"ბავშვები კორტესარის მთიდან" | რეცენზია
,,არავინ მახსენდება თანამედროვე ქართველი მწერალი, ამდენი და ასეთი მრავალფეროვანი პერსონაჟები რომ ჰყავდეს“ - ასე შეაფასა ორი წლის წინ ცოტნე ავსაჯანიშვილი ლიტერატურული კონკურსის ,,შემოდგომის ლეგენდის“ ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა. ნამდვილად არ მეგონა, თუკი ცოტნე ამას პირველივე კრებულით დაამტკიცებდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, წერაში უკვე საკმაოდ გამოცდილია. მისი მოთხრობები დიდი ხანია, იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალში. უფრო მეტიც, ცოტნე თავის ასაკს იარაღადაც კი იყენებს. მისი პერსონაჟები ყოველთვის ახალგაზრდობისკენ სწრაფვით გამოირჩევიან. ცოტნეს წყალობით, თანამედროვე ქართულ ლიტერატურას სიცოცხლით სავსე, დინამიკური, ცოტა უცნაური, ზოგჯერ აბსურდული, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ცოცხალი და ნამდვილი ამბები შეემატა.
ცოტნე ავსაჯანიშვილის პირველი კრებული ერთ მცირე რომანსა და რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი განსხვავებულ ისტორიებს გვიყვება, ავტორის ბასრი იუმორი, ზომიერი სარკაზმი, პერსონაჟების დროსა და სივრცეში ავთენტურობა და დეტექტიური ჟანრისთვის დამახასიათებელი ინტრიგა ყველა მათგანში ერთნაირად თვალშისაცემია.
,,ჩემი აზრით, ბავშვობის ტრავმები დიდ გავლენას ახდენს დიდობაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. საერთოდ მგონია, რომ ბავშვობის წყენა მომავალში ქვეყნებს შორის ომის მიზეზიც შეიძლება გახდეს“ - თქვა თავად ავტორმა წიგნის პრეზენტაციაზე. მოვლენების გაზვიადებული, ოდნავ კარიკატურული აღწერა სიცილთან ერთად სევდისმომგვრელიც არის, რადგან ამ ფანტასმაგორიული ამბების მიღმა ძალიან მძიმე სოციალური პრობლემები იშლება. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი არ ცდილობს მკითხველი კონკრეტული დროის ჩარჩოში მოაქციოს, რომანში აშკარად ვხედავთ თანამედროვე პოლიტიკური პროცესების ანარეკლს - ,,ხალხი იმათკენაა. არა, განათლებულები ჩვენკენ არიან, მაგრამ ვისაც შია და სისულელეების სჯერა, იმათკენ. სამწუხაროდ, განათლების მიღების საშუალება ცოტას მივეცით, პრეზიდენტო“.
ახალგაზრდა მწერალი მოთხრობებში არც საკუთარი ბიოგრაფიის შემოტანას ერიდება. ,,ჯონათან ლივინგსტონი 2020“ ავტორის ცხოვრების, მისი შინაგანი გაორების შესახებ მოგვითხრობს. ორ პერსონაჟზე გადანაწილებული თვისებები და ხასიათი რეალურად ერთ ადამიანს ქმნის - ადამიანს, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის ბოლომდე, რა არის მისთვის მწერლობა - დაუოკებელი ვნება წერის მიმართ თუ გოგოების გულის მოსაგებად გაწეული შრომა. მიუხედავად იმისა, რომ სლენგების უხვად გამოყენება ცოტნეს ძალიან უყვარს, ეს მოთხრობა ამ მხრივ მაინც განსაკუთრებულია. ყოველ მეორე სიტყვაში გამოყენებული ჟარგონი გაღიზიანებას კი მხოლოდ იმიტომ არ იწვევს, რომ ამბის გმირები თავად ავტორის პროტოტიპები არიან, რაც მათ მეტყველებას ლეგიტიმურს ხდის.
როგორც ჩანს, ავტორს სურდა მკითხველისთვის ეჩვენებინა, რომ მხოლოდ თბილისის გარეუბნებისთვის დამახასიათებელი ლექსიკა არ არის მისი ძლიერი მხარე და ,,ნათიას ოქროებში“ ის კახურ დიალექტს იყენებს. ,,ჩემ დედამთილ სხვა ოქროულიცა ქონდა და ავიღებ და იმაი ჩავაყოლეფ“ - პირადად ჩემთვის ეს მოთხრობა გამორჩეულად მელოდიურია და ამბავზე მეტად, სწორედ მისი ენობრივი სტრუქტურა მიზიდავს.
მოთხრობები ზოგჯერ ერთმანეთსაც ებმის, რაც რეალობის დროის ხაზს ქმნის და მოძრაობისა და განვითარების საშუალებას იძლევა. ,,მეთორმეტეკლასელებს“ მართალია აქვს დამოუკიდებელ მოთხრობად არსებობის პოტენციალი, თუმცა ის მაინც ,,მეათეკლასელების“ ერთგვარი გაგრძელებაა.
სკოლის მოსწავლეების ყოველდღიურობამ და ასაკთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა ცოტა ხნით ჩემთვის ყველაზე არასასურველ დროში დამაბრუნა, რაც დიდი ხანია უკან მოვიტოვე.
ამასთან, თვალში მომხვდა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მოთხრობებში დიდი დოზითაა აგრესია და სარკაზმი. ფაქტობრივად, შეუძლებელია ცალსახად დადებითი პერსონაჟის პოვნა. საინტერესოა, ეს ავტორის შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია, რომლის გავლენისგან პერსონაჟები ვერ დაიცვა თუ დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებზე ამდენად უარყოფითი წარმოდგენისაა?!
პერსონაჟების ასეთი მრავალფეროვნება ერთიორად დასაფასებელია იმის გამო, რომ მათი თვისებები ძირითადად აგრესიისგან, სარკაზმისგან, შიშისგან, შურისძიების წყურვილისა თუ ბავშვობის ტრავმებისგან შედგება. და მაინც, არც ერთი პერსონაჟი არ ჰგავს მეორეს. უფრო მეტიც, ზოგჯერ მოთხრობაში გადმოცემული ერთი და იგივე ამბავი იმდენი პერსპექტივიდან არის წარმოჩენილი, მკითხველისთვის რთულია გადაწყვიტოს, რომელს ენდოს. ,,პადვალში“ ავტორი აკუტაგავასეულ თხრობის ხერხს იყენებს და თუკი ,,უსიერ ტყეში“ გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს მოხელეა, აქ მოსამართლის როლს მკითხველი ირგებს. თავად ავტორი მაქსიმალურად დისტანცირდება პერსონაჟებისგან და არ ცდილობს მკითხველისთვის მინიშნების მიცემას. მართლაც, ცოტნეს ამბებში ზუსტად იმდენივე სიმართლე შეიძლება დავინახოთ, რამდენიც ტყუილი, ამიტომ მხოლოდ მე ნუ მენდობით სიტყვაზე, მოირგეთ მოსამართლის მანტია, მოუსმინეთ თითოეულ პერსონაჟს და თავად გამოიტანეთ განაჩენი.
ახალგაზრდა მწერლის წარმოსახვითი ხურჯინი უამრავ ხასიათს, მიმიკასა და ინტონაციას იტევს. თუმცა, ჩემი გულწრფელი აღფრთოვანება მაინც იმან გამოიწვია, თუ როგორ მოახერხა ავტორმა მძიმე სოციალური თემების ისე მსუბუქად შემოტანა, რომ არც ერთხელ არ მიუმართავს ამბების ხელოვნურად დრამატიზებისთვის.
სოციალურ პრობლემებზე წერის მთავარი მინუსი, როგორც წესი, ხომ ის არის, რომ ზოგჯერ ლიტერატურას, წარმოსახვით სამყაროს სცილდება და მხოლოდ ტანჯვისა და რეალური ისტორიების დაუსრულებელ ნუსხად იქცევა?
ცოტნესთან კი იუმორი, სარკაზმი და თვითირონია ამ ამბებს ჩვეულებრივ, ადამიანურ ემოციებს ანიჭებს. იქნებ, ამაში ცოტნეს ასაკი სწორედაც რომ დადებით როლს თამაშობს?! ახალგაზრდა მწერლის ჯერ კიდევ ბავშვური ბუნება და ზოგჯერ სიუხეშის მიღმა დამალული მიამიტობა, როგორც ჩანს, შორს არის ,,უფროსების სამყაროსგან“, სადაც ტრაგიზმი ხშირად მამოძრავებელი ძალაა.
ავტორი: ინგა ღოღობერიძე