ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ესე

ბორგო სტრემიცი

დილის შვიდის ოცდაორ

წუთზე გამეღვიძა. ოთახში ჰაერი შეშის ღუმელის

სუნითაა დამძიმებული,

კედლებიდან გამთენიის

სუსხი ატანს. შალის სქელი

გადასაფარებლიდან ფრთხილად გამოვძვერი და შუა

საუკუნეების ხის კარი                                                                                     

მძიმედ გამოვიხურე.

 

 ხიდის თავზე ქვაფენილიანი პიაცაა წყლის ორი აუზით: ტრადიციულად, ერთს საქონლის დასარწყულებლად იყენებდნენ, მეორეს კი თეთრეულის გასარეცხად. ორივე აუზი პირამდე ანკარა წყლითაა სავსე, ყინულის თხელი ფენით დაფარული. პაწაწინა მოედანზე არავინაა, ქვის სახლებში სიჩუმეა, ხეობაში გაჭედილი ნისლიც გასუსულია. სტრემიცი სოფელიც კი არაა, არამედ ბორგო – სოფლის ცენტრიდან მოშორებით, დამოუკიდებლად მდგარი სახლების დაჯგუფებაა. იტალიის ალპებში ჩამალული ეს დასახლება სლოვენიური წარმოშობისაა. სლოვენიასთან საზღვარი რამდენიმე ათეულ კილომეტრშია და ამ პირობითი გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ფრიულიურის, იტალიურისა და სლოვენიური დიალექტის ნაზავი ისმის. აბუზულ მთებზე მოფენილ ზამთრის ტყეს გავყურებ და მარტოობის გრძნობა მეპარება. რამ გადმოხვეწა აქ ჩემი ძლიერი, ჭკვიანი და ამბიციური მეგობარი ლივია, ლივია ქალაქის წვეულებების გზამკვლევი და პოპულარული ტერასების ერთგული სტუმარი? მრავალფეროვნების, ხალხის, განსხვავებული კულტურებისა და მუსიკის მოტრფიალე ლივია? აქ ხომ დღეები, განსაკუთრებით, ზამთრის დღეები, გრძელი, ცივი, ცარიელი და სევდიანი უნდა იყოს, ვფიქრობ და აუზზე გადაკრულ ყინულის ფენაზე თითით ორნამენტებს ვხატავ.

ჩემი და ლივიას ერთ-ერთი პირველი შეხვედრა გამახსენდა ბრიუსელში. დათქმულ ადგილზე მოსულმა გზის მეორე მხარეს დამინახა, დაძახება უნდოდა, მაგრამ სახელი ვერაფრით გაიხსენა, ამიტომ დაუსტვინა. დღესაც ხშირად ამ ისტორიით წარმადგენს ხოლმე: „წარმოგიდგენიათ, სტვენაზე გამოიხედა. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი გოგოა!“ ადვილად დავმეგობრდით, ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა, განსაკუთრებით, ზღაპრულზე, მისტიკურზე გვიყვარდა ლაპარაკი. თუკი საღამოს სადმე წასვლა მინდოდა, პირველ რიგში ლივიას ვურეკავდი და ვეკითხებოდი სად რა ფართი იყო დაგეგმილი. ჩემამდე ბევრი წლით ადრე გადმოვიდა ბრიუსელში საცხოვრებლად და კარგად იცნობდა ქალაქს. უცნაურ, არამეინსტრიმ ადგილებში დავყავდი და იმ ხალხს მაცნობდა, ვინც დღისით წარმატებული კლერკული ცხოვრებით ცხოვრობდა, საღამოობით კი ბუმბულებითა და ბრჭყვიალა ქუდებით სრულიად გარდაისახებოდა ხოლმე. ლივია ყოველთვის შეყვარებული იყო – ძირითადად მუსიკოსებში. მათთან რომ დიდი ვერაფერი გამოვიდა, ახალი პასია გაიჩინა – აკორდეონი. აკორდეონი, მაკრატელი („ბავშვობაში თოჯინებს ვჭრიდი თმებს, მოგვიანებით სარკეებით მუშაობა დავამუღამე და საკუთარ თავს მივადექი, მერე უკვე სხვებს“, – არაერთხელ ვმჯდარვარ მის დალაქის სკამზე, ინდური სპილოებიანი ნაჭრით მხრებზე, ახალი ვარცხნილობის მოლოდინში), ევროკომისია და ხშირი შვებულებები ლათინურ ამერიკაში: ასეთი იყო ბრიუსელში ყოფნის მისი ბოლო წლები.

 ხმაურზე მეზობლის კატა, რომელიც ამ ხნის მანძილზე ფეხებზე მეფერებოდა, სახლისკენ გაიქცა. ენრიკოს მოვკარი თვალი, განიერ მოწნულ კალათში შეშას ალაგებდა.

 – გაიღვიძეთ?

– ჰო, ლივია ცომს ზელს პურისთვის, მე ღუმელს ავანთებ.

 ენრიკოს აკურატულად დაჭრილი მორების შეგროვებაში შევუერთდი. თვალი მისი ფართო, ნაოჭიანი ხელებისკენ გამირბის, სოფელში გაზრდილი ალბათ ბავშვობიდან ბევრს მუშაობდა. რაღაც ტექსტები ასეთი ხელების მქონე ადამიანებზე წერენ: ძლიერი, მიწაზე მყარად მდგარი და სანდოები არიანო. იუმორზე არაფერს ამბობენ, ალბათ იუმორი ხელებთან არაა კავშირში. მიუხედავად ამისა, ენრიკო ძალიან სასაცილოა. ერთმანეთი მეზობელ პატარა ქალაქში გაიცნეს და თითქმის ათი თვეა, რაც ლივიასთან გადმოვიდა საცხოვრებლად. გაზაფხულზე ბავშვს ელოდებიან.

 „ყველას ახარებს ამ ბავშვის მოსვლა, ჩემი ბუნებრივი საფუვრის გარდა, – მეუბნება ლივია და ცომის გუნდას ხის მაგიდაზე აგორავებს, – თურმე, ადრე, ორსულ გოგონებს მაშინვე აგდებდნენ საცხობებიდან, ემბრიონი საფუარს კონკურენციას უწევსო. მგონი მართალია, უკვე რამდენიმე კვირაა ველოლიავები და ეს საფუარი ვერაფრით გავაცოცხლე. არადა, ხო გახსოვს რა მაგრად მუშაობდა?

 სოფელში ყველა რაღაცნაირად ბედნიერია, ორსულს რომ მხედავენ, სტრემიცის მესამე ბავშვი იქნება. დიდ იმედებს ამყარებენ ჩემზე, მე ვიყავი ერთი ახალგაზრდა, ვინც აქ დაბრუნდა და კიდევ ჩვენ მეზობლად – ერთი წყვილი. იმედია, შევძლებთ, სიცოცხლე დავუბრუნოთ აქაურობას.

ადრე, სტრემიცის დიდების წლებში, აქ სამი კაფე ყოფილა, წარმოგიდგენია? ხალხი საღამოობით იკრიბებოდა, ლაპარაკობდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ. მეც მინდა გავაკეთო საცხობი, კაფე, შეხვედრის ადგილი. იდეა და პროექტი ბევრია, დრო და ხალხი ჭირს ოღონდ...“

მეც აუცილებლად დავიწყებ ჩემი პურის ცხობას, ვფიქრობ და ლივიას ახალ საცხოვრებელს ვათვალიერებ. ეს მწვანე კარადა მის ბავშვობის ოთახში იდგა, ასეთი ღუმელი სტრემიცში რამდენიმე ადგილას შემხვდა, ეს სკამი-საქანელა ლივიას ბრიუსელის სახლიდან მახსოვს. „ჩვენი მომღერალი კიბე ნახე?“ – მეუბნება ენრიკო და მეზონინზე ასასვლელ ხის კიბეზე მიმაგრებულ პატარა მუსიკალურ ყუთებს ერთდროულად ამღერებს. Dანს ლე პორტ დ’Aმსტერდამ მეცნობა, მგონი, მარსელიეზასა და ბელა ჩაოს პასაჟების მიღმა. მაგიდაზე მაკბუქები ანათებს, თაროები წიგნებითა და დისკებითაა სავსე, ალაგ-ალაგ ჭერზე ჩამოკონწიალებულ, გამხმარ მცენარეებს ვხედავ, ცენტრში გონგი კიდია. ინტერნეტიც არის, წყალიც და ელექტროენერგიაც, აბაზანაში სარეცხის მანქანასაც მოვკარი თვალი. „იზოლირებულები? ტყეში კი არ ვცხოვრობთ“, – სიცილით მეუბნებიან. „არაფერი მაქვს ტყეში ცხოვრების საწინააღმდეგო, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი გამოცდილებაა. მაგრამ ელემენტარული კომფორტისა და კომუნიკაციის გარეშე ცხოვრება – ჩემი არაა. ბუნებასთან დაბრუნება უკიდურესობებში გადავარდნას არ ნიშნავს. არა, ისე ცოტა იზოლირებულები ვართ, მობილური სახლებში თითქმის არ იჭერს. და ეს დიდი შვებაა“.

 გადაწყვეტილება ცხოვრების შეცვლის შესახებ სპონტანურად არ მიუღია, ბრიუსელში ყოფნისას ბევრს განვიხილავდით ამ საკითხს. ვსაუბრობდით იმაზე, რომ მომხმარებლურ კულტურაში ჩაძირულებს თითქმის არაფერი დაგვრჩა წმინდა, რომ ჩვენი მისწრაფებები, ოცნებებიც კი, მულტინაციონალური კორპორაციებისა და მარკეტინგის გურუებმა წაგვიბილწეს. „ბევრი რამ, რაც მეგონა მინდოდა, რაზეც ვოცნებობდი, არ იყო ჩემი ავთენტური „მე“, არამედ ოჯახის, საზოგადოების – გარემოს მიერ კონსტრუირებული სურვილები იყო. დიდი ვერაფერი ორიგინალური აღმოჩენაა, მაგრამ ამის გააზრება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში და რიგი გადაწყვეტილებების მიღებაში ძალიან დამეხმარა“. ქალაქი რომ ახალს ვეღარაფერს მისცემდა, ამაში ლივიას ეჭვი იშვიათად ეპარებოდა. თუკი რამეზე ყოყმანობდა, ეს ოჯახის წევრებთან, მამასთან დაბრუნება იყო. არქიტექტორი და შუა საუკუნეების შენობების რესტავრატორი, რობერტო რაკანელო თავის პარტნიორ, ასევე არქიტექტორ კატარინა ფონ შტიტენკორნთან ერთად ბორგო სტრემიცში გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში დასახლდა. „ჩვენ რომ მოვედით, სოფელი თითქმის დაცარიელებული იყო, – მეუბნება რობერტო და ძველმანების ბაზარზე ნაყიდ ლურჯ ფაიფურის ვაზას უკეთებს ინსპექციას, – ქვის უნიკალური სახლების უმეტესობა ინგრეოდა, ასევე მიწისქვეშ მიდიოდა ამ ტერიტორიაზე გამავალი შუა საუკუნეების მასიური თავდაცვითი სისტემის მთავარი ციხე-სიმაგრეები, მეთორმეტე საუკუნეში აშენებული კუჩანია და ზუკო“. სტრემიციდან ხუთიოდე კილომეტრში, შერეულ ტყეში ჩამალული სასახლეების და მათთან დაკავშირებული სხვა ნაგებობების (აქვეა ეკლესია, წყლის წისქვილი, მარცვალსაცავები, ჭები და ბეღლები) რესტავრაცია და მათთვის პირვანდელი სახის დაბრუნება რობერტოსა და კატარინას ცხოვრების პროექტად იქცა. არქიტექტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნებასთან ერთად, მათ ბორგო სტრემიცში ცოცხალი, ექსპერიმენტული საგანმანათლებლო სივრცე-ინსტიტუტი შექმნეს, სადაც შუა საუკუნეების არქიტექტურის, ტრადიციული სამშენებლო მეთოდების, არქეოლოგიისა და ინტერიერის დიზაინის გარდა, ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ხელობასა და მიწათმოქმედებას შეისწავლიან.

 „არ ვიცი, ეს ადგილი და ეს პროექტი რომ არ ჰქონოდა მამაჩემს, მივიღებდი თუ არა ამ გადაწყვეტილებას, – ვიწრო ბილიკებით ლივიას ახლადნაყიდი სახლისა და მიწის ტერასების სანახავად მივდივართ, – რა თქმა უნდა, ბევრად უფრო რთულია სიბნელეში გადახტომა, რისკიც უფრო მაღალია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის ყველაფერი მარტივად მოვიდა, ამდენი წლის მერე, უკან, მშობლებთან დაბრუნებას ეხუმრები?“

 ლივიასა და ენრიკოს მომავალი საცხოვრებელი სახლები ჯერ ნახევრად დანგრეულია, ერთში შესვლაც კი სახიფათოა, ამიტომ გარედან ვათვალიერებთ. პირველ რიგში, ბათქაშს ჩამოშლიან და ქვის კედლებს გაათავისუფლებენ, მერე წვიმის წყლის შესაგროვებელ სისტემას დააყენებენ, სახურავს შეაკეთებენ, პირველ სართულზე ძველ საქონლის სადგომში შემორჩენილ ბაგას ხელუხლებლად დატოვებენ. „შენობის ერთ ნაწილში ჩვენ ვიცხოვრებთ, მეორეში კი სტუმრებს მივიღებთ. სტრემიცის საგანმანათლებლო ცენტრში ბევრი სემინარი და უორქშოფი იმართება, მონაწილეების დაბინავება აღარ იქნება პრობლემა, – მიხსნის ლივია, – კიდევ ცხოველები გვეყოლება, ერთი ძროხა, რამდენიმე ღორი და ქათმები. აქვე ტერასებზე ბოსტანს გავაშენებთ და ბოსტნეული გვექნება, ხეხილი კი მიწის ამ ნაკვეთზე უკვე იზრდება. რასაც მოვიყვანთ, მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის და სტუმრებისთვის, დიდ მეურნეობას არ ვგეგმავთ. გაზრდის ეკოლოგიური, ტრადიციული მეთოდები გვაინტერესებს. უკვე გვაქვს პირველი პერმაკულტურული ბაღჩა და აგრომეტყევეობისთვისაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობებია“.

 „თითქოს ყველაფერი ლოგიკურად ვითარდება, – ჯერ ოთხს გადასცდა რამდენიმე წუთი და მე და ლივია უკვე მზის წითელ ჩასვლას ვუყურებთ, – ბოლო წლებში, ბრიუსელში ხშირად მქონდა განცდა, რომ წრეზე ვმოძრაობდი და არაფერს ვქმნიდი, არაფერს, რის დატოვებასაც ჩემი შვილებისთვის შევძლებდი. ქალაქში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ ჩემი შვილებიც ასევე იცხოვრებდნენ: ძილი, კომპიუტერი, ძილი; იმუშავებდნენ რომელიმე კომპანიაში ან ინსტიტუტში, იქნებოდნენ სხვის დაქვემდებარებაში და ექნებოდათ ეს ნახევრადთავისუფლების განცდა. აქ ყველაფერს აზრი ეძლევა, ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, პირდაპირ, ხელშესახებ შედეგს მაძლევს და მიხარია“. როგორ წარმოგიდგენია მომავალი-მეთქი, ვეკითხები. – „უფრო ლოგიკურად, მარტივად, ახლოს ცხოვრების ბუნებრივ ციკლთან, ადამიანებთან, პლანეტასთან და მიწასთან. მასშტაბებში მცირდება, პატარა თემებზე ხდება კონცენტრირება, ქალაქებიც უკვე უბნებისა და სამეზობლოების გარშემო ვითარდება. ასეთია ტენდენცია. სოფლის ცხოვრების გაცოცხლებაც მომავალია“.

 მზე, როგორც ყოველთვის, ძალიან ჩქარა ჩავიდა და მაშინვე აცივდა. აქ, ამ მთებით გარშემორტყმულს საერთოდ დამავიწყდა ქალაქის არსებობა, მძიმე ჰაერი და (ზოო)პარკები. „ქალაქი უკვე მხოლოდ კონკრეტული მიზნებისთვისაა საინტერესო, – თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა ლივიამ, – რა ბედნიერებაა, რომ გზები არსებობს – ქალაქი მოგენატრება? იქ ჩასვლას არაფერი უშლის ხელს!“