ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბევრნაირი ხილვადობა | ინტერვიუ გიორგი თაბაგართან

26 აპრილი, 2021

2018 წელს ასე იყო – 15 მაისის ღამემდე არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. რადიკალური ჯგუფები მობილიზაციას ცდილობდნენ, მაგრამ ორგანიზებული მუქარები არ ყოფილა. 15-ში მივიღეთ მესიჯი, რომ შეიძლებოდა სამოქალაქო ომში გადაზრდილიყო სიტუაცია, თუ გავიდოდით გარეთ. თითქოს, სახელმწიფო ამით ამბობდა, რომ ვერ დაგვიცავდა. ამ დროს, შსს ოფიციალურად გვაძლევდა დაცვის გარანტიას. საჯაროდ არაფერი ვთქვით, შიგნით მოვიხარშეთ და, ჩემი აზრით, მაშინ, ქვიარ ორგანიზაციებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ეს 12-13 მაისის, თეთრი ხმაურის მოძრაობის აქციების მერე ხდებოდა – ანუ „ბასიანის“ დარბევის გამოცდილებით მოვიქეცით ასე. სისხლისღვრის გვეშინოდა. პარალიზებულები აღმოვჩნდით, ბოლოს სრულ პანიკაში ჩავვარდით. სახელმწიფომ გამოიყენა დაშინების მეთოდები – სუს-ის ინტერესში იყო, რომ არეულობა არ მომხდარიყო, მეორე მხრივ, შსს დაცვის გარანტიებს გვაძლევდა. ჩვენ, უბრალოდ, ამ ინფორმაციას ვერ გავუმკლავდით და შიდა დაპირისპირებები დავიწყეთ.

დაყავი და იბატონე – ამ მეთოდით დაგვასუსტა სახელმწიფომ და წარმატებით გაგვანეიტრალა 2018 წელს.

შემდეგ წელს, ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უკვე ვიცოდით, რომ უნდა გაგვესაჯაროებინა ყველაფერი, ერთადერთი იარაღი ეგ იყო და ეგრეც მოვიქეცით. სუს-ი როცა ცდილობდა ჩემთან „დალაგებას“ ვიღაცების მოგზავნით, ან როცა მუქარის სმს-ებს ვიღებდით, ყოველთვის ვატყობინებდით საელჩოებს თუ მედიას.

2018 წელს თავისი პრეისტორია ჰქონდა. რაღაც დაპირისპირებები უკვე არსებობდა თემში. თითქოს, რაც გვაერთიანებდა, იყო ჩაგვრა, რასაც ყველა განვიცდიდით. იმის მიუხედავად, რომ ეს ჩაგვრა პოტენციური ერთიანობის მნიშვნელოვანი საფუძველი იყო, პრაქტიკაში მაინც არ იმუშავა, მას ყოფს იდეოლოგიური განსხვავებები, ბრძოლის სხვადასხვა მეთოდები. ვიღაც მიიჩნევს, რომ თემის შიდა გაძლიერება ან ტრენინგია საჭირო, ჩვენ კიდევ გვგონია, რომ ხილვადობა და საზოგადოების აზროვნების ფუნდამენტური შეცვლაა მთავარი.

2018 წლის მაისში სწორედ ეს გავიაზრე, რომ სოლიდარობის და ერთიანობის ნაწილი მითი იყო, ამიტომაც ჩამოიშალა კრიტიკულ მომენტში.

ჩაგრულ ჯგუფს როცა მიეკუთვნები, შეურაცხყოფის ნიაღვარი მუდმივად მოედინება. ეს ძლიერი დარტყმაა. როცა შიგნით არ არსებობს სოლიდარობა, მტკივნეულია. ამ დროს პირადი მოლოდინების მართვაც რთულია. რას ველი გარშემომყოფებისგან – ეგეც არის მიზეზი, რომ ამ დაყოფას მტკივნეულად განვიცდი. კანცელარიასთან ალყაში რომ ხარ და პრაიდს რომ ემიჯნება „ვიზგი“ რამდენიმე საათში, შეიძლება სულაც უბრალო დამთხვევით, მაინც ძალიან მოქმედებს, ზურგში დანასავითაა. ყველას აქვს უფლება, რაც უნდა, ის პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ როდის და რა კონტექსტში – ესაა მნიშვნელოვანი.

ერთიანობის მითი უნდა დავამსხვრიოთ. ჩვენ ვართ სხვადასხვა ჯგუფი, გვაქვს განსხვავებული ინტერესები და სტრატეგიები. საზოგადოების აზრის შეცვლაზე როცა ვმუშაობთ, არაინფორმირებულ ნაწილს დამატებითი საფუძველი არ უნდა შევუქმნათ, რომ გრანტიჭამიები ვეგონოთ.

მარტივი არაა საჯაროობა. შიში არ უნდა მართავდეს გადაწყვეტილებებს. 2019 წელს გვინდოდა დიალოგი საპატრიარქოსთან და ვცადეთ ეს სიახლე. საპატრიარქოს პოზიცია იყო, რომ არ ვებრძვით ცოდვას, მაგრამ ვებრძვით პროპაგანდას. ცდად მაინც ღირდა. ღიად ძალადობას ვერ ახალისებენ და რაღაც ჯგუფებს ახოცავენ ხელს. მაგრამ მათი რეიტინგი მაინც ნელა ეცემა იმასთან შედარებით, როგორც უნდა ეცემოდეს.

ამ პროცესში მივხვდი, რომ ძლიერიც ვარ, და ამ მოვლენების მერე (2018-სა და განსაკუთრებით 2019-ში) ფეხზე მაინც წამოვდექი. რაღაც პერიოდი მომიწია ოჯახთან ცხოვრება და დედაჩემს ყოველდღიურად პანაშვიდი ქონდა – ჩემი საჯარო აქტივიზმი იყო მისთვის პრობლემა, ეს იყო სირცხვილი და თავის მოჭრა. მახსოვს, 14 ივნისს, კანცელარიასთან რომ ვიყავით, მერე ღამე სადღაც დავრჩი. დილით სახლში დაბრუნებულს დედამ დამახვედრა მოწერილი, შენ დედა აღარ გყავსო და წავიდა სახლიდან. მიჭირდა ძალიან, ამ ყველაფერს მუქარებიც დაემატა. საჯარო ტრანსპორტით ვეღარ დავდიოდი. უფრო გიყურებს ხალხი გარეთ. სულ ვიღაცები დაგდევენ. მერე ინფორმაციამაც გაჟონა, სად ვიკრიბებოდით. ამიტომ, მარშის დღეს ძალიან დემორალიზებული ვიყავი. დრონით რომ დროშა გავუშვით, ძალიან დაგვეხმარა ემოციურად და შსს-თან აქციაც სხვა დუხით დავაორგანიზეთ.

ხილვადობა ბევრნაირია. მაგალითად, რამდენიმე თვის განმავლობაში პრაიმტაიმში რომ შეგიძლია ტელევიზიით პირდაპირ ესაუბრო ხალხს, ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია.

როცა არაა სკოლაში განათლება, არაფორმალურადაც ვერ მუშაობ ბულინგზე, ხილვადობა ცვლის ამ რეალობას. ენჯეოებმა, ქვიარ მოძრაობის ნაწილში, „ჰორუმთან“ ერთად ხელშესახები ნაბიჯები გადადგეს. პრაიდის არსი ესაა და ამაზე დგას ქვიარ ისტორია. შეიძლება ზოგ ქვეყანაში კვაზიმოძრაობასთან მივედით, მაგრამ მჯერა, რომ ეს ბრძოლა არის შედეგის მომტანი; მგონია, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს ვაკეთებთ ამ მხრივ.

და, ცხადია, ხილვადობის თანმდევია აგრესიის მატებაც. 2019-ში 100 დროშა დავამზადეთ და დავარიგეთ, დროშის გადმოფენის კამპანია დავგეგმეთ. მოჰყვა გუდრონები, კვერცხების სროლა, პრობლემები შეგვექმნა მეზობლებთანაც. შეგვეძლო ჩამოგვეხსნა და ეს იქნებოდა მარტივი გამოსავალი, მაგრამ გავჯიუტდით და დავტოვეთ იმ იდეით, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მობეზრდებოდათ. ორთვიანი აქციების და თავდასხმების შემდეგ შეწყვიტეს.

დამცირებულად მიგვრძვნია ხშირად თავი, როცა შეხვედრები მქონდა შსს-სთან ან სახელმწიფოსთან. რატომ გვექცევიან ეს ადამიანები განსხვავებულად? რატომ არ შეიძლება გვქონდეს იგივე უფლებები, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს?!?

მაგრამ მჯერა, რომ ერთი წარმატებული პრაიდიც კი შეცვლის თემის აზროვნებას. აუცილებლად უნდა ვაიძულოთ სახელმწიფო, რომ დაიცვას ჩვენი შეკრების და მანიფესტაციის უფლება. წელს უბრალოდ მეტნი უნდა ვიყოთ რაოდენობრივად, ხალხის მობილიზებაზე და მოძრაობებს შორის სოლიდარობაზე გავა – ვეღარ გაიმეორებენ 2013 წელს.

 
ინტერვიუ მოამზადა ნუკრი ტაბიძემ
გამოქვეყნდა ჟურნალ "ინდიგოს" 48-ე ნომერში