ვინ ვართ ჩვენ
31.01.2021ეს არის ინდიგოს პოდკასტის მესამე ეპიზოდი, რომლითაც ვასრულებთ სამნაწილიან სერიას და რომელსაც დავარქვით „ვინ ვართ ჩვენ“
პოდკასტის მესამე ნაწილს ინდიგოს ოფისში ვიწყებ, სადაც აზერბაიჯანული თემის იდენტობის საკითხებზე სასაუბროდ, ჩემს პირველ რესპოდენტს უნდა შევხვდე.
ს: “სანან კურბანოვი ვარ...“
სანანმა სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა, სწავლის მიტოვება მოუწია.
"და რავი.. ეხლა მოხალისე ჟურნალისტი ვარ.. და კიდე.. მოხალისე ისტორიკოსი“.
სანანს ვეკითხები, რატომ დაინტერესდა ისტორიით.
„ისტორია იმიტომ მაინტერესებს, რომ მაგალითად ჩვენი თაობა, 90-იან წლებში დაბადებულები, საქართველოში მოღვაწე ჩვენი პოლიტიკოსები.. საერთოდ ინფორმაცია აქ გვქონდა..”
სანანი საქართველოში აზერბაიჯანულ თემთან დაკავშირებულ საკითხებს რამდენიმე წელია იკვლევს. მეგობრებთან ერთად, 4 წლის წინ ფეისბუქ გვერდიც შექმნა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში, არჩევნების და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქართველი აზერბაიჯანელების შესახებ ინფორმაციას და საინტერესო ფაქტებს აქვეყნებს.
საუბარს იმით ვიწყებთ, რა ტერმინი უნდა გამოვიყენოთ ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე საუბრისას.
“ჩვენ ვინ ვართ? ეს სიტყვა, აზერბაიჯანელი, კარგად არ ჟღერს, აზერბაიჯანელი, ასოცირდება იქეთა მხარესთან..“
მკვლევარი, ელნურ ალისოიც იზიარებს სანანის მოსაზრებას, რომ სიტყვა “აზერბაიჯანელი” დამაბნეველია. ელნური მიხსნის, რომ აზერბაიჯანულ ენაზე ეთნიკური ქართველი და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი, სხვადასხვა სიტყვით აღინიშნება.
„ეთნიკურად ქართველი არის „გურჯი“ და როდესაც ეროვნებას ვგულისხმობთ, ჩვენ ვამბობთ „გურჯუსტანლი“ ანუ საქართველოელი.. რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში მათ „საქართველოელს“ უწოდებენ, საქართველოში კი აზერბაიჯანელს..
“ჩვენ უბედური თაობა, მოსახლეობა ვართ საქართველოში. აზერბაიჯანში მივდივართ და გავხდებით „საქართველოელი“, საქართველოში ვართ აზერბაიჯანელი. იქ მივდივარ სტუმარი ვარ, აქ ვარ - სტუმარი ვარ. შედეგი.. რა იქნება, არავინ არ იცის“.
ელნური ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა შვედეთში, ერთ-ერთ კონფერენციაზე, ფინეთში მოღვაწე ამერიკელ მეცნიერს შეხვდა, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანლების იდენტობის საკითხებზე მუშაობდა..
“მისი სტატია იყო “შუაში დარჩენილები”, people in between, ძალიან მომეწონა ეს სახელი... იმის მტკიცებაში ხარ ჯერ, რომ შენ მართლა ეკუთვნი საქართველოს და ხარ შიდა უცხოსავით, რაღაცნაირი ისეთი გაგება არის საქართველოში, რომ ჩვენიანი ხარ, მაგრამ მაინც რაღაცნაირად უცხო ხარ.. ბოლომდე არ ხარ“
ზაურ ხალილოვი, ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე წლებია მუშაობს. არაერთი ორგანიზაციის დამფუძნებელი და წევრია. ზაური ამბობს, რომ სტერეოტიპებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდება.
„მაგალითად, დღესაც კი მეუბნებიან, გუშინ შენი ელჩი ვნახე. ვეუბნები, საიდანაა აზერბაიჯანის ელჩი ჩემი. გამანებეთ თავი, საქართველოს მოქალაქე ვარ, აზერბაიჯანი არის მეზობელი ქვეყანა, ეს ერთი. მერე რომ მეუბნებით, შენი ისტორიული სამშობლო, არ არის, ადამიანებო, ჩემი ისტორიული სამშობლო, რახან ეთნიკურად აზერბაიჯანელი ხარ, იარლიყი დაგადეს, მორჩა“.
ეს იზოლაცია, გაუცხოება და ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი საბჭოთა პერიოდსა და პოლიტიკას უკავშირდება. როცა საბჭოთა რესპუბლიკებში წახალისებული იყო ეთნო-ნაციონალისტური იდეების წინ წამოწევა - ეთნიკური უმცირესობების შევიწროვების ხარჯზე.
ელნური ამბობს, რომ საბჭოთა პოლიტიკის შედეგია ისიც, რომ უფროს თაობას, მშობლებისა და ბებია-ბაბუების თაობას, არ ქონდათ შესაძლებლობა ქართული ენა სრულფასოვნად შეესწავლა.
“მათ სკოლებში ან საერთოდ არ იყო ქართულის გაკვეთილები, ან თუ იყო, იყო, კვირაში ერთი-ორი საათი. რაც საბაზისო რაღაცეებს ასწავლიდა, და არა მაგალითად ენას“.
ამიტომ, საბჭოთა კავშირის ნგრევისა და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ეს თაობა სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა, როცა, სხვა ფაქტორებთან ერთად, სახელმწიფო ენის არცოდნამ იზოლაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. საგულისხმოა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან მიმართებაში პოლიტიკა და დამოკიდებულება დიდხანს არ შეცვლილა.
“მე როცა სკოლაში ვსწავლობდი, სკოლის კედელზე, იმ დროს მიხეილ სააკაშვილის და ალიევის, ანუ აზერბაიჯანის პრეზიდენტის სურათები და დროშა იყო. იმ დროს ვერ ვიგებდი რა. ხალხსაც ეგრე, არ ფიქრობდა”.
სანანი კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც 2016 წელს, მარნეულში, ერთ-ერთი პარტიის ოფისის გახსნას დაესწრო.
“მივედი და აზერბაიჯანის დროშაა, მეთქი რა კავშირია.. შენი მოქალაქე ვარ და შენ ჩემთან მოდიხარ აზერბაიჯანის დროშით, რატო? არ ვიცი, ასე მეგონაო, რომ თქვენთვის კარგად იქნებაო ეს დროშა“.ცარიელი სადგური ყარაჯალარში
აზერბაიჯანულ თემთან მიმართებაში რადიკალური ცვლილება რამდენიმე წლის წინ დაიყო - საგანმანათლებლო პროგრამა 1+4-ის (რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის უმაღლესი განათლების გამარტივებული წესით მიღებას გულისხმობს) განხორციელებასთან და ქვემო ქართლის რეგიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების გაძლიერებასთან ერთად.
ისტორიკოსი, დავით ჯიშკარიანი ამბობს, რომ რეგიონში ქართული ენის მასწავლებლებლებმა, ენის სწავლებასთან ერთად, ბევრად მნიშვნელოვანი ცოდნა ჩაიტანეს ახალგაზრდებთან.
“ეს მასწავლებლები, რასაკვირველია, ამ განათლებასთან ერთად მათ მიაქვთ დანარჩენი საქართველო, რომელიც არ იყო ამ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი, ეს დანარჩენი საქართველო პრობლემით, ფეხბურთით, კულტურით, ემოციით, პოეზიით, და ასე შემდეგ...“
ჯიშკარიანი თვლის, რომ ამ პროცესებით რეგიონში რადიკალური ცვლილებები დაიწყო. როცა, საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტში უცბად გაჩნდნენ ახალი თაობის, ქართულად მოლაპარაკე ეთნიკური აზერბაიჯანელები, რომლებიც ისევე წუხან ჰესების მშენებლობაზე, გარემოს დაცვაზე, თუ ენობრივ პოლიტიკაზე, როგორც დანარჩენი ეთნიკური ქართველები.
"ეს ახალგაზრდა თაობის აზერბაიჯანელები, არიან პირველი თაობის მასობრივად სახელმწიფო ენის მცოდნე, განათლებაში ინტეგრირებული, და სხვადასხვა სოციუმებში ძალიან მიღებული ადამიანები, ამიტომ, მიიღებენ თუ არა ქართველები მათ, მიიღებენ, და ეს განსხვავება, ჩვენ და ისინი, მალე მოიშლება. ეს მიმღებლობა არის გარდაუვალი, უბრალოდ დრო სჭირდება.“
ცვლილებები დაწყებულია. მოხერხდება თუ არა და რა დრო დაჭირდება ქართველი აზერბაიჯანელების სრულ ინტეგრაციას, დრო გვიჩვენებს.
ამ ეპიზოდის ბოლოს კი, ისევ პირველ რესპუბლიკას ვუბრუნდები და ნოე ჟორდანიას, 26 მაისთან დაკავშირებული სიტყვიდან გთავაზობთ ეპიზოდს… იმ პირველ რესპუბლიკაზე, რომელმაც მხოლოდ სამი წელი იარსება. და რომლის მესვეურებსაც ისეთი ქვეყნის აშენება სურდათ, სადაც ყველას თავი თანასწორად და დემოკრატიული რესპუბლიკის სრულფასოვან წევრად უნდა ეგრძნო.
ნოე ჟორდანია: „ოცდაექვს მაისს ქართველობა ერთსულოვნად გამოეყო ჩრდილოეთს, გამოვიდა მის ტყვეობიდან, დალეწა მისი ბორკილები და მოიპოვა თავისუფლება. მან ძირბუდიანად გამოჰგავა ქართველი მობერებული ცხოვრება, წაშალა ძველი დამპალი შინაური ურთიერთობა, ჩაუყარა საძირკველი ახალ ხალხურ და ეროვნულ დაწესებულებას. ოცდაექვს მაისს საერთაშორისო ოჯახს მიემატა ჲერთი ახალი წევრი. იგიც იცვნეს თავის ტოლად და მას ხელნიც გაუწოდეს ჩამოსართმევლად. საქართველო იშვა ოცდაექვს მაისს, იშვა თავის ქვეყანაში, იშვა მსოფლიოში ნაციონალურად, ინტერნაციონალურად.“
ავტორი: თიკო ნაჭყებია
ვიდეო: ელენე ასათიანი
დოკუმენტური ფილმი "ნოე ჟორდანია" - ჩანაწერი შემოინახა გურამ შარაძის არქივმა.