აკეთებ. პრინციპული უნდა იყო.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სამეგობროდ ხარ მისული, თორემ გადაგივლის. ბავშვები ძალიან დაუნდობლებიც არიან. არ არის ადვილი გაზრდა, ძალიან მძიმე რამეების გადალახვა უწევთ. შენ მაგრად უნდა დადგე და მერე აუცილებლად ილაპარაკოთ. რაღაც უნდა უთხრა ისეთი, რომ გააჩერო. მილიონი ვარიანტია, შენ შენი წესები უნდა დააწესო. თუ იყვირე, მორჩა -რაღა გინდა გაკვეთილზე? ამ დროს, არაფერი ისე კარგად არ მოქმედებს, როგორც ჩუმად და ძალიან მტკიცედ ნათქვამი. ოღონდ სიყვარულს უნდა გრძნობდეს, სულ უნდა იცოდეს, რომ მეგობარი ხარ.