გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დანაწევრებული ქალაქი

„ჩემო თბილის ქალაქო“ თუ „ჩვენო თბილის ქალაქო“?

დიდხანს როცა უყურებ რაღაცას, ისე ეჩვევი, რომ სხვაგვარად წარმოდგენის უნარს კარგავ. მით უმეტეს მაშინ, როცა ეს შენი სახლი ან შენი ქალაქია. უცხო, ტურისტული მზერით, იქნებ საინტერნეტო ექსპონატად, რომანტიკულ ეგზოტიკადაც მოგეჩვენოს მიშენებული საძინებლები და საცხოვრებელ ფართად შეერთებული სადარბაზოები, ბინებად ქცეული სკოლები, საავადმყოფოები, სასტუმროები ან სასტუმროებად, კაზინოებად, კაფე-რესტორნებად გადაკეთებული საჯარო სივრცეები.

რატომ ცხოვრობენ ადამიანები საავადმყოფოებსა და საჯარო სკოლებში?
ვისთვის ვაშენებთ სკვერში სასტუმროებს და ტროტუარებზე კაფეებს?
ვის არ ემსახურება მეტრო?
სად თამაშობენ ბავშვები?
ვისთვის შენდება ეკოლოგიურად სუფთა უბნები? როგორი ბავშვები იზრდებიან მწვანე საფარიან ეზოებში?
ვინ ვერ მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით? შენ გაქვს ეზო?
შენს ეზოს ჭიშკარი აქვს? ხშირად ხვდები უცხო სახეებს შენს ქუჩაზე? შენი ტრანსპორტი გვიან იქნება?
რა ჩანს შენი ფანჯრიდან? რამდენი ხე გაქვს ეზოში? ჩანს ღრუბლები? ხვალ სად შევხვდეთ?

ქალაქი

ვარკე

ეს უბანი ვირტუალურ თბილისში, ამ საუკუნის 10-იან წლებში არსებობდა. სოციალურ ქსელში თინეიჯერები შეკითხვაზე – „რა უბნელი ხარ?“ – წერდნენ, რომ ვარკეში ცხოვრობდნენ. მერე უწევდათ ახსნა, რომ ეს არც ვაკე იყო და არც – ვერა. ეს იყო თბილისის აღმოსავლეთით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გაშლილი უბანი –  ვარკეთილი, რომელიც ქალაქს 1980-იან წლებში, საბჭოთა განაშენიანების დროს დაემატა.

გიორგი ვარკეთილში გაიზარდა. ის ამბობს, რომ „10 წლის წინ ცხოვრება შეიცვალა“, –  ბევრი მეგობარი გაიცნო ინტერნეტით. მისი ახალი მეგობრები თბილისის სხვადასხვა უბანში ცხოვრობდნენ. გიორგი მათთან დადიოდა სტუმრად, ან ქალაქში სეირნობდნენ.

ეს იყო გასვლა ვარკეთილიდან – გარეუბნიდან, მიკროკომუნიდან; გასვლა ქალაქში, უცხო გარემოში, უცხო ადამიანებთან.

გიორგი 17 წლამდე, ვარკეთილიდან თითქმის არასდროს გადიოდა. მისი ნაცნობები და მეგობრები მხოლოდ მეზობელ კორპუსებში ცხოვრობდნენ. გიორგის თბილისიც „ბესედკას“, მაღაზიასა და კორპუსს შორის მოქცეული სივრცე იყო. ინტერნეტში და გაცნობის საიტებზე რცხვენოდა, დაეწერა, რომ ვარკეთილელია. ამის გამო ხშირად შეწყვეტილა კიდეც საუბარი. „თინეიჯერი როცა ვიყავი, მიტყდებოდა გოგოსი, აპრიორი გოიმი ვიყავი მისთვის, რადგან თვითონ საბურთალოზე ცხოვრობდა.

ბევრი დღესაც ასე ფიქრობს – ვაკელი ისევ ვაკელს ეძებს. საბოლოოდ, ვარკეთილელსაც არ უნდა ვარკეთილელი, იმასაც გამოსული ტიპი ურჩევნია“.

თბილისის ფორუმზე  ამავე დროს ჩნდება თემა „ორი სახლი მაქვს, ერთი ვერაზე, მეორე – გლდანში“. ეს ფრაზაც ამ ვირტუალური თბილისის გაგრძელებაა, სადაც სახლი გარეუბანში – ამჟამინდელი მდგომარეობაა, ხოლო სახლი ცენტრალურ უბანში, შეიძლება გავიგოთ, როგორც მაღალი სოციალური კლასისადმი მისწრაფება.

ამ ფორმულირების მიღმა იფუთება თბილისის მცხოვრებთა აღქმები და რწმენა-წარმოდგენები, რომელთა მიხედვითაც, საცხოვრებელი უბანი განსაზღვრავს, თუ როგორ ხედავ საკუთარ თავს და როგორ გხედავენ სხვები.

ამ ფრაზაში, გლდანი  ინფორმაციაა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობის შესახებ. თვითონ ცნება „საცხოვრებელს“ კი, გეოგრაფიულის გარდა, დროის განზომილებაც ემატება: გლდანში ცხოვრება დღევანდელობაა, ვერა – ნათელ მომავალზე ოცნება.

ქალაქი

 

ქალაქის ცენტრალური უბნები შიდა იერარქიას ეფუძნება. ეს იერარქია თაობების იქ ნაცხოვრები დროით იზომება. რაც უფრო დიდია ცენტრალურ უბანში ოჯახის ცხოვრების დრო, მით ფართოა მათი სანაცნობო წრე, მით უფრო მყარი და პატივისცემაზე დაფუძნებულია ურთიერთობები. ურთიერთობის ასეთი ქსელი სოციალური კაპიტალია, რომელიც მოგებიან სასტარტო პირობებს უქმნის ახალ თაობებს, ვინც იქ იბადება.

„გარეუბანში ხარ მხოლოდ ქალაქში ჩამოსულების I ან II თაობა, ამიტომ კარენოი თბილისელი, ექიმი ვერ იქნება ვარკეთილში შენი მეზობელი“, – ამბობს 28 წლის ნიკა და იხსენებს საკუთარ მეზობლებს – ტაქსისტებს, ჯარისკაცებს, კერძო მევახშეებს.

„აქ ცხოვრება სულ „გადარჩენისთვის ბრძოლა იყო“.

და ეს მოცემულობა სამუდამოდ „მეორე მიკროში გტოვებდა. ტრანსპორტი 9 საათის მერე აღარ იყო, უბანს ვერ გასცდებოდი“, – ამბობს გიორგი.

თაობა, რომელსაც ცნება „ვარკეს“ გამოგონება დასჭირდა იმისთვის, რომ ფეხი აეწყო საკუთარი ქალაქის ურბანული ტენდენციებისთვის, გაიზარდა.თვითონ ქალაქმა კი, თაობების ცვლის, დროის დინების მიუხედავად, თანასწორი განვითარება ვერ შეძლო. დღემდე მოუწესრიგებელი საბინაო საკითხების გარდა, თბილისი დაბრკოლებების გრძელი ჯაჭვია მგზავრობის დროსაც. სახლიდან უნივერსიტეტამდე თუ სამსახურიდან ნებისმიერ სხვა პუნქტამდე მგზავრობა ექსტრემალურ რბოლას ჰგავს.

ქალაქი


მიზეზი მრავალგვარია. ერთ-ერთი მთავარია ის, რომ ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ფუნქციები ქალაქის სულ რამდენიმე უბანშია თავმოყრილი და ხშირი მიმოსვლის საჭიროებაც ამ რამდენიმე უბნის მიმართულებით დგას. ეს ზრდის ერთი მიმართულებით მოსიარულე მგზავრთა ნაკადს. ტრანსპორტი ვერ პასუხობს ქალაქის მოსახლეობის ზრდას, მათ საჭიროებებს, რაც კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აისახება გარეუბნების მცხოვრებლებზე – მათ მეტი დროის გატარება უწევთ გზაში, შესაბამისად, ნაკლები დრო რჩებათ: დასვენებისთვის, განვითარებისთვის, გართობისთვის, სწავლისთვის.

საბჭოთა სისტემის მორღვევის შემდეგ, თბილისი სწრაფად გაფართოვდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის იმ მასშტაბის ქალაქი, სადაც რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა და ამის გამო, ხანგრძლივი მგზავრობა გჭირდება. უბნიდან უბანში გადასვლის პრობლემა ჩვენთან მოუწესრიგებელი, გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და უბნების ფუნქციების არაგონივრული გადანაწილების გამო ხელოვნურად იქმნება.

კორპუსები


ისეთი საძილე რაიონების მშენებლობა, როგორიც გლდანი ანდა ვარკეთილია, საბჭოთა პოლიტიკის შედეგია; თუმცა, პოსტსაბჭოთა საქართველოში ახალი ურბანული სივრცეების გაჩენისა და მოდერნიზებული საცხოვრებელი უბნების მომრავლების მიუხედავად, კვლავაც დაუძლეველ ინერციად რჩება.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, თბილისში მიმდინარე გამალებულმა მშენებლობებმა თანამედროვე აღმშენებლობის მხოლოდ ილუზია შექმნა.

უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, გიორგიმ მანქანა იყიდა. ასე გადაჭრა უბანში გამოკეტვის, ურბანულ-კულტურული იზოლაციის პრობლემა. ლექციების შემდეგ მეგობრებთან თუ გვიანობამდე შემორჩებოდა, ღამე სახლში დაბრუნება აღარ უჭირდა.

„რაც მანქანა ვიყიდე, ყველაფერი გამარტივდა. გავიცანი ახალი ადამიანები და მერე უკვე,  უბნელებთან გამიჩნდა გაუცხოება“.

თან ქალაქიც თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა. „იპოდრომიც და ყველა სხვა ადგილი, სადაც ვერთობოდით, ძალიან შეიცვალა. ამიტომ სულ ახალ მისამართებს ვეძებდით დროის სატარებლად, ძველი სივრცეებიც ახალ მნიშვნელობას იძენდა და ჩვენც ვიცვლებოდით“.

აშენებს, ხომ არ ანგრევს?!

რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი, საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების მთავარი სცენაა.

ისტორიულ მეხსიერებაში ეს საკრალური ადგილი ცვლილებების, გამარჯვებების, ტრაგედიებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების სურათებს ინახავს.

1991 წელსაც, თბილისის ომის შემდეგ, ცეცხლმოკიდებული შენობებიდან კვამლი რომ გაიფანტა, პირველი, რაც რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა, დანგრეული, ნატყვიარი ქუჩები იყო. ნგრევით გამოწვეულ უხერხულობას თვითმიზნად შენება მოჰყვა – თითქოს, დამწვარი შენობების აღდგენა-აშენება წაშლიდა ომის კვალს, შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს და ცხოვრებას ახალ, ცივილიზებულ კალაპოტს მისცემდა.  

„აშენებს, ხომ არ ანგრევს?!“ – ამ ფრაზამაც პოლიტიკური, ეკონომიკური, ისტორიული და კულტურული განზომილება შეიძინა. შენების მოზღვავებული ვნება დანგრეულ ქალაქს ომის ქაოსური, ბობოქარი ძალით დაატყდა.

შენების პროცესი მთლიანად დეველოპერების ხელში მოხვდა. ქალაქის შენება ბიზნესიდან მისაღებ მოგებას და ამ პროცესზე მორგებულ პოლიტიკას დაუკავშირდა. კომპანია „არსის“ დირექტორი, თორნიკე აბულაძე ამბობს, რომ „დეველოპმენტი“ საქართველოში „1996-97 წლიდან იწყება. ამ დროიდან დეველოპერები მშენებლები არ ვართ, ჩვენ დამკვეთები ვართ“.

ფრაზა „აშენებს, ხომ არ ანგრევს?!“  ქალაქის გათანამედროვების ბუნდოვან და არასწორ აღქმაზეც მიგვანიშნებს, როცა ძველი შენობების ახლით ჩანაცვლება აუცილებლად კეთილდღეობას, თანამედროვე სტანდარტს, ცხოვრების უკეთ მოწყობას ნიშნავს. თუმცა ცხოვრების უკეთ მოწყობა ვისთვის?  
ამ ახალმა ქალაქმა, რადაც თბილისი ბოლო ოცი წლის განმავლობაში იქცა, როგორი ადამიანები ჩამოიტოვა უკან? ვინ გარიყა „თანამედროვე სტანდარტების“ მიღმა? როგორი ხასიათი შესძინა ძველ და ახალ უბნებსა და ურთიერთობებს, რაც სხვადასხვა უბანში მცხოვრებლებს შორის ჩამოყალიბდა?


თბილისის უბნების პირობითი ზონები

თბილისი რაიონებად 1930-იანი წლებიდან იყოფა. სულ 10 რაიონია: გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორის, ჩუღურეთის. ოფიციალური დაყოფის გარდა, არსებობს უფრო ვიწროუბნური დაყოფაც, რომელსაც ცხოვრების წესი, უბნის ფუნქცია და მისი ისტორია განსაზღვრავს.

ამერიკაში 1920-იან წლებში ჩამოყალიბდა ქალაქის ზრდის თეორია, რომელიც გულისხმობს, რომ ქალაქები იზრდება მოსახლეობის კონკურენციის საფუძველზე –

ძლიერი განდევნის სუსტს და სუსტი შორდება ქალაქის ცენტრალურ ეკონომიკურ ზონებს.

შემდეგ ახლად აღმოცენებულ პერიფერიებშიც იგივე ხდება – სუსტი კიდევ უფრო შორს გადადის და ასე იზრდება ქალაქი, წარმოიშობა „კონცენტრირებული ზონები“, რომლებიც, ერნესტ ბურჯესის თეორიის მიხედვით, 5 პირობით ზონად იყოფა:

1.  ცენტრალური/ბიზნესზონა ან ფინანსური ცენტრი;
2.  გარდამავალი ზონა (მდებარეობს ცენტრალური/ბიზნესზონის გარშემო);
3.  დასაქმებული/მუშათა კლასის საცხოვრებელი;
4.  მაღალი ხარისხის საცხოვრებელი სახლების ზონა;
5.  კომიუტერების ზონები (ადამიანები, რომლებიც შორი მანძილიდან დადიან სამუშაოდ, ძირითადად ქალაქის ცენტრალური ნაწილისკენ).

მართალია, მცირე ცვლილებებით, თუმცა თბილისიც შეიძლება მოერგოს ამ ხუთი ზონის თეორიას. აი, ისინიც, იმის გათვალისწინებით, რომ დაყოფა, ცხადია, პირობითია და ამგვარი მკვეთრი საზღვრები უბნებს შორის არ არსებობს.

პირველი, ცენტრალური და ბიზნესზონა იქნება მთაწმინდა, ვერა და ვაკე, სადაც თავმოყრილია ოფისები და ძვირადღირებული რესტორნები, ვინტაჟური კაფეები, სასტუმროები, მანქანებით ჩახერგილი ტროტუარები. მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები ასეთ უბნებში ახლად აგებულ მაღალსართულიან, თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში ბინებს ყიდულობენ და ამით ყიდულობენ მაღალი სოციალური სტატუსის მოწმობასაც. ამით კი ისინი ძალაუნებურად ცვლიან გარემოს, ფასებს და ურთიერთობების სტილს ძველ უბნებში, რომელთა ძველი, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ნაწილიც ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ძირითადად ახერხებს ერთს – ისევ საკუთარი სახლი გააქირაოს კომპანიებსა და არასამთავრობოებზე, ან გაყიდოს და სხვაგან გადასახლდეს.  

ქალაქი

მეორე, გარდამავალ ზონაში – საბურთალო, ჩუღურეთი – უფრო მეტად, შერეული ფუნქციების სივრცეებია. იქ ოფისები, ბანკები, საჯარო სამსახურების ბიუროები სპორტდარბაზები, რესტორნები, ბაზრობები და სუპერმარკეტებია, იქვეა კერძო უნივერსიტეტები და კერძო სკოლებიც.

შერეულ ზონაში, ცენტრალური ზონისგან განსხვავებით, მეტი საცხოვრებელი ბინაცაა, შიდა ეზოები ავტომანქანებითაა სავსე, მეზობლებს ერთმანეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა, ძველი სანაცნობო წრე, ოჯახები აკავშირებთ.

მესამე საცხოვრებელი ზონა – დიდუბე, კრწანისი და ნაძალადევი – უმეტესად საცხოვრებელი ბინებით დაკომპლექტებული სივრცეებია, სადაც არსებობს შიდა ეკონომიკური წერტილები: ისევ ბაზრობები და უბნის მაღაზიები, ავტოსამრეცხაოები; ისევ „საოჯახო სამზარეულოები“, მეორეული ტანსაცმლის მაღაზია-საწყობები, მცირე და მოუწყობელი სკვერები. მთავარი, რაც ამ ზონას სხვა რაიონებისგან განასხვავებს, ცენტრთან სიახლოვე და ცვალებადი ფუნქციაა – თუ დღისით იქ მცირე ბიზნესი დუღს, ყველა საქმეზე მოდის, ყიდის, ყიდულობს ან ამზადებს, ღამით იქაურობა შედარებით მყუდრო საცხოვრებელ ზონად იქცევა, თუმცა ადგილობრივებს დილამდე უწევთ დღისით დაგროვილი ხმაურისა და მტვრის მონელება, რაც არასაკმარისად მწვანე სივრცეებისა და მოუწყობელი პარკებისა და ტროტუარების გამო რთულია.

თბილისის შემთხვევაში მეოთხე ზონა ე.წ. საძილე რაიონებია – გლდანი, ისანი, სამგორი –  რომელთაც ლომბარდების, იაფი სასტუმროების, ხილ-ბოსტნის ქუჩებში გამოდგმული დახლების, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების, აფთიაქების, იაფი კაზინოების, საჯარო სკოლების, ტოტალიზატორების, ვულკანიზაციების, ფეხსაცმლის შემკეთებელი ჯიხურების სიმრავლე ახასიათებს. ეს ინფრასტრუქტურა კრავს რაიონების მცხოვრებლების ძირითად ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებას. ეს ადამიანები ყველაზე ხშირად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ცენტრთან თუ მათგან დაშორებულ რაიონებში წასასვლელად. მეტროდან დაშორებულ საძილე უბნებში ღამის 10 საათის შემდეგ „გაზიარებადი ტაქსი“ დადის, მას „ლარიან ტაქსისაც“ ეძახიან. ასეთ უბნებს იშვიათად სტუმრობენ უცხო ადამიანები. „შორია“, „რა ვაკეთოთ მანდ?“ – ამბობენ მეგობრები.

თუ ჯერ ძილის დრო არაა, მართლაც, რა უნდა ვაკეთოთ საძილე რაიონებში?

„ჩვენ არ ვყიდით კვადრატულ მეტრს, ჩვენ ვყიდით ცხოვრების სტილს. ჩვენი მოსახლეების უმრავლესობა არიან ექიმები, ასევე ცხოვრობენ ბანკირები, სხვადასხვა კომპანიის მენეჯერები, დამოუკიდებელი ბიზნესმენები“, – ამბობს ერთ-ერთი დეველოპერული კომპანიის გენერალური დირექტორი რეკლამაში, რომლის აღწერაც ჩვენი ქალაქის მეხუთე ზონას შეესაბამება.

კორპუსები


ეს ახალი ტიპის მცირე საცხოვრებელი უბნებია, რომლებიც ბოლო წლებია, დაუსრულებელი მშენებლობების, გაუარესებული ეკოლოგიური, სატრანსპორტო და, ზოგადად, საცხოვრებელი გარემოს შედეგად ჩნდება და მათ, პარადოქსულად, „ეკოლოგიურად სუფთა“, „მწვანე ზონები“ ჰქვია.

ამ კომფორტული, ინოვაციური ტექნოლოგიებით ნაშენები სახლების გასაპიარებლად დაგეგმილ კამპანიებშიც კი ცხადად იკითხება თბილისის მთავარი დიაგნოზი: სუფთა ჰაერი და ჯანსაღი გარემო პრივილეგია – კეთილმოწყობილი სახლებიდან საქმეზე წასვლა მწვანე ვაშლით ხელში, რძის ჭიქით აივანზე გადადგომა, ტერასაზე დასვენება, ჭიქა ღვინით სავარძელში წიგნის კითხვა, მცენარეებით, ხედებით, ცხოვრებით ტკბობა – ამ ყველაფერზე ხელი მხოლოდ ეკონომიკურად წელში გამართულ ოჯახებს მიუწვდებათ, მაშინ როცა დაბალი შემოსავლის მქონეთათვის ერთადერთი ფუნქცია, რაც საცხოვრებელს, უბანს ან ქალაქს გააჩნია, მუშაობა და შემდეგ თავიანთ საძილე რაიონში ძილია.

თუ დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების რეკლამა რომელიმე ზემოთ აღწერილ პრესტიჟულ სახლს კი არა, გარეუბნებს ეხება, გვთავაზობენ ბინებს 36 კვადრატული მეტრიდან ზემოთ, სადაც შესაძლებელია „ფართის ვარირება“ – ანუ მიშენება და მოშენება. რეკლამა აქ ყველაზე კარგად იყენებს თავის შესაძლებლობას და სემიოტიკურ კომპენსაციას უძებნის გარეუბანში ცხოვრებას, რაც, ალბათ, „გარეუბნელობის კომპლექსის“ ან ურბანული სეგრეგაციის ანაზღაურების ყალბი მცდელობაა.

ქალაქი


დღეს ქალაქის საცხოვრებლის მიხედვით სეგრეგაციის ასახვისთვის ახალი, თანამედროვე სახელდებები გვაქვს: ახალ დასახლებებს „პალასებს“, „ფრანგულ უბნებს“, „ევროპულ უბნებს“, „დრიმ თაუერებს“ ვუწოდებთ, ძველებურად კი მათ „ჩეხური“, „მოსკოვის“ და „ყავლაშვილის“ პროექტები ერქვათ. ახალი დასახელებები თავისთავად მიანიშნებენ ქალაქის თუ ადამიანების ცხოვრების წესის ცვლილებაზე, თუმცა სახელდებებს მიღმა, ცოტა რამ იცვლება.

თბილისში ადამიანები კვლავაც ქალაქის ეკონომიკური ცენტრისკენ (ცენტრალური უბნებისკენ) მოძრაობენ. ეკონომიკური ცენტრის მთავარი მამოძრავებელი ძალა კი, დღეს, განათლებული, ახალი პროფესიული უნარების მქონე, მაღალშემოსავლიანი ადამიანები არიან.

მთავარი ცვლილება, რაც 2000-იანების ქაოტური ურბანიზაციის პარალელურად მოხდა, სწორედ ამ ახალი ფენის შექმნაა.

ამერიკელი ურბანისტი, რიჩარდ ფლორიდა,  ადამიანებს, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების, ხელოვნების თანამედროვე ენების და სრულიად ახალი ტიპის პროფესიების მცოდნენი არიან და მზარდ ეკონომიკურ ძალას ქმნიან ქვეყანაში, „კრეატიულ კლასს“ უწოდებს. ისინი წარმოშობით ქალაქის ნებისმიერი რაიონიდან შეიძლება იყვნენ, მაგრამ თავს მაინც ისევ ქალაქის ეკონომიკურ ცენტრებში, ცენტრალურ უბნებში იყრიან – იქვე ფართოვდებიან, ისევ ცენტრს ავითარებენ, მის ფუნქციებს ცვლიან, საძილე რაიონების მონოლითურად უცვლელ შინაარსზე კი გავლენა არ აქვთ, სიტუაციას იქ ვერ ცვლიან. მეტიც, ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ სახლამდე და სხვა სივრცეებამდე მისასვლელად საათობით რომ არ მოუხდეთ მგზავრობა, ამჯობინებენ, იქვე, ცენტრში დარჩნენ, სადაც მუშაობენ და ერთობიან.

ქალაქი

„სახლის ყიდვას თუ დავაპირებ, ცენტრში უნდა იყოს, სამსახურთან ახლოს ან ნორმალურ უბანში და კომფორტულად, თანამედროვედ უნდა მოვაწყო“, – ამბობს ჩემი ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელიც პროფესიით ვებდიზაინერია.

კრეატიულ კლასს მუდმივად და სულ სჭირდება ვინტაჟური მოდერნულობა – ეს მათი შთამაგონებელი საკვები, საარსებოდ აუცილებელი გარემოა; მათ სჭირდებათ ნაკლები ბარიერები ქალაქში სიარულისთვის, ურბანული გარემო, სადაც კაფეები, მედიათეკები, კლუბები, სამსახურები, ოფისები, ბანკები, გამოფენები, პარკები – ყველაფერი ერთ სიბრტყეზეა. ისინი, როგორც თევზი წყალში, ისე კომფორტულად გრძნობენ თავს მულტიფუნქციურ სივრცეში, სადაც წვეულება, კონფერენცია, წიგნის პრეზენტაცია, მეგობრული სადილი ლუდის სმით თუ სხვების საოფისე საქმიანობა შეიძლება პარალელურად მიმდინარეობდეს. ამ დროს, ავტობუსის მრავალი გაჩერების იქით,  „ბესედკებში“, „კუხნებსა“ და „ზალაში“ შეკრებილი ადამიანები ქალაქის კულტურულ ცხოვრებას თავიანთი ციფრული ეკრანებიდან აკვირდებიან.

 

ქალაქი

 

ქალაქი, სადაც ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება მხოლოდ რამდენიმე უბანში იყრის თავს, კიდევ უფრო ხანგრძლივი თვლემისთვის იმეტებს საძილე რაიონების მოსახლეობას.

ქალაქი, სადაც ნოვატორული, თანამედროვე სივრცეები მხოლოდ მაღალი შემოსავლის კლასისთვის იქმნება;

ქალაქი, სადაც ტრანსპორტის, საცხოვრებლების, საჯარო სივრცეების ხელოვნურად შექმნილი პრობლემები არა და არ გვარდება, ვერასდროს იქცევა ქალაქად ყველასთვის.

პირიქით, რაც დრო გავა, მით მეტად შემცირდება გადაკვეთისა და შეხვედრების წერტილები და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში აღმოჩენილ ადამიანებს საერთო არა მხოლოდ ცხოვრების წესი, განათლება და მისწრაფებები, არამედ ქალაქიც აღარ ექნებათ.

მომავალი

ურბანული სეგრეგაცია მიმდინარე პროცესია. სიღარიბის  გარეუბნებში კონცენტრაცია და გეტოს ტიპის დასახლებების გაფართოება ისეთ თბილისში, როგორიც დღეს გვაქვს, შეუქცევადი ტენდენციაა. ეს მომავლის სურათის ფრაგმენტია, სადაც ჯანსაღი გარემო, პიროვნული და პროფესიული განვითარება, კულტურაში მონაწილეობა თუ დასვენება და ახალი ადგილების აღმოჩენა ხელმისაწვდომი მხოლოდ შერჩევითაა. ვინც ამ ცხოვრებით ცხოვრობს, მათი გადასახედიდან ქალაქი, ცხადია, ვითარდება და ქალაქი მართლაც ვითარდება, უბრალოდ, პროცესს მიღმა დარჩენილები პასიურ მაყურებლებად რჩებიან.

ასეთი გარემო ადამიანებს კონფლიქტისთვის განაწყობს.

გაუცხოებული სხეულები და განსხვავებული აზრები მრავალხნიანი იზოლაციიდან უკიდურეს მომენტებში გამოდიან.

მათი შეხვედრა რიტუალს ჰგავს, როცა დაგროვილი ენერგია თავის გზას პოულობს. კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად სივრცე ისევ იყოფა. თუ ეს ასე არაა, მაშინ დავფიქრდეთ, სად ვხვდებით „უცხოებს“, საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ უბანში, ან სად შეიძლება მათ მომავალში შევხვდეთ?  


 

პროექტი „ქალაქი ახლოდან“ ხორციელდება თბილისის არქიტექტურის ბიენალეს, ინდიგოსა და არტარეას კოლაბორაციით. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI - ACCESS -ის პროექტის ფარგლებში.

მულტიმედია ისტორიის შინაარსზე პასუხისმგებელია ინდიგო. ის შეიძლება არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, USAID-ისა, ან EWMI-ს შეხედულებებს.



ფოტო: ლაშა (fox) ცერცვაძე
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა