გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ნივა | ნუნუ ტრაპაიძე-ბეგიაშვილი, ცხინვალიდან

ნუნუ ტრაპაიძე-ბეგიაშვილი, 81 წლის, ცხინვალიდან. 
დღეს ცხოვრობს დიღომში, დევნილთა დასახლებაში
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

ცხივანლის საოლქო აფთიაქში ვმუშაობდი, გამგეს მოადგილედ. აფთიაქის მეორე სართულზე იყო ბინა, სადაც ოჯახით ვცხოვრობდი. 

ჩემი მეუღლის სოფელი იყო სუნისი, ზნაურის რაიონში. იქ ჰყავდა დედ-მამა. 

მე და ჩემი შვილები წამოვედით 1990 წლის ბოლოს, ჯაბა იოსელიანის ხალხი რომ შემოვიდა მაშინ, მგონი. იქამდე, ჯერ ზნაურში ვიყავი, გამგემ რომ დამირეკა, მარტო ვეღარ ვუძღვები, ისეთი არეულობაა, ცხინვალში ჩამოდიო. 

ფოტოზე: ნუნუ ტრაპაიძე და ჯემალ ბეგიაშვილი. სუნისი, ზნაურის რაიონი. 1976 წელი. 

წავიყვანე ჩემი გოგო და წავედი. ცხინვალის ტეკზე კიდე ვხედავ, უკვე გამოდიან ქართველები. ჩვენ გვეუბნებიან, სად მიდიხართ, ხო არ გაგიჟდით, იქ ქართველი არავინაა, წადით, თავს უშველეთო. ვერტალიოტები დაფრინავენ ცხინვალის თავზე, ქართველები ემზადებიან ქალაქში შესასვლელადო. 

დეკემბერში ხდება ეს, თოვლი და სიცივე იყო, მახსოვს.

ჩამოვედით უკან სოფელში. ცოტა ხანში დაიძაბა ზნაურშიც მდგომარეობა. მოგვკრიბა ჩემმა მეუღლემ მე, ჩემი ბიჭი და გოგო, კიდევ მაზლიშვილები, ბავშვები, ვინც იყვნენ და სუ ყველა გამოგვიყვანა. მაშინ უაზის მანქანა ჰყავდა. ცოტა აუცილებელი ქვეშაგებელი წამოვიღეთ და წამოვედით. ჩემი მეუღლე მაშინვე დაბრუნდა სოფელში. მშობლები იქ დარჩნენ. სუყველას უყვარდა ჩემი მეუღლე, ისეთი კაცი იყო.

გარჩევა ოსი-ქართველი, მაშინ არ იყო და მერე რა მოხდა, არ ვიცი. აი, გამსახურდია რომ გამოვიდა წინადადებით, სამხრეთ ოსეთის ოლქი გავაუქმოთო, მაშინ დაიწყო.

მე კი ვიცოდი ამას ძალიან ცუდი რამე რომ მოჰყვებოდა. შიგნით ჩახედული ხალხი, ყველა ხედავდა, ვერაფრით ვერ აიტანდა ამას ოსი საზოგადოება. 

სახლების გადაწვაც მერე დაიწყო, ჯაბა იოსელიანის, თუ გამსახურდიას ხალხი რომ შემოვიდა. სროლა იყო თურმე. ქალს კიდე ბავშვი გამოჰყავდა საბავშვო ბაღიდან. ბავშვს ბრმა ტყვია მოხვდა და დედამისს იქვე, ხელში ჩააკვდა. იმის შემდეგ დაერივნენ და სოფელში ქართული სახლები სუ გადაწვეს.

წამოვიდა ხალხი ტყეებით. გზაზე ხვდებოდნენ ოსები, ხან სად მიყავდათ მერე და ხან სად. ჩემმა ქმარმაც იმხელა შიში გამოიარა ზნაურში. შეუცვივდებოდნენ, ხან თივაში იმალებოდა, ხან ბაღში. სახლს ვერ ტოვებდა. ორი მანქანა გვყავდა მაშინ. ორივე ოსებმა წაიყვანეს, გენაცვალე. ნივაზე ჩემი მეუღლის ძმაკაცი მოვიდა თვითონ. ამან უთხრა, აბა, ეგ არის ჩვენი ძმაკაცობაო? ეგ ადრე იყო, ეხლა აღარ არისო, უპასუხა. ადგა და ის ნივაც წაიყვანა.

ჩვენი ცხივანლის სახლი გატეხეს და ყველაფერი გაიტანეს. რაც დარჩა მეზობელმა წაიღო თავისთან და ლურსმნებით აჭედა კარი. 

მე და ჩემი გოგო ორჯერ ჩავედით ცხინვალში. რაც შევძელით, ზურგით გამოვიტანეთ. მესამედ მარტო წავედი, უკვე საშიში იყო. სულ მოპნეული იყო ძირს სურათები. მეზობლემა რომ დამინახეს, ჩუმად გამომიყარეს კარიდორში ნივთები, სხვას რომ არ დაენახა. უცბად ავკრიფე, წიგნებიც წამოვიღე ბევრი, ალბომებიც. ძლივს მოვათრევდი, იმსიმძიმე იყო ჩანთა.

რამდენიმე წლის შემდეგ, ჩემი თანამშრომელი დამეხმარა. ნიქოზში ჰყავდა ნათესავი, ქართული ჯარის უფროსი და იმასთან ჩამიწყო საქმე, ცხინვალში რომ შევეშვი. სახლიდან ვეში უნდა გამომეტანა. ამ კაცმა მითხრა, წადი ცხინვალში და შტაბში იკითხე, თუ ნებართვას მოგცემენ, მე მანქანას მოგცემ და ყველაფერს გამოგატანინებო. წავედი. შტაბში ოსის ახალგაზრდა ბიჭი დამხვდა. ქალბატონო, ჯერ თქვენს სამსახურში წავიდეთ და თქვენი აფთიაქის თანამშრომლებს დაველაპარაკოთ, თუ ისინი უფლებას მოგცემენ, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებითო.

დაწვრილებით

შევედი აფთიაქში, მეორე მოადგილე ოსიიყო. ხოდა, მე ვუთხარი, ვეშის გატანა მინდა-მეთქი. წაიღე, ნუნუ, რაც გინდა, აბა, ჩვენ რა უფლება გვაქს, შენი ვეში არ გაგატანოთო. დავბრუნდი უკან და ვუთხარი, თანახმა არიან-მეთქი. მაშინ მე მანქანას მოგცემ და  დაცვასაც გაგაყოლებო. გამომაყოლა ათი ბიჭი, სამხედრო ფორმებში, ავტომატებით. მე ვარ ერთი ქალი. მივედით ისევ იმ შტაბში. იქიდან წამოგვყვა ის ოსის ბიჭიც. ჩვენი ხუთი ქართველი ჯარისკაცი დაბლა დარჩა, ხუთი ზევით ამომყვა. რაც შევძელით, გამოვიტანეთ. მაგრამ რა დამიჯდა ეს ყველაფერი? წელი გადახსნილი მქონდა შიშით. ერთი ტყვია რომ გავარნილიყო და ვინმეს მოხვედროდა, ხომ უნდა მომეკლა თავი! ოხრად დამრჩებოდა ის ვეში და ყველაფერი. მაგრამ არაფერი.  უსიტყვოდ გაკეთდა საქმე. ხმა არავის გაუღია.

მე თანდათან დავკარგე იმედი, მაგრამ ჩემი მეუღლე ფიქრობდა, აუცილებლად დავბრუნდებიო. 2013 წელს გარდაიცვალა. ჩემი ძმა ეტყოდა ხოლმე, ჯემალ, ასე ჩქარა სიტუცია არ დაწყნარდება, ერთი ოცი-ოცდახუთი წელი მაინც დასჭირდებაო. კი გავიდა უკვე ოცდაათი წელიწადი.

ჩვენი ცხინვალის სახლში ახლა ოსის ქალი ცხოვრობს. არ ვიცით ვინ არის. ზნაურის სახლი 1991 წლის ზაფხულში დაწვეს. სოფელში ერთი კაცია დარჩენილი. სხვა არავინ.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

______________________________________________________________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტრანსკრიპტზე მუშაობდა მართა მელიქიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა