ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ცარიელი სადგური ყარაჯალარში

მეორე ეპიზოდს ისევ ყარაჯალარიდან ვაგრძელებთ. აქ რატომ ჩამოვედით და ვინ არის  დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალი,  ინდიგოს სამნაწილიანი პოდკასტის პირველ ეპიზოდში მოგიყევით. 

დღეს კი, ელნურ ალისოისთან ერთად, ყარაჯალარში, ფარი ხანუმ სოფიევას ინიციატივით აშენებულ მატარებლების სადგურს ვეძებთ. 

 
ყარაჯალარის მატარებლების სადგური პირველი სახით არ არის შენარჩუნებული. როგორც ჩანს, გასაბჭოების შემდეგ მას არაერთხელ უცვალეს იერი. სადგურს პატარა ბაქანი აქვს, რომელზეც რამდენიმე საფეხურიანი ქვის კიბით ხვდები. ეს უკაცრიელი სადგური მეოცე საუკუნის დასაწყისში, ყარაჯალარში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებისათვის, თბილისთან კავშირის ერთადერთი საშუალება იყო. და ალბათ, აქ ყოველდღიურად ხალხიც ბევრი ირეოდა.

ე: „თბილისი, დედაქალაქი, ცენტრი იყო... იყო ბევრი შესაძლებლობა...იყო ბაზრობა, იყო სამუშაო ადგილები, მიდიოდა, თუ რაღაც ხელობა იცოდა და იქ აკეთებდა, იმიტომ რომ აქ იმდენად დიდი მოთხოვნა არ იყო, ხოდა ასე აკავშირდებდა სოფლის მცხოვრებლებს დედაქალაქთან“.

გასაბჭოების შემდეგ, პირველი რესპუბლიკის მესვეურების განზრახვა - აეშენებინათ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ეთნიკურობას მნიშვნელობა არ აქვს და ყველა მოქალაქემ თავი ერთობის ნაწილად უნდა იგრძნოს, ჩაანაცვლა საბჭოთა ნაციონალიზმის სპეციფიურმა პოლიტიკამ. რომელიც ერთი მხრივ რუს ნაციონალიზმს განიხილავდა, როგორც უპირატესს, ხოლო მეორე მხრივ, საბჭოთა რესპუბლიკებში - წახალისებული იყო ეთნონაციონალისტური იდეების წინ წამოწევა - ეთნიკური უმცირესობების შევიწროვების ხარჯზე. 

ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ პოლიტიკას უკავშირდება ქართული ნაციონალიზმიც, რომელიც მოგვიანებით,  90-ინებში კიდევ უფრო გამწვავდა

დ: „საბჭოთა ნაციონალიზმის პოლიტიკის მიხედვით იყო საქართველო, სადაც ცხოვრობდნენ ქართველები, ეს იყო ტიტულარული ერი, მას ქონდა წვდომა სახელმწიფო თანამდებობებზე, ეკონომიკურ რესურსებზე და ა.შ. და იყვნენ ეთნიკური აზერბაიჯანელები, რომლებიც იყვნენ ამ სისტემის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ, მათ მიმართ კულტურულ პოოლიტიკას ახორციელებდა არა საქართველოს ხელისუფლება, როგორც მათი მოქალაქეების მიმართ, არამედ, მათზე შეფობას იღებდა ბაქო“

დაწვრილებით

ისტორიკოსი ამბობს, რომ ეს ეთნო ნაციონისტალური მიდგომები, არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ტიტულარული ერისთვის იყო დამახასიათებელი. 

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ კი აშკარა ხდება ახალი პოლიტიკის აუცილებლობა, რომელიც შორს იქნება ნაციონალისტური მიდგომისაგან. მაგრამ, ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ქვეყანას სათავეში უდგება, თავად ამ ნაციონალისტური ხედვითაა გაზრდილი და მისთვის ახალი რეალობა რთული აღსაქმელია.

დ: „ეთნიკური ნაციონალიზმი გულისხმობს დიდი რაოდენობით გაქართველებას, გასომხებას, გააზერბაიჯანელებას. რომ შენ, შენი ნაციის გენეტიკა უნდა გაავრცელო სხვაგან. აქედან გამომდინარე, ამ ნაციონალიზმის გამო, მუდამ ხდებოდა აპელირება, იქ ხომ ქართველები არ ცხოვრობენ.. იქ ხომ ქართული ხმა არ ისმის.. „

აზერბაიჯანულ თემთან  არსებულ გაუცხოებას კიდევ უფრო ამძაფრებს 1987 წელს სვანეთში მომხდარი სტიქიური უბედურება. როდესაც ხელისუფლებამ, დიდთოვლობის გამო,  უსახლკაროდ დარჩენილი ათასობით ოჯახი ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ჩამოასახლა. 

ჯიშკარიანის აზრით, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ სვანების ჩამოსახლების მოტივი არ ყოფილა ადგილობრივი მოსახლეობის ხელოვნურად გაქართველება. და რომ არა სტიქიური უბედურება, სვანებს ქვემო ქართლში არ ჩაასახლებდნენ. მაგრამ, ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის ფაქტორი მაინც იკვეთება.

დ: „აქ არის  როგორც ობიექტური მიზეზი მეწყერი, ისე სუბიექტური .. რომ თუ ვასახლებთ, ბარემ.. თან ეკონომიკა გააკეთო და თან ქართველობა გაავრცელო. თან ამ გადმოსახლებულ ქართველებსაც მეხსიერებაში აქვთ ეს მისია, რომ .. ჩვენ.. აქ ხომ თამარის დროს ქართველები ცხოვრობდნენ...ამიტომ ამან თავსებადობა ვერ გააკეთა“

ამ ყველაფერს ემატება ეკონომიკური ფაქტორიც. როდესაც ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობას, უცებ უჩნდება კონკურენტი, რომელიც ეკონომიკურ კაპიტალში ეცილება. ეს არაერთი უთანხმოების მიზეზი ხდება.

როდესაც ყარაბაღის ომი იწყება, უთანხმოება კიდევ უფრო იზრდება. ისმის მოწოდებები, რომ რეგიონში ქართველ მოსახლეობას იარაღი დაურიგონ - ყარაბაღის ომისა და ნათესაური კავშირების გამო - ქვემო ქართლში შემოსული აზერბაიჯანელებისაგან თავის დასაცავად.  ხელისუფლებას რეგიონში პოლიცია შეყავს და იარაღის მიმოქცევას ამკაცრებს. მაგრამ ამ პროცესების პარალელურად, იწყება სისტემის ნგრევა. 

დ: ამ ვითარებაში ეს ქვემო ქართლი და ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებული ტერიტორიები იქცევა ბიზნეს აქტიურობის სფეროდ. ჩნდება ბევრი არაფორმალური დაჯგუფება, რომელიც ნაციონალური იდენტობის დაცვის საბაბით ეწევა ჩვეულებრივ კრიმინალურ აქტებს, ისინი ცდილობენ დაამყაროონ კონტროლი ერთი მხრივ ბენზინის მიმოქცევაზე, აგრეთვე სხვადასხვა ტიპის სოფლის მეურნობის ნაწარმის მწარმოებელთა მხრიდან რეკეტზე და იწყება ადამიანების ჩაგვრა ერი ნაციის სახელით. „

არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები ხელისუფლების დავალებებს არ ასრულებენ. მათ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. მაგრამ, ამ ქაოსში, აზერბაიჯანული თემისათვის უკვე რთული გასაგებია ვინ გასცემს ბრძანებას და ვის დაკვეთას ასრულებენ შეიარაღებული დაჯგუფებები.

სანან კურბანოვი, რამდენიმე წელია აზერბაიჯანულ თემთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევს. სანანს უფრო კარგად ინდიგოს პოდკასტის მომდევნო ეპიზოდში გაგაცნობთ. თუმცა, ახლა იმაზე მოგიყვებით, რა ამბები სმენია მას გადმოცემით უფროსი თაობისაგან... რას იხსენებენ ისინი ოთხმოცდაათიანებზე საუბრისას.  

ს: მოდიოდნენ ამბობდნენ ქართველები უნდა დაგესხან თავზეო.. არავინ იციის ვინ იყვნენ, აზერბაიჯანულად ამბობდნენ. ქვებს იღებდნენ მიდიოდნენ ბოლნიშში.. არავინ იცის ვინ იყვნენ’

ელნურ ალისოიც იხსენებს ერთ შემთხვევას, როდესაც დმანისის რაიონში მდებარე სოფელ გუგუთში მოხვდა. 

ე: „სოფლის გასასვლელში, მანდ სომხეთის საზღვარია, რომ მოვედი, მანდ ძაან დიდი მუსლიმური სასაფლაოა.. ძაან დიდია და თან ახალი საფლავებიც არი, მარა აზერბაიჯანული მოსახლე საერთოდ არ არის. სასაფლაოსთან ერთი ხელოსანი იყო, მეთქი აქ ცხოვრობენ, არაო, აბა ამხელა სასაფლაო რა არი? აქ ცხოვრობდნენ და 90-იანებში წავიდნენო. ანუ გააძევეს ის ხალხი.. რაღაცნაირად შეაშინეს, და ყველამ დატოვა სოფელი...“

ამ რეპრესიულმა პროცესებმა მნიშვნელოვანად შეაფერხა ინტეგრაციის პროცესი. შედეგად მივიღეთ ქვეყანა: რომლის მოსახლეობის ნაწილი, არ არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში. და ნაცვლად იმისა, რომ მათი ეკონომიკური თუ ინტელექტუალური რესურსი საქართველოში დარჩეს, ის სხვაგან ეძებს რეალიზაციის გზებს. რაც ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.

ელნურთან ერთად ყარაჯალარის მატარებლების სადგურზე გამვლელის მოლოდინში დიდხანს მოგვიწია ცდა. ბოლოს, ჩვენსკენ მომავალი მამაკაცი შევამჩნიეთ, რომელიც ლიანდაგებს მოუყვებოდა. 

ე: „გამარჯობა.. 
მ: „გამარჯობა“
ე: „ამ გზაზე ხშირად დადიხართ? მატარებელი ხშირად დადის აქ?“
მ: „მარტო ეგ დადის.. რკინიგზის მატარებელი“
ე: „და ხალხი იყენებს ამას, ამ სოოფლის?“
მ: „არა, მარტოო რკინიგზელები..აქედან ხალხი.. никого не берут..»
ე: „აა.. მხოლოდ რკინიგზის ხაზია? ჩვეულებრივ მოსახლეს არ შეუძლია, ხო?“
მ: „არა, არა..“
ე: „მადლობა ძაან დიდი, გაიხარეთ..“

ეს მიტოვებული მატარებლების სადგური, რომელიც ერთ დროს აზერბაიჯანული თემის თბილისთან კავშირის მნიშვნელოვანი რგოლი იყო, ჩვენ შორის ხიდჩატეხილობის ზუსტი ილუსტრაციაა. 90-იანებში ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც აზერბაიჯანული თემის ინტეგრაცია მნიშვნელოვანად შეაფერხა. მაგრამ შემდეგ მოვიდა, იმავე ავბედით  90-იანების მიწურულს დაბადებული, ახალი თაობა. თაობა, რომელმაც ბევრი რამ უნდა შეცვალოს. თუმცა, ამაზე პოდკასტის მესამე ეპიზოდში მოგიყვებით.



ავტორი: თიკო ნაჭყებია
ვიდეო: ელენე ასათიანი
ფოტო: შახ აივაზოვი