ჩრდილი | ანნა ძიაპშიპა
17.11.2021 | 5 წუთიანი საკითხავიშარშან ზაფხულში სახლში შავი კატა მოვიყვანე. მანამდე ჩემს პანდემიურ შფოთვებს და შიშებს კატების და ძაღლების ვიდეოების ყურებით ვუმკლავდებოდი. ძილის წინ ტელეფონს ვიღებდი და დაძინებამდე ცხოველების სულელურ ვიდეოებს ვუყურებდი. წარმოვიდგენდი კატას ჩემს სახლში და ვმშვიდდებოდი. ვფიქრობდი როგორ იცხოვრებდა ჩემთან ერთად, სად ივლიდა და როგორ იმოძრავებდა, სად დავუდგამდი წყლის და საჭმლის ჯამს. უცნაურად მამშვიდებდა და მაძლებინებდა ამაზე ფიქრი.
ჩემს რამდენიმე ახლო მეგობარს იმავე პერიოდში შფოთვითი აშლილობების სპექტრი გამოუვლინდა. საკუთარ შიშებთან და გამოწვევებთან გამკლავებას წამლებით, მუდმივი დიაგნოსტირებით და ექიმებთან და ფსიქოლოგებთან სიარულით ახერხებდნენ. ჩემს სახლში კი უკვე შავი კატა ცხოვრობდა. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც წარმომედგინა ან იმაზე უფრო კარგად. ჯერ იყო მიჩვევის, ერთმანეთზე დაკვირვების, საკუთარი ხასიათის და ჩვევების გაზიარების დრო. მუშაობისას მისი სიმშვიდე მაფერხებდა ხოლმე, კომპიუტერის ეკრანს ვწყდებოდი და საათობით მას ვუყურებდი. მხიბლავდა და მამშვიდებდა მის მცონარობასა და სიზარმაცეზე დაკვირვება, საკუთარ სხეულზე ზრუნვა და სრული მოშვებულობა, უსაფრთხოების და დაცულობის ისეთ განცდას მჩუქნიდა, რომელსაც სხვა დროს ვერასდროს ვისწავლიდი და რომელიც ალბათ ბავშვობის მერე არც მქონია. ვხვდებოდი, რომ ეს კავშირი მხოლოდ თერაპია არ იყო, თან უდიდესი შვების მომგვრელი შეგრძნება მოჰქონდა. მოშვებულობის სრულიად ახალ განცდას ვეხებოდი და ვცდილობდი ეს მდგომარეობა დამემახსოვრებინა.
ამბობენ, რომ ფისოები მათ პატრონებს როგორც მოზრდილ კატებს ისე აღიქვამენ, მათზე გაცილებით უფრო განვითარებულებს და უნარიანებს. დიდ, ორფეხა კატებს გაოცებულები გვაკვირდებიან, ჩვენს მოძრაობებს, ჩვევებს და მოტორიკას სწავლობენ. ხშირად ეს შემაწუხებელი და დაკვირვებული მზერა მეც მიგრძნია. ზურგს უკანაც შემიმჩნევია როგორ მაკონტროლებს ორი, ცნობისმოყვარე თვალი და ჩემგან რაღაცის გაგება ან სწავლა უნდა. ხანდახან ჩვენი მზერა ხვდება და მაშინ ორივემ ვიცით რა გვჭირდება ერთმანეთისგან. ამ მზერას ვგრძნობ ყველგან - მუშაობისას, საჭმლის კეთებისას, შხაპის მიღებისას, დაძინებისას, გაღვიძებისას. ვერ ვიტყვი რომელმა რომელი მოიშინაურა, მაგრამ ჩვენმა თანაცხოვრებამ ერთ სივრცეში ჩვენი პირადი შიშები და შფოთვები გააერთიანა და დააბალანსა. მეტიც, ახლახან მივხვდი, რომ ძილის პარალიზი, რომელიც ბავშვობიდან დამდევდა და რომელშიც გარედან შემოსული პატარა შფოთი და სტრესიც კი აისახებოდა, კატის სახლში მოსვლასთან ერთად თითქმის აღარ მქონია. ახლა, გაღვიძებისას ფეხებთან ინკუბუსის ნაცვლად შავი კატა მიწევს.
ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრე არასოდეს ყოფილა. ვერც პანდემიურმა წლებმა მომიტანა ეს განცდა, რომ შინ ყოფნა მშვიდად და დაცულად ყოფნას ნიშნავს. ჩვენი კოლექტიური ბიოგრაფია მიგრაციის, დევნილობის, სახლების ნგრევის, მზიდი და ფუნდამენტური კედლების გამოცლის ისტორიაა. ჩვენ, ვისაც სახლები ხშირად დაგვიკარგავს, ყველაზე კარგად ვიცით, რომ საკუთარ სახლებში, თუნდაც ახლებში და უფრო დაცულებში, უფრო მაღლა და უფრო სიმწვანეში სიმშვიდეს ვეღარასოდეს ვიპოვით, რადგან სახლების დროებითობის და პირობითობის გვჯერა.
ხშირად მიფიქრია, ნეტა იმისთვის ხომ არ ავიკვიატე კატის აყვანა, რომ სიმშვიდე მეგრძნო? იქნებ სწორედ კატა უნდა გამხდარიყო სახლის სიმყუდროვის შეგრძნების ის ორგანო რომელიც დაბლაგვებული მაქვს? საბოლოოდ, ამ ძიებამ სულ სხვა შედეგამდე მიმიყვანა, აღმოვაჩინე, რომ ამ პატარა შავმა არსებამ მისი სურვილების მსახურად მაქცია და ცხოვრებაში პირველად არ ვაპროტესტებდი ამ შეგრძნებას, პირიქით მსიამოვნებდა, რაღაც არსების კომფორტის წყარო რომ უნდა გავმხდარიყავი - თითქოს დამიმონა და მე ეს საშინლად მომწონს.
მეგობარმა ფოტოხაფანგით გადაღებული ვიდეო გამომიგზავნა. ტყეში დამონტაჟებულ ციფრულ აპარატთან შველი მიდის. კამერაში მისი თრთოლა ჩანს, მუდმივი შიში და კონცენტრირება გარე სამყაროზე, მიყურადება, ფოთლის ყველა შრიალზე და ტოტის ჩამოვარდნის მჭახე ხმაზე კრთომა და რაღაც ცუდის მოლოდინი. დაბურული და უღრანი ტყე რომელიც მისი სახლია - უსაფრთხოების განცდასთან ერთად, ამ არსებას შიშს და დაუცველობის განცდასაც უმძაფრებს და მუდმივ სტრესში აცხოვრებს.
ხანდახან, როდესაც ჩემს კატას ვუყურებ, ეს ვიდეო მახსენდება. გარეთ წარმოვიდგენ ხოლმე მას, ვფიქრობ როგორ უნდა ეცხოვრა ქუჩაში, იმ სხეულებრივი ენით, როგორიც ფოტოხაფანგის კადრში მოხვედრილ შველს. ამ მომენტში გამიელვებს, რომ ჩემი გადაწყვეტილება სახლში მომეყვანა, მისი ნებართვის გარეშე სტერილიზაცია გამეკეთებინა, სახლში გამომეკეტა მისი ველური ინსტინქტები შეიძლება სწორიც იყო. ჩემს სიმშვიდეს და სტაბილურობის განცდასა და ცხოველურ ინსტინქტებზე გამარჯვებას ვზეიმობ ხოლმე მისი მოშვებული ძილის ყურებისას. კიდევ ერთი თავისუფლად მოსიარულე არსების ცხოვრება დავიმორჩილე, სახლში გამოვკეტე, საჭმელს და სასმელს არ ვაკლებ, ექიმთან დამყავს, ვეთამაშები და ვეფერები, მაგრამ მაინც, როგორც კი კარს ვაღებ გარეთ იპარება. კატის არსება, რომელიც ყველა კატისებრთა ინსტინქტების წარმმართველია მაინც მუდმივი თავგადასავლისა და ნადირობისთვის განაწყობს მას. ხანდახან გამოკეტილ სახლშიც კი, ეს ინსტინქტები მოშვების საშუალებას არ აძლევს, მისი მოდუნებული ძილი მაინც ფრთხილია, მისი სხეულებრივი ენა კი მუდმივი თავდაცვისთვისაა მზად, შეღებულ ფანჯარასთან მწერებს უსაფრდება ხოლმე და მერე სადისტივით აწამებს მათ. ამასაც მშვიდად ვუყურებ, რადგან ჩემი შფოთვების მოთვინიერებისთვის, სახლში გამოკეტილ არსებას თავისი ინსტინქტების განხორციელების მინი ვერსიის განხორციელების უფლებას ვაძლევ.
ალბათ იმ შველთან ჩემი თავის იდენტიფიკაცია უფრო მაქვს. ჩემი შინაგანი ხმა ამ სრულიად მოულოდნელ და სტრესულ სამყაროში მისი სხეულის დამფრთხალ მოტორიკას ჰგავს. ჩემი ახლობლების და ჩემი განუსაზღვრელი აწმყოს და მომავლის შიშს ვხედავ ამ ვიდეოში და იმიტომ მახსენდება ასე ხშირად. სახლში, ჩემი კატისთვის და ჩემთვის ყველაზე დაცულ სივრცეში ყოფნის დროს და მასზე დაკვირვების პროცესში, სულ ამ შიშებს ვპროეცირებ და მასზე ზრუნვას ვარქმევ იმას, რისი ტარებაც აღარ შემიძლია.
ხანდახან ჩვენი მზერების გადაკვეთისას ჟაკ ტურნიეს 1942 წლის საშინელებათა ფილმი “Cat people” მახსენდება. “მოია სესტრა” - სერბულად ეუბნება ერთი ქალი მეორეს, როდესაც რესტორანში შემთხვევით დაინახავს და მისი ველური და დაუმორჩილებელი ბუნების ნაწილს ამოიცნობს, მისთვის კარგად ნაცნობს, მაგრამ უცხოს მეორე ქალისთვის, რომელსაც ჩვეულებრივი ცხოვრება აინტერესებს. ერთმანეთის კოდების გამოცნობა კი სხვა არაფრის მანიშნებელია, გარდა იმისა, რომ მათი მოუთვინიერებელი შიშები ერთმანეთს ჰგავს და მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში, ანუ გააზრებისას დაიძლევა.
ჩემი ეგზისტენციალური და ყოფითი შიშები პლანეტარულზეა მიბმული და რაც არ უნდა გაზვიადებულად ჟღერდეს, სავსე მთვარის დროს აქტიურდება ხოლმე. ბოლო დროს მთვარისგან ემანსიპაციას ვცდილობ, ჩემი ცხოვრების რიტმის სხვა, უფრო მიწიერ ნიშნულებზე გადმოწყობას, მაგრამ როგორც ტურნიეს ფილმის გმირს ეშინოდა სიყვარულის და ვნების გამოვლინების, რადგან ის ინსტინქტებს დამორჩილებულ მხეცად აქცევდა, ისე მზაფრავს სავსე მთვარის შუქი ჩემს ფანჯარაში, საკუთარი ყრუ ყმუილის ხმა და დაუცველობისგან გამოწვეული თავდასხმის სურვილი მაბრუებს ხოლმე. ალბათ ზუსტად ამას ხედავს ჩემი კატაც, რადგან ერთხელაც, შფოთვების და შიშების ტრანსფორმაციისას გავიგე მისი ხმა: “მოია სესტრა” და ყველაფერს მივხვდი, იმასაც რომ მოშვებულობა და შფოთიც ჩვენსავით ტყუპი დებივით არიან, შეუმჩნევლად რომ ანაცვლებენ ერთმანეთს თავს, მას შემდეგ, ყოველდღიურობის დაძლევა ერთად დავიწყეთ. როგორც აღმოჩნდა, ოთხ კედელში დაცულად მყოფებს, ჩვენც ზუსტად საერთო შიშები და შფოთვები გვაერთიანებს და გვაძლიერებს, ფანჯარაში სავსე მთვარეს ვუყურებთ ერთად და მწერებს ვინადირებთ.
ფოტო: ანკა გუჯაბიძე