გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ილუსტრაცია

კლეიტონ ეშელმანი

კლეიტონ ეშელმანი 1935 წელს, ინდიანაპოლისში დაიბადა. მას შემდეგ, რაც დაახლოებით ოცი წლის ასაკში პოეზია აღმოაჩინა და გადაწყვიტა, ცხოვრება მისთვის მიეძღვნა, მუდმივად ამ აღმოჩენის პროცესშია ჩართული. ნახევარ საუკუნეზე მეტხანს წერდა და გამოცემული აქვს ასამდე პოეტური წიგნი; სეზარ ვაიეხოს, ანტონენ არტოს, ემე სეზერის და სხვა პოეტების თარგმანები; ორი ექსპერიმენტული პოეზიის ჟურნალი - CATERPILLAR-ი და SULFUL-ი.

1970-იანებში მან დაიწყო ზედა პალეოლითური გამოქვაბულის მხატვრობის შესწავლა და ათწლეულების განმავლობაში ეს თემა მის პოეზიაშიც აისახა. ადამიანური წარმოსახვის ჩასახვა პალეოლითურ ხანაში, ჯაზი, სახვითი ხელოვნება, ამერიკის თანამედროვე იმპერიალისტური პოლიტიკა, პოეტური ხედვა, როგორც სულის და არაცნობიერის იარაღი - არაფერია, თითქოს, ეშელმანის პოეზიისთვის უცხო.

ბილ ევანსის სიკვდილი

მაიძულებს ვიკითხო: რა ტანჯავდა ასე?
რატომ კვება კაცმა, რომელსაც შეეძლო პიანინოზე ასე უზომოდ ლამაზად დაკვრა
თავისი კეთროვანი გმირი ღვინით?
ან იქნებ კეთროვანი გამართლებაა ტანჯვის მოდულირებისთვის, საკმარისი ტანჯვა
იმისთვის რომ შეინარჩუნო საკუთარი სითბო და საფრთხე
ზუსტად განსაზღვრულ უთანხმოებაში? 

ჭამე შხამასოკოსავსე ლოქორა, მეუბნება, მესმის, ჩემი სიკვდილის ანგელოზი,
შენში ჩაუშვი ცოცხალი შხამი იმისთვის რომ იგემო ჭრილობა
რომელიც უძიროა, მაშასადამე სუფთა, ინფექციის
მიმღები,
ერთხელ ინფიცირებული, სისუფთავისთვის მზადმყოფი, მარადგაუწყლოებადი ორივე,
ჭრილობა რომელშიც ცხოვრობ, როგორც ლოქორა და როგორც მეფე
რომელშიც ტკივილს აყენებ საკუთარ თავს, რადგან მართლა არ გადარდებს,
რომელშიც ისე ძლიერ გადარდებს რომ ყოველთვის ვერ ახერხებ, იდარდო,
ჰოდა ამბობ შევეცი ყველაფერს
და აყიროსსახიანი კეთროვანი, საკუთარი ლპობა რომ აერია
დიონისურ სიუხვეში, სვამს, თითქოს,
ანდა აკეთებს გარკვეულ წოვისმაგვარ მოძრაობას პირის არეალით თავის სახეზე. 

 

ბილ ევანსის სიკვდილი

სამდუიმიანი კარამელისფერი მინდვრის ლოქორა
ზურგზე ამობრუნებული, ვიბრირებს
უშველებელი წითელი შხამასოკოს ნაფლეთებში 

მან ჭამა თავის ზომაზე მეტი
და ახლა მისი ნამდვილი ზომა, თავის ნათელმხილველურ ტრანსში
სევდას მგვრის ჩემი ზომის გამო – 

მე საკმარისად ვერასდროს გამოვიკვებები უფრო მაღალი რიგით
იმდენად რომ შინაგანი კეთროვანი კარში გავიტყუო,
განვდევნო – მაგრამ ნეტა რა დარჩებოდა ის რომ განწმენდილიყო? 

ნაჭრილობევს ვერ აღვიქვამ ნაიარევად,
ფუფხით ნაგები პატარა ბიჭი იცქირება
თავისი ანატომიის კუთხეში – სადაც კედლები და იატაკი მთავრდება
მთავრდება, ფიქრობს, ალბათ თვითონაც, ამიტომ იკეთებს საკუთარ ბოლოს
თვალწინ, როგორც სათვალეებს,
თოვლში ჩარგულს მას გალახავენ
ის ბავშვები, თავისი მეგობრები რომ ეგონა,
მისი ტკივილის მნიშვნელობა იმდენად ბნელია
რომ განიფუფხება იმისთვის რომ შემდეგ ჯერზე კვლავ დაიფუფხოს,
და რაც მას გაზრდის იქნება არა შინაგანი სწრაფვა, დაღვინდეს
არამედ ფუფხვებით, სანამ, უკვე გაზრდილი, არ შეიქნება ზრდასრულისტოლა
და მისი სახე ემსგავსება კენჭიან აყიროს.
მას მოუწევს დარჩეს პატარა სახლში, იმაში მე რომ ავაგე მისთვის, რომელშიც
უნდა მოიხაროს, თუ უნდა, რომ იდგეს

მოთხრობა

ასე დაიწყე: სამყაროს არ აქვს წარმოშობა.
ჩვენ გარს ვერტყმით მომენტს, საყვარლები,
რომლებიც, გარს ვერტყმით რა ერთმანეთს, ვიძირებით
ფანტაზიაში:
ახლა ჩვენ ვიცით ცხოვრების აზრი.
უორდსუორთის მოგონება: დაემხო ნება,
ნანგრევების განებივრება, ისე, თითქოს უხუცესი კაცი,
ფიქრობს რა ყველაზე ადრეულ რამეზე,
წარმოსახვას სთავაზობდეს მის უგულუხვეს საბოძვარს.
ლექსი გველია, წამიერისგან მიიჭაობებს,
ახლადან მიხოხავს (მის მდგომარეობათა
პირნაკეთობა)
ფენოვან, ნივთიერ დროში.
ახლა დგას ტერას ცრემლყურად მოწყვეტილი ერა.
გველასთვის, მარტოოდენ კლაკნილი
მის მადაში.
ჩვენ ვაღიარებთ პირველწყაროს იმისთვის რომ ვაღიაროთ ბოლო,
და თუკი შენი სასმელი წყალი საკანალიზაციოა,
მსგავსი ქცევა გასაგებია.
როდესაც წყალი სუფთაა, ლილითის ანატომია
თვალშევლებადია თითოეულ წვეთში.
მაგრამ არასდროს წყალი არაა სუფთა.
მანამ, სანამ დრო, როგორც ჩანს იყო
სუფთა წყლის ერთი ჭიქა.
მაშასადამე, ვვარაუდობთ, მას მერე, რაც დრო
იქნება კიდევ ერთი.
ცხოვრება, შარავანდედი სიცარიელეს გარშემორტყმული.
ასე განაგრძე: არა სხეული სულის წინააღმდეგ,
არამედ ნებისმიერი სიტუაციის თანდაყოლილი სიორმაგე. 

ამგვარად შერწყმა შეიცავს აგრეთვე უფსკრულს.
დასკვნა: გამოკიდული ვარ პირველწყაროსა და ახლას შორის,
ანდა პირველწყაროსა და ახლადან სულ ერთი წამის წინ.
თავს რომ განვიკვანძავ ორივე ბოლოდან,
ვვარდები უ ძაბრში, უფსკრული რომ მთავაზობს.
არაფერს მოაქვს კმაყოფილება. და,
ჩემი ტანჯვა არაფერია. ორი ცალი საფოსტო მარკა
მიწებებული, ზურგდაზურგ,
უფსკრულკადაბრა.
რაა, რაც აკლია? რა და პოეზია იმდენად სავსე კლანჭებით,
რომ მკითხველს სახე მოახიოს.
მეტისმეტია? ნახე კაცები რას უშვებიან ერთმანეთს...
ხელოვნება რატომ უნდა დასჯერდეს ნაკლებს?
პოეზიის საშინელი პასუხისმგებლობა:
ენაში რომ სამყარო იყოს.

 

უმნიშვნელო ტვირთი

[ეძღვნება იან ირვინს, ავსტრალიაში]

სხეულთა გროვა აბუ გრებში,
ტრაკები, ვაშლით გამოტენილი, როგორც დე სადის გიგანტური სექს მოლეკულა
მამრი თხემით კოჭამდე,
კავკასიური არაცნობიერი აშვებული ყავისფერ სხეულზე.

მე მივუყვები უოშთენოუ როუდს,
მე, ჭუპრი ჰიდრალაქულ იმპერიალურ ქრისალიდში. 

სამი კოშკის მართული ნგრევა.
ჩვენი კონსტიტუციის მართული ნგრევა.
ჩვენი უფლებების მართული ნგრევა.
ჩვენი გარემოს მართული ნგრევა.
ჩვენი ყინულის მართული ნგრევა.

რაკეტა რომელმაც შეაღწია პენტაგონში:
არა როგორც იესოს, არამედ
პეტ რობერტსონის უოშინგტონში შესვლა.

Alien საათია.
როდის ამოიფრქვევა სიმართლე ბუშის მკერდიდან?

 თარგმანი: ირაკლი ყოლბაია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა