2008 წლის აგვისტოს ომის ქრონიკები
08.08.2019 | 15 წუთიანი საკითხავი2008 წელი
4 თებერვალი – ახალი გზა მუშაკების უღელტეხილზე
ბოტლიხის სამთო-სასროლო ბრიგადის ინსპექტირების დროს პუტინი კატეგორიულად ითხოვს მუშაკის უღელტეხილზე გამავალი გზის მშენებლობის სასწრაფო დამთავრებას და აცხადებს: „ეს კიდევ ერთი დერეფანი იქნება საქართველოში“.
21 მარტი – რუსეთის სათათბიროს რჩევარუსეთის სახელმწიფო სათათბირო მოუწოდებს კრემლს, განიხილოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს, განხილულ იქნას „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ზონებში განთავსებული [რუსული] სამშვიდობო ძალების გაძლიერების შესაძლებლობა“.
28 მარტი – სააკაშვილის მორიგი სამშვიდობო ინიციატივაპრეზიდენტმა სააკაშვილმა სოხუმს ახალი სამშვიდობო წინადადება შესთავაზა, რომელიც მოიცავს ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონების, ერთიანი საბაჟო და სასაზღვრო სივრცის შექმნას. „თუ ყველა ამ საკითხზე წავიმუშავებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყინული გალღვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, მთლიანად საქართველოს და მათ შორის აფხაზებს, წინ ელის ძალიან გაურკვეველი და რისკით აღსავსე მომავალი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
1 აპრილი – რუსეთი აორმაგებს „სამშვიდობოების“ რაოდენობას აფხაზეთშიაპრილის და მაისის თვეებში, რუსეთი საქართველოსთან შეუთანხმებლად აორმაგებს თავისი „სამშვიდობოების“ რაოდენობას აფხაზეთში და ყველა შეთანხმების დარღვევით, „სამშვიდობოებში“ ნოვოროსიის საჰაერო-სადესანტო დივიზიის ქვედანაყოფები შეჰყავს.
16 აპრილი – პუტინი კონტროლს აძლიერებსვლადიმირ პუტინის ახალი ინიციატივა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის სტრუქტურებში რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლობების გახსნას გულისხმობს - „რათა დამყარდეს პირდაპირი ოფიციალური თანამშრომლობა ორივე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებთან“.
20 აპრილი – უპილოტო მზვერავი აფხაზეთის თავზეაფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი რუსულმა საფრენმა აპარატმა ჭურვით ჩამოაგდო.
21 მაისი – ავტობუსის აფეთქება ხურჩაშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღეს, ტელევიზიით, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს, სოფელს ხურჩაში ავტობუსის აფეთქების კადრები ვრცელდება. თბილისი ამბობს, რომ აფხაზეთიდან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გადმოსულ მოსახლეობას სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს. „შევისწავლეთ ეს ინციდენტი და დავასკვენით, რომ არის ძალიან ბევრი საკითხი, რაც ოფიციალურ ვერსიას ეჭვის ქვეშ აყენებს. უცნაურია ის, რომ ის ადგილი, სადაც აფეთქება მოხდა, არანაირად არ უკავშირდება იმ გზას, სადაც ამომრჩეველს ხმის მისაცემად უნდა გაევლო“, - აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი ოგე ბორჩგრევინკი.
30 ივნისი – რუსული სამხედრო წვრთნებიჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის შენაერთები და ფსბ-ს სასაზღვრო ჯარები ერთკვირიან სწავლებას იწყებენ საქართველოს საზღვრებთან.
3 ივლისი – სანაკოევის ავტომანქანის აფეთქებასამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსის, დიმიტრი სანაკოევის ავტომანქანა ნაღმზე აფეთქდა, მის კორტეჟს კი ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაცვის სამი თანამშრომელი დაიჭრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანაკოევის მანქანა „ოსი სეპარატისტის დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა“. მოსკოვი ამბობს, რომ ეს „ინსცენირება“ იყო. შემთხვევის ადგილზე ქართველმა სამართალდამცავებმა არ დაუშვეს დამკვირვებლები სამშვიდობო ძალებიდან და ეუთოდან. 4 ივლისის ღამიდან, ქართულ და ოსურ შეიარაღებულ ძალებს შორის აღარ შემწყდარა ცეცხლი, რაც საბოლოოდ 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა.
6 ივლისი – აფეთქება გალშიოთხი ადამიანი დაიღუპა ქალაქ გალში აფეთქების შედეგად, ექვსი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან გალის რაიონის უშიშროების სამსახურის უფროსი ჯანსუღ მურატია და გაეროს მისიის გალის სექტორის თარჯიმანი ანზორ ლაგვილავა. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მომხდარში თბილისი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საქართველო „სახელმწიფოებრივი ტერორიზმის გზას დაადგა“. ქართული მხარე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აფეთქებას აფხაზეთის კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლას უკავშირებს.
7 ივლისი – აშშ-ის მოწოდება აფხაზეთზეაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში საერთაშორისო საპოლიციო ძალის შექმნის „უკიდურესი აუცილებლობა“ არსებობს. აშშ-მ დაგმო რეგიონში მომხდარი აფეთქებები, მათ შორის, გალის ინციდენტი. საქართველოს მთავრობამ აღნიშნა, რომ მზად არის ერთობლივი - ქართულ-აფხაზური საპოლიციო ძალის შესაქმნელად გალსა და ოჩამჩირეში, საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ. სოხუმი და მოსკოვი ცვლილებების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან.
10 ივლისი – კონდოლიზა რაისის ვიზიტი თბილისშითბილისში რაისმა განაცხადა, რომ კონფლიქტები საქართველოში მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების საფუძველზე. რაისმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსეთის ქმედებების გამო თვითგამოცხადებულ რეგიონებში, რადგანაც ეს არ უწყობს ხელს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას.
15 ივლისი – სამხედრო ძალის დემონსტრირებარუსეთის ჩრდილოეთკავკასიურმა სამხედრო ოლქმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები „კავკაზ-2008“ დაიწყო, რომელშიც მონაწილეობს 8,000 სამხედრო შეიარაღებული ძალებიდან, შინაგანი ჯარებიდან და ასევე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მესაზღვრეები.
ამავდროულად, დაახლოებით 2,000-მა სამხედრომ, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან, 15 ივლისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე წვრთნები „Immediate Response - 2008“ დაიწყო. წვრთნებში ასევე იღებენ მონაწილეობას სამხედროები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. აშშ-ის ბრიგადის გენერალი უილიამ გარეტი აცხადებს, რომ წვრთნების მთავარი მიზანია აშშ-სა და ქართულ შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
25 ივლისი – რუსეთი ახალ ჰოსპიტალს ხსნისრუსეთის თავდაცვის სამინისტროს საგანგებო სამედიცინო რაზმი, პოლიგონ „ტარსკოეზე“ შლის ჰოსპიტალს, რომელსაც დღეში 300 დაჭრილის მიღება შეუძლია.
26 ივლისი – სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზერუსეთი ამთავრებს სამხედრო ბაზების მშენებლობას ცხინვალსა და ჯავაში.
28 ივლისი – სამშვიდობოებს ჩოლიბაურში არ უშვებენკონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ სამხრეთოსურმა შეიარაღებულმა ნაწილებმა არ მისცეს მონიტორინგის საშუალება სამშვიდობოებს და ეუთოს დამკვირვებლებს სოფელ ჩოლიბაურში. ქართული მხარე აცხადებს, რომ ოსური შეიარაღებული ნაწილები სოფლის მახლობლად საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებენ.
1 აგვისტო – პოლიციელების აფეთქებადილის 8 საათზე, ქართველი პოლიციელების პიკაპის ტიპის ავტომანქანა დისტანციური მართვით ამოქმედებულ ორ ფუგასურ ყუმბარაზე აფეთქდა. ხუთი ქართველი პოლიციელი დაშავდა. ერთი მძიმედ დაიჭრა. ინტენსიური სროლები საღამოს დაიწყო და მთელი ღამე გაგრძელდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ქართული სოფლების - ზემო და ქვემო ნიქოზის, ავნევის, ნულის, ერგნეთის, ერედვისა და ზემო ფრისის დაცხრილვისას ექვსი მოქალაქე და ერთი პოლიციელი დაშავდა. ცხინვალი ექვსი მოკლული მებრძოლისა და 15 დაჭრილის შესახებ იტყობინება.
2 აგვისტო – ცხინვალის ევაკუაციარუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურმა ვალერი ევტუხოვიჩმა განაცხადა, რომ „რუსეთი არ დაუშვებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების წყენინებას“ და საჰაერო-სადესანტო ძალები მზად არიან რუსი სამშვიდობოების დასაცავად.
ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შესაძლოა „ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები“ ჩაერთონ. ცხინვალმა ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია გამოაცხადა.
3 აგვისტო – 3 აგვისტოს ქრონიკაართული მხარის ცნობით, ოსურმა ძალებმა ქართველ პოლიციელთა საგუშაგოს ცეცხლი სოფელ დვანთან გაუხსნეს. ცხინვალმა კი თბილისი სოფელ მუგუთის მიმართულებით სროლაში დაადანაშაულა.
საქართველოს დაზვერვა იტყობინება, რომ როკის გვირაბის გავლით, ჯავის რაიონში, რუსეთის 58-ე არმიის სადაზვერვო ბატალიონის ნაწილები განალაგეს.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ცხინვალის სამხრეთით მდებარე ქართული ქალაქების „გორის, ქარელის და ერთ-ერთი საკურორტო ზონის“ დაბომბვით იმუქრება.
4 აგვისტო – 4 აგვისტოს ქრონიკაცხინვალის მიერ კონტროლირებად სოფელ დმენისსა და სარაბუკის სიმაღლეებზე განლაგებულ ქართველ სამშვიდობოთა საგუშაგოს შორის სროლები მიმდინარეობს.
ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული დანაყოფების დასახმარებლად ცხინვალში ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკიდან 300 მოხალისე უკვე ჩავიდა და 2000 მოხალისეს კიდევ ელიან.
რუსი კაზაკების ლიდერმა და რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, ვიქტორ ვოდოლაცკიმ, კოკოითის დაუდასტურა კაზაკების მზადყოფნა, პირველი მოწოდებისთანავე აღმოუჩინონ დახმარება „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს“.
5 აგვისტო – რუსმა სამხედროებმა როკის გვირაბი დაიკავესსარაბუკის სიმაღლეებზე სროლების დროს, ორი ქართველი სამშვიდობო დაიჭრა.
ცხინვალი აცხადებს, რომ რუსეთიდან „მოხალისეთა“ პირველი ჯგუფები უკვე ჩავიდნენ და დონის კაზაკების მოხალისეთა რაზმების ფორმირება მიმდინარეობს.
რუსეთმა სამხრეთ ოსეთში 33-ე მოტომსროლელი ბრიგადის ნაწილები განალაგა, ხოლო როკის გვირაბთან, რუსეთის მხარეს 135-ე და 693-ე მოტომსროლელი პოლკებია განლაგებული.
6 აგვისტო – ბრძოლა სარაბუკის სიმაღლეებისთვისინტენსიური სროლები მიმდინარეობს სოფლების - ავნევის, დვანის, ერედვის, ხეთაგუროვოს, ნულის, ფრინევის, უბიათის და ზემო ფრისის - მიმართულებით. ცეცხლი გაუხსნეს სარაბუკის სიმაღლეებზე განლაგებულ ქართველ სამშვიდობოთა საგუშაგოს. სამი ქართველი სამშვიდობო დაიჭრა.
ცხინვალი 7 აგვისტოსთვის, დეესკალაციის თაობაზე დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს.
7 აგვისტო – 7 აგვისტოს ქრონიკასაქართველოში როკის გვირაბის გავლით რუსეთიდან სამხედროები და ტექნიკა შემოდის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული სოფლების, ნულის და ავნევის დაბომბვა დაახლოებით 12 საათისთვის განახლდა.
სერგეი ბაღაფში, ედუარდ კოკოითისთან საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ბატალიონი ცხინვალის რეგიონში შევიდა.
ორი ქართველი სამშვიდობო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა სოფელ ავნევში.
14:30 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გასცემს ბრძანებას, რომ ქვეყნის სამხედრო ძალები ცხინვალისკენ დაიძრნენ. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი საქართველოს „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის“ დაწყებაში ადანაშაულებს.
19:10 საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას, მზად არის დათმობებისთვის და ცხინვალს და მოსკოვს მოლაპარაკებების განახლებისაკენ მოუწოდებს.
20:30 ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა და ავნევს, ფრისს, თამარაშენსა და სხვა სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს. რუსულმა ძალებმა როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოჭრა დაიწყეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა სთხოვს საქართველოს ოფიციალურ პირებს, არ დაუპირისპირდნენ რუს სამხედროებს.
23:35 პრეზიდენტი სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ შტაბს უბრძანებს, შეაჩერონ რუსეთის ფედერაციის რეგულარული შენაერთები; გაანადგურონ პოზიციები, საიდანაც იხსნებოდა ცეცხლი მშვიდობიანი მოქალაქეების, ქართველი სამშვიდობოების და პოლიციის წინააღმდეგ; დაიცვან ცხინვალის რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობა.
8 აგვისტო – თბილისი სამხრეთ ოსეთის დიდ ნაწილს აკონტროლებსსამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ქართულმა ძალებმა „დაიწყეს ცხინვალის შტურმი“ დილის 01:00 საათისთვის. რუსი სამშვიდობოების ცნობით, ორივე მხარე იყენებს მძიმე შეიარაღებას, ხოლო ცხინვალი იბომბება „გრადის“ ტიპის დანადგარებიდან. სააკაშვილი ამბობს, რომ ცხინვალი და რეგიონის უმეტესი ნაწილი, ჯავის რაიონის გარდა, ქართული ძალების კონტროლის ქვეშაა. „ეს იყო მძიმე და ძალიან რთული ბრძოლა თითოეული შენობისთვის. ჩვენმა ჯარისკაცებმა უზარმაზარი გმირობა გამოიჩინეს“. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა შეტევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოსმა სეპარატისტებმა სამშვიდობო ინიციატივებს ქართული სოფლების დაბომბვით უპასუხეს.
8 აგვისტო – გორის დაბომბვაორმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გორში ხუთი ჭურვი ჩამოაგდო. „ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, აწყენინოს ჩვენს სამშვიდობოებს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. პრეზიდენტი სააკაშვილი კი აცხადებს, რომ 150 რუსული ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი და სხვა ტიპის ჯავშანმანქანა „შემოდის ახლა საქართველოს ტერიტორიაზე [სამხრეთ ოსეთში] როკის გვირაბის გავლით“.
9 აგვისტო – რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრა საქართველოშიათობით ადამიანი დაიღუპა რუსული თვითმფრინავების მიერ გორში, კომბინატის დასახლებაში, ასევე სამხედრო ბაზის, ფოთის პორტის, სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად. ზემო აფხაზეთი რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს, ხოლო აფხაზეთის შეიარაღებულმა ძალებმა კოდორის ხეობაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს. ნიუ-იორკში შეკრებილმა გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მოახერხა სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადების ტექსტზე შეთანხმება. რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა საქართველო „ეთნიკურ წმენდაში“ დაადანაშაულა. საქართველოს ელჩმა გაეროში, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ამ უსაფუძვლო საბაბს იყენებს „საქართველოს წინააღმდეგ თავისი სამხედრო აგრესიის გასამართლებლად“. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიმართა პარლამენტს თხოვნით, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე.
10 აგვისტო – რუსული თვითმფრინავები თბილისის აეროპორტს ბომბავენ10 აგვისტოს 19:00 საათზე რუსულმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია დაბომბა. რუსულმა ბომბდამშენებმა ჭურვები ჩამოყარეს ანაკლიაშიც. აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველო რუსეთს სთავაზობს ცეცხლის შეწყვეტას და გამოთქვამს მზადყოფნას მოლაპარაკებების განახლებაზე. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია ამბობს, რომ ჭურვი თბილისში იმის მტკიცებულებაა, რომ რუსეთის შემოჭრა საქართველოში მხოლოდ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ უკავშირდება.
11 აგვისტო – აფეთქება თბილისის ზღვასთანთბილისში 11 აგვისტოს ღამის 4:40 საათზე რუსულმა ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს თბილისის ზღვასთან, მახათას მთაზე მდებარე რადიოლოკაციურ სადგურზე. სამოქალაქო დანიშნულების რადარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ემსახურებოდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეორე ჭურვი რუსულმა თვითმფრინავმა თბილისის შემოგარენში დაუსახლებელ ადგილას ჩამოაგდო.
„ხვალამდე მინიმუმ თბილისს რამე საფრთხე არ ემუქრება,“- განაცხადა სააკაშვილმა, „გთხოვთ დავრჩეთ სახლში იმიტომ, რომ ჩვენ ყოველ ერთ საათში მოგცემთ ინფორმაციას რა სიტუაციაა“.
11 აგვისტო – რუსული ჯარები სამეგრელოშიზუგდიდის რაიონში რუსული სამშვიდობო ჯარი შევიდა და მათი დახმარებით აფხაზებმა სოფელი ხურჩა დაიკავეს, აცხადებს ქართული შსს.
მოსკოვმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალები სენაკში სამხრეთ ოსეთში „მშვიდობის იძულებით დამყარების“ ოპერაციის ფარგლებში შეიყვანა.
12 აგვისტო – ჯორჯ ბუში მოსკოვს მიმართავს„მე ღრმად ვარ შეშფოთებული კონფლიქტის ზონიდან მიღებული ინფორმაციით, რომ რუსული შეიარაღებული ძალები მიიწევენ წინ, უტევენ ქალაქ გორს და უმიზნებენ საქართველოს დედაქალაქს, თბილისს“, - განაცხადა ჯორჯ ბუშმა თეთრი სახლიდან.
თბილისში ათი ათასობით მოქალაქე სოლიდარობის გამოსახატად იკრიბება. საპროტესტო აქცია მუსიკის, სიმღერის თანხლებით მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების მხარდაჭერის ამ ფორმას არაადეკვატურად მიიჩნევს და აქციას მკაცრად აკრიტიკებს. საქართველოში ესტონეთის, ლიტვის, უკრაინის და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი საქართველოსთვის სოლიდარობის გამოსახატად და მხარდასაჭერად ჩამოდიან. იმავე დღეს, რუსული ვერტმფრენი გორის მახლობლად სამოქალაქო მიკროავტობუსს ცხრილავს - ცხრა მგზავრი იღუპება. რვა მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვისას, 15 კი დაშავდება. სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ზემო კოდორის ხეობას სრულად აკონტროლებს. „კოდორის ხეობა მთლიანად დაცლილია მოსახლეობისგან. ეს არის ეთნიკური წმენდის კლასიკური შემთხვევა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 12 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან გამართულ შეხვედრაზე მხარს უჭერს ევროკავშირის ექვსპუნქტიან გეგმას - საქართველოში საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე. მოსკოვიდან სარკოზი თბილისში ჩადის. იმავე დღეს სააკაშვილი ხელს აწერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებას.
13 აგვისტო – რუსული ჯარის გადაადგილებაარც თბილისი და არც მოსკოვი არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ რუსული ჯარი თბილისისკენ დაძვრას აპირებს. „მათი სამხედრო ტექნიკა ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში შედის, მაგრამ პანიკისთვის არანაირი საფუძველი არ არის, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ, - თბილისისკენ არანაირი მძიმე შეიარაღება და არც კოლონა არ დაძრულა“. რუსული ჯარები დაკავებული პუნქტების ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად ანადგურებენ, მათ შორის - გორში.
16 აგვისტო – 60 ათასზე მეტი დევნილითბილისში დევნილი მოსახლეობის რაოდენობამ 60 ათასს მიაღწია. დევნილები ხუთასამდე შენობაში, ძირითადად საბავშვო ბაღებსა და სკოლებში განათავსეს.
ამ რიცხვში არ შედის ზემო კოდორის ხეობიდან დევნილი მოსახლეობის მონაცემები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში დაბინავდნენ.
22 აგვისტო – 120 ათასზე მეტი დევნილიას ოცი ათასამდე ადამიანი სახლიდან გარბის. ვიდრე რუსული ჯარი გორიდან არ გადის, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი 22 აგვისტომდე გადაკეტილია. გახსნის შემდეგაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მაგისტრალზე მოძრაობისგან, რადგან პოლიცია გზის მიმდებარე ხიდებს და სტრატეგიულ ობიექტებს ნაღმებზე ამოწმებს. რუსი სამხედროები საგუშაგოს გორიდან ხუთ კილომეტრში, სოფელ კარალეთში ხსნიან.
24 აგვისტო – ამერიკული გემები შავ ზღვაშიამერიკული USS McFaul რაკეტსაწინააღმდეგო გემი 24 აგვისტოს ბათუმის პორტში შემოვიდა და 70 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა.
75 კმ-ის დაშორებით კი, ქალაქ ფოთს ისევ რუსული ძალები აკონტროლებენ.
რუსული საჰაერო იერიშების შედეგად ფოთის პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. საქართველოს საზღვაო აკვატორიაში კიდევ ორ ამერიკულ გემს ელოდებიან.
26 აგვისტო – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებარუსეთის პრეზიდენტი ხელს აწერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დოკუმენტს. დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის აღიარება რეფერენდუმების შედეგებს ეფუძნება. მანამდე, ის კრემლში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს ხვდება. მიხეილ სააკაშვილმა 26 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთმა „წარმოუდგენელი სტრატეგიული შეცდომა“ დაუშვა, რასაც ახლა უკვე დასავლეთმა უნდა გასცეს პასუხი.
29 აგვისტო – გადამწვარი სოფლები რუკაზეUNOSAT-ი სატელიტურ სურათებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლები გადამწვარია. Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ თამარაშენი, კეხვი, ქვემო აჩაბეთი, ზემო აჩაბეთი და ქურთა განადგურებულია ხანძრის შედეგად და არა დაბომბვის გამო. რუკაზე ხანძრები ჩანს 10, 12, 13, 17, 19 და 22 აგვისტოს, მაშინ როდესაც საბრძოლო მოქმედებები 10 აგვისტოსთვის უკვე დასრულებული იყო.
8 სექტემბერი – რუსეთი შეთანხმებას არღვევსსაფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან საკუთარ ძალებს ერთი თვის ვადაში გაიყვანდა და გაეროსა და ეუთოს დამკვირვებლები საქართველოში გააგრძელებდნენ მანდატის შესრულებას. რუსეთი ისევ არ ასრულებს შეთანხმებას და აღწევს იმას, რომ გაერო და ეუთო ტოვებენ კონფლიქტის ზონებს.
17 სექტემბერი – მოსკოვის შეთანხმება სოხუმსა და ცხინვალთანრუსეთის პრეზიდენტმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებთან გააფორმა ხელშეკრულება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. „ჩვენ ერთმანეთს გავუწევთ ყველა სახის დახმარებას, მათ შორის, სამხედროს“, - განაცხადა მედვედევმა.
8 ოქტომბერი – რუსული ჯარი სამეგრელოს ტოვებსრუსული ჯარი სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიას და სამეგრელოს ბლოკ-საგუშაგოებს დილიდან ტოვებს. რუსული ძალები ტოვებენ სამეგრელოდან - წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ზუგდიდის რაიონების სოფლებს. მედიის ცნობით, რუსული სამხედრო კოლონები ენგურის ხიდის გავლით გალის რაიონისკენ მიემართებოდნენ.
15 ოქტომბერი – ჩაშლილი მოლაპარაკებები15 ოქტომბერს ჟენევაში მოლაპარაკებები შეჩერდა და გადაიდო.
22 ოქტომბერი – 4.55 მილიარდი დოლარი საქართველოსსაქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა და საერთაშორისო დონორებმა საერთო ჯამში 4.55 მილიარდი აშშ დოლარი გამოყვეს საქართველოს ომის შემდგომი რეაბილიტაციისათვის.
23 ოქტომბერი – კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებსაქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. კანონი ამ ტერიტორიებზე თავისუფალ გადაადგილებასა და ეკონომიკურ საქმიანობას ზღუდავს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის იქ შესვლა დაშვებულია მხოლოდ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან.
19 ნოემბერი – ჟენევის მოლაპარაკებების მეორე რაუნდიჟენევის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის და ასევე ორი სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლების მონაწილეობით, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით.
24 დეკემბერი – სახლიდან 127 ათასი ადამიანი გარბის127 ათასმა ადამიანმა იძულებით დატოვა საკუთარი სახლი აგვისტოს ომის გამო. სავარაუდოდ, 73 ათასი ზამთრის დადგომამდე მოახერხებს სახლებში დაბრუნებას, - იტყობინება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR).