ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ერეკლე მეორე და ჰერნჰუტელი ძმები

ჰერნჰუტელი ძმების მოგზაურობაზე მასალის ვრცელი მიმოხილვა დაიბეჭდა 2020 წლის #27 „აფრაში“.

1782 წლის 26 ივნისს, თბილისს განჯის მხრიდან ორი გერმანელი მგზავრი მოადგა. ზაფხულის ხვატში, მთელი დღე ფეხით ნამგზავრებმა, მწყურვალებმა და  გათანგულებმა მხოლოდ შებინდებულზე მოაღწიეს ქალაქს. ახლა იმას სწუხდნენ, რომ ღამით, სარეკომენდაციო წერილების ადრესატებს ვერ იპოვიდნენ და ისიც არ იცოდნენ, სად შეძლებდნენ ღამის გათევას.

ქალაქის კართან პატარა ბიჭი გაიცნეს; ერთ-ერთმა მგზავრმა თათრული (თურქული) ენა კარგად იცოდა, ბიჭს გამოელაპარაკა, ოჯახის შესახებ გამოჰკითხა, თავისი გასაჭირი შესჩივლა და ბიჭმაც – ჩემს მშობლებთან წამობრძანდით სტუმრადო. ქალაქის მეორე მხარეს ღარიბულ სახლში მისულებს, სტუმარი ღვთისააო, შეაგებეს, გაუმასპინძლდნენ და მოასვენეს. ამ გულითადი მიღებისა და მასპინძლობის შესახებ, მგზავრებმა მადლიერებით აღნიშნეს თავიანთ სამოგზაურო დღიურშიც. დღიურმა თბილისში ლამის ერთთვიანი სტუმრობისა და ერეკლე მეორესთან შეხვედრების უცნაური და საინტერესო ამბებიც შემოინახა.

ეს ორი გერმანელი, გვარად გარბში და გრული, ევანგელისტურ ძმათა ორდენის, ჰერნჰუტელების წევრები იყვნენ და მისიონერულ საქმიანობას ვოლგისპირეთის ქალაქ სარეპტაში ეწეოდნენ. სარეპტა თავად ჰერნჰუტელმა მისიონერებმა 1765 წელს დააფუძნეს და ამ დასახლებას ერთადერთი ამოცანა დაუსახეს – იქვე მომთაბარედ მცხოვრებ ყალმუხებში ქრისტიანობა ექადაგათ. გერმანული სიბეჯითით და გულმოდგინებით აშენებულმა და კეთილმოწყობილმა სარეპტამ სახელი შორს გაითქვა. ჰქონდათ მინერალური წყლების კურორტი, ავითარებდნენ საგანმანათლებლო და სახელოსნო სფეროსა და მდოგვის წარმოებას. აქ სხვადასხვა დროს არაერთი ქართველი ყოფილა სტუმრად თუ გავლით. მაგალითად, 1773 წელს უფლისწულმა ლევანმა და ანტონ კათალიკოსმა დაათვალიერეს სარეპტის საწარმო-სახელოსნოები და, სავარაუდოდ, ქართული სასახლის კარამდეც მიიტანეს ამ დასახლებისა და მისი ბეჯითი ბინადრების ამბავი. 

სარეპტელებს კიდევ ერთი ინტერესი და მიზანი ამოძრავებდათ. ისინი ვოლგისპირეთში ჩამოსახლების მომენტიდან ცდილობდნენ, მოეძებნათ იმ მორავიელი ძმების შთამომავლები, რომლებმაც, მათი ცნობით, კავკასიის მაღალ მთებს რამდენიმე საუკუნით ადრე შეაფარეს თავი. ეს მას მერე მოხდა, რაც 1481 წელს უნგრეთის მეფე მათიას კორვინუსმა მორავიის მიწები დაიპყრო და მორავიელი ძმები სამშობლოდან განდევნა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ისინი ყაბარდო-ბალყარეთში დაფუძნებულან, სადაც სამი სოფელი დაუარსებიათ და შთამომავლობაც დარჩენიათ. მათ სავარაუდო ადგილსამყოფლად ჰერნჰუტელები მოიაზრებდნენ ჩეგემს (ამჟამად ქალაქია ყაბარდო-ბალყარეთში), საითაც შედარებით უსაფრთხო გზა სწორედ თბილისსა და საქართველოზე გადიოდა.

თბილისში ჩამოსული ორი ჰერნჰუტელი სწორედ ამ გზას ადგა. მათ აქ რამდენიმე დღით დასვენება, ძალების მოკრება და გზის გასაგრძელებლად საჭირო საკითხების მოგვარება უნდოდათ. თუმცა რამდენიმე დღე ლამის თვედ იქცა იმიტომ, რომ სტუმრებთან დაკავშირებით განსხვავებული გეგმები აღმოაჩნდათ ერეკლე მეორეს და მის ახლო გარემოცვას.

ეს ის დროა, როცა მეფე ერეკლე ევროპაში ეძებდა არა მხოლოდ პოლიტიკურ და სამხედრო მოკავშირეებს, არამედ სამეურნეო პარტნიორებსა და მუშა ძალებსაც თავის ქვეყანაში მეურნეობის, ხელოსნობისა და წარმოების გასავითარებლად. ამ მიზნით ერეკლეს უკვე ჩამოესახლებინა სხვადასხვა ქვეყნიდან ხელოსნები, ვაჭრები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო – ქვეყნის განვითარებისათვის მეტი პროფესიონალი ხელოსანი და, ზოგადად, მეტი საწარმოო ძალა სჭირდებოდა.

ჰერნჰუტელი ძმები მეორე დღესვე მოინახულა ქალაქის კომენდანტმაც, როგორც დღიურში წერია, გაბრიელ პავლეს ძე გალებოვმა (იგულისხმება გაბრიელ მაიორი), ჩამოსვლის მიზეზი წვრილად გამოკითხა, თითქოს სარწმუნოდ არ ჩათვალა მორავიელი ძმების კვალის ძიების ისტორია და უფრო დაჟინებით, თუმცა მეგობრულად და კეთილგანწყობით ჩაეკითხა, მერე კი დახმარებაც შესთავაზა და თავად პაატა ანდრონიკაშვილთან წაიყვანა, რომელიც ერეკლე მეფესთან დაახლოებული პირი იყო. მასპინძლებს ძმების მეფესთან წარდგენა ჰქონდათ განზრახული, თუმცა მეფე იმხანად უძოს მთაზე გარიდებოდა ზაფხულის სიცხეს. ამიტომ, უფლისწული გიორგის ბრძანებით, ძმებს საუკეთესო საცხოვრისი შესთავაზეს და საპატიო სტუმრებად მიიღეს. იმან, რომ ორი უმნიშვნელო კაცის გამოჩენამ მეფის კარზე, დამხვდურების ასეთი ყურადღება გამოიწვია, ძმები დაარწმუნა, რომ სარეპტას სახელი შორს გაეთქვა.

რამდენიმე დღეში გრაბში და კომენდანტიც გაეშურნენ უძოსაკენ, ძმა გრული კი თბილისში დარჩა. მთელ ამ ისტორიაში გრაბშის შედარებით უფრო მნიშვნელოვანი როლი თათრული/თურქული ენის ცოდნით იყო განპირობებული, რაც მასპინძლებთან მის პირდაპირ, თარჯიმნის გარეშე ურთიერთობას გულისხმობდა. გრაბში, სასახლის კარის პროტოკოლის გაცნობის შემდეგ, მეფეს იმავე საღამოს წარუდგინეს.

„მეფე თავის დიდ და ლამაზ კარავში, ტახტზე იჯდა. აქაური წესის შესაბამისად ხელზე ვემთხვიე და მან თურქულად მომმართა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მოხარულნი ვართ, რომ ჯანმრთელად  და მშვიდობით ჩამოხვედით ჩვენთან“, – წერს გრაბში სამოგზაურო დღიურში. მას იქვე, გვერდით დაჯდომა შესთავაზეს. მარცხნიდან თავადი ანდრონიკაშვილი მჯდარა, მარჯვნივ კი კომენდანტი იდგა ფეხზე. მეფემ დეტალურად გამოკითხა მოგზაურობის მარშრუტზე, ყავით გაუმასპინძლდა და მოსასვენებლად გაუშვა.

„კარვიდან გასულს უცხო ცხოველივით მაკვირდებოდა იქვე შეკრებილი 100-მდე ადამიანი [...] ჩემს კარავში წავედი დასაძინებლად, სადაც კარგი ლოგინი იყო გამართული“,   წერს გრაბში.

მეფესთან დაახლოებულ პირებთან ურთიერთობისას გრაბშს ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს, მეფე ძმებისგან შუამდგომლობას ელოდებოდა ჰერნჰუტელების საქართველოში ჩამოსახლებასთან დაკავშირებით; თითქოს, ის ფიქრობდა, რომ გრაბშისა და გრულის მოგზაურობის რეალური მიზეზი სწორედ ეს სურვილი უნდა ყოფილიყო. მათ აღუწერდნენ ქვეყნის მშვენიერებას, აქ ცხოვრების უპირატესობებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. სთავაზობდნენ გარანტიებსაც – ძმების საქართველოში დასახლების შემთხვევაში, უსაფრთხოებასა და პროტექციას. თუმცა ძმებს, ორდენის წესების მიხედვით, მსგავს თემებზე საუბრის უფლებამოსილება არ გააჩნდათ; მათ მხოლოდ მთებში გზის გაგრძელება სურდათ, მაგრამ გამგზავრება მაინც ჭიანურდებოდა, რადგან ერეკლე მეორე შესახვედრად კიდევ ელოდა ხელსაყრელ მომენტს – საუბარი სხვებისთვის შეუმჩნევლად სურდა.

აშკარა იყო, რომ მეფე  ფრთხილობდა. შესაძლოა, მას რუსეთის ფაქტორი აფიქრებდა. უფრო კონკრეტულად კი, აეჭვებდა რამდენიმე ხნით ადრე მის მიერ ევროპაში წარგზავნილი კათოლიკე შუამავლების უცნაური და მოულოდნელი გარდაცვალება. ზოგადად, მეფე ცდილობდა, რუსეთის ყურამდე არ მისულიყო მისი მცდელობები, ეპოვა ახალი უცხოელი პარტნიორები ქვეყნისთვის სასარგებლო გეგმების დასაწყობად. 

ერეკლესთან ჰერნჰუტელი ძმების მორიგი შეხვედრა ხან რა მიზეზით ჭიანურდებოდა და ხან რა. ამ ხანში მეფემ არაერთხელ გამოხატა ყურადღება და პატივისცემა გრაბშის მიმართ. ხან განჯიდან ქაიხოსრო ანდრონიკაშვილის მიერ გამოგზავნილი გარგარი გაუგზავნა, ხან – მონადირებული შველი; სტუმრებს ბატონიშვილებიც ეახლნენ და მეფის კაბინეტის სხვა წევრებიც. საუბარი მუდმივად ჰერნჰუტელ ძმათა ორდენს ეხებოდა, მის ისტორიას, თავისებურებებს, სარეპტას. სასახლის კარზე ორდენის მიმართ დიდ ინტერესს იჩენდნენ და კითხვაც ბევრი ჰქონდათ.

საიდუმლო შეხვედრა, საბოლოოდ, 6 ივლისს შედგა. მეფემ გრაბშს შეუთვალა, ამაღამ თბილისში შევხვდეთ, რადგან იქ მარტო ლაპარაკის შესაძლებლობა გვექნებაო. სასახლეში შუაღამის შეხვედრას, თავადი ანდრონიკაშვილი და გაბრიელ მაიორიც ესწრებოდნენ, ყველა დანარჩენი დაითხოვეს.

„ღმერთს შევთხოვდი, ჩემთვის სიბრძნე და მჭევრმეტყველება მოემადლებინა, რომ რამე ისეთი არ მეთქვა, რაც ჩემს უფლებამოსილებას სცილდებოდა“, წერდა გრაბში დღიურში.

სასახლის დარბაზში ოთხნი დარჩნენ. დამხვდურებს თითქოს კიდევ ჰქონდათ ეჭვები:

„მეც ადამიანი ვარ და შენც, ორივენი ქრისტიანები ვართ და შენთან გულღია და პირდაპირი საუბარი გვინდა. მითხარი, შენს ჩვენთან ჩამოსვლას კიდევ რაიმე სხვა აქამდე უთქმელი მიზეზი ხომ არ უდევს საფუძვლად, ან რაიმე საიდუმლო საქმეს ხომ არ უკავშირდება, რაც შენს პასპორტში არ არის აღნიშნული?“ კითხა გრაბშს ანდრონიკაშვილმა. გრაბშმა იუარა და კიდევ ერთხელ დაასახელა უკვე ცნობილი მიზეზი მისი მოგზაურობისა. ამის შემდეგ საუბარი კვლავ საქართველოს მშვენიერებასა და იმ უპირატესობებს შეეხო, რასაც ძმებს აქ ცხოვრების შემთხვევაში შესთავაზებდნენ. ანდრონიკაშვილმა რუსულად უთხრა გრაბშს, რომ საქართველოში დასახლების სურვილს თუ გამოთქვამდნენ, მეფესთან უშუამდგომლებდა მას. გრაბშმა კი მეფის გასაგონად თურქულად უპასუხა, რომ ძმების ინტერესი არც რაიმე უპირატესობების მიღება, არც სხვა ქვეყანაში დასახლება და, მით უმეტეს, არც გამდიდრება იყო. მათ ერთადერთ მიზანს წარმართებსა და მაჰმადიანებში სახარების ქადაგება წარმოადგენდა. მასპინძლები კი თავისას არ იშლიდნენ და ძმების საქართველოში შესაძლო ჩამოსახლების თემას კვლავ და კვლავ უბრუნდებოდნენ. ბოლოს გრაბშმა გამოსავალი იპოვა:  

„თუ თქვენი აღმატებულება ინებებს, შესაძლებელია, ზეპირი ან წერილობითი ცნობა გამატანოთ ძმათა საკრებულოს დირექციის სახელზე“
ამ სიტყვებზე მეფე ერეკლე წამოდგა, მასთან ახლოს მივიდა და უთხრა: „ფიოდორ ივანოვიჩ (ასე იწოდებოდა გრაბში რუსულად), მსმენია, რომ ძმები პატიოსანი და ნიჭიერი ხალხია და თუკი თქვენი 5, 10, 100 ან 1000 ძმა ჩემს ქვეყანაში ჩამოვიდოდა, ღმერთს მადლობას შევწირავდი; ეს იქნებოდა სიბერის ჟამს ჩემი საქმიანობის დაგვირგვინება“.

ასე გამოთქვა ერეკლე II-მ ჰერნჰუტელ ძმათა საკრებულოს დირექციის სახელზე წერილობითი მიმართვის გაგზავნის სურვილი და დახმარება გრაბშს სთხოვა.

წერილის შედგენა თურქულ ენაზე გადაწყდა და ის ძმებს უნდა მიეწვდინათ ადრესატისთვის:

„დაე, ისე იყოს, როგორც ღმერთი ინებებს. თუკი გერმანიიდან ძმების მიღების საშუალება მექნება, ღვთის მადლიერი ვიქნები; მაგრამ თუ ეს არ მოხდა, მაინც კმაყოფილი უნდა ვიყო“.

მეფემ კიდევ ერთხელ გამოიკითხა ძმათა ერთობის, დირექციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია და სინანული გამოთქვა, რომ არ შეეძლო გრაბში პირდაპირ საძმოს დირექციასთან, ქალაქ ბარბში გაეგზავნა კონსტანტინოპოლის გავლით, რადგან გრაბშსა და გრულს ჯერ კიდევ წინ ჰქონდათ კავკასიაში მოგზაურობა. ფრთხილობდა და ჩქარობდა მეფე, ეს შეუმჩნეველი გრაბშისთვისაც არ დარჩა.

ძმებმა თბილისი 1782 წლის 2 აგვისტოს დატოვეს ათი ჯარისკაცისგან შემდგარი ამალის თანხლებით, რომელმაც ისინი დუშეთამდე მიაცილა, სადაც ერეკლე მეფის ერთ-ერთი შვილი, ვახტანგი დახვდათ. ვახტანგს ისინი გზის შემდეგ მონაკვეთზე უნდაგაეცილებინა და საზღვარზე ოსი თავადისათვის გადაებარებინა.

მეფის წერილი ჰერნჰუტელ ძმათა საკრებულოს სახელზე ძმებს გზაში დააწიეს:

ღმერთი არს ჩვენთან!
სიხარულით შევიტყვეთ რა, ბატონი ფიოდორ ივანოვიჩ გრაბშის საგანგებო დავალებით ქვეყანაში და, კერძოდ, საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, გვსურს მას წარმატება ვუსურვოთ დასახულ საქმეში. რადგანაც ვიცით, რომ მისი ძმები ევროპაში რწმენით გამოირჩევიან და სხვადასხვა სფეროში დახელოვნებულები არიან, თავს უფლებას ვაძლევთ, წერილობით მივმართოთ ძმათა ერთობის უხუცესებს და ვთხოვოთ – ჩვენსას, საქართველოში გამოგზავნონ დასაწყისისთვის სხვადასხვა დარგის ოსტატები. თავდაპირველად ერთი, ორი ან სამი წლით, რათა მათ აქ სცადონ ბედი და ნახონ, მოეწონებათ თუ არა. უპირველეს ყოვლისა, გვესაჭიროება გამოცდილი მედიკოსი, რომელიც სააფთიაქო საქმეს წარმართავდა, მით უფრო, რომ ჩვენს ქვეყანაში ამდენი სამკურნალო მცენარე და ფესვი მოიპოვება. ამის გარდა, ქვეყანა ღვთისგან დაჯილდოებულია მადნეულით, რომლისგანაც ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და რკინის გადამუშავებაა შესაძლებელი. მაგრამ არც ამ სფეროში გვყავს მცოდნე ოსტატი, რომელიც შესაბამისად დაამუშავებდა მადნეულს. ასევე გვაკლია ოსტატები ქსოვილებისა და ხავერდის დამუშავებისათვის, უხვად გვაქვს მატყლი და აბრეშუმი. შემდეგ ასევე გვაკლია ვერცხლისა და ოქროს მჭედელი, მინისა და ფაიფურის ფაბრიკანტები – ნედლეული ამ დარგშიც გვაქვს. ეს ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნისათვის დიდი მოგების მომტანი იქნებოდა და ეს მოგება დასაწყისისთვის სწორედ ამ ოსტატებმაც უნდა ნახონ. ჩვენ კი, ჩვენდათავად ვიძლევით სიტყვას, რომ შევუქმნით ყველანაირ ჩვენს ხელთ არსებულ პირობებს, გავუწევთ დახმარებას და ვიმედოვნებთ, გვწამს, ღმერთი ამ საქმეს აკურთხებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ოსტატები მოგებას ვერ ნახავენ, წარმატება არ ექნებათ და უკან დაბრუნებას ინებებენ, პირობას ვდებთ, რომ ჩვენი ხარჯებით დავეხმარებით სამშობლოში დაბრუნებაში.

1782, ერეკლე, მეფე საქართველოსი.

ძმათა საკრებულოს დირექციის, 1783 წლის 17 მარტით დათარიღებული რუსულად შედგენილი საპასუხო წერილი, სავარაუდოდ, გაბრიელ მაიორმა იმავე წელს ჩაიბარა. დირექცია მეფეს კიდევ ერთხელ უდასტურებდა მადლიერებას გრაბშისა და გრულის საქართველოში მიღებისათვის, უხსნიდა ევანგელისტურ ძმათა ერთობის მისიას და ამოცანებს, უბოდიშებდა იმის გამო, რომ მათ მცირერიცხოვან ორდენში მეფის მიერ დასახელებული დარგების ხელოსნები არ მოიძებნებიან და დელიკატურად ეუბნებოდა უარს საქართველოში საძმოს წევრთა წარგზავნასა და დასახლებაზე.

„მეფე დიდად პატივსაცემი, 64 (62 ა.მ.) წლის ასაკის, შავწვერიანი ბატონი ბრძანდება. ადამიანების მიმართ კეთილადაა განწყობილი. მას და მის მთელ ოჯახს მხიარული მზერა აქვს და მხნე სული. ის გამოჩენილი მეომარია [...] მკაცრ დიეტას იცავს და დღე-ღამის 24 საათი სულ დაყოფილი აქვს. მაგ. 6 საათი ლოცულობს ან ეკლესიაში, ან განცალკევებით თავის კაბინეტშია მუხლმოდრეკილი. 6 საათი საერო საკითხებისთვის აქვს დათმობილი. როგორც მე ვნახე, მხოლოდ ორი საათი სძინავს ღამე 1-3 საათის შუალედში, 2 საათი ჭამას მიაქვს, 1 საათი მეუღლის მონახულებას, დანარჩენ დროს კი მინისტრებთან ერთად ატარებს [...]“, – წერდა გრაბში დღიურში.

მოგვიანებით, 1865 წელს, როცა ერთმა სარეპტელმა, ალექსანდრ გლიჩმა, სარეპტის ასი წლის საიუბილეოდ, დასახლების მოკლე ისტორია დაწერა და გამოსცა, გრაბშის და გრულის თბილისურ მოგზაურობასაც ვერ აუარა გვერდი და თან სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ერეკლე II-ის შესახებაც მოუთხრო მკითხველს.

წიგნში გლიჩი აღნიშნავს, რომ ერეკლე მეორე საქართველოს უკანასკნელი სუვერენი იყო, რომელმაც 1783 წელს ქვეყანა რუსეთის მმართველობას დაუქვემდებარა; რომ ის ძალზედ ღირსეული, პატივსაცემი და მხნე სულის კაცი გახლდათ, რომელსაც უამრავი ბრძოლა გამოევლო და, ასაკის მიუხედავად, შეტაკებებში ისევ პირადად მონაწილეობდა; რომ მის მთავარ ამოცანას „ქვეყნის ცივილიზაციის გზაზე შეყენება და გაკულტუროსნება“ წარმოადგენდა; ასევე, აღნიშნულია ტექსტში, აღმოსავლეთის სხვა მმართველებისგან განსხვავებით, მეფე ძალიან წესიერად ცხოვრობდა და იმდენს შრომობდა, რაც მის ძალებსაც აღემატებოდა.

1783 წელს განვითარებულ მოვლენებს აქ, ცხადია, აღარ შევეხებით. 1782 წლის ზაფხულში, ჰერნჰუტელი ძმების საქართველოში მოგზაურობის, მეფის კარზე შეხვედრისა და ქალაქ ბარბში გაგზავნილი წერილის ამბავი კი იმის კიდევ ერთი დასტურია, თუ რამხელა მონდომებით ეძებდნენ ერეკლე მეორე და მისი უახლოესი გარემოცვა შესაძლო კავშირებს ევროპაში; როგორ ცდილობდნენ ყველა რესურსის მოსინჯვას ქვეყნის ფეხზე დაყენების, მეურნეობის, ხელოსნობის, მრეწველობის განვითარებისთვის.

მე-19 საუკუნის 30-იან წლებში მეფის სურვილი ნაწილობრივ ახდა. რამდენიმე ჰერნჰუტელი ძმა გარკვეული დროით თბილისში დასახლდა და ვაჭრობას მიჰყო ხელი, მანამდე კი საქართველოში არაერთი გერმანული დასახლებაც გაჩნდა, თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია.