03. 04. ქალაქებში, სადაც ჩვენ არ ვართ – ყველაფერი უკვე მოხდა
03. დიდი დიღმიდან ვიდრე ვარკეთილის უკანასკნელ კორპუსამდე
პატარა სიკვდილის დოზები ვალერიანის ექსტრაქტით. სერაფიმები გამოძახებით. ზაფხული ყოველთვის მოსაწყენი ფილმივით მთავრდება, შუაში რომ გეძინება ნეტარი უდარდელობით და ვიღაც გაღვიძებს, როცა ეკრანზე უკვე ტიტრებია.
– ჩუმად, დეიდა სუბოტექსი მოვიდა, – ისმის ოთახის კუთხიდან.
ღამის ქალაქების ასი უმუშევარი – ყველა შენი ნათესავია, ყველა შენი მოდგმა. გენეტიკური რობოტი გატეხილი ფუნქციებით. ბოლო ღერი vs გრძელი ღამე, ფსონები მიღებულია.
ახალი მბრწყინავი მინიცათამბჯენების ციმციმი ხრუშჩოვკების სახურავებზე – უფასო შოუა ღარიბი ბავშვებისთვის, მათი მშობლები ამ შუქების ანთება-ჩაქრობის სიხშირეებით მკითხაობენ მომავალს. იარე ნელა, როგორც ღრუბლები იცვლიან ფორმას – ყოველი მეტრის მერე მკაცრად იცვლება სინათლის ხასიათი.
როცა ჩუმად მიდიხარ, მაგრამ ყურადღებით – გესმის, როგორი ხმები აქვთ კორპუსებს და ხვდები: ამ მიწებიდან სხვანაირი კორპუსები ვერ გაიზრდებოდა. „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“.