ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დავიწყებული ნორმა

ელენე ნავერიანი რეჟისორია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მიაგნო თვითგამოხატვის ამ ეტაპზე მისთვის ყველაზე სრულყოფილ ფორმას – მხატვრულ კინოს და მას ფუნდამენტური ადამიანური თემების კვლევისა და გადმოცემისთვის იყენებს. სწავლობდა, ახლა კი, მუშაობს და ცხოვრობს ჟენევაში. გადაღებული აქვს ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „მამაო, დაგვლოცე“ (2014 წ.) და „ანასირმას სახარება“ (2014 წ.). სექტემბერში ასრულებს მუშაობას თავის მესამე ფილმზე, რომელიც სრულმეტრაჟიანია. ამ ფილმში როლებს არ ასრულებენ მსახიობები. პერსონაჟები თავად თამაშობენ საკუთარ თავს.

ინდიგო: ელენე, რა ჰქვია შენს მესამე ფილმს?

ელენე: „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე“.

ინდიგო: ასეთივე პოეტურია ფილმში აღწერილი გარემოც, თუ კონტრასტის მიღწევა გსურდა?

ელენე: პრინციპში, ამ სიტყვებს – „მე ვარ მზის წვეთი დედამიწაზე“ – თავის თავზე ერთი აფრიკელი კაცი ამბობს, რომელიც მისთვის ძალიან უცხო გარემოში, საფრანგეთში ჩაჰყავთ. ის ფრანს ფანონია, მის წიგნს „შავი კანი, თეთრი ნიღაბი“ ჰქვია და კოლონიალიზმის თანდაყოლილ თვისებებს – რასიზმს და ადამიანის დეჰუმანიზაციას იკვლევს. მოკლედ, ამ წიგნში, ეს აფრიკელი კაცი ამბობს: „დიახ, შავი ვარ; მთლიანად ვერწყმი სამყაროს, ვენათესავები დედამიწას, ვეზავები კოსმოსს და მის გულში ბოლომდე ვფანტავ საკუთარ პიროვნებას. თეთრ კაცს კი, რაც უნდა ჭკვიანი იყოს, არ შესწევს უნარი, გაიგოს სიმღერები, რომელთაც კონგოელი ლუი არმსტრონგი მღერის. დიახ, შავი ვარ, არა იმიტომ, რომ წყევლას ვატარებ, არამედ იმიტომ, რომ ჩემს კანში ბოლომდე აღწევს სხივები, რომელსაც კოსმოსი გამოსცემს. მე მართლა ვარ მზის წვეთი დედამიწაზე“. აი, ეს ფრაზა იყო, აქედან დავიწყე, რადგან დავინახე, როგორ ითავისებს ერთი ადამიანი კავშირს სამყაროსთან და როგორ მთლიანდება ამით. ახლა რა ეტაპზეცაა ფილმი, პირდაპირ კავშირში უკვე აღარ არის სათაურთან, ბევრი სხვა რამ შეიძლება ერქვას უკვე ამ ფილმს, მაგრამ ეს ფრაზაა სწორედ კავშირი იმ წერტილთან, საიდანაც ყველაფერი დავიწყე და ამიტომ ვტოვებ.

ინდიგო: რადგან რამდენიმე ტიპაჟს იკვლევ ამ ფილმში – გყავს ნიგერიელი ემიგრანტი, რომელიც ბაზარში მუშაობს მტვირთავად და ქალი, რომელიც ქუჩაში დგას. საინტერესოა, გაგიტაცა თუ არა მათგან რომელიმე ერთ უმცირესობაზე ფიქრმა ჯერ და მერე განავრცე დანარჩენებზეც?

ელენე: ეს თემა – განსხვავებულები და გარიყულები – ძალიან ზოგადია, სამი ფილმი მაქვს გადაღებული და სამივეში კავშირია ჩემს პერსონალურ გამოცდილებებთან. როგორც ვიწყებ მუშაობას, ინტერესი საიდანაც მოდის, ეგ პერსონალურია. ამ ბოლო ფილმზეც ფიქრი დავიწყე აფრიკელი ემიგრანტებით, ჩემი მეგობარი გოგოს გამო, რომელიც შავკანიანია. უფრო სწორად იმის გამო, რაც 4 წლის წინ პირველად შევამჩნიე საქართველოში მასთან ერთად ჩამოსულმა. მანამდე ასე ახლოს შავკანიანთან ერთად არ გამივლია. არ ვიცოდი, თბილისში ხალხი როგორ გიყურებს, თუ შენი მეგობარი ფერადკანიანია.

ინდიგო: როგორ?

ელენე: აბსოლუტურად არარაციონალური სიძულვილით. თუნდაც მათი წარმოდგენა, რომ შავკანიანებს სუნი აქვთ, მხოლოდ წარმოდგენაა, აბსოლუტურად არარაციონალური ცოდნაა, რომელსაც პირველივე ჯერზე, როცა ხვდებიან შავკანიანს, აცოცხლებენ და იყენებენ, ნასწავლ აგრესიას ავლენენ.

ინდიგო: იცავდი მას?

ელენე: სწავლა სჭირდება დაცვასაც. მაშინ ვფიქრობდი, რომ ამაზე რეაქცია პირდაპირ რომ მქონოდა, ჩემი მეგობრისთვისაც ყველაფერი ცხადი გახდებოდა. თუმცა, ერთ დღეს მაინც თვითონ მითხრა, არ ინერვიულო, შეჩვეული ვარო. მაშინ მივხვდი, რომ არა მხოლოდ ამ ქართულ კონტექსტში, არამედ იმ ქვეყანაშიც, სადაც თვითონ ცხოვრობს, ასეთი რამეები შეიძლება მოხდეს.

ინდიგო: თუმცა საინტერესოა, რა განსხვავებული გამოვლინებები აქვს რასიზმს საქართველოსა და დასავლურ კულტურაში?

ელენე: ყველა საზოგადოებას თავისი, ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს რასიზმთან, ის, რაც შტატებშია, ხშირ შემთხვევაში ვერ ასახავს ევროპულ ანდა ქართულ რასიზმს. ევროპაში, როგორც სხვა უმცირესობების ბრძოლებზე, რასიზმზეც ამბობენ ხოლმე, რომ უკვე გადალახულია; რომ უკვე თავისუფლები არიან რასიზმისგან; რომ ფერადკანიანებს ისევე იცავს კანონი, როგორც – თეთრკანიანებს. მაგრამ პრობლემას, რაც არც მათთვის არ მოხსნილა და ყველგანაა, „თეთრი, პატრიარქალური სუპრემატია“ ჰქვია. ესაა სისტემა, რომელიც აწარმოებს იმიჯებს, რეკლამებს და საერთოდ ყველაფერ მასობრივს თეთრ სტანდარტებზე აწყობით. თეთრი არის ლამაზი, სწორი ქერა თმა არის მიმზიდველი, ცისფერი თვალები არის სილამაზის სტანდარტი და ა.შ. შავკანიანი ბავშვები როცა ვერ ხედავენ საკუთარ ადგილს საზოგადოებაში; როცა გრძნობენ, რომ ის, რაც მათ აქვთ, არ არის მიღებული, მთელი არსებით ცდილობენ, გახდნენ ისეთები, როგორსაც დომინანტი კულტურა აღიარებს: იუფერულებენ კანს, ისწორებენ თმებს, ნასწავლი აქვთ, რომ რაც უფრო ღიაა, მით უკეთესია. გონების დეკოლონიზაცია არ მომხდარა ჯერ და ეს არის მნიშვნელოვანი. დეკლარაციების, კონვენციების მიუხედავად, უმრავლესობა მაინც არ აღიარებს იმას, რაც ხარ. და მერე გეზიზღება შენი თავი, რადგან გეი ხარ, ანუ – ნორმალური არ ხარ. თითქოს, ერთი ტიპი ატარებდეს ისტორიას, რაც მთელ რასას ან მთელ თემს აქვს.

ესაა გაუცნობიერებელი რასიზმი. შეფარულად, მხოლოდ ჟესტებში გამოჭერილი. ვთქვათ, ბავშვთან ერთად მიდიხარ ქუჩაში, ხედავ შავ ადამიანს, და ხელს უჭერ შვილს, პირდაპირ, სიტყვიერად არ ეუბნები, მაგრამ იმპულსად გადასცემ – ყურადღებით, აი, ეს არის საფრთხე. ამაზე არ ფიქრობ, მაგრამ გამჯდარია. მოკლედ, ერთმა სხეულმა შეიძლება ბევრი რამე გაგახსენოს და პირველი, რასაც ზოგჯერ გახსენებს, არის საფრთხე.

ასე რომ, აქ თუ მანდ, პრობლემა უცვლელად რჩება და ესაა თეთრი პატრიარქატი. ზუსტად ამ სისტემის მიმართ კითხვების გაჩენა მგონია, რომ გაათავისუფლებს ბევრ უმცირესობას იმისგან, რისგანაც ახლა ვიტანჯებით.

ინდიგო: როცა ფილმს იღებდი, და ვგულისხმობ სამივე ფილმს, შენი მიზანი კითხვების დასმა იყო?

ელენე: პირველ რიგში მაინტერესებდა, მეც მოწამლული ვარ თუ არა ამ ყველაფრით, რადგან ზოგჯერ შემიმჩნევია, რომ მეც ვატარებ გაუცნობიერებელ ინფორმაციას, რომლის მიმართაც არ გამჩენია კითხვა და უცებ მივმხვდარვარ, რომ რაღაც თემის მიმართ მაქვს ისეთი დამოკიდებულება, რომელიც სხვა დროს ვიღაცის დამოკიდებულება იყო. ანუ სულ თავიდან ვიწყებ იმ პერსონალურ გამოცდილებაზე ფიქრს, რომელიც მაწუხებს და მერე მას მოსდევს პროცესი კითხვის დასმიდან წინააღმდეგობამდე. ჩემი პირველი ფილმიც ასეთი იყო, მინდოდა, პირადი ბრძოლები გადამეღო. ამ ბრძოლებში ვიყავი დიდი ხნის განმავლობაში და ვერ ვხვდებოდი, როგორ გამომეთქვა. ერთ-ერთ მთავარ ელემენტად ჩავრთე ის, რამაც განსაზღვრა ჩემი იმ ეტაპამდე მისვლა და ეს იყო რელიგიური გრძნობები.

ინდიგო: ყველაზე უფრო მეტად როდის გათავისუფლდი შინაგანად, როცა ამ პირველი ფილმის გადაღება დაიწყე, თუ როცა ეს ფილმი თბილისში აჩვენე?

ელენე: ზოგადად გავთავისუფლდი, რადგან მივხვდი, რომ ფორმა მქონდა შერჩეული სწორად. სხვანაირად ვერ შევძლებდი მეთქვა ეს ყველაფერი, რადგან ვერბალური აქტი ვერ დამეხმარებოდა, ჩემს სექსუალობაზე უნდა მელაპარაკა და რთული იყო ამ ყველაფერზე ლაპარაკი. კინოში კი მქონდა ბევრნაირი ხერხი – იმიჯი, ხმა, ამ ყველაფერს ერთად ვათქმევინე ის, რაც მინდოდა. ისე კი, მართალი ხარ – აქ ამ ფილმს ვუყურებდი, როგორც პროდუქტს, რომელიც უნდა შემექმნა; როგორც კინოს, რომელიც არა მხოლოდ ჩემს სათქმელს იტყოდა, არამედ განზოგადებულ თემებსაც დაიტევდა. თბილისში კი სხვა იყო. ფაქტობრივად ყველას ვუთხარი, ეს არის ჩემი ცხოვრება. რეაქცია ასეთი იყო: მეუბნებოდნენ, რა კარგი ფილმია, ქვეტექსტად კი ჰქონდათ: – უი, არ ვიცოდი. ასე რომ, ნამდვილად გავთავისუფლდი მანდ, რადგან ადამიანებმა, რომლებიც მნიშვნელოვანი იყვნენ ჩემთვის, შეაფასეს, როგორც ნამუშევარი და მე გავუზიარე მათ ჩემი სათქმელი, და – საქმით.

ინდიგო: როცა ფილმებს უმცირესობებზე იღებ, როცა შინაგანად უპირისპირდები ძალის უზენაესობას, როგორ გრძნობ თავს რეჟისორის როლში – არ გეჩვენება, რომ ეს ამპლუაც შეიცავს ძალაუფლების ცდუნებას? იმის ცდუნებას, რომ შენი სათქმელის გადმოსაცემად სხვები გამოიყენო?

ელენე: რაღაც სიტუაციებში მივიჩნევ, რომ უმცირესობა ვარ, ამ ფილმებზე მუშაობის დროს კი მქონდა ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც არიან უმცირესობის უმცირესობა. ვიცოდი, რომ მაქვს ავტორის პრივილეგია; რომ შემოვიკრიბე ამ პროექტის გარშემო ადამიანები, რომლებიც ჩემს სურვილს ავსებენ. თუმცა, არ მინდოდა ადამიანების ინსტრუმენტალიზაცია მომხდარიყო და პროცესში კიდევ უფრო მეტად მივხვდი, რომ გეგმა, ტექსტი, რომლის მიხედვითაც მივდიოდი, უმნიშვნელო იყო; ის, რასაც ეს ადამიანები თავისთავად მაძლევდნენ და რასაც მთავაზობდნენ, ეგ იყო ფასეული. ამიტომ ახლა როცა დამონტაჟებულ მასალას ვუყურებ, ვხვდები, რომ ამ ფილმში არის მნიშვნელოვანი რამ, რაც ხელიდან გამისხლტა, კონტროლიდან გამოვიდა და მგონია, რომ ესაა კარგი.

თითქოს, ჩემმა გმირებმა სულ სხვა სიღრმეში ჩამიყვანეს, სადაც მე თვითონ ვერ აღმოვჩნდებოდი, კიდევ უფრო დიდი ხანი რომ გამეტარებინა მათთან ერთად. ამიტომ, როგორც რეჟისორმა, ყველაზე კარგი რაც ვქენი, მგონი, ისაა, რომ გმირებს მივყევი – ისინი ხომ არ არიან დაქირავებული მსახიობები, თამაშობენ საკუთარ თავს და გამოდიოდა, რომ ფილმში თამაშობდნენ იმას, რაშიც ისედაც ცხოვრობენ, თან პარალელურად ხდებოდა ეს ყველაფერი – გადასაღებ მოედანზე დგომის მიუხედავად, არ შეწყვეტილა მათი რეალობა.

ინდიგო: როცა თბილისში ჩამოხვედი კვლევისთვის და გაიცანი ისინი, მიაკითხე სამუშაო ადგილზე, ისადილე მათ ნაქირავებ სახლში, დაეხმარე რაღაცით, წაგიყვანეს კლუბში, მოკლედ, როცა დაუმეგობრდი, გქონდა თუ არა შენთვის გავლებული ზღვარი, რომ აი „ამის“ იქით ვეღარ გაბედავ შეყოლას, ფიზიკური საფრთხისაც შეგეშინდება და თან არც „გჭირდება“, იცოდე მეტი?

ელენე: ძალიან დელიკატური რამე მოვინდომე, გამეგო, რეალურად როგორ მუშაობს ორი თემა: ემიგრაცია, თავისი აფრიკელი ემიგრანტებით და ქალები, რომლებიც ქუჩაში არიან. ვიდრე რეალურად გავიდოდი მათთან კავშირზე, ბევრი მასალა მოვიძიე, ჰაერზე არ მინდოდა მივსულიყავი, საკუთარი მოტივების ლეგიტიმაცია მჭირდებოდა.

მაგრამ ის გარემო, რაშიც აღმოვჩნდი, მაინც სილის გარტყმასავით იყო. ეს იყო გაკვეთილი. გავიაზრე საკუთარი პრივილეგიაც: კი, ამ რეალობაში ყოფნა ძალიან მძიმეა, კი, მეც ბოლომდე შევედი მათ ცხოვრებაში, მაგრამ მქონდა უფლება, ნებისმიერ დროს დამეღწია თავი, მათ კი ეს არ შეუძლიათ, ისინი ამით ცხოვრობენ.

ასე რომ, მივყევი ბოლომდე და გზაში მივხვდი, რომ აღარ მაინტერესებს ის, რაც მანამდე დავწერე; რომ ესაა კოლაბორაცია მათთან, იქმნება სივრცე (ანუ კინო), სადაც შეუძლიათ თქვან ის, რაც უნდათ, რომ თქვან; სადაც მარტო თავისი წრისთვის კი არ არსებობენ, ხდებიან ყველასთვის ხილულები; ლაპარაკობენ და ვიღაცას ესმის. ამიტომაც არ მინდოდა მსახიობების აყვანა, მინდოდა ნამდვილი ადამიანები დაგვენახა და მათ, ამ ნამდვილ ადამიანებს, მონაწილეობა მიეღოთ საკუთარი სიტყვის დაწერაში.

ინდიგო: გაიარე თუ არა ბეწვის ხიდზე, რომლის იქითაც ამ გარემოს რომანტიზაცია და ეგზოტიზაციაა?

ელენე: კი, ყველა ის ეპიზოდი დავთმე, სადაც ამის ნიშნები აღმოვაჩინე. იმაზეც კი არ ვიზრუნე, რომ ისტორია შემეკრა, თამაშის ხარისხი მეკონტროლებინა. ფილმის იდეა არ არის ის, რომ მაყურებელმა თქვას, კარგად თამაშობენ, რომ კარგი მსახიობები არიან, ეს ადამიანები თავიანთი სიტყვებით აღწერენ იმას, რაშიც გადასაღები მოედნიდან გასულები ბრუნდებიან. ისინი საკუთარ როლებს ასრულებენ.

ინდიგო: არ შენიშნე, რომ ჰქონდათ ცდუნება, სპეციალურად შენთვის გაებუქებინათ თავიანთი ცხოვრება?

ელენე: ალბათ კი, ანიჭებდათ სიამოვნებას ის, რომ სცენაზე დგანან და თამაშობენ. და მგონია, რომ ამ დროს უჩნდებოდათ ცდუნება, ეთამაშათ ისიც, რაც საკუთარ თავზე გარედან იციან. ანუ ეთამაშათ იმიჯი, რომელიც მათ საზოგადოებამ მოახვია. და ეს, რა თქმა უნდა, უკვე ორმაგი თამაში იყო – პირველ რიგში, ასრულებდნენ თავიანთ თავს, მაგრამ ამავე დროს ასრულებდნენ როლებს, ზოგჯერ რომანტიკულს, ზოგჯერ – ეგზოტიკურს, რომლებიც ჩვენ მათ მოვარგეთ. თუმცა მხოლოდ ამ გარე იმიჯს ვერაფრით ითამაშებდნენ – როგორ გამოხვალ შენი სხეულიდან, შენი რეალობიდან ბოლომდე? ასე რომ, თამაშობდნენ იმას, რაც თვითონ უნდოდათ, რომ ეთქვათ საკუთარ თავზე; მთავაზობდნენ იმას, რაც მათთვის იყო მნიშვნელოვანი. აქცენტებს თვითონ სვამდნენ. სხვა კინო შემომთავაზეს, თითქოს, დამანახეს ადამიანები, რომლებიც სიცარიელესა და სიმარტოვეში არიან და ზოგჯერ უბრალოდ სჭირდებათ ვიღაც, ღამე რომ ერთად გაატარონ. ამიტომ ფილმის ხაზად, ჩემს გმირებთან მუშაობის შემდეგ, კიდევ უფრო გაღრმავდა პირვანდელი თემა: ესაა ამბავი ადამიანებზე, რომლებიც მარტო არიან, ცდილობენ ერთმანეთს დაუკავშირდნენ რამე სახით, რომ იქნებ ურთიერთობა გამოუვიდეთ, მაგრამ ვერანაირად ვერ უკავშირდებიან ერთმანეთს და მერე მოდის კითხვები: რატომ არიან ერთად, რას აკეთებენ ერთად, რატომაა ეს ორპირი ურთიერთობები, რაზეა აქ ყველაფერი, გადარჩენაზე? მხოლოდ იმაზე, რომ მეორე დღეს უბრალოდ ცოცხალმა გაიღვიძო? აქ არ არის მორალზე ლაპარაკი, საზოგადოება ფარისეველია ურთიერთობაში და, რაც მთავარია, არ არსებობს კონტრასტი, ფილმში არ ვაჩვენებ კონტრასტს, რადგან ვერ ვხედავ მას. ფილმში ვისაც ვხედავთ, წარმოადგენს უმცირესობას და ეს უმცირესობა ქმნის ნორმას – ისინი არიან ნორმა. ამ უფერულ, ტრივიალურ, მარტოსულ და სასტიკ ცხოვრებას არ აქვს ალტერნატივები. არც კი მიცდია, ეს ცხოვრება აღმეწერა სხვა ფენასთან დაპირისპირებით, პირიქით, შევქმენი ერთი სიბრტყე, ეს გმირები ერთ სამყაროში ჩავკეტე (პრინციპში, როგორც არიან) და ამ სიბრტყეზე მგონია, რომ უკეთ გამოჩნდა ნიუანსები, რაც ფენიდან ფენაში არ ჩანს; ახლა უყურებ მათ და ხვდები, რომ სადღაც შენგან ძალიან ქვემოთ არის ის, რაზეც დგახარ; არის საფუძველი და ის ნამდვილია,

ეს ადამიანებიც ნამდვილები არიან. თან – გულახდილები, პირდაპირები, არ სჭირდებათ თამაში, არ ეშინიათ არაფრის, რადგან დასაკარგი არაფერი აქვთ. აქვთ მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე, რომელიც ზოგჯერ მათთვისაც კი აბსოლუტურად უმნიშვნელო ხდება.

ინდიგო: ალტერნატივის არარსებობაში იმედსაც გულისხმობ?

ელენე: არ აქვთ იმედი. იმედი რომ ჰქონდეთ, სევდიანი სანახავები იქნებოდნენ. იმედი საერთოდ არის ძალიან სევდიანი რამ, რაც ჩვენ მოვიგონეთ გადასარჩენად. მათ არ სჭირდებათ იმედი, მხოლოდ იმ წუთით არსებობენ, ამ წუთზე უფრო მეტი მათთვის არის მხოლოდ – ხვალ, და ხვალ კი უკვე სხვა საფრთხის წინაშე არიან. ამ შემთხვევაში უფრო ქუჩაში სამუშაოდ გამოსულ ქალებზე ვლაპარაკობ.


ინდიგო:
სხვა სოციალურ ფენებში უფრო და კიდევ უფრო მაღალ ფენებში არ შეგიძლია დაინახო ეს ყველაფერი?

ელენე: იქ იმდენად სხვა ინტერესი, მოლოდინი და პრიორიტეტი არსებობს, შეუძლებელია ამაზე ლაპარაკი. მგონია, რომ ჩვენ დავკარგეთ ის, რაც იქ არსებობს. მათთან კი ყოველი ჟესტი არის წინააღმდეგობის გაწევის ჟესტი. ესაა არსებობა, როგორც რეზისტანსი. ჩემი წინა ფილმის იდეაც ესაა – გადალახული თუ გადასალახი ბრძოლების კვლევა, პროცესი, აქტი და მათი გაგების სურვილი. ესაა მომენტი, როცა შენს თავს აყენებ უმცირესობის მდგომარეობაში, რათა როგორღაც ჩასწვდე იმას, რაც არის შენი, როგორც ადამიანის ფუნდამენტი; როგორია ბრძოლა მეორე დღისთვის. არ მინდა ამ ყველაფერს გარედან დავაკვირდე, როგორც ანთროპოლოგი, მინდა, საკუთარ თავზე გადავიტანო, გავხდე ამის ნაწილი, ბევრად უფრო მიადვილდება ასე, თუმცა კი, როგორც უკვე გითხარი, ამ პროცესში – ამ სამყაროში შესვლის პროცესში – საკუთარ პრივილეგიას, რომ წამოსვლა ნებისმიერ წამს შემიძლია, ყოველთვის ზუსტად ვხედავ.

ინდიგო: სულ მეგონა, რომ შენს საქმეში რეალიზებული ხარ; რომ თანამედროვე ხელოვნებაში ყოველთვის ახერხებ იპოვო შენი ფორმები, რატომ დაინტერესდი კინოთი?

ელენე: სხვანაირად არ ვიცოდი, როგორ მეთქვა ეს ყველაფერი. კინო ჩემთვის აქტივიზმის ერთ-ერთი ფორმაა; თუ ამას არ გავაკეთებ, მაშინ მართლა გარეთ გამოვალ და პირდაპირი გაგებით აქტივისტი ვიქნები. გამიგია, რომ კინო კვდება, კრიზისშია, მაგრამ ძალიან არასწორი პოზიციაა ეს, ჩემთვის არ კვდება, მოკვდება მაშინ, როცა სათქმელი აღარ იქნება, რადგან სინამდვილეში ძალიან ახალგაზრდა მედიუმია და იმდენი რამის გადმოცემაში გეხმარება, თუნდაც ვიზუალურად, ფორმით, ტექნიკურად. აქტივიზმი არის კინოს ახალი ფორმა, რომელიც ჩემთვის მხატვრულს და რეალურს ერთმანეთს უკავშირებს.

ინდიგო: და ამ ყველაფერს უკეთ აკეთებ მხატვრული კინოს ხერხებით? მხატვრული კინოსგან მხოლოდ მხატვრულობის ფორმას იყენებ, ამბავს კი არ ცვლი?

ელენე: დოკუმენტურ კინოში ისე ვერ ვმონაწილეობ პროცესში, როგორც – მხატვრულ კინოში. მჭირდება, რომ პირადად ვიყო ჩართული, ამბავი გავითავისო. მოვსინჯო საზღვრები, რასაც რეალობაში ვხედავ. ამ სხვადასხვა რეალობებს, გამოწვევებს, საზრუნავებს მხოლოდ წარმოსახული საზღვრები კი არ აქვთ, არამედ – ფიზიკურად ხელშესახები. ამ მესამე ფილმის დიდი ნაწილი მიწისქვეშაა გადაღებული, სადაც „მათი“ ცხოვრება მიდის, სადაც ის ყველაფერი ხდება, რაზეც ვილაპარაკეთ. 20-30 საფეხურის ამოვლის მერე კი, ზევით, ჩვენი ყოველდღიურობაა – ქალაქის ცენტრი და მრავალსართულიანი ფეშენებელური სასტუმრო, არადა, რამდენად ახლოს არიან ეს სამყაროები, იცი? ჩემთვის უბრალოდ ამოუხსნელი რამ შევნიშნე – ქვევით ისინი არიან დაცული, საკუთარ გარემოში, ამოდიან ზევით და ხდებიან აბსოლუტურად უხილავები, და თუ ხედავენ, მხოლოდ იმიტომ, რომ შეიზიზღონ.

ინდიგო: მაგრამ ისინიც ხომ არ გვეხებიან, კონტაქტის გაწყვეტა ორმხრივი არაა?

ელენე: ადამიანს, რომელსაც მეტი პრივილეგია აქვს, მეტი საშუალებაც აქვს, ეს კავშირი შეინარჩუნოს. ჩვენ გავწყვიტეთ ურთიერთობა, არ გვინდა დავინახოთ ის, რაც შემაწუხებელია რეალურად.

ინდიგო: პირველ რიგში, რისი გადახარშვაც ჩვენი ტვინისთვის ალბათ შეუძლებელიც კია, არის იმედის არარსებობა და მთელი ცხოვრების გატარება პერსპექტივის გარეშე.

ელენე: ეს ყველაზე მტკივნეული იქნება, ალბათ, კი. მათ კი ამ ყველაფერზე ვერ ეფიქრებათ, რადგან როცა იწყებ ფიქრს, ჩნდება ალტერნატივა და იმედი. რა თქმა უნდა, არიან უმცირესობების აქტივისტები, ვთქვათ ტრანსი ქალები, რომლებიც უღრმავდებიან საკუთარ თავს, ამ გამოცდილებაზე აკადემიურ კვლევასაც კი აკეთებენ, პოლიტიკურ კონტექსტში აღიქვამენ საკუთარ ყოფას, რაღაცისკენ მიდიან, რაღაცის აღმოჩენა უნდათ, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევებია. ძირითადად, მათთვის არ არსებობს კითხვები: რატომ ვარ ასე, რა უნდა შევცვალო? იმდენად მნიშვნელოვანია თავის გადარჩენა, რომ გააანალიზო შენი გარემო, შენი თავი ჩასვა გარკვეულ კონტექსტში, არ გამოდის. ბევრი მიფიქრია ამაზე, რა შეიძლება გავუკეთოთ, ვთქვათ, ტრანს ქალებს და კაცებს, შევქმნათ საგანმანათლებლო პროგრამები? შევასწავლოთ რამე საქმიანობა? მერე ვის სჭირდება ეს? წარმოგიდგენია გარემო, სადაც, ვთქვათ, უნივერსიტეტში ისწავლიან? ამიტომ, პირველ რიგში, სივრცე უნდა გაჩნდეს, სადაც საკუთარი სიტყვებით შეძლებენ საკუთარი სათქმელის თქმას. ბიანკას ვთხოვე, დღიურის წერა დაეწყო და წერდა კიდეც. ამის მერე უკვე მთავარია, ჩვენ შევძლოთ წაკითხვა – არ მივაქციოთ ყურადღება იმას, როგორ გამოთქვამენ აზრებს, როგორი სინტაქსი აქვთ, მთავარია, თვითონ თქვან.

ინდიგო: ფილმის მონტაჟის დროს შენი ორი მთავარი როლის შემსრულებლის გარდაცვალებამ დიდი პირადი ტკივილის მოყენების გარდა, ხომ არ დაგაფიქრა იმაზე, რომ ფილმში რაღაცები უნდა შეგეცვალა?

ელენე: პირიქით, რაც დანს დაემართა (ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, მაგრამ საავადმყოფოში მოხვედრისთანავე მიხვდა, რომ აითვალწუნეს და, საბოლოოდ, ექიმების გულგრილობის, უყურადღებობის მსხვერპლი გახდა), რაც ბიანკას დაემართა (გამოძიებამ მარტივად დაასკვნა, რომ მისი სიკვდილი გაზის გაჟონვით გამოწვეული უბედური შემთხვევა იყო), იმის დადასტურება გახდა ჩემთვის, რომ არაფერი გამომიგონია მიუხედავად იმისა, რომ მხატვრული ფილმი გადავიღე. მივხვდი, რომ რაც არ უნდა გამოვიგონო, იმაზე მეტი მაინც ვერ იქნება, რაშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ. ორივეს სიკვდილი იყო ძალიან მტკივნეული პასუხი ჩემს რეჟისორულ კითხვებზე.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა