გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ადამ მიცკევიჩი ჯიადი

სინამდვილე შემაშინებლად ემსგავსებოდა „ჯიადის“ სცენებს | ინტერვიუ ანა კოპალიანთან

თამარ მღებრიშვილი: როცა ადამ მიცკევიჩის „ჯიადს“ ვკითხულობთ, გვეჩვენება, რომ ტექსტს მკითხველი რაღაც უცნაურ სამყაროში იწვევს, რომელიც სავსეა რიტუალებით, მისტიკით და, ამავდროულად, ძალიან ნაცნობი შეგრძნებებით. მაინტერესებს - თქვენ პირველად როგორ შეხვდით „ჯიადს“?  რამ გიბიძგათ იმისკენ, რომ მიცკევიჩის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი ქართულად გეთარგმნათ? ეს  უფრო ინტელექტუალური არჩევანი იყო თუ  გარკვეული წინასწარი ემოციური მედიუმი თქვენსა და აღნიშნულ ტექსტს შორის?

ანა კოპალიანი: „ჯიადი“ მართლაც გასაოცარი ტექსტია, ოთხი თავისგან შედგება და ოთხივე ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, მგონია, რომ სამი სხვადასხვა ნაწარმოები ვთარგმნე (პირველ თავს, რომელიც დაუსრულებელია და მხოლოდ ის შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტორის ჩანაფიქრით, ფაუსტური სიუჟეტი უნდა ჰქონოდა, არ ვთვლი). ჩემი საყვარელი ნაწილი მეორე თავია, რომელშიც სწორედ ეს მისტიკური „ჯიადის“ რიტუალია ასახული. ჩემთვის ეს ნაწილი რაღაც თვალსაზრისით მშობლიური იყო, რადგან წარმოშობით ლეჩხუმიდან ვარ და ჩემს ადრეულ ბავშვობაში, საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდში,  ქრისტიანული და წარმართული ტრადიციები ძალიან უცნაურად და ლამაზად ერწყმოდა ერთმანეთს, კაკლის ხის ქვეშ სანთლების დანთების რიტუალიც მახსოვს და მიცვალებულთა სუფრაზე თეფშების მარჯვნივ შეტრიალებისაც.

ის, რომ საქართველოს მთიან მხარეებში მიცვალებულთა და ცოცხალთა სამყაროებს შორის საზღვარი მყიფეა, კარგად ჩანს ჩემი მეგობრის, სოსო მეშველიანის, შესანიშნავ მოთხრობაში „ქუნარეშ“, რომელში აღწერილი სვანური რიტუალიც მიცვალებულებთან კონტაქტისა, „ჯიადის“ ცერემონიალს ძალიან ჰგავს.

რაც შეეხება იმას, თუ რამ მიბიძგა თარგმნისაკენ: პოლონეთის თეატრის ინსტიტუტის სურვილი იყო, რომ ადამ მიცკევიჩის „ჯიადი“ ქართულ სცენაზე დადგმულიყო, რასაც, ცხადია, წიგნის სრული ტექსტის თარგმნაც სჭირდებოდა. პროექტის ავტორები პოლონური ენის მცოდნესა და შესანიშნავ მთარგმნელ ქეთი ქანთარიას დაუკავშირდნენ, ქეთიმ კი, ვინაიდან თავად პროზის მთარგმნელია, პწკარედების ლექსად ქცევა მე მომანდო. ქეთისთან თანამშრომლობისა და პოლონეთისა და საქართველოს კულტურული დაახლოების იდეა ძალიან მნიშვნელოვანი მოტივაცია გამოდგა ჩემთვის. მიცკევიჩის ლექსები ბავშვობიდან მიყვარდა და ვიცოდი, ამ საქმეში სულისა და გულის ჩადება არ გამიჭირდებოდა.

თ.მ.: მიცკევიჩის პოემა XIX საუკუნეში იქმნება, მაგრამ მასში გაჟღერებული იდეები - ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებული სამყაროების გადაკვეთა, სიკეთესა და ბოროტებას შორის დაუსრულებელი დაპირისპირება, თავისუფლებისა და ღირსების თემები - დღესაც ძალიან აქტუალურია. როგორ ფიქრობთ, რა არის ის ძირითადი ენერგია ან აზრობრივ-ემოციური ქვეინტონაცია, რაც “ჯიადს“  თანამედროვეობაშიც ცოცხალსა და აუცილებელს ხდის? რას ეუბნება ეს ტექსტი ქართულ საზოგადოებას, რომელიც თვითონაც გამუდმებით ეძებს პასუხებს ისტორიული ტრავმების, იდენტობის, სულიერების, სიკეთე-სიბოროტის ურთიერთმიმართებაზე?

ა. კ.: ზოგადად, დიქტატურისა და კოლონიალიზმის ყველა ისტორია ერთმანეთს ჰგავს და ნებისმიერი დაპყრობილი და დაჩაგრული ქვეყნის გამოცდილების განზოგადება შეიძლება, მაგრამ „ჯიადში“ აღწერილ ისტორიებს განზოგადებაც კი არ სჭირდება თანამედროვე ქართულ რეალობასთან მსგავსების წარმოსაჩენად. ვისურვებდი, რომ ეს ტექსტი ასეთი ცოცხალი და აქტუალური არ იყოს ჩვენი ქვეყნის დღევანდელობისათვის.

თარგმანის პროცესში დამდგარი სინამდვილე სულ უფრო შემაშინებლად ემსგავსებოდა „ჯიადის“ სცენებს. უკვე ორი წელია, როდესაც სოციალურ ქსელში ჩვენს ყოველდღიურ პოლიტიკურ მოვლენებს ვაზიარებ, ნებისმიერ მათგანს გულში „ჯიადიდან“ შესაფერისი ამონარიდით ვასათაურებ.

ამას ხმამაღლა მხოლოდ იმიტომ არ ვაკეთებ, რომ დამწვარ სახლზე ხელების მოთბობა ეთიკურად არასწორი მგონია. ჩვენც პოლონელი და ბალტიისპირელი ხალხების მსგავს ისტორიულ  ტრავმებს ვებრძვით და მათი, როგორც შედარებით სამშვიდობოზე გასული ერების, გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მგონია.

თ.მ.: „ჯიადი“  არც ჩვეულებრივი პოემაა და არც უბრალოდ ამბავი. ხშირად ის უფრო თეატრალური რიტუალია, რომელიც მკითხველს ხმოვან და სენსორულ გამოცდილებაში ამწყვდევს. თარგმნისას რამდენად გჭირდებოდათ ამ რიტუალური ატმოსფეროს წარმოდგენა? მაგალითად, როცა პოემაში მძიმე, მომაჯადოებელი რიტმი ჩნდება, ან როცა ტექსტი ლიტურგიულ ტონს იძენს, რა სტრატეგიას იყენებდით? როგორ შეძელით ორიგინალი ტექსტის  „მუსიკალურობის“ შენარჩუნება ქართულად თარგმნისას?

ა.კ.:  ეგ, მგონი, ყველაზე ნაკლები სირთულე იყო ტექსტის თარგმნისას, ვინაიდან ყველა მთარგმნელში ცხოვრობს პატარა მსახიობი, პითია თუ ქურუმი - მოკლედ, შუამავალი, რომელსაც ერთი პატარა ხელისწაკვრაც ეყოფა გამოსაღვიძებლად. როგორც კი ტექსტი მისტიკურ და ლიტურგიკულ ელფერს მიიღებდა, მაშინვე გამოვცოცხლდებოდი ხოლმე. ძალიან მეხმარებოდა ჩვენი ლიტერატურის სიმდიდრე და მრავალფეროვნებაც - ორიგინალურ ქართულ პოეზიასა (ქართული ხალხური პოეზია, ვაჟა...) და ქართული პოეტური თარგმანის შედევრებში სწრაფად ვაგნებდი იმ ხმას - ტონს, სალექსო ფორმას, ლექსიკას, მუსიკას, რომელიც „ჯიადის“ ამა თუ იმ მონაკვეთის სათარგმნად გამომადგებოდა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს თარგმანი ქართული ლიტერატურის კოლექტიური ნამუშევარია და მეც ერთგვარი ხელოვნური ინტელექტის ფუნქცია შევასრულე, ჩემი გონება სწრაფად გადადიოდა ერთი ტექსტიდან მეორეში და შესაბამის თარგს პოულობდა - ამ შედარებით თავს არ ვიმდაბლებ, თავს ვიქებ.

შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ზეპირად რომ არ მცოდნოდა ოთარ ჭილაძის თარგმნილი „ბაღჩისარაის შადრევანი“, ოთარ ჭელიძისეული „ევგენი ონეგინი“, წერედიანის „ფაუსტი“ და შექსპირის პიესების ქართული თარგმანები და ეს ყველაფერი წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო დალექილი ჩემს გონებაში, მე-19 საუკუნის რომანტიკოსი ავტორის ტექსტს გასაღებს ვერ მოვუძებნიდი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რამდენიმე მონაკვეთში, მიცკევიჩის რიტმს რომ მივყოლოდი, სრულიად ახალი სალექსო საზომების შექმნა მომიწია - აქ განსაკუთრებით კორნადის მონოლოგი მახსენდება მესამე თავიდან. საინტერესო იყო ამ მონაკვეთის მოსმენა სპექტაკლში, უკვე მსახიობის შესრულებით.

თ.მ.: გარდა ტექნიკური სირთულეებისა, მაინტერესებს თქვენი პირადი და პერსონალური მდგომარეობა თარგმნის პროცესში. „ჯიადი“ მძიმე, რთული და იდეურად დატვირთული პოემაა. თარგმნის პროცესი ხშირად ძალიან ინტიმურ სახეს იძენს. როცა მსგავს ტექსტებზე ვმუშაობთ, სამუშაო პროცესი თავისთავად ხდება ერთგვარი შინაგანი მონოლოგი. გქონდათ თუ არა განცდა, რომ ამ თარგმანმა რაღაც შეცვალა თქვენს საკუთარ შემოქმედებით ან პირად გამოცდილებაში?

ა.კ.: უმეტესად ისე ხდება, რომ სათარგმნ ტექსტში აღწერილი სინამდვილე ჩემს რეალურ ყოფაზე მძიმედ მოქმედებს ხოლმე, ასე იყო, მაგალითად, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნის“ ანდა ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის „ყვითელი ნახევარმზის“ თარგმნის პერიოდში. ამ შემთხვევაში კი, პირიქით, ჩემ გარშემო მიმდინარე მძიმე პოლიტიკურმა მოვლენებმა და საზოგადოებრივმა ძვრებმა დაასვა დაღი „ჯიადის“ ქართულ ვერსიას.

როდესაც პოლონელი და ლიეტუველი სტუდენტების დაპატიმრებისა და გადასახლების ეპიზოდს ვთარგმნიდი, რასაკვირველია, ქართველი სინდისის პატიმრები მედგნენ თვალწინ და მონაკვეთიც განსაკუთრებულად მძაფრი გამოდგა.

პირადად ვერ მოვახერხე და მინდა, მადლობა გადავუხადო მსახიობ ოთარ აშკარელს, რომელიც სპექტაკლში საოცრად კითხულობს ამ ნაწილს.

თ.მ.: ზოგადად ტექსტის თარგმანთან დაკავშირებით ხშირად ვსაუბრობთ სიტყვებზე, სტილზე, სინტაქსზე, მაგრამ „ჯიადის“ შემთხვევაში უდიდეს როლს ასრულებს სიჩუმე - პაუზები, დაუმთავრებელი ფრაზები და ა.შ. სწორედ ეს უხილავი ელემენტები სძენს მას მისტიკურობას. როგორ შეძელით ამ „სიჩუმეების გამოთარგმნა“?  გახსენდებათ თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული მაგალითი/ეპიზოდი?

ა.კ.: მიუხედავად იმისა, რომ პოლონური არ ვიცი, ტექსტს მაინც ყოველთვის ვკითხულობდი, „ჯიადის“ სხვადასხვა დადგმიდან შესაბამის ნაწყვეტებსაც ვუსმენდი და რიტმის დაჭერას ვცდილობდი. უცნაური განცდაა, როდესაც ენა არ იცი, მაგრამ ტექსტის შეგრძნებას იწყებ. ეს ადრეც გამომიცდია, როდესაც ლორკას ლექსების ჩანაწერებს ვუსმენდი ესპანურად.

თ.მ.: მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი ეროვნულ-განმათავისუფლებელ კონტექსტს მოიაზრებს, თავისუფლება „ჯიადში“ სულაც არ არის საჩუქარი -  ის უფრო ტკივილია, შეურიგებლობა, პიროვნული ტრანსფორმაციის მტკივნეული პროცესი. თქვენთვის როგორი ახსნა აქვს ამ პარადოქსს? შეიძლება კოლექტიური თავისუფლება ერთი ინდივიდის მიერ გაღებულ პირად მსხვერპლზე გადიოდეს?

ა.კ.: ჩემთვის პოემის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია, როდესაც ციხეში მყოფი რეჟიმს შეურიგებელი ადამიანებიდან ერთ-ერთი, ტომაში, საქმიანად იწყებს იმის ახსნას, თუ პოლონელთა და ლიეტუველთა რომელი კატეგორია უნდა დაიღუპოს ამ ბრძოლაში. ვინ უნდა გაწიროს თავი მომავალი თაობის გადასარჩენად და ამ განწირულთა შორის თავის თავსაც ასახელებს. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რომ ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებიც მშვიდად ამბობენ, მე გავიღებ თავს მსხვერპლად ჩემი თანამოძმეების გამო. მწერალი ის ადამიანია, რომელშიც თავისი ერის მთელი ლინგვისტური ინტელექტი იყრის თავს, გმირიც ის ადამიანია, რომელშიც მთელი მისი საზოგადოების ღირსება, თავმოყვარეობა და საღი აზრია თავმოყრილი.

მწერალიცა და გმირიც ერთი ადამიანი არიან, მაგრამ სიმბოლურად მთელ ხალხს წარმოადგენენ. ამიტომ მიცკევიჩის ნაწარმოები მთელი პოლონელი ერის ხმაა, გმირის თავგანწირვა კი - მთელი ერის მიერ საკუთარი ღირსების დაცვა.

თ.მ.: მიცკევიჩი ერთდროულად არის პოეტი და პოლიტიკური ხმის მატარებელიც -  მისთვის ეროვნული ტკივილი და სულიერი მისია ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. „ჯიადის“ რომელ ნაწილში იგრძნობა ეს ყველაზე მკაფიოდ? თქვენთვის რა არის ის ძირითადი პოლიტიკური იდეა, რომელსაც ტექსტი ატარებს?

ა.კ.:  ჩემთვის ამ პოემის საუკეთესო მონაკვეთი მესამე ნაწილის პირველი სცენაა, რომელშიც მოქმედება ციხეში მიმდინარეობს, დიალოგი კი პოლიტიკურ პატიმრებს შორის იმართება. პერსონაჟები ძირითადად რეალური ისტორიული პირები არიან, რომელთაც ავტორი ერთად უყრის თავს და ერთდროულად მიაგებს პატივს. ძირითადი პოლიტიკური იდეა კი, რასაკვირველია, თავისუფლებისათვის ბრძოლაა, რომლის მიღწევაც შესაძლებელია, თუ თაობები შემართებას არ დაკარგავენ. ამის საუკეთესო დასტური კი სწორედ დღევანდელი პოლონეთია, რომლითაც, ალბათ, მიცკევიჩი ძალიან იამაყებდა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა