გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დაკითხვა პატარა ბუტკაში



ინტერვიუ მაქსიმთან, ოკუპირებული ხერსონიდან

მე მაქსიმი ვარ, 27 წლის, სამხრეთ უკრაინიდან. ოთხი წლის წინ დავამთავრე ხელოვნებისა და კულტურის ფაკულტეტი. ვმუშაობ ღონისძიებათა წამყვანად. 

ხერსონიდან საქართველოში ერთი თვის წინათ ჩამოვედი. 

იანვარში დაძაბულობა უკვე იგრძნობოდა, თებერვალში ახალი ამბებიდან პირდაპირ გვაფრთხილებდნენ, სათადარიგო ჩემოდანი გაამზადეთ, უეცრად ქალაქის დატოვება რომ მოგიხდეთო. ომს ჯერ არ ახსენებდნენ, მაგრამ გონებაში ეს ფიქრები სულ ტრიალებდა. პარალელურად, თითქოს ცხოვრება ჩვეულებრივ მიდიოდა, ბავშვები დადიოდნენ ბაღში, მუშაობდა სკოლები, გვქონდა სამსახურები. არ გვჯეროდა, რომ ომი დაიწყებოდა. 

გამთენიისას აფეთქებების ხმამ გამაღვიძა. ჭექა-ქუხილი მეგონა, მაგრამ თებერვალში ჭექა-ქუხილი?! 

ხერსონი რუსებმა მალევე დაიკავეს. ომის პირველივე დღეს ქალაქ გოლაია პრისტანში წავედი მანქანით ჩემი გოგოს, იესენიას, დედამისისა და დედაჩემის წამოსაყვანად. უკანა გზაზე ტანკების კოლონა შეგვხვდა, არ ვიცოდით, ჩვენები იყვნენ თუ რუსები, დროშა არ ჰქონდათ. ვერტმფრენებიც დაფრინავდა. შენობებს აფეთქებდნენ, გარშემო სულ ცეცხლი იყო. 

თავიდან ყველაფერი სიზმარს ჰგავდა, აფეთქებები, ტანკები, ვერტმფრენები… ომს ხომ არასდროს ელოდები, სანამ პირდაპირ არ შეეჯახები.

თავიდან ვფიქრობდით, რომ აი, ორი კვირაც, კიდევ სამი კვირაც და ყველაფერი მორჩებოდა. ჩვენი რეგიონი დღემდე ოკუპირებულია. აპრილის ბოლომდე იქ ვიყავით, ომის დასრულებას ველოდით, ბოლოს მივხვდით, რომ თუ ცხოვრების გაგრძელება გვინდოდა, უნდა გავქცეულიყავით. 

პირველად არ გამოვიდა - რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქიდან არ გაგვიშვეს. იესენიასა და ჩვენს მშობლებთან ერთად ორი თვე გოლაია პრისტანში ვცხოვრობდით - პატარა ქალაქია, 16 ათასი მცხოვრებით. სამაგიეროდ, ბევრნი იყვნენ რუსი ჯარისკაცები და ხალხის დასაშინებლად ქუჩაში დახეტიალობდნენ. 

ჩვენი ქალაქები რატომღაც არ გაანადგურეს - გადავურჩით ბუჩასა და ირპენს. ორი-სამი კვირა გაზი არ გვქონდა, დენი მიდიოდა და მოდიოდა, ინტერნეტს ხანდახან თუ დავიჭერდით. უკრაინული სუპერმარკეტები ორი თვე მუშაობდა, მერე დაკეტეს და ყირიმიდან რუსული საქონლის შემოტანა დაიწყეს. მანამდეც სცადეს იქაური პროდუქციის გაყიდვა, მაგრამ არალეგალურად: მანქანებით შემოდიოდნენ და იქიდანვე ყიდდნენ. მოსახლეობა საშინლად ღიზიანდებოდა, რადგან ყველას გვქონდა ჩვენი ბოსტანი, ხილი და ბოსტნეული არავის გვაკლდა,  მხოლოდ ხორცი და სხვა პროდუქტები გვიჭირდა. 

მე და იესენია დედაჩემის სოფლიდან, ჟილეზნი პორტიდან ვბრუნდებოდით, როცა ერთ-ერთ რუსულ ბლოგპოსტზე გაგვაჩერეს დოკუმენტებისა და ტელეფონების შესამოწმებლად. თან მხოლოდ ძველი, ღილაკებიანი ტელეფონი მქონდა, ამიტომ არ გაგვატარეს, ეგონათ, ტელეფონს ვუმალავდით,  ბოლოს ორნიღა დავრჩით და ჩემოდნები გაგვახსნევინეს: ტელეფონს თუ არ გვაჩვენებთ, გცემთო. ოთხი ავტომატიანი რუსი გვადგა თავზე და გვემუქრებოდა. მაშინ გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ გვეცადა, უნდა გამოვქცეულიყავით.

უკრაინის მხარეს ყველა გასასვლელი რუს სამხედროებს ჰქონდათ ჩაკეტილი. უამრავი ბლოგპოსტი უნდა გაგევლო და ყველასთან გაჩერებდნენ, გჩხრეკდნენ, მერე კი ან გიშვებდნენ, ან არა. შეიძლება ბოლო ბლოგპოსტთანაც გამოებრუნებინე. ვიღაცები მაინც ახერხებდნენ გადასვლას, ალბათ ქრთამსაც სთავაზობდნენ. ხანდახან მარტო ქალებს უშვებდნენ, ზოგი ტყეებითაც იპარებოდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, ყირიმიდან ჯერ რუსეთში გადავსულიყავით და იქიდან საქართველოში. 

ყირიმამდე ოცი ბლოგპოსტი გველოდა, ყოველ ხუთ კილომეტრში. ზოგჯერ უბრალოდ გვატარებდნენ, მაგრამ ძირითადად მანქანიდან გადავყავდით, ბარგსა და დოკუმენტებს გვიჩხრეკდნენ. მანქანების რიგში თორმეტი საათი ვიდექით. საზღვარზე დამკითხეს. ჯარის ასაკის მამაკაცებს ცალკე ჯგუფებად გვაყენებდნენ, მწკრივში, და დაუსრულებელი ლოდინის შემდეგ გისოსებიან, ვიწრო ჯიხურებში შევყავდით ცალ-ცალკე, ერთი ჯარისკაცის თანხლებით. ჯერ ტელეფონს გართმევდნენ და ყველაფერს ნახულობდნენ - მესიჯებს, ფოტოებს, სოციალურ ქსელებს, ამიტომ ყველაფერს წინასწარ ვშლიდით, სიმღერებსაც კი, რომ რამე საეჭვოდ არ მოსჩვენებოდათ. პირველი ის მკითხეს, ტატუები თუ გაქვსო,  გაიხადე და გვაჩვენეო. ასე იგებდნენ, ჯარში მსახურობდი თუ არა. ჩემი ორი ტატუდან ერთ-ერთი ისარია. რეალურად არაფერს ნიშნავს, მაგრამ დაემთხვა, რომ უკრაინის ერთი სამხედრო პოლკის სიმბოლოცაა. გინდა თუ არა, იმ პოლკში მსახურობდიო. ვეუბნებოდი, ჩემი ფოტოები დაათვალიერეთ, უამრავი მაქვს სამსახურში გადაღებული, ქორწილებიდან, ნამდვილად ღონისძიებების წამყვანი ვარ-მეთქი. ბოლოს დამიჯერეს. რატომ არ იღებ ხელში იარაღს და უკრაინის მხარეს რატომ არ იბრძვიო? მშობლებზეც მკითხეს, სად არიანო? სპეცოპერაციაზე, ვცდილობდი, ფრთხილად მეპასუხა. ჩემი რეალური პოზიციის გამჟღავნებას, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებდი. რომ მეთქვა,  უკეთეს შემთხვევაში უკან გამაბრუნებდნენ. ამიტომ ვბოდიალობდი, ნეიტრალურად ვარ განწყობილი, ყველაზე მეტად ის მადარდებს, რომ სამსახური დავკარგე-მეთქი. ბოლოს გამომიშვეს.     

საქართველოში პირველი ოთხი დღე სასტუმროში ვიყავით. მერე ნაცნობებისგან გავიგეთ, რომ ბევრი ორგანიზაცია და ადამიანი ეხმარებოდა  უკრაინელებს და აძლევდა უფასოდ დარჩენის საშუალებას.

უკვე თბილისში ვიყავი, სოციალურ ქსელში რომ დავწერე, სამსახურს ვეძებ-მეთქი. ძალიან აგრესიული პასუხები მივიღე, აქ რას ჩამოხვედი, უკრაინაში რატომ არ იბრძვიო?! კომენტარებში ყველაფერს ხომ ვერ ავხსნიდი? რომ ომის პირველ კვირას ხერსონის რეგიონი ორად გაიყო — ჩრდილოეთ ნაწილში ისევ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ყველა უკრაინელს, რომლებიც იმ მხარეს დარჩნენ, შეუძლიათ, ჯარსაც დაეხმარონ მოხალისეებადაც წავიდნენ. ხერსონის სამხრეთი კი ყირიმს ესაზღვრება და ოკუპირებულად გამოცხადდა, ე.წ. ნეიტრალურ ზონად, რომელიც რუსეთს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ამას არ ვეთანხმებით, მაგრამ ოკუპირებულ ნაწილში, რომც გინდოდეს, ვერ იბრძოლებ. იქ არ მოქმედებს უკრაინული დოკუმენტები, არ არიან ჩვენი ჯარები, არ მუშაობენ უკრაინის სახელმწიფო ორგანოები. ქალაქში ყველა კაციც რომ შევკრებილიყავით, იარაღასხმულ ჯარისკაცებთან ვერაფერს გავხდებოდით. არანაირი სამხედრო გამოცდილება არ გვქონდა, ერთი ავტომატით ყველას დაგვცხრილავდნენ. სხვა გზითაც ხომ შეგვიძლია უკრაინის დახმარება? მაგალითად, დავიწყოთ მუშაობა და უკრაინის ჯარს ფული გადავურიცხოთ.

ახლა, პირველ რიგში, სამსახურს ვეძებ, ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შევძლოთ. იესენიას უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა, ამიტომ, ჯერ ელექტრონულ ატესტატს ველოდებით უკრაინიდან. თუ ომი მალე დამთავრდება, დავბრუნდებით და ჩვენს ქვეყანაში ჩააბარებს, თუ არა და საქართველოში დავრჩებით. იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ დაბრუნებას. ორივემ იქ დავტოვეთ მშობლები. აქ შეგვიძლია, დავისვენოთ, გადავხარშოთ, რაც გავიარეთ. ძალიან მადლიერები ვართ. 

ადრე ხერსონის ქალაქები პატარა და უპერსპექტივო პროვინციად გვეჩვენებოდა, მაგრამ ახლა ძალიან გვინდა უკან დაბრუნება. ომამდე იესენია უნივერსიტეტში ჩაბარებასა და სხვა ქალაქში გადასვლას გეგმავდა, მე კი ქორწილებისა და ბანკეტების თარიღებს ვალაგებდი. მქონდა სამსახური, რომელიც ძალიან მიყვარს, ერთ დილას კი ყველაფერი დამთავრდა. ახლა ისიც არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებთ უახლოესი ერთი თვე. ომის დაწყების მერე ეს ვისწავლეთ - ერთი დღით ცხოვრება.



ავტორი: ანანო დიდებაშვილი
ქავერ ილუსტრაცია: მილენა მირზოიანი

ლოგოები
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა