გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

10 ესე ინდიგოში

‒ გინდა პასტრამობანა ვითამაშოთ? ‒ ვეუბნები ლევის.
‒ ეგ რა არის? ‒ მეკითხება ისე, რომ ხელს არ მიშვებს.
‒ დედა და მე პურის ნაჭრები ვართ, ‒ ვუხსნი, ‒ შენ კი პასტრამი ხარ და ახლა სამივემ ერთად პასტრამის სენდვიჩი უნდა გავაკეთოთ. მოდი, აბა, ჯერ შენ დააწექი დედას.
ლევი შირას ზურგზე აწვება და მაგრად ეხუტება. მე ზევიდან ვაწვები ლევის და ხელებით ვეყრდნობი სველ მიწას, რომ არ გავჭყლიტო ორივე.
‒ ჰა-ჰა, რა მაგარია, ‒ ამბობს ლევი და ეღიმება.
‒ პასტრამი რომ ხარ, ეგაა მაგარი, ‒ ეხმიანება შირა ქვევიდან.
‒ პასტრამი! ‒ ვყვირი მე.
‒ პასტრამი! ‒ ყვირის ლევი, მაგრამ ხმა უკანკალებს, არ ვიცი, აღტაცების თუ შიშისგან.
‒ მაამ, ‒ მეუბნება მერე, ‒ შეხედე, დედას ჭიანჭველები ააცოცდნენ.
‒ ეს იქნება ჭიანჭველებიანი პასტრამი! ‒ ვყვირი.
‒ პასტრამი ჭიანჭველებით! ‒ ყვირის ჩემი ცოლი.
‒ ფუუუუ! ‒ ყვირის ლევი.

მერე აფეთქება ისმის. მძლავრი გრუხუნი, მაგრამ საკმაოდ შორიდან. 

ინდიგო #2 ეთგარ კერეთი – პასტრამი

 ამასობაში მზემ ღრუბლებიდან გამოანათა, ირგვლივ ყველაფერს შუქი მოჰფინა და სითეთრიდან გამოიტაცა – პირველად ტალახი გეგონებოდა – თოვლზე გაშლილი უყდო წიგნი. კენგურუსავით ვისკუპე, წიგნი ავიღე, თოვლი გადავბერტყე... ეს იყო “Бонк Н.А. Учебник английского языка”. ... იმ დღიდან ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ამხანაგი პეტროვი – მომაბეზრებელი საბჭოთა იდიოტი, რომელიც ლონდონში ჩასვლისას, უპირველეს ყოვლისა, კითხულობს, როგორ მივიდეს ინგლისის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში.  “Comrade Petrov works at an office. He lives near the office. He usually walks there. He only works five days a week…” უკვე 90-იანების გუგუნი ისმოდა, მე კი წყნეთში ამხანაგ პეტროვთან გავეჩხირე, რომელიც ვახშმობისას ცოლს ეუბნება, რომ 8 მარტს მივლინებაში მიდის და გულდაწყვეტილ არსებას Ту-154-ის ბილეთებს უჩვენებს. აი, როგორ ტექსტებს ვთარგმნიდი და რატომ ვიყავი მზად, პეტროვი და მთელი მისი ოჯახი დამეხვრიტა. „გადაშენდი, საბჭოთა მაკულატურავ...“, – ვფიქრობდი ჩემთვის და ვცდილობდი ეს ფრაზა ინგლისურად მეთარგმნა. მაგრამ, “Die, soviet garbage”-ის გარდა, თავში სხვა არაფერი მომდიოდა...

ინდიგო #2 ლადო ფოჩხუა – ომი და მშვიდობა წიგნებთან ერთად ხუთი ფრაგმენტი

ყველაზე რთულია, როდესაც ახლობელი ადამიანები არიან სტუმრად. მშობლები ნერვიულობას იწყებენ, რომ საკმარისი პირსახოცი არ მაქვს, ან რომ გასაშლელი დივანი მჭირდება (ხანდახან ღომის ამოსადღვებ ჩოგანსაც ითხოვენ). რომ, ჰო, კარგია, თუკი ქაღალდს ცალკე ვაგდებ და წიგნების უმეტესობა ბიბლიოთეკიდან გამომაქვს (გაყოფის პრინციპზე მდგარი ეკონომიკის მომხრე ვარ), რომ წითელ ხორცს არ ვჭამ (მესაქონლეობა ტყის მასივების განადგურების მიზეზია. 2000-2005 წლებში ბრაზილიაში თითქმის ორი საქართველოს ტერიტორიის ხელა, 132 000 კმ2 ტყე გაიჩეხა) და მანქანა არ მიყიდია – ჯერ, მაგრამ თევზზე უარის თქმა და სახლში ჭიაყელების ყოლა რაღა საჭიროა? (ჩემი ბრალია: ნეშომპალის კონტეინერის ჩვენება და კომპოსტის ჭიაყელების შინაურ ცხოველებად წარდგენა აშკარად ცუდი იდეა იყო). მერე ბევრს ფიქრობენ, ღამე ცუდად სძინავთ, დილით ისევ აგრძელებენ ამაზე ფიქრს და მიდიან გადაწყვეტილებამდე, რომ ახალგაზრდა ოჯახი ვართ, ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს და ეკონომია გვიწევს. და ცოტა მშვიდდებიან. მშვიდდებიან, რადგან იციან როგორ დაგვეხმარონ: მიდიან და ნივთებს ყიდულობენ!

ინდიგო #3 ნატო გიორგაძე –  როცა თქმა სჯობს

 

გამახსენდა და ვკითხე მამაჩემს ამ ზაფხულს, ვკითხე კი არა, მოვკითხე: რატომ შენც არ დარჩი!!! რატომ დაბრუნდი სოფელში? ხომ შეგეძლო წარმატებული კარიერა გქონოდა, რატომ აირჩიე ეს ყანა და ეს ვენახი და ეს ხალხი? მამაჩემმა კი, ისე, რომ ცელი მხრიდან არ ჩამოუღია, დაუფიქრებლად და ნერვებისმომშლელი სიმშვიდით მიპასუხა – ვიღაც ხომ უნდა დაბრუნებულიყო სოფელში? მე კი, უარესად, არა, ამ ოცი წლის მერე კიდევ უფრო საშინლად გავბრაზდი იმიტომ, რომ არ მომწონს მისი მზისგან დამწვარი მხრები და დედაჩემის დახეთქილი ხელები. არ მოვეშვი და ისევ „ნაგლად“ ვკითხე: და არ ნანობ? არა, – მიპასუხა მტკიცედ და მოკლედ და ეზოს უკანა ჭიშკრიდან ვენახისკენ მიმავალ გზას დაადგა. 

ინდიგო #12 ეკა ქევანიშვილი  მამაჩემის სოფელი

 ‒ როდესაც აფეთქება მოხდა, საჭირო იყო ცეცხლის კერის ჩაქრობა, მუშები შიშველი ხელით, სპეციალური ტანსაცმლის ან აღჭურვილობის გარეშე აყრიდნენ ქვიშას და მიწას,  ‒ მაფხიზლებს გიდის ხმა.

‒ და სახელწიფომ ეს დაუშვა?! გაოცებული სახით კითხულობს ტურისტი იმ ქვეყნიდან, რომელიც არასდროს ყოფილა სოციალისტური ბანაკის წევრი.

ინდიგო #11 დავით კლდიაშვილი ‒ როზარია, თეთრი შეზლონგი და ლენინის ბავშვობა

პირველი, რაზეც საკმაო დრო დავხარჯე, შუქთან გამკლავება იყო. ნახატის ცენტრში ლამპაა და მის გვერდით ნათურა. თუ ჩვეულებრივი მდგომარეობიდან შევხედავთ, თითოეული ფორმა გასაგებია, მაგრამ მე რომ ვუყურებდი, ორივე ანათებდა – აკეთებდა იმას, რასაც რეალურად აკეთებს – აფრქვევდა სინათლეს. ნათურა თეთრ ფონზეა მოცემული და ეს თეთრი ფონიც იყო ძალიან კაშკაშა. ამას გარდა, მის გარშემო დახატული წვეტები ამძაფრებდა სინათლეს და საერთოდ შეუძლებელს ხდიდა მის ყურებას. პირდაპირი გაგებით თვალს მჭრიდა ფორმისა და ფერის ეს კომბინაცია. საკმაო დრო სწორედ სინათლისთვის თვალის გასწორებას დავუთმე. თვალი გამირბოდა სიბნელისკენ, მაგრამ კვლავ ვცილობდი, სწორედ ნათურისთვის მეცქირა. ცოტა ხნის შემდეგ… ჩემი ყურადღება ნახატის ცენტრში დანახულმა უცნაურმა გამოსახულებამ მიიპყრო. ვგულისხმობ შავ-თეთრ რომბისებრ ფიგურას, რომელიც ნახატის ცენტრიდან ოდნავ მარცხნივ არის. თუმცა, რა ფიგურა – ის სულაც არ იყო ნახატი, ის იყო ნახევი ტილოზე, თითქოს, ვიღაცამ ტილო ორლესული ხმლით ჩაჩეხა. აშკარად ვხედავდი, როგორ უბერავდა ქარი ამ ნახვრეტიდან და როგორ არხევდა ნამუშევრის ოდნავ დაძენძილ კიდეებს.

ინდიგო #25 ლევან ღამბაშიძე – გერნიკა

ფრანსუა რაბლეს წიგნები გამოცემისთანავე რომ იკრძალებოდა, ეს რაღაცნაირად შეიძლება ლოგიკურ ჯაჭვში ჩააბა – პროვოკატორი გენიოსი იყო, ასეთები, აბა, რომელ ცენზორს უყვარს, არც ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკის“ აკრძალვა გაგიკვირდება – ასეთი წიგნები ყოველთვის აშფოთებთ „ზნეობის დარაჯებს“ და, ბოლოს და ბოლოს, არც სოროკინის „რიგის“ აკრძალვაა საოცრება – პოსტსაბჭოეთის აბსურდი ასე სრულად არავის აუსახავს. მაგრამ, აი, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ რატომ უნდა აკრძალო, არ ვიცი. არადა, არაერთი ქვეყნის არაერთ სკოლაში მისი შეტანა დღემდე დაუშვებლადაა მიჩნეული. თითქოს საგანგებოდ ირჩევდნენო, თითქმის ყველა აკრძალული წიგნი, ეს დრომაც დაამტკიცა, გამორჩეულად მაღალი ხარისხის ლიტერატურაა. მარტო ვატიკანის აკრძალულ წიგნთა ნუსხაც სრულიად კმარა კარგი განათლების მისაღებად.

ინდიგო #5 პაატა შამუგია – აკრძალულები და კრძალულები

 არსებობს ფეხის ფეხზე გადადების ზღვრული წონა, სულ ცოტა, ას კილოზე ქვემოთ მაინც უნდა იყო, რომ ეს მოძრაობა უმტკივნეულოდ, ხელის დაუხმარებლად და მსუბუქად, თითქმის ზერელედ, „სხვათა შორის“ შეასრულო.

ინდიგო #15 ლევან ბერძენიშვილი ‒  წონადი არგუმენტი

ლინო 79 წლისაა. „დორსოდუროზე“ დაიბადა – უნივერსიტეტის უბანში, ვენეციის გულში. მამამისი მეთევზე იყო, შვილი გონდოლიერი ჰყავს. სკოლა არ დაუმთავრებია, ბავშვობიდან მუშაობდა ლინო, მთელი ცხოვრება ნავში გაატარა… ყველაფერი უტარებია, რასაც ნიჩბის მოსმა სჭირდება. 53 წლისა პენსიაზე გასულა და მას შემდეგ, თითქმის 40 წელია, „ვოგა ვენეტას“ – ვენეციურ ნიჩბოსნობას ასწავლის სამხედრო საზღვაო სასწავლებელში. ლინომ ერთადერთი ენა იცის ქვეყანაზე: ვენეციური დიალექტი. არასოდეს მოუვა აზრად, რომ ვინმეს, შეიძლება, არ ესმოდეს მისი ენა, არც დაგიმარცვლავს და არც იტალიურად გაგიმეორებს ნათქვამს. ლინოსთვის შექმნის დღიდან ვენეციურ დიალექტზე მეტყველებს სამყარო.

ერლა ამერიკელია. „National Geographic“-თან თანამშრომლობდა, მოგზაურობდა და წერდა: ქვეყნებზე, ერებზე, კულტურებზე, ქალაქებზე, ადამიანებზე, კერძებზე, ღვინოებზე. საქართველოო, რომ გაიგო, თვალები აუბრჭყვიალდა: რას არ მივცემდი, ოღონდ ახლა ტყემალი მაჭამაო! საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული მოუვლია ოდესღაც და ჩვენზეც დაუწერია. 25 წლის წინ ვენეციაში ჩასულა მორიგი რეპორტაჟისთვის, ერთი თვე გაჩერებულა, ლინო გაუცნია, სამსახურისთვის თავი დაუნებებია, ვენეციაში გადასახლებულა და ლინოს გაჰყოლია ცოლად. ახლა ერთად უსვამენ წითელი „კაორლინას“ ნიჩბებს ვენეციის არხებში. „სან ფრანჩესკოს“ სანიჩბოსნო კლუბში მოხალისეობენ და ვენეციურ ნიჩბოსნობას ასწავლიან ჩემნაირებს. ერლა მკვეთრი ამერიკული აქცენტით ერეკება ვენეციურ დიალექტზე და ინგლისურზე მხოლოდ მაშინ გადადის, როცა ქმარს ეჩხუბება. ამ დროს ლინოს ვენეციური დიალექტი კიდევ უფრო დიალექტი და კიდევ უფრო ვენეციური ხდება. ლინო ნიჩაბს მიაგდებს და „კაორლინას“ წვერში წამომართული ერლა, „სან ფრანჩესკოს“ კლუბის წითელ მაისურში გამოწყობილი, მარტო უსვამს ნიჩაბს, ძალით, რომელსაც მხოლოდ ბრაზი აძლევს ადამიანს.

ინდიგო #26 ხათუნა ცხადაძე – უკურნებელთა ქალაქი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა