აჭარული ხაჭაპური | პაატა შამუგია
ძველი სიბრძნე დატესტილია:
ადამიანი ხომ ისაა, რასაც გიახლებათ.
კვირაში ოთხჯერ მე აჭარული ხაჭაპური ვარ,
საშუალო ზომის, ცომგამოცლილი,
შებრაწული და ხახადაფჩენილი,
ერლენდ ლუს პერსონაჟებივით.
ფრთიანი ფრაზის ჩრდილს ვერავინ გადაახტება,
ვერც აჭარული ხაჭაპური.
ამიტომაც ასე ითქმის:
აჭარულ ხაჭაპურს დიდი გული აქვს,
დიდთან დიდია, პატარასთან პატარა,
არის ასევე ტიტანიკი, რომელიც "მაჭახელაში" იყიდება
და ჯერ ვერ შევბედე შევრკინებოდი...
მაგრამ მთავარი სიყვარულია,
დიახ, ასე ტრივიალურად:
თუ არ გიყვარს აჭარული ხაჭაპური,
ვერც გააკეთებ,
არ მოგცემს ნებას,
თავს არ შეგაბრაწვინებს,
ცომს არ გამოგაცლევინებს,
ნავივით გაბერილ სხეულში
ჩანგლის ღუზას არ ჩაგაშვებინებს,
გატკიცინებულ კიჩოებზე
თითებს არ ჩამოგადებინებს.
ასე რომ, გვიყვარდეს აჭარული ხაჭაპური,
როგორც საკუთარი თავი,
და მერე ვაკეთოთ
პატარა, საშუალო, ტიტანიკი,
ცომგამოცლილი თუ ცომიანი...
ცომი უნდა იყოს ნაზი, როგორც ჩვილის ღუღუნი,
ყველი უნდა იყოს ჰაეროვანი, როგორც მონა ლიზას ღიმილი,
კარაქი უნდა იყოს ყვითელი, როგორც ვატიკანის დროშა,
კვერცხი უნდა იყოს ხორკლიანი, როგორც უხერხული მოგონებები,
ღუმელი უნდა იყოს ცხელი, როგორც შეყვარებულის ტუჩები
და ამის მერე:
კარგად უნდა გავხეხოთ მონა ლიზას ღიმილი,
შუაგულში ავუფრიალოთ ვატიკანის დროშა,
ცოტაც უხერხული მოგონებები მივუბნიოთ,
კარგად ამოვურიოთ და შევდგათ შეყვარებულის ტუჩებში.
აკი გითხარით: მთავარი სიყვარულია.