პედაგოგების პროტესტები, 1994-2022 | პროტესტი დამოუკიდებელ საქართველოში
10.03.2026 | 5 წუთიანი საკითხავიქართველ პედაგოგებს 90-იანი წლების მეორე ნახევარსა და 2000-იანების დასაწყისში საარსებო მინიმუმისთვისა და ელემენტარული ღირსებისთვის პროტესტი უწევდათ.
ესაა კორუფციის, გულგრილობის, შიმშილის, სიცივის, სიბნელისა და, როგორც მაშინდელი ჩინოვნიკები ამბობდნენ: „გმირი მასწავლებლების უღირსი პროტესტების“ ამბავი.
1994 წლის 18 აპრილს ტყიბულელმა პედაგოგებმა გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყეს რამდენიმე მთავარი მოთხოვნით: გაუმჯობესდეს შრომითი პირობები; გაიზარდოს ხელფასი საარსებო მინიმუმამდე; მოწესრიგდეს ტრანსპორტი; დაცულ იქნას ტყიბულის რეგიონში კუპონის, როგორც გადახდის ერთადერთი საშუალების შესახებ კანონი; გამოაშკარავდეს ადგილობრივი „მაფია“.
მომიტინგეების თქმით, ტყიბულის რაიონს გააჩნდა ქვანახშირის, ჩაის, გიშრისა და კონიაკის რესურსები, რომლებიც მოსახლეობის უზრუნველყოფის ნაცვლად, კომერციული სტრუქტურებისა და „მაფიის“ ხელში აღმოჩნდა.
არაოფიციალური წყაროებით, ყველა ეს რესურსი სხვა რეგიონებში ბარტერისთვის გაიტანეს, თუმცა ტყიბულში სანაცვლოდ პირველადი მოხმარების საგნები არავის ჩაუტანია.
მასწავლებელთა სათათბირომ გამგებელ უშანგი გორეშიძეს „მაფიის“ მხილება და ბარტერების შედეგების შესახებ ინფორმაციის გადაცემა მოსთხოვა. ვიცე-პრემიერ ირაკლი მენაღარიშვილთან შეხვედრაზე ითქვა, რომ განათლების სამინისტრო პედაგოგთა სოციალური დაცვის საკითხში უძლური იყო.
გაზეთი „რეზონანსი“ წერდა:
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო „საქართველო” არ არსებობს, ის ფორმირების პროცესშია და როცა ეს პროცესი დასრულდება, ყველა პრობლემა გადაწყდება დადებითად.
ტყიბულელი მასწავლებლების გაფიცვიდან ზუსტად ორ წელში, 1996 წლის აპრილში დედაქალაქში მასწავლებლების მასობრივი გაფიცვა დაიწყო. 26 აპრილს განათლების მუშაკთა პროფკავშირებმა ხელფასის საარსებო მინიმუმამდე გაზრდა და პარლამენტის საგანგებო სესიის მოწვევა მოითხოვეს.
10 მაისს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა ჩატარდა. კომიტეტის თავმჯდომარე, რომან მიმინოშვილი მასწავლებლების მიერ ადგილის არმიტოვებას „გმირობის ტოლფასად“ მიიჩნევდა; დეპუტატი გიგა ლორთქიფანიძე კი სკოლების გაფიცვას „უზნეობად“ თვლიდა და გამოსავლად კვლავ „გაძლებას“ სთავაზობდა.
იმ დროის განათლების მინისტრმა, თამაზ კვაჭანტირაძემ ხელფასების გაზრდის მოთხოვნას „უარისთვის განწირული“ უწოდა, თუმცა პედაგოგებს არდადეგების წინ გარკვეულ დახმარებასა და ფასიან სწავლებაზე მუშაობას დაჰპირდა.
სამინისტროსა და პედაგოგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რის შემდეგაც, 14 მაისს, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგა.
1996 წლისთვის საქართველოში 3231 სკოლა ფუნქციონირებდა, სადაც 80 137 პედაგოგი 730 000 მოსწავლეს ასწავლიდა.
დედაქალაქის შემდეგ ქუთაისშიც იფეთქა პედაგოგების პროტესტმა: 2002 წლის იანვარში მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირების ინიციატივით, პედაგოგებმა შიმშილობა დაიწყეს, ქუთაისელებს შეუერთდნენ სხვა რეგიონის მასწავლებლებიც საერთო მოთხოვნით: გაიზარდოს პედაგოგების მინიმალური ხელფასი სამომხმარრებლო კალათის ოდენობამდე.
იმერეთის ხელმძღვანელობა და რწმუნებული, თემურ შაშიაშვილი აქციას პოლიტიზებულად მიიჩნევდნენ და აცხადებდნენ, რომ მასწავლებლები „სავაჭრო ობიექტად“ გამოიყენეს.
ადგილობრივი ხელისუფლება აქციის უკან იმ დროის ოპოზიციის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ხედავდა. თავად სააკაშვილი 1-ელ თებერვალს შეხვდა მოშიმშილეებს და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა:
სადაც ადამიანები არიან, იქ აქციები არის პოლიტიკური, რადგან არაპოლიტიკური აქციები მხოლოდ ზოოპარკში ტარდება, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა მასწავლებლების მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ორგანიზატორი მანანა ღურჭუმელიძე მიიჩნევდა, რომ მთავარი მიზანი მიღწეული იყო:
მე ამით საზოგადოებას დავანახე, რომ პროტესტისა და ხმის ამოღების გზით რაღაცის მიღწევა მაინც შესაძლებელია.
ირაკლი მენაღარიშვილს რომ დავესესხოთ, 90-იან წლებსა და 2000-იანების დასაწყისში სახელმწიფო „საქართველო“ ფორმირების პროცესს თავს ვერ აღწევდა, და მიუხედავად პედაგოგების მასშტაბური პროტესტებისა, მათი ლამის არცერთი პრობლემა წყდებოდა დადებითად.
...
პედაგოგების პროტესტების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ GEOPROTESTS.ORG-ზე.
პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 1991-დან 2025 წლამდე საქართველოში მომხდარ მასშტაბურ თუ მცირე პროტესტებს.