გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ემიგრაცია

დილის 6 საათი | ნიკა 31 წლის, ლონდონი

სამი დღეა მაღალი სიცხე მაქვს, ვიწექი, ვერ ვდგებოდი, დღესაც არ ვაპირებდი წასვლას სამსახურში, მაგრამ როდის გამოჩნდება კიდევ ასეთი სამსახური, არ ვიცი. არ მინდოდა, ჩემ მაგივრად სხვა ჩაესვათ და მოკლედ, რა, ავდექი და წავედი.

არც მეგონა, თუ ახალი სამსახური გამოჩნდებოდა. ახალგარემონტებულ სახლებში ან სასტუმროებში, ცოტათი დაზიანებულ ნივთებს და ავეჯს ვასწორებთ. შეიძლება იატაკიც იყოს. ამ საქმეს ფრენჩპოლიშერს ეძახიან აქ.

არ ვიცოდი ეს საქმე, არც ახლა ვიცი, მაგრამ ვსწავლობ. მუშაობის დროს თავზე არავინ მადგას და თუ რამეს ვერ ვაკეთებ, ვურეკავ ხოლმე, ვინც იცის და რჩევას ვეკითხები. ერთხელ და ორჯერ სამსახურზე უარს თუ იტყვი (მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა), მესამედ უკვე აღარავინ დაგირეკავს.

სადაც დღეს ვიყავი, ამ ხალხთან უკვე მეხუთედ ვმუშაობ, მეხუთე საქმეა, რაც შემომთავაზეს.

არ მიყვარს სიტყვა სტრესი, მაგრამ რომ ვფიქრობ, მაგაზე კარგად არაფერი გამოხატავს ჩემს მდგომარეობას იმ მომენტში, როცა გერმანიიდან საფრანგეთში გადავდიოდი – ინგლისისკენ გზაზე. გერმანელებს საზღვარზე რომ დავეჭირე, აუცილებლად ციხეში ჩამსვამდნენ, მერე გაახსენდებოდათ, რომ ჯარიმა მქონდა გადასახდელი, იქ მატარებლის ბილეთს არ ვიღებდი, იქ ყალბი საბუთი მქონდა და მოკლედ, შემითხზავდნენ ისტორიას და ყველაზე კარგ შემთხვევაში, რამდენიმე თვე მაინც ჩამსვამდნენ. ამიტომ იყო ყველაზე კრიტიკული ჩემთვის, რომ გერმანიის საზღვარზე არ დავეჭირე, თორე საფრანგეთში, უკვე დიდად არ მაღელვებდა. მაქსიმუმ სამშობლოში დეპორტი მემუქრებოდა.

ლატვიიდან გერმანიაში წავედი იმიტომ, რომ მეგონა, მაქსიმუმ ორ კვირაში საბუთის ამბავს მოვაგვარებდი და ინგლისში წავიდოდი. ასე მპირდებოდნენ ყოველ შემთხვევაში. თითქოს, წინასწარ ყველაფერი მოგვარებული იყო, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ტყუილი აღმოჩნდა. ყველაფერი ტყუილი იყო. ჩავედი თუ არა, მივხვდი. ვნახე ის ადამიანიც, საბუთის გაკეთებას რომ მპირდებოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი ინგლისში გაშვების არანაირი გზა არ არსებობდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ბევრ ფულს გადავიხდიდი, რამდენიმე ათას დოლარს, მაგალითად. რაც, ცხადია, არ მქონდა.

კი არ მეუბნებოდა, რასაც დაგპირდი, აღარ გამოდისო, პირიქით, ყოველდღე მეუბნებოდა, გამოვაო, აი, ხვალ, აი, ზეგ, ნახე, ახალი კონტაქტია და გამოგვივა, დაველოდოთ, აი, გემით გადადიან და ვნახოთო. სანამ გერმანიაში ჩავიდოდი, ვიცოდი, რომ ინგლისში მოხვედრის სამი გზა იყო: თვითმფრინავი თავიდანვე გამორიცხული იყო, ან გემით უნდა შევპარულიყავი, ან გვირაბით გადავსულიყავი, მეყიდა მანქანა და როგორც ტურისტი, ისე წავსულიყავი.

ყველაზე რეალური გემი ჩანდა და გემით გადასვლა გადავწყვიტე. მაგრამ მერე გავიგე, რომ იმ წლებში გემიდან ხალხი კონტეინერებიანად გადაყარეს წყალში. ნამდვილი ამბავია, თუ მოიძიებ, ნახავ, ძაან შემეშინდა და უარი ვთქვი. თან ეს ჩემი იქ ყოფნის დროს მოხდა და დიდი გამოხმაურება ჰქონდა. მარტო ქართველები კი არ ცდილობდნენ ჩემს გაპარებას, ველაპარაკებოდი წარმოშობით რუს გერმანელებსაც, თვითონ გერმანელებსაც, კორუფცია ყვავის – თუ გადაიხდი, ყველაფერი კეთდება.

ინგლისში რომ მივდიოდი, ისეთი დაღლილი ვიყავი, თითქოს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, გამოვიდოდა თუ არა.

ჩამოვედი თუ არა, ეგრევე დამიჭირეს. წარმოიდგინე, რამხელა იმედგაცრუებაა, იმხელა გზა მქონდა გამოვლილი, იმდენი ხანი ავტობუსებში, ჰოსტელებში გატარებული, ნატანჯი ვიყავი.

მანამდე ჩემს ბიძაშვილს, ინგლისში რომ ცხოვრობს, ვეუბნებოდი, ვსო, საქართველოში ვბრუნდები, გერმანიაში გაჩერება შეუძლებელია-მეთქი. ძალიან დამთრგუნველი იყო, რასაც გერმანიაში ვხედავდი და ვაკეთებდი. ვეღარ ვუძლებდი. ზუსტად მაშინ გამოჩნდა ეს საბუთიც, რომელმაც ინგლისამდე ჩამომიყვანა.

მანამდე ოღონდ, ევროპის ვიზას ამოეწურა ვადა. ქუჩაში რომ გავეჩერებინე პოლიციას, პირდაპირ დეპორტს გამიკეთებდნენ.

ერთადერთი გამოსავალი „ჩაბარება“ იყო. მიმიყვანეს ბიჭებმა და ჩამაბარეს.

ტრირი ერქვა იმ გერმანულ ქალაქს, თუ სწორად მახსოვს, მივედი და მათ კიდევ სხვა ქალაქში გამიშვეს, იქაც არ გამატარეს რეგისტრაცია, სხვა ქალაქში გამაგზავნეს, სამ ქალაქში მამოგზაურეს, სანამ კარავში აღმოვჩნდებოდი. თვითონ მიღებდნენ ქალაქიდან ქალაქში გადასასვლელ მატარებლის ბილეთს, გადავსებული იყო იმ კარვებში ადგილები და ვერ მიტოვებდნენ, ამიტომ მამისამართებდნენ სხვაგან. პირველ ქალაქში რომ მივედი, მივაწოდე პირადობა და ვუთხარი, სხვა არაფერი საბუთი არ მაქვს-მეთქი. მომცეს ფურცელი, რომელიც ამბობდა, რომ უკვე ჩაბარებული ვიყავი და ახლა უნდა გავენაწილებინე თავისუფალ ადგილას.

ბოლოს სადაც უნდა მეცხოვრა, იქ ავტობუსით შეგვიყვანეს. უზარმაზარი ტერიტორია იყო. ბნელოდა. ქალაქს კარლსრუე ერქვა, თუ არ ვცდები. ამ ქალაქთან იყო ახლოს, რომ წარმოიდგინო უშველებელი მინდორი, ვერაფერს ვერ შევადარებ. მივედით და მძღოლი ავტობუსის კარს არ აღებს. რას ვხედავ? გარეთ ხალხი ერთმანეთს გამეტებით ურტყამს, ვიღაცებს სისხლიც მოსდით, დაცვა კიდე დგას და ხელს არ ანძრევს. 20/20-ზე ჩხუბს ვუყურებდი ფანჯრიდან და აი, მაშინ პირველად გამიჩნდა კითხვა, საერთოდ რა მინდოდა იქ, რატომ ვუკეთებდი ამას ჩემს თავს? სად ვიყავი საერთოდ?

გაოგნებული ვუყურებდი დაცვას, ხელში დუბინკები ეჭირათ. იმათ რო დახოცეს ერთმანეთი, მერე ამათ დაუმატეს, ბოლოს დაშალეს და ყველა გაათრიეს ტერიტორიიდან. ამის შემდეგ გაგვიღეს კარი და ჩაგვიშვეს. მეშოკით მოგვაყარეს თეთრეული, ლეიბი, ზეწარი, ბალიშის პირი. შეიძლება გარეცხილიც იყო, არ ვიცი, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, შანსი არ იყო, ვერ იხმარდი. უკვე ბნელოდა და კარგად არ ჩანდა, სად მივდიოდით, კარავი გვიან დავინახე, ორი უზარმაზარი კარავი იდგა იმ მოტიტვლებულ ადგილას. 600-კაციანი იქნებოდა. არანაირი ტიხარი შიგნით, ყველა ერთად იყო. მეძუძური დედა, თოთო ბავშვი, მოხუცი…

ეს კარვები დროებითი გასაჩერებელია, სანამ მოგიძებნიან და გაგანაწილებენ საცხოვრებელში. „კარანტინს“ გადიხარ მანდ. გარეთ შეგიძლია გასვლა, მაგრამ მაინც კარანტინია. მანდ გიკეთებენ აცრებს, საბუთებს გიწესრიგებენ და სანამ ამ პროცედურას არ ჩაამთავრებ, მანდ ხარ. ვადა ერთი კვირიდან სამ თვემდეა. ზოგს ადრე უწევს გასვლა, ზოგს ეწელება. სამ თვეს ორი დღე აკლდა, რომ გამომიშვეს.

6 საათი


ორჯერ გაჭმევენ, მაგრამ გამორიცხულია, ეგ პორცია გეყოს. პირველ დღეს ზუსტად არც მახსოვს, რა მაჭამეს, სალაფავი იყო, ვერც გავარჩიე. შეუძლებელია, იმდენი ხალხის სამყოფი გააკეთო და ნორმალური იყოს. ხილი მიჭამია და წვენი დამილევია იქ, უკიდურეს შემთხვევაში, კონსერვსაც გასინჯავდი. აი, ისეთი მდგომარეობაა, რომ გიბიძგებს, რამე გააფუჭო, გინდა, არ გინდა, უნდა წახვიდე და საჭმელი მოიპარო. ჩაბარებული ხარ, დახმარებას ჯერ ვერ იღებ, ფული კიდევ არ გაქვს. თან გშია. მიდიხარ და იპარავ. ავტობუსს გავყვებოდი ხოლმე ახლო ქალაქში და იქ ვიმაიმუნებდი რამეს. გადავრჩი, მოპარვის გამო არც ერთხელ არ დავუჭერივარ.

გერმანია არის ჯარიმების ქვეყანა. მაგალითად, დაგიჭირა, დაგიწერს ჯარიმას და გაგიშვებს. ეს ჯარიმა შეიძლება იყოს 50 ევრო, 150 ევრო, 200 ევრო. შენს სახელზე და გვარზე გამოწერს ჯარიმას და სისტემაში შეყავს. თითის ანაბეჭდსაც გიღებენ. თუ მაგ მიზნით ხარ გერმანიაში ჩასული, რომ მოიპარო, არ მუშაობ, ეს ჯარიმები შეიძლება დაგიგროვდეს. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჯარიმები უფრო მეტი დაგიგროვდეს, ვიდრე იმ მოპარულით ნაშოვნი ფული. ჩიხია. თუ ვერ იხდი და კიდევ დაგიჭირეს, მერე უკვე ციხეში გსვამენ და ადვოკატი გჭირდება. ყველა ჯარიმა ერთად უნდა გადაიხადო, თუ გამოსვლა გინდა. ასევე ითხოვენ, ვინმე გერმანელი დაგიდგეს თავდებად. ამის გაკეთება ნაცნობობით და ფულით შეიძლება. ახალი ჩასულისთვის რთულია, ცხადია, მაგრამ თუ დიდი ხანია, იქ ხარ, ისიც იცი, რა უნდა გააკეთო დაჭერისას. იმასაც აქვს მნიშვნელობა, რაზე დაგიჭერენ. რომელ ციხეში მოხვდები, მაგასაც. ზოგან არის, მაგალითად, ერთ დღეს, 7 ევროდ გიანგარიშებენ, ზოგან 12 ევროდ, ან 15 ევროდ. ვთქვათ, თუ გაქვს ჯარიმა ჯამში 500 ევრო, ამ დღიურ თანხაზე გიყოფენ. ეს დღიური თანხა არის ის, რაც სახელმწიფოს შენი შენახვა უჯდება ციხეში. იმის მიხედვით, რამდენი გაქვს ჯარიმა, დღიურ თანხაზე გაყოფენ და რასაც მიიღებენ, შენც იმდენ დღეს ატარებ ციხეში.

საბუთებს რომ მოგიწესრიგებენ, მერე გაძლევენ თავშესაფარს. როგორ თავშესაფარს მოგცემენ, წინასწარ არ იცი. ზოგს სახლს აძლევენ, მე, მაგალითად, კონტეინერი მომცეს. იმ ერთ კონტეინერშიც სამ კაცთან ერთად უნდა მეცხოვრა. მშენებლობებზე ჯიხურივით რომ დგას რაღაც, აი, მაგას ჰგავს. შიგნით სამი საწოლი რომ დადგა. სად იდგა ეს კონტეინერი, მაგ ქალაქის სახელიც აღარ მახსოვს. ხრიოკი ადგილი იყო, აი, საერთოდ არაფერი გარშემო.

„სახლებია“ ამ კონტეინერებით აშენებული. ერთმანეთზე რო დაადგა ორი სართული, ისე. თითო კონტეინერში სამი კაცი ცხოვრობდა.

გარშემო მინდვრები და სოფლის გზა, მოხრეშილი. არც მარკეტი, არც აფთიაქი, არც მაღაზია. ნახევარი საათი უნდა გევლო ფეხით, რომ რაღაცამდე მიგეღწია, ან საჭმელი გეყიდა, ან დასახლებული პუნქტი დაგენახა.

რო მიმიყვანეს და მითხრეს, ეს არის შენი სახლიო, წარმოიდგინე, რა დამემართა, ჯერ იმ კარვიდან რა მდგომარეობაში მივედი და ახლა კიდე კონტეინერში უნდა მეცხოვრა. იმ საღამოსვე წამოვედი, ერთი ღამითაც ვერ შევძელი დარჩენა.

ცხრა თვე ვიყავი კიდე, მაგრამ როგორი ლოგიკა აქვს, იცი, ასე ყოფნას? სადაც არ უნდა დაგიღამდეს, სახლში მაინც არ მიდიხარ, ჩემი სახლი მაინც არსად არ იყო. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად დამიღამდებოდა. ძირითადად მაინც გიორგის ძმასთან ვიყავი, იმ ქალაქს ბად-ზოდენი ერქვა. ქუჩაში არ გამითენებია, მაგრამ ძაან ბევრ ოთახს ვიცვლიდი, ისევ ქართველებთან. აი, მაგალითად, მე რომ კონტეინერი მომცეს, სხვას შეიძლება ბინა შეხვდა. სახლი, სიმყუდროვე, ეგ რა შორს არის, იცი, იმ გარემოში? ვერც წარმოიდგენ, თუ არ გამოცდი.

უჩანთოდ დადიხარ. პირადი ჰიგიენის ნივთები და, ვთქვათ, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, უცბად შეირბენ მაღაზიაში და გამოხვალ. თან არ დაგაქვს, მაგრამ სულ გაქვს.

ვერც ატარებ ბარგს, რო გაგაჩერონ და შეგამოწმონ, კითხვები უჩნდებათ: საიდან გაქვს, სად მიდიხარ. ორევროიან ბრიტვაზე არავინ გამოგეკიდება საიდან გაქვსო, მაგრამ, მაგალითად, თუ ცოტა ძვირად ღირებული ტანსაცმელი აღმოგიჩინეს ჩანთაში, მაშინვე გკითხავენ, საიდან გაქვს, შენ ხომ ჩაბარდი და ლტოლვილის სტატუსს ითხოვო.

დაწვრილებით

მერე რო ჩავრჩი და ჩავრჩი, მანქანა ვიყიდე იაფფასიანი და იქაც ბევრჯერ მომიწია ძილი. მანქანა რო გყავს, ნივთებს კი აგროვებ და თან ათასი კაცი გყავს მთხოვნელი, იმას იქ უნდა წაყვანა, იმას წამოყვანა. მოკლედ, გინდა, არ გინდა, ეხვევი, რა, ამ „ევროპულში“ – პირდაპირი მნიშვნელობით, თავი უნდა გადაირჩინო. შეიძლება ჩემთვის იყო ეს საშინელი გამოცდილება, მე ხომ არანაირი ინტერესი არ მქონდა გერმანიაში დარჩენის, იქ რამის შოვნის, თორემ ვნახე ადამიანები, რომლებიც მშვენივრად გრძნობენ თავს. უმეტესობა, მე ვინც შემხვდა, წამალზე იყო დამოკიდებული და კომფორტულად იყვნენ.

მე არასოდეს ვყოფილვარ არც მოსაწევზე და არც წამალზე დამოკიდებული, ერთადერთი, სიგარეტს ვერ დავანებე თავი.

აქ წამოსვლაც ჩემი ბრალი იყო, მე თვითონ ავირიე საქართველოში ცხოვრება. რა სიტუაციაშიც აღმოვჩნდი და რატომაც დღემდე ლონდონში ვარ, მხოლოდ ჩემი ბრალია. ბავშვობიდან ყოველთვის ვიღებდი იმას, რაც მინდოდა და მაგან, პრინციპში, ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. პირველი საქმე, რაც წამოვიწყე: სახლში მივედი, 17 წლის ვიყავი და დედაჩემს ვუთხარი, ღამის კლუბი უნდა გავხსნა-მეთქი. პეროვსკაიაზე. მეორე დღეს უკვე გავხსენი. PM ერქვა, სამსართულიანი, შავი ჟალუზებით. პირველი, ყველაზე დიდი სისულელე ეგ იყო ჩემს ცხოვრებაში. სამნი ვიყავით წილში, ბევრიათასობით დოლარი მივიტანე იქ. საბოლოო ჯამში, 70 000 დოლარამდე დავისვით ეს კლუბი, ერთი წელი არც გვქონია. ეს ის ასაკი არ იყო, რომ ამხელა პასუხისმგებლობა ამეღო. სახლში მივსულიყავი და ოჯახისთვის გამომერთმია ეს ფული, თან ნასესხები. კარგად ვიზარალე, მოკლედ. შუალედებში იყო რაღაცები, მაგრამ მერე კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა დავუშვი. ახლა მეგონა, რომ სოკო ამაყვავებდა. ხის სოკო. მაგაზე გადავერთე და რამდენიმეათასი მანდ დავტოვე. პარალელურად, თან ვსწავლობ, არ დაგავიწყდეს, მაგრამ ვალი მიგროვდება, სისულელეებს არ ვეშვები, გართობას არ ვიკლებ და ბოლომდე ვიძირავ თავს, რა. არადა, მართლა შემეძლო, ყველაფერი მქონოდა. დედისერთა ვარ.

როცა „დიად“ გეგმებს არ ვეჭიდებოდი, ვსწავლობდი და ვმუშაობდი. მათ შორის სამზარეულოშიც შეფ-მზარეულად. კურსებიც გავიარე. მასაჟისტადაც მიმუშავია, გამომცემლობაშიც ცოტა ხანი.

ახლა სხვანაირად მოვიქცეოდი, რომ შემეძლოს უკან დაბრუნება, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ გერმანიაში არასოდეს ჩავიდოდი. არასოდეს!

პირველ რიგში, იმისთვის ვმუშაობ აქ, რომ წარსული ცოდვები მოვინანიო. დაგროვილი ვალები გადავიხადო. მეორე მიზანი არის, რომ ჩემი საქმე დავიწყო, რამე შევქმნა და მეორე დღესვე, დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი. რომ ჩამოვალ, იმის იმედი უნდა მქონდეს, რომ მანდ რამეს გავაკეთებ, არც მუშაობა დამეზარება. რა შეიძლება იყოს ეს საქმე, მაგაზე ჯერ საერთოდ არ მიფიქრია. ჩემთვის მაგაზე ფიქრი ჯერ ფუფუნებაა, მაშინ ფიქრი კი არა, ოცნება უნდა დაიწყო. იმ ოცნებამ კიდე დღევანდელ დღემდე მომიყვანა და აღარ მინდა. კლუბის გახსნაც ოცნება იყო, მეგონა, რომ გახსნის დღიდან ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა, სოკოს ბიზნესიც – აღარ მინდა შეცდომების გამეორება.

ვიცი, რომ სასწაულებიც ხდება ცხოვრებაში, ისიც ვიცი, რომ ზოგს მეტად უმართლებს, ზოგს ნაკლებად. მე, მაგალითად, უფრო მეტი წვალება და შრომა მჭირდება რაღაცის მისაღწევად, ვიდრე სხვას. ამიტომ არც კი ვიცი, როდის გავალ ბოლოში, როდის დავაგროვებ ფულს, ან როდის გადავიხდი ყველა ვალს.

თავიდან რომ ჩამოვედი, 24 საათი ტელეფონზე ვეკიდე, კაცს არ ვტოვებდი, რომ არ მომეკითხა საქართველოში, ყოველდღიური კონტაქტი მქონდა ყველასთან და ეს დაახლოებით წელიწადი გაგრძელდა. მერე უკვე გადავედი მხოლოდ ძალიან შინაურზე, მერე მხოლოდ სანათესაოზე და რამდენიმე მეგობარზე, მოკლედ, ძალიან იხშირება, რა, მერე ეს წრე.

საქართველოზე ამბებს მაინც ვიგებ. ბევრი ქართველი ჩამოდის ლონდონში, კვირა არ გავა, რომ ერთი ქართველი მაინც არ ჩამოვიდეს. ყველა ახალი ჩამოსული ახალ უბედურებას ჰყვება. შთაბეჭდილება მექმნება, რომ ხალხი სიღარიბის ზღვარზე არის, საჭმლის პრობლემაა, რაც უკვე აქ ვეღარ წარმოგვიდგენია. ვერ წარმომიდგენია, მაგალითად, რომ გზის ფული შეიძლება არ მქონდეს აქ, ან რაღაც საჭმელი მინდოდეს და ვერ ვიყიდო.

ახალ ამბებსაც ვადევნებ თვალს და იქ კიდე უარესს ვხედავ: ის დაჭრეს, ის დააყაჩაღეს, მოკლეს, ისროლეს, პროტესტია…

აი, მეორე დღესვე, ლონდონში რომ ჩავედი, გიომ სამსახურში სამუშაოზე წამიყვანა და მას მერე აღარ გავჩერებულვარ. რაღაც დღეები მქონია ჩავარდნა, მაგრამ ძირითადად ყოველდღე ვმუშაობ, შაბათის ჩათვლით და უმეტესად, კვირასაც. სხვადასხვა სამუშაოა (მშენებლობა, მძღოლი, კურიერი), მაგრამ როგორი განცდაა, იცი, სამსახურია და შენ გამოიმუშავებ ფულს. ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ის მომენტი არ იყო, რომ უნდა მომეპარა, რომ მეჭამა. პირიქით იყო, უნდა მემუშავა, რომ მეჭამა. ეს რამხელა რამეს ნიშნავდა, იცი?

აქ ყველა სამსახური დამღლელია, ფიზიკურად იმდენად არ იღლები, რამდენადაც ემოციურად.

მშენებლობაზე, ლეიბორს რასაც ეძახიან, ანუ მუშად რომ მუშაობ, ერთი თვე ვიყავი, გხოცავენ, რა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ადამიანად არ გთვლიან. 9, 10 საათი მუშაობ, 10 საათიდან ერთი საათი გაქვს შესვენება, 9 – მუშაობ. ყველაზე ცუდი არის, თუ მოხვდი ამ ქვეყანაში არაბრიტანულ კომპანიაში, მაგალითად, ლიტველებთან ან უკრაინელებთან. ჩემი გამოცდილებით, რუმინელები ყველაზე საზიზღრები არიან. დაუნდობელ შრომას გთხოვენ, ფეხებზე კიდიხარ. მაგალითად, ინგლისელი რომ გეტყვის, რომ მშენებლობაზე კანონით მხოლოდ 25 კილოგრამი სიმძიმის აწევაა ნებადართული (თუ უფრო მეტია, ის ხელით აღარ უნდა აიწიოს), რუმინელი გეტყვის, რომ 30-35 კგ უნდა ასწიო. ინგლისელი თუ გიფსოკარდონის ერთი დაფის აღებას მოგთხოვს, ის სამ დაფას გაზიდინებს ერთად, რომ დრო მოიგოს. არადა, არ ხარ ვალდებული, სამი დაფა ატარო. მაგრამ არ აიღებ და დაგემშვიდობება, სხვას ნახავს, ვინც აიღებს.

დღეს რაზეც სამსახურში ვიყავი, 170-180 ფუნტს იხდიან დღეში. ადამიანური გრაფიკი გაქვს, 8 საათზე იწყებ, 4 საათზე ამთავრებ. ტაქსები რომ გამოაკლო, 120-130 ფუნტი გამოგდის. მუშად რო მუშაობ, წელში გწყვეტენ, დილის 8 საათიდან 5, 6 საათამდე მუშაობ მინიმუმ და დღეში 68-70 ფუნტია. თუ მძღოლად მუშაობ, ეგეც ძაან ვირული სამუშაოა. საათობრივი ანაზღაურება გაქვს და ვიცი ბიჭები, ფეხზე მდგარან და დაცემულან დაღლილობისგან. საათობრივი რომ არის, არ ისვენებ, გინდა, რომ რაღაც ნორმალური თანხა გამოგივიდეს. დისტრიბუციას აკეთებ, ოღონდ მანქანების. მოგცემენ მანქანას და უნდა წაიღო ერთი ქალაქიდან მეორეში, ან იმავე ქალაქში, მაგრამ სხვადასხვა უბანში. სულ გზაში ხარ, რა, არ ჩერდები. მეც მიმუშავია, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრა, მერჩია, დავმდგარიყავი და მანქანები გამერეცხა, ვიდრე გამერისკა და სულ გზაში ვყოფილიყავი. საჭესთან რო ხარ, სულ რისკია, შენ რომ არაფერი დააშავო, შეიძლება ვიღაცამ დაგარტყას.

მარტო ქართველებთან არ ვმეგობრობ, უცხოელებსაც დავუმეგობრდი. მაგალითად, ჩემი ყოფილი უფროსი უკრაინელი გოგო იყო, დღემდე გვაქვს ურთიერთობა, ჩვენთანაც მოდის სტუმრად, ყველა დღესასწაულს გვილოცავს და გვკითხულობს. შავი არის კიდევ ერთი, რობერტი, ჩვენ რობერტას ვეძახით. მაგასთანაც ძალიან ახლოს ვართ. ერთი ბერძენი ბიჭია, ისიც ჩემი ყოფილი უფროსია, მაგან საერთოდ ბავშვი მომანათლინა.

მაგრამ ყოველთვის არც იმის ფუფუნება გაქვს, რომ გაეცნო. ყველას ვერ ენდობი საბუთის გამო.

წინა სამსახურში, მაგალითად, ვიყავი სტეფანი. დღეს ვიყავი… მოიცა გავიხსენო, უნდა ჩავხედო საბუთს. …ლაიმისი ვყოფილვარ. ზეგ რომ სამსახურში წავალ, იქ სხვა ვიქნები და ასე. ხშირად მიწევს საფულის გადალაგება საბუთების მიხედვით.

6 საათი


ყველაზე ძალიან მშობლები მენატრება, მათზე ახლობელი არც არავინ მყავს. და კიდევ რამდენიმე მეგობარი. შეიძლება კვირები, თვეები გავიდეს და ვერ მოვიკითხო, ვერ დაველაპარაკო და რას მივხვდი, იცი, ვერც აუხსნი, რატომ ვერ წერ. მაგალითად, აქ, მე რომ ჩემს საქმეებს ღამის 11 საათზე მოვრჩე, მანდ უკვე ღამის 2 საათია. 2 საათზე მე რომ ვწერ, ის დილას ნახულობს. ის რო პასუხს დამიბრუნებს, მე სამსახურში ვარ, ან ისეთ ადგილას, რომ ვერ ვუპასუხებ.

ჩვევა, რაც აქ გამოვიმუშავე ამ წლებში, არის რეჟიმში ყოფნა. დილის 6 საათზე ფეხზე რა ამაყენებდა. შეიძლებოდა მხოლოდ წელიწადში ერთხელ ავმდგარიყავი ვინმეს აეროპორტში დასახვედრად. ეს აქ ყოველდღიურობაა. 7-ის ნახევარზე უკვე ფეხზე ვარ. მთელი კვირის განმავლობაში მუხლჩაუხრელად, არაადამიანურად მუშაობენ, არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებენ, მთავარია, შაბათ-კვირას თავს გართობის უფლება მისცენ. აქ ვისწავლე, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე უნდა ვიყო. არავინ სხვა ვალდებული არ არის და ეს ძალიან დასაფასებელია.

დღეს, მაგალითად, 38 მქონდა სიცხე და სამსახურში მაინც წავედი. ამ ქვეყანაში ცუდად გახდომის ფუფუნება არ გაქვს.

აი, მთელი საქართველო რომ დილის 6 საათზე ფეხზე ააყენო, რაღაც შეიცვლება და შეიქმნება, ჩემი აზრით.

აქ ცუდად ნამდვილად არ ვარ, მაგრამ აქაურობა სახლი ჩემთვის მაინც არ გახდა და ვერც გახდება. წინაზე ერთი სამსახური ლონდონიდან 500 კილომეტრით იყო დაშორებული, ის განცდა კი არ მქონდა, რომ აი, სახლიდან მივდივარ და სხვა ქალაქში უნდა ვიცხოვრო. არც ეს არის სახლი და არც იქ არ იქნება. თითქოს სულერთია სად ვიქნები.

განსაკუთრებით რამე მენატრება-მეთქი, რო გითხრა, მოვიტყუები. ზოგს ხო ტყემალი ენატრება, ზოგს ყველი, მე არა. მხოლოდ მშობლები.

ერთადერთი გული მწყდება და ვერ ვივიწყებ ჩემი მეგობრის, სერგის ამბავს, 13 ივნისის სტიქიის დროს დაიკარგა და დღემდე ვერ იპოვეს. სერგი 9 წელი ცხოვრობდა ჩემთან. იმ წელს წამოვედი მეც საქართველოდან.

მხოლოდ ჯვრები და ხატია, რაც წამოსვლის დღიდან შემომრჩა. მეტი არაფერი საერთოდ.

ხომ მომიყოლია მეგობრისთვის ჩემზე, მილაპარაკია, მაგრამ ასე კითხვა-პასუხის რეჟიმში არასოდეს ვყოფილვარ, თან საკუთარი თავის შესახებ.

ჯერ რომ ლონდონში ჩამოვედი, ხო შოკში ვიყავი, მერე გიორგიმ სახლში რომ შემომიყვანა, მართლა შევწუხდი. ერთი საძინებელი იყო, ძალიან პატარა მისაღები და ვანა/ტუალეტი. ვერ წარმომედგინა, რომ ხალხი ასეთ პატარა სახლებში ცხოვრობდა. მერე რომ შევხედე, პატარა სახლი კი არა, ლონდონში ერთეულები ცხოვრობენ სახლში, უმეტესად ოთახებში ცხოვრობენ. ოთახია მთლიანი სახლი. ალბათ უნდა ნახოს ეს ხალხმა, რა. განსაკუთრებით, სამუშაოდ ვინც მოდის. ახლა გიორგის მეგობრის მამა ჩამოვიდა, 60 წლამდეა. ერთი თუ ორი დღე იყო სამუშაოდ, საშუალო ფიზიკური დატვირთვის სამსახურში, და უჭირს უკვე ადამიანს. მთელი დღე ფეხზე დგომა მოუწია და საშინლად დაიღალა. ის კაცი იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ ოჯახს დაეხმაროს, იმანაც ლონდონი აირჩია, ჰგონია, რომ ჩამოვა და „რაღაცას“ გააკეთებს, მაინც ლონდონია… როგორც მე ვერ წარმომედგინა, რომ გიორგი იდგა და სამრეცხაოზე მანქანებს რეცხავდა, დარწმუნებული ვარ, იმ კაცსაც ისე არ ეგონა, რომ ჩამოვიდოდა და ასეთი ფიზიკური დატვირთვა ექნებოდა – მთელი დღე ფეხზე იდგებოდა.

არ ვიცი, რა მეგონა. ამდენი წელი გავიდა და მაგ კითხვაზე პასუხი დღემდე ვერ ვიპოვე. ლონდონში, ბავშვობიდან წარმომედგინა, რომ ყველაფერი არის მხოლოდ კარგად.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა