ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #LGBTQ

დანაშაულის გრძნობის განმარტებითი ლექსიკონი

დადგა 17 მაისი.

შენ ქვიარაქტივისტი ხარ, ფრონტის სხვადასხვა ხაზზე იბრძვი, ან, უბრალოდ, პროტესტს გამოთქვამ ადამიანების ჩაგვრის გამო. შენ გვერდით კიდევ ბევრნი არიან, რომლებსაც მაინცდამაინც არ აბედნიერებთ საყურიანი და ფერადტანსაცმლიანი ადამიანების ცემა-ჩეხვა. ჩვენ ბევრნი ვართ, ყოველ შემთხვევაში, იმდენი, რომ აზრთა სხვადასხვაობას სივრცე და გასაქანი აქვს. შენ იბრძვი – ისე, როგორც მიგაჩნია, რომ უნდა იბრძოლო. ცხოვრობ – ისე, როგორც ფიქრობ, რომ უნდა იცხოვრო. გარშემო ადამიანებს სცემენ. შენც გცემენ.

ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენ შორის აუცილებლად არიან ისინი, ვინც შენი ბრძოლის მეთოდებს აკრიტიკებენ ყველაზე ეფექტური ფორმით: დანაშაულის გრძნობას გიჩენენ. შენ გეუბნებიან: „მე შენკენ ვარ, მაგრამ შენი ბრძოლის მეთოდებით ჩვენ ყველა ვზიანდებით. საერთო საქმეს აზარალებ“. დანაშაულის გრძნობის გასაღვივებლად მარცვალი ჩაგდებულია. დემორალიზებული ხარ. სიტყვები ხელიდან გეცლება.

ქვემოთ ჩამოთვლილი ფრაზებიდან რომელიმე თუ გაფიქრებს, გაშფოთებს, გაღელვებს და თავს დამნაშავედ გაგრძნობინებს, გამოფხიზლდი: ნურავის მისცემ უფლებას, თანაგრძნობისა და მხარდაჭერის ენით შეფუთული მჩაგვრელი შინაარსი მოგახვიოს თავს.

როცა შენ გეუბნებიან:

„საარჩევნო წელია, პოლიტიკოსები სპეკულაციის საგნად გაქცევენ, საჯარო აქციის გამართვა მიზანშეწონილი არაა“,

ნიშნავს: შენ გაქვს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, თუმცა, შენ ვალდებული ხარ, შეიზღუდო ეს უფლება, რადგან ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლობა ჰომოფობებითაა სავსე, მათი ოპოზიციაც ასევე ჰომოფობებითაა სავსე, ამომრჩეველთა სრული უმრავლესობა ასევე ჰომოფობია და შენ, მხოლოდ იმიტომ, რომ გარშემო ყველას სძულხარ, ვალდებული ხარ, გაჩუმდე, რადგან მერე, საზოგადოება, რომელიც ვალდებული ვართ, წინ აღვუდგეთ შენით, როგორც ადამიანით, სპეკულირებას, ასევე ვაპირებთ, გავჩუმდეთ და ნუ გვიფუჭებ საქმეს, ნუ შეგვიქმნი დისკომფორტს შენი აკვიატებული სურვილებით (რომელთა შესახებაც, სინამდვილეში, კონსტიტუციაში წერია).

„ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ჯერ განათლებაზე უნდა ვიზრუნოთ და მერე ვაფრიალოთ დროშები“,

ნიშნავს: შენ ვალდებული ხარ, ადამიანის უფლებების იერარქია აღიარო და იქ შენი თავი იპოვო. შენ, ვინც ჯერ ზუსტად არ ხარ გარკვეული გენდერისა და სექსუალობის საკითხებში, ვალდებული ხარ, ჯერ საკუთარი თავი შეიცნო, მერე გარშემომყოფებს იგივე ინფორმაცია საზოგადოებისთვის ასე თუ ისე მიღებული გზებით მიაწოდო და მხოლოდ ამის შემდეგ გექნება უფლება, ააფრიალო დროშა; ამავდროულად, შენ იმ ერთადერთი ჯგუფის წარმომადგენელი ხარ, ვისაც მსგავს მოთხოვნებს ვუყენებთ, თორემ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით ყოველგვარი წინაპირობების გარეშე სარგებლობს სხვა ნებისმიერი ჯგუფი სხვა ნებისმიერი მიზნისათვის, გარდა ერთისა – გააპროტესტოს ჰომოფობია და ტრანსფობია.

„ორი მოხატული ბიჭი რომ ზასაობას იწყებს, ხომ იციან, რაც მოჰყვება ამას, ეს ხომ ცალსახა პროვოკაციაა?“

ნიშნავს: „აღიარე და მიიღე შენ მიმართ სიძულვილი, აღიარე და მიიღე შენი ჩაგვრა და იცხოვრე ისე, როგორც მიგითითებენ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახავ, რასაც გამოკრავ ხელს და პრეტენზია ნუღარ გექნება“, – მაშინ, როდესაც იმავე საქციელისთვის ჰეტერონორმატიული წყვილი დალოცვასაც კი მიიღებს რიგითი გამვლელი ხანში შესული ქალის ან კაცისგან: „ანგელოზებივით არიან“. შენ კი, იმის ნაცვლად, რომ მეორე დღეს პროტესტისა და მხარდაჭერის ნიშნად ქუჩაში რამდენიმეათეულობით ადამიანი დაინახო, ხედავ მხოლოდ საკუთარ დანაშაულს.

„გააზრებული გაქვთ, რა შეიძლება, მოჰყვეს თქვენს საჯაროდ გამოჩენას? ხომ ყველამ ვნახეთ არაერთხელ, რამდენი ადამიანი დაზარალდა 17 მაისის შემდეგ ქალაქში თავდასხმებისგან“,

ნიშნავს: „შენ უნდა აკონტროლო შენი ყოველი ნაბიჯი, შენი ყოველი ქმედება, შენ არ ხარ თავისუფალი გამოხატვის ფორმების არჩევანში; მზად იყავი, რომ ყოველ ჯერზე, როცა საყურიანი ბიჭი ან ფერადთმიანი გოგო ქუჩაში იცემება, ეს შენი ბრალი იქნება, ესაა შენი სასჯელი იმისათვის, რომ არ გაჩუმდი, არ დამორჩილდი ჩაგვრას და მის გასაპროტესტებლად ისეთი ფორმები არ შეარჩიე, რომელზე საუბრის დროსაც ჩვენ, რაფინირებულ და დავარცხნილ, ცხადია – არაჰომოფობ, საზოგადოებას დისკომფორტი არ შეგვექმნებოდა. შენ ჩვენ არ გვკითხე ჭკუა, როცა დროშით ქუჩაში გარბოდი, შენ ჩვენ არ შეგვითანხმე, როცა ღობეზე სტენსილს აკრავდი, ახლა კი აიტანე ტვირთი, რომელსაც ჩვენ ემპათიის სოუსით ზურგზე აგკიდებთ, ჭკუა ისწავლე, მეორედ აღარ ქნა“.

შენ ქვიარაქტივისტი ხარ, შენ იცი, რასაც აკეთებ, შენ იცი, რაც გჭირდება და ნურავის მისცემ უფლებას, გიკარნახოს, რა არის შენთვის უკეთესი; ნურავის გააღვივებინებ დანაშაულის გრძნობას იმისათვის, რომ არსებობ იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას თავად თვლი საჭიროდ.