ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბავშვები

რატომ არიან ბავშვები დაუცველნი? | ინტერვიუ ანა არგანაშვილთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ხუთ თვეში ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 110 მშობელს დაეკისრა.

ამ სტატისტიკაში არ შედის თერჯოლაში მომხდარი ბოლო შემთხვევა. სოფელ ძევრში 11 წლის ავთო აბჟანდაძე სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მამა, ფრიდონ აბჟანდაძეა დაკავებული. ბავშვს ის და ბებია ზრდიდნენ, რადგან დედა სამუშაოდ სხვა ქვეყანაში მაშინ წავიდა, როცა ავთო 1 წლის გახდა.

საზოგადოებრივი ინტერესის გაჩენისთანავე, ოჯახის წევრები და მეზობლები ინტერვიუებში აღნიშნავდნენ, რომ მამა წლების განმავლობაში ძალადობდა მეუღლეზე და ქალიშვილებზეც, ხშირად სვამდა და ამ დროს აგრესიული ხდებოდა. 

თუმცა ავთო აბჟანდაძის სკოლის მასწავლებლები და დირექტორი უარყოფენ, რომ ამის შესახებ მათ ყურამდე ინფორმაცია ოდესმე მისულა. ბავშვის დახასიათებისას ისინი იყენებენ სიტყვებს: მხიარული და ლაღი. 

იმერეთის რეგიონული სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკი, ნათია წივწივაძე ამბობს, რომ მათ სისტემაში ამ ოჯახიდან ძალადობის შესახებ საქმე არასდროს შესულა - არც ახლა და არც წინა წლებში სოციალური სამსახურისთვის აბჟანდაძეების ოჯახის პრობლემების შესახებ არავის შეუტყობინებია. 

ბრალდებას უარყოფს მამა. წინასამართლო სხდომა 2020 წლის 19 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველოში ბავშვთა უფლებებს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით ვიცავთ. ამ ბაზას ეფუძნება ბავშვთა დაცვის მთელი სისტემა - დეტალურად გაწერილი პასუხისმგებლობებითა და ბერკეტებით, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ სისტემას პრობლემები აქვს. მას, არა გამონაკლისის სახით, არამედ ხშირად, ხელიდან უსხლტება ბავშვების უფლებების ისეთი უხეში და მწვავე დარღვევები, რომლებიც ზოგჯერ ბავშვის სიკვდილით სრულდება. 

მთავარი კითხვაა - თვითონ სისტემაა არასრულყოფილი და ის ამიტომაც ვერ ეხმარება ბავშვებს სხვადასხვაგვარი მძიმე ისტორიით, თუ პრობლემას იწვევს ის, რომ კანონი ხარვეზებით სრულდება? ანდა მიზეზები კიდევ სხვაა?

ინდიგო ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურსიტს, ანა არგანაშვილს.

რა საფეხურებს აერთიანებს ბავშვთა უფლებების დაცვის სისტემა იმისთვის, რომ გამართულად მუშაობდეს - ბავშვი დაიცვას არათუ ძალადობრივი გარემოსგან, არამედ ძალადობის რისკისგანაც კი?

ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოება უკვე იმ ეტაპზე იგებს, როცა შემთხვევა მომხდარია და ადგილზე  სამართალდამცველებს იძახებენ. თუმცა, სამართალდამცველების ჩართვა ერთ-ერთი ბოლო ეტაპია. მანამდეა გრძელი გზა, რომელსაც პრევენციით ვიწყებთ. 

პრევენციაა ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების აღმოჩენა და პროაქტიულად მათთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა.

მაგალითად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ასეა - თუ მშობლები სამუშაოდ სხვა ქვეყანაში მიდიან, მათი შვილები სახელმწიფოს ყურადღების ქვეშ ავტომატურად ექცევიან. სახელმწიფო აღნუსხავს იმ ბავშვებსაც, რომელთა მშობლებსაც შვილების აღზრდა სხვადასხვა მიზეზით უჭირთ - ან ფინანსური კრიზისი აქვთ, ან ალკოჰოლზე არიან დამოკიდებული. ამას ემატება ბავშვების გარეგნული ნიშნები: ვინც მოუვლელი დადის, ანდა ვისი ოჯახიდანაც ერთხელ მაინც შესულა ზარი ძალადობის შესახებ, ხვდება მაღალი რისკის მქონე ბავშვების ბაზაში. 

რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ბაზა ჩვენთან ჯერ არ შექმნილა და მისი შექმნა არც განიხილება, ამიტომ გამოდის, რომ ბავშვებზე ზრუნვის ამ ერთ-ერთ საწყის ბერკეტს თავიდანვე  ვუშვებთ ხელიდან.

თავიდანვე ვერ ვამჩნევთ, რომ რაღაც რიგზე ვერაა ოჯახში, რომლის გავლენასაც შევამცირებდით, პროაქტიული ჩარევის მექანიზმები რომ გვქონდეს; რომ ვადგენდეთ ნიშნებს, რაც ბავშვებისთვის სარისკო გარემოს ამოცნობაში დაგვეხმარებოდა. თუნდაც იმას რომ ვაქცევდეთ ყურადღებას, რაც ისედაც ვიცით - რატომ მიდიან ადამიანები შრომით მიგრაციაში? იმიტომ, რომ ოჯახში უკვე არსებობს კრიზისული სიტუაცია, წასვლით კი სხვა პრობლემებიც ღრმავდება, იცვლება სწავლის, შვილის აღზრდის თავისებურებები. მეტიც, ხშირად, მშობლის წასვლით, ფინანსური კეთილდღეობის გარდა, არაფერი გვარდება. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როცა ვინც აქ რჩება ფულის მისაღებად, მანიპულირებს ბავშვით და  გამოგზავნილი თანხა ბავშვზე სულაც არ იხარჯება. ზოგჯერ კი ბავშვთან ბებია, ბაბუა, ნათესავი რჩება, სამართლებრივად კი არც ნათესავს და არც ბებია-ბაბუას არ აქვს ბავშვზე გადაწყვეტილების მარტო მიღების უფლება. ამ მიზეზების გამო, მშობლის ემიგრაციაში წასვლა უკვე საკმარისი საფუძველია სახელმწიფოს გასააქტიურებლად - ბავშვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოსაქცევად; იმგვარივე მონიტორინგის დასაწყებად, როგორიც, შესაძლოა, დაეწყო ძალადობის ნიშნების აღმოჩენისას.

პრევენციის ეტაპზე გადაწყვეტილებების მიღების მთელი წონა იმ პროფესიონალებზეა, რომელთა საქმიანობაც ბავშვებთან რეგულარულ ურთიერთობას გულისხმობს - სკოლის ან ბაღის მასწავლებელი, ექიმი, თუნდაც ცეკვის წრის მასწავლებელი.

მათ ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება იმთავითვე ენიჭებათ. მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია არა მხოლოდ თავიანთი საგნების სწავლება, არამედ ისიც, რომ დააკვირდნენ ბავშვებს და შეამჩნიონ, თუკი რომელიმე მათგანი საეჭვო ნიშნებს ავლენს: მშიერია, გაკვეთილზე უმიზეზოდ ტირის, სწავლას მოუკლო, ცუდ განწყობაზე ხშირადაა და არ ამბობს რატომ, ქუჩაში დიდ დროს ატარებს, საუბრის მანერა შეეცვალა, გაუხეშდა და გაღიზიანებულია. ეს უკვე საბაბია მასწავლებლისთვის, დაელაპარაკოს მშობელს. არსებობს მთავრობის დადგენილებაც, სადაც ეს წერია. ამ დოკუმენტს “რეფერირების პროცედურას” ვუწოდებთ და ის ავალდებულებს ყველა პროფესიონალს, დაინტერესდეს, როცა ბავშვი საეჭვო ნიშნებს ავლენს, ჩაუღრმავდეს პრობლემას და თუ თავად ვერ ეხმარება ბავშვს, შესაბამის უწყებაში გადაამისამართოს დახმარების მისაღებად.

თუ თვითონაც სცადა და მშობელსაც რამდენჯერმე ესაუბრა, მაგრამმაინც ვერ დარწმუნდა პროფესიონალი, რომ ბავშვი უსაფრთხოდაა, ამის შესახებ უკვე სოციალურ სამსახურს ან პოლიციას ატყობინებს. 

პირველი წყარო ბავშვზე ინფორმაციის მისაღებად, ცხადია, მშობელია, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მშობლის შემოთავაზებული ახსნა კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას. ასეთ დროს მწვავდება ეჭვი, რომ შესაძლოა სწორედ ამ მშობლისგან განიცდიდეს ბავშვი ძალადობას. ამ დროს ვითხოვთ დახმარებას სოციალური სამსახურისგან. ხოლო თუ ბავშვის პრობლემა გადაუდებელად გვეჩვენება, მაგალითად, თუ ვხვდებით, რომ ბავშვს მალევე ემუქრება განმეორებითი ძალადობა, პირდაპირ ვატყობინებთ პოლიციას. 

საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიონალის ვალდებულება არც ამის შემდეგ სრულდება.

ცხადია, ყველა გულისხმიერი პროფესიონალი ისედაც ინტერესდება, მართლა დაეხმარა თუ არა ბავშვს სისტემა; თუ ვერა, მასწავლებელი რჩება ბავშვის დამცველად. გვქონია კიდეც ასეთი შემთხვევები, როცა პოლიციის და სოციალური მუშაკის უმოქმედებაზეც შეუტყობინებიათ მასწავლებლებს და ბავშვის ერთადერთ დამცველებად ბოლომდე დარჩენილან. 

საერთოდ, ბავშვთა უფლებების დაცვის სისტემაში ასეა - ჩვენ ყველა ერთმანეთს ვავსებთ და, გარკვეულწილად, ერთმანეთის მუშაობის ხარისხსაც ვაკონტროლებთ, თუ სადმე ჩავარდნაა, მეორე იღებს მეტს საკუთარ თავზე, რადგან ბავშვი ამას ვერ გააკონტროლებს.

ასეთია სქემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მუშაობს. სოციალური სამსახურის სტატისტიკით, ჩვენთან წელიწადში ბავშვზე ძალადობის 700-800 საქმე მაინც შედის სკოლებიდან. სკოლის გარე წყაროებიდან კი - 4 ათასზე მეტი. 

თუმცა, რეალურად ძალადობის შემთხვევები უფრო მეტია და შეტყობინებაც მეტი უნდა შედიოდეს; ხოლო თუ არ შედის, მიზეზი ისაა, რომ საზოგადოება ვერ ცნობს ბავშვებზე ძალადობის ნიშნებს, რადგან ბავშვების ძალადობრივი აღზრდის ფორმები საზოგადოების სოლიდური ნაწილისთვის მისაღებია. ძალადობის ამ ნიშნებს ხშირ შემთხვევაში ვერც მასწავლებლები და სხვა პროფესიონალები ცნობენ, რადგან სახელმწიფოს არ უსწავლებია ძალადობის სახელდება და მისი ამოცნობა. 

ამიტომ ბავშვის ძალადობისგან დაცვას ხშირად ვერ ახერხებს ვერც მისი უშუალო გარემოცვა - სანათესაო, ან სამეზობლო. მერე რა, რომ მეზობელსაც კი კანონი ავალდებულებს, სოციალურ სამსახურს შეატყობინოს, თუკი ბავშვზე ძალადობა შენიშნა; და რომ სისხლის სამართლის კოდექსშიც წერია: თუკი გვაქვს დანაშაულის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა და არ ვატყობინებთ შესაბამის სამსახურს, თავად ვხდებით დამნაშავე. 

მეზობელს როცა ესმის ბავშვზე ძალადობა, ის კვალიფიკაციას ამ დანაშაულს ვერ მიანიჭებს და ვერ განსაზღვრავს, საქმეა მძიმეა თუ ნაკლებად მძიმე. ამიტომ ავტომატურად უნდა იგულისხმოს, რომ ეს მძიმე დანაშაულია, რადგან ბავშვებზე ძალადობა ისედაც უფრო მძიმეა, ვიდრე დიდზე. 

ამიტომ ძალადობის რაობის, მისი ნიშნებისა და გამოვლინებების შესახებ მშობლების, მთლიანად ოჯახების და ბავშვების ინფორმირება გადამწყვეტია.

ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა მომენტში ხდება ძალადობა დასჯადი. სახელმწიფო ამგვარ საინფორმაციო კამპანიას დღეს ჩვენთან არ ატარებს, მხოლოდ არასამთავრობოები ცდილობენ ფრაგმენტულად, რაც საზოგადოების წარმოდგენებს ვერ ცვლის.  

ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაშია კიდევ ერთი ქმედითი და პრაქტიკული ბერკეტი - 24-საათიანი ცხელი ხაზი, სადაც ძალადობის შემთხვევაში რეკავენ და დარეკვა ბავშვსაც შეუძლია.

ასეთი ცხელი ხაზი  საქართველოში არ გვაქვს. ჩვენი ძალადობის ცხელი ხაზი რეალურად არ არის “ცხელი” - ის საღამოს ექვს საათამდე მუშაობს, ფასიანია და მოლოდინის დრო, როგორც გაზომეს, 17 წუთია. ვერცერთი ბავშვი ვერ დაელოდება 17 წუთის განმავლობაში პასუხს, თუ მასზე იმ მომენტში ძალადობენ.

მშობელი, მასწავლებელი, სოციალური მუშაკი, პოლიცია ბავშვთა უფლების დაცვის პროცესში ერთვებიან, თუმცა, ვთქვათ, გამოვლინდა ძალადობა ოჯახში, რომლის მსხვერპლიც ბავშვია, როგორი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება უწევს სოციალურ მუშაკს?

ძალადობის გამოვლენის შემდეგ, ოჯახზე მონიტორინგი იწყება. თუ ძალადობას ჯერ არ მიუღწევია დანაშაულის დონისთვის, სოციალური მუშაკები ეცდებიან, მშობელს აუხსნან, რომ შვილების აღზრდის სულ სხვაგვარი მიდგომები უფრო ამართლებს -  არა სასტიკ მოპყრობაზე, არა ყვირილსა და ცემაზე დაფუძნებული. თითოეული ეს შემთხვევა, ცხადია, ინდივიდუალურია, გააჩნია, ტონსაც და ინფორმაციასაც კი, რასაც სიტუაციის მიხედვით, მშობელთან დასალაპარაკებლად შეარჩევ. მიზანი ამ დროს ერთი უნდა იყოს: სოციალური მუშაკი შეეცადოს ბავშვის აღზრდაში მშობლის როლის გაძლიერებას. ხოლო თუ ხედავს, რომ მშობელს თავისი ფუნქციის შესრულებაში სხვადასხვაგვარი პრობლემა უშლის ხელს, შესაბამისი დამხმარე სერვისი შესთავაზოს, რაც სახელმწიფოს ასეთი შემთხვევებისთვის მეტ-ნაკლებად აქვს, ვთქვათ, კრიზისული ფსიქოლოგია, ბავშვთა რეაბილიტაცია, სოციალური ინკლუზია. ამ დროს სოციალური სამსახურის მხრიდან მონიტორინგი მუდმივ სახეს იღებს სატელეფონო ზარებით, ბავშვის მონახულებით, მეზობლებთან კომუნიკაციით. ეს კომუნიკაცია ინდივიდუალურია. ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს ყოველდღე, ზოგ შემთხვევაში კი კვირაში ან თვეში ერთხელ.

პარალელურად, სოციალური მუშაკი აფასებს რისკებს. ხომ არ რჩება ბავშვი სარისკო სიტუაციაში კვლავაც? - ამ კითხვაზე პასუხის მიხედვით წყდება, გამოიყვანონ ბავშვი ოჯახიდან თუ არა. მონიტორინგის პროცესში უკანასკნელი ზომა სწორედ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფოსთვის გადაბარებაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მშობელმა არ მიიღო სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დახმარება და შეგნებულად თქვა უარი ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ან კვლავაც გააგრძელა შვილზე ძალადობა. 

კანონმდებლობით ძალადობის პრევენციის ეს ინსტრუმენტები გაწერილია, სოციალურმა სამსახურმაც თავისი სამოქმედო არეალი იცის. თუმცა, პრობლემა აღმასრულებელი პროფესიონალების დეფიციტია. ბევრ ქვეყანაში სპეციალური მეთოდოლოგიით დათვლილი აქვთ, თუ რამდენი სოციალური მუშაკი უნდა ემსახურებოდეს ბავშვებს, მაგალითად, დათვლილია, რომ ათ ბავშზე ოცი სოციალური მუშაკი უნდა მუშაობდეს, თუმცა საქართველოში ათ ბავშვზე ოცის მეასედი სოციალური მუშაკიც არ გვყავს. ამიტომ რთულია, მოსთხოვო პასუხი, თუ რატომ არ შეამოწმა ბავშვი თვეში ერთხელ, რადგან იცი, რომ სხვა ასეულობით ბავშვის შემოწმებაც ამ ერთ სპეციალისტს უწევს.

რამდენად კვალიფიციურები და მგრძნობიარეები არიან ძალადობის შემთხვევების მართვის დროს სამართალდამცველები? 

სამართალდამცველები ისე არიან გადამზადებული ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე, როგორც ამას მათგან საზოგადოება ითხოვს - ანუ სუსტად, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ “ბავშვზე უკეთ იცის მშობელმა”. მათთვის ბავშვის ხმა და სათქმელი არ ჟღერს სერიოზულად. ხშირად მოქმედებს “ჩამშვები ბავშვების” საშინელი სტერეოტიპიც და თუ ბავშვმა რამე თქვა, მას დიდი სტრესისთვის წირავენ, მსმენია, მასწავლებლებიც კი როგორ იყენებენ ამ სიტყვას - “ჩამშვებს”. რა გასაკვირია, რომ  სამართალდამცველების ცოდნა და მგრძნობელობაა დაბალი ბავშვთა პრობლემების მიმართ. 

რომელ ნაბიჯზე ხედავთ ყველაზე ხშირად დაკარგულ შანსებს, რომ ბავშვის გარემოცვას და სახელმწიფოს ის მოსალოდნელი განსაცდელისგან დაეცვა?

გასულ წელს, როცა ოთხი წლის ბავშვი მოკლეს სახლში, სოციალური მუშაკები გაიფიცნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ვერ დაიცავდნენ ვერც სხვა ბავშვებს, რადგან საკმარისი რესურსი არ ჰქონდათ. ამბობდნენ, რომ თითოეულ სოციალურ მუშაკს  50 ისეთი საქმე მაინც აბარია, რომელიც სასწრაფოა და შესაბამისად, რეაგირება დაუყოვნებლივ სჭირდება. ერთი სოციალური მუშაკი კი ერთდროულად ორმოცდაათ ადგილას ვერ წავა. სახელმწიფომ ისინი მაინც აიძულა, გაფიცვა შეეწყვიტათ ისე, რომ ბავშვთა დაცვის სფეროში რეფორმა არ ჩატარებულა. ჩვენ, საზოგადოებამ, ამ ფაქტს წავუყრუეთ და ეს იყო  შეცდომა. 

ხოლო როცა აბჟანდაძეების ოჯახში მომხდარ შემთხვევაზე ვსაუბრობთ, შეცდომას ვხედავ პრევენციის პირველივე ეტაპზე  - სახელმწიფომ არ აღნუსხა ბავშვები, რომელთა ერთი ან ორივე მშობელი შრომით მიგრაციაში იმყოფება. მონიტორინგის სისტემა რომ ამოქმედებულიყო მხოლოდ იმ მიზეზითაც, რომ ბავშვს დედა სამუშაოდ საზღვარგარეთ ჰყავდა, შესაძლოა, სხვაგვარი ყოფილიყო რეალობა. მით უფრო, რომ არსებობდა მეორე არგუმენტიც - ბავშვის მამა შემჩნეული იყო, რომ ოჯახის წევრებზე ძალადობდა. სისტემას მხოლოდ ამ ორი მოტივითაც რომ ემოქმედა, ბავშვის დახმარებას დიდი ხნით ადრე შეძლებდა.

ფოტო: formulanews.ge