არათანმიმდევრული მოლოდინები ფიქრის ტერიტორიაზე | ხათუნა ხაბულიანი
ამბავს ყოველთვის აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული, მაგრამ არა ყოველთვის ასეთი მიმდევრობით.
ჟან-ლუკ გოდარი
A story should have a beginning, a middle and an end, but not necessarily in that order.
Jean-Luc Godard
მაია ბარათაშვილი - მხატვარი - ირჩევს გამოსახულებებს, რომლებსაც ის ფიქრის განზომილებაში გადაჰყავთ. მისი ნამუშევრები ხანგრძლივი პაუზებით იქმნება და თითოეული სურათი სხეულით, პეიზაჟით, კონკრეტული ურთიერთობითა, თუ ამბით გამოწვეული და დროში გავრცობილი დაფიქრების კვალს ატარებს.
მაია ბარათაშვილი ინტიმური ველის მხატვარია, მის ნამუშევრებში ხშირად ჩნდებიან სხეულები, ზოგჯერ „ნუდებიც“, მაგრამ ეს ინტიმურობა მხოლოდ სხეულით არ არის განპირობებული, ის უფრო მრავალმხრივი ემოციით არის განცდილი და ამ ემოციით გამსჭვალულ ატმოსფეროს გადმოსცემს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს დახურული, კამერული სივრცე იქნება, თუ გაშლილი ლანდშაფტი. ინტიმურობის ხარისხი არ იკარგება დიდი სივრცეების, წყლის ზედაპირებისა და ტყის მასივების ჩვენებისას, ის თითქოს ისეთივეა, როგორც ძველი აბანოს ერთ-ერთ მყუდრო კამერაში, ან მატარებლის სარკმლის გადაწეული ფარდის ინტერვალში დანახულ პრივატული სივრცის რეალობაში.
მაია ბარათაშვილი მუშაობს ნელა, პერიოდულად ხანგრძლივი პაუზებითაც, -თითოეული ნამუშევარი ზოგჯერ თვეების განმავლობაში იქმნება, შესაბამისად, მის ბიოგრაფიაში ხშირი არ არის სოლო გამოფენები, თუმცა პერიოდულად მონაწილეობს ჯგუფურ შოუებსა და სხვადასხვა პროექტებში. თითოეულ ნამუშევარზე დახარჯული დიდი დრო მხოლოდ ინდივიდუალური ბიოლოგიური რიტმით არ არის განპირობებული, ის პირველ რიგში დროსთან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გულისხმობს, რაც ადვილად დასანახია ნამუშევარში - „ჯულია“ (ტილო, ზეთი, 160X100, 2019)
ეს არის "ნუდის" ძალიან შთამბეჭდავი და მრავალშრიანი ვერსია. აბანოს რიტუალი, წყლის სტიქიასთან ურთიერთობა თავისთავში მოიცავს ასოციაციებს მითოლოგიურსა და პოეტურ სახეებთან, რომლებითაც სავსეა ანტიკური, აღორძინების ხანისა, თუ მოდერნისტული თხრობა, - ის თითქოს ყველა დროში ერთდროულად არსებობს. ფრონტალურობა და ხაზგასმული სიბრტყობრიობა ერთგვარი ბმულია იკონოგრაფიულ ტრადიციასთან, „ჯულია“ ორაზროვანი ნამუშევარია მრავალი თვალსაზრისით, - სადღაც შუაშია წმინდანის გამოსახვის მოდელსა და ანდროგენების არტ დეკოსთვის სახასიათო ჰედონისტური ვნებით გამოხატვას შორის. სპეციფიკური განათება, რომელსაც თითქოს სხეული ასხივებს, რომელიც თვითონ ჩრდილით არის გაბუნდოვანებული, განათებული მინერალის მსგავსად, მაგალითად, ქარვისებრი სინათლით ავსებს ინტერიერს. ეს განათება კი თავის მხრივ, არქიტექტურულ ტექსტურას გამოკვეთს, რომლითაც განპირობებულია ძველი აღმოსავლური ნაგებობისთვის სახასიათო ერთგვარად რომანტიკული გარემო, სახასიათო ორიენტალისტური ტენდენციებისთვის.
ამგვარია „ფანჯარა“ (ტილო, ზეთი, 120X80) - ქალაქის ხედის სახასიათო ფრაგმენტი ფანჯრიდან, რომელსაც ის თვალი განსაზღვრავს, რომელიც ინტერიერიდან, კონკრეტული რაკურსიდან აკვირდება ურბანულ მონაკვეთს.
მხატვარს მუდმივად აინტერესებს კომუნიკაციის ის მომენტი, რომელიც პეიზაჟის, ან კონკრეტული ობიექტის აღქმას მოიცავს და თვალისა და გარემოს კავშირს დასანახად აქცევს.
მისი ნამუშევრები თითქოს ამ ორმაგ "დაკვირვებას" გადმოსცემენ - როგორც ხდება წყლის პირისპირ მდგარი მოზარდის სხეულის გამოსახვისას ტილოზე „წალკა“ (ტილო, ზეთი,140 X 140სმ; 2020); თითქმის ჰიპერრეალისტურად გადმოცემული სრულყოფილი პეიზაჟი და მოზარდის მგრძნობიარე ზურგი მაისურის რბილ ქსოვილში. ამ კომპოზიციებში ყოველთვის იგულისხმება უხილავი „დამკვირვებელი“, ვინც გამოსახულ სცენას თვალს ადევნებს და პეიზაჟისა და მისი აღმქმელი პერსონაჟის შეხვედრის მოწმეა. კასპარ დავიდ ფრიდრიხისთვის სახასიათო ეს მანერა თითქოს მთავარი შთაგონებაა მხატვრისთვის, რომელსაც ის საკუთარ რეალობასა და აწმყოში ავითარებს.
ლანდშაფტებისა და ადამიანების ურთიერთობის გარდა მაია ბარათაშვილს სრულიად უკაცრიელი ტერიტორიებიც აინტერესებს, რომლებსაც ის სხვადასხვა, შემთხვევითი ობიექტების აქცენტირებით ერთგვარ სიურეალისტურ სივრცეებად, სიზმრისეულ გამონაგონებად წარმოადგენს, როგორიც არის, მაგალითად, „სამოთხის კარი“ (ტილო, ზეთი, 50X78).
ამ ნამუშევარში განმსაზღვრელია სიცარიელე, ადამიანის გარეშე არსებული ტერიტორია, სადაც კონტექსტის მიღმა დარჩენილი უცნაური საგნები ერთგვარ სიმბოლურ, ან უკაცრიელი ადგილის ხასიათ მინიჭებულ დრამატიზმსაც იძენენ; ხოლო საბავშვო მოედნის კიტჩური დიზაინის ელემენტები ერთგვარ ირონიადაც ჟღერს და ამავე დროს პოპ არტისთვის სახასიათო ინდუსტრიულ თემასაც ეხება. საგნებისა და პეიზაჟის ნატურალისტური გადმოცემა, სადაც არ არის მინიშნება რაიმე კონკრეტულ აზრზე, თავისთავად არსებულ რეალობას აბსურდულობის განცდასთან ერთად წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავს „აღმოჩენის“ გაკვირვებაცა და სანახაობრივი გასართობის სახალისო ნოტებიც.
ლანდშაფტი განსაკუთრებით ექსპრესიული, უკიდურესად ემოციური დაძაბულობისაა ორ, საკმაოდ დიდი ზომის ტილოზე, სადაც მწვანე ფერის შესაძლებლობებზე კონცენტრაცია წარმოადგენს მხატვრული ამოცანის ღერძს. ეს ორი ტილო არ არის დიპტიქი, სხვადასხვა პერიოდებშია შექმნილი, მაგრამ თითქოს ერთმანეთის განვრცობას წარმოადგენს. ორივე შემთხვევაში განმსაზღვრელი სიმწვანეა, მცენარეული სქელი და მოცულობითი მასა სხვადასხვა ფერადოვანი და ფაქტურული გრადაციებით.
ერთგან - „აბასთუმანი“ (ტილო, ზეთი, 110X150) -ტყის ფონი სიღრმეში თითქოს კურიოზულად არსებულ ინდუსტრიულ კონსტრუქციას მოიცავს, მეორეზე კი ახალგაზრდა ქალის პორტრეტია რენესანსული ტრადიციის ასოციაციებით - „მაშველი“ (ტილო, ზეთი, 110X150) - განათებით აქცენტირებული პროფილითა და ხელებით. პირველ ტილოზე ტყის სიღრმეში ჩაკარგული ლითონის კონსტრუქცია მხოლოდ ამ ობიექტით მიანიშნებს ადამიანის არსებობაზე, მის ჩარევაზე. „მაშველი“ კი განზოგადებული ეგზისტენციალური თემით გამოკვეთილ პორტრეტად აღიქმება, თუმცა, კონკრეტულ პერსონას უკავშირდება, - ნამუშევარს მხატვრის პირადი შეხვედრის ისტორია უდევს საფუძვლად: გამოსახული პერსონა საპასუხისმგებლო სამსახურის დაწყების წინ არის წარმოდგენილი, მისი გაბედული გადაწყვეტილებით ამოუცნობი მომავლის წინაშე. სიმწვანე ამ ორივე ტილოზე ტყის იდუმალ, არაპროგნოზირებად ბუნებას აჩვენებს, სადაც ერთგვარი ფატალურობა თითქოს გაურკვეველ მოლოდინებთან ერთად არსებობს, რაღაც მნიშვნელოვნის აღმოჩენის, გამოვლენის, გზის დასაწყისის მოლოდინებთან, რომელთაც კონკრეტული ასტრონომიული დროის განზომილება არ გააჩნიათ.
მაია ბარათაშვილის გამოფენა - "ფიქრის ტერიტორია“ ბაია გალერეაში 2021 წლის 20-27 ნოემბერს გაიმართება.
ხათუნა ხაბულიანი,
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი