გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რატომ გვჭირდება ადრეული გაფრთხილების სისტემა?

2018 წლის აგვისტოში ვანკუვერის პატარა სოფელი ზებალოსი, რომელიც ცნობილი ეკოტურიზმითაა, მეწყრული საშიშორების წინაშე დადგა. სოფელი მაცხოვრებლებისგან მთლიანად დაცალეს და 100-ზე მეტი ადამიანისთვის დროებით საცხოვრებელი შექმნეს. წინასწარი გაფრთხილების სისტემით დადგინდა, რომ რამდენიმე თვით ადრე სოფლის ტყეში გაჩენილმა ხანძარმა, რომელსაც კვირები ებრძოდნენ, ფერდობზე ნიადაგების გადაადგილება გამოიწვია, ეს კი მეწყრის განვითარების საშიშროებას ზრდიდა. ზებალოსის მოსახლეობას რვა თვით მოუწია საკუთარი სახლების დატოვება. ამ ხნის განმავლობაში მათ პირველად საჭიროებებზე ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავდა.

კლიმატის ცვლილებების გამო ბუნებრივი კატასტროფების რისკი წლიდან წლამდე კი იზრდება, თუმცა, ეს არ იწვევს მსხვერპლისა და ზარალის ზრდას. პირიქით, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მონაცემებით, თუკი გასულ საუკუნეში ყოველწლიურად ბუნებრივი კატარსტროფებით 50 ათასი ადამიანი იღუპებოდა, ახლა ეს რიცხვი 3-ჯერ შემცირებულია. ამის მთავარი მიზეზი კატასტროფების პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემებია.

ამ სისტემას კონკრეტული გეოგრაფიული ზონის მონიტორინგი შეუძლია. აკონტროლებს ნალექების რაოდენობას, ნიადაგების გადაადგილებასა და, საჭიროების შემთხვევაში, აფასებს მოსალოდნელ რისკებსაც. ეს კი სტიქიის ზონაში მოქცეულებს აძლევს დროს, კატასტროფის დადგომამდე შეძლონ ზომების მიღება.

გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისის გამოთვლა ასეთია: 24 საათით ადრე მიღებული გაფრთხილება ზარალს 30 პროცენტით ამცირებს.

ყველა ქვეყნისთვის ადრეული გაფრთხილების სისტემა განსხვავებულად მუშაობს. მოსახლეობა შეტყობინებას სხვადასხვა სახით იღებს. ეს შეიძლება იყოს სმს შეტყობინება, რადიო, ტელევიზია, სოციალური ქსელი ან გამაფრთხილებელი სირენა. შეტყობინებებში წერია მოსალოდნელი საფრთხე და მოქმედების მოკლე ინსტრუქცია.

მსოფლიოს მასშტაბით ადრეული გაფრთხლების სისტემები ძირითადად განვითარებულ ქვეყნებს აქვთ. მსოფლიოს მოსახლეობის ერთ მესამედს კი ჯერ კიდევ საერთოდ არ მიუწვდება ხელი მსგავს სისტემებზე. შესაბამისად, ამგვარ ადგილებში, რვარჯერ მეტი შანსია ბუნებრივი კატასტროფის დროს ადამიანების დაღუპვის. ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაღუპული ადამიანების 91 პროცენტი განვითარებადი ქვეყნებიდან არის.

საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთაც გაეროს განვითარების ფონდმა 2018 წელს 74 მილიონი დოლარი გამოუყო ქვეყანაში საფრთხის შემცველი ადგილების იდენტიფიცირებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვისთვის.

იმავე წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ორ-სამ წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამართულად იმუშავებდა ადრეული გაფრთხილების სისტემები. თუმცა, ამ დრომდე ეს სისტემა მხოლოდ ორ ადგილას - დევდორაკის მყინვარსა და მდინარე კაბალასა და დურუჯზეა დამონტაჟებული. დღეს ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ 3 აგვისტოს შოვის ტრაგედიის აცილება შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა ადრეული გაფრთხილების სისტემის მთავარი მიზანი არა კატასტროფების თავიდან აცილება, არამედ გამოწვეული ზიანისა და მსხვერპლის შემცირებაა.

ამ დროისთვის მაშველებმა შოვში 26 ადამიანის ცხედარი იპოვეს, 7 ადამიანს კიდევ ეძებენ. ფაქტობრივად განადგურებულია შოვის ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა დააზიანა შოვისკენ მიმავალი გზები და წაიღო 2 ხიდი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა