ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ეგზიტპოლიტიკა

დაგლას კაუპლენდის „თაობა X“-ის პერსონაჟები იგონებენ ქვეყანას, სახელად ტექსლაჰომა. სავარაუდოდ, ტექსასის და ოკლაჰომის ნაჯვარია, მაგრამ მთავარი ეს არაა. მთელი სიმბოლურობა და მარილი იმაშია, რომ ამ წარმოსახვით ქვეყანაში მუდმივად 1974 წელია. გადის დრო, ხალხი იხოცება, კატაც ბერდება, მაგრამ წელი რჩება – 1974.

დროის გაჩერების მშვენიერი იდეაა. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რა მურტალი იქნება, ასე რომ იყოს რეალობაშიც. ყველაზე უხერხული ისაა, რომ წარმოდგენაც არ გვჭირდება, არის კიდეც ასეთი რეალობა. ეს შეგრძნება განსაკუთრებით არჩევნებზე მიმძაფრდება, ან როგორ გინდა, სხვანაირად იყოს, როცა ახლაც ის ხალხი იყრის კენჭს, ვინც – ჩემს ღრმა ბავშვობაში იყრიდა. ცოტათი შეცვლილან – ზოგი შებერდა, ზოგი შემელოტდა, ზოგი, საერთოდაც, საიმედოდ მკვდარი მეგონა, მაგრამ არჩევნების დროს გამოჩნდა, გამოჩნდა და ისე, როგორც ჩემს ბავშვობაში, ახლაც ჩვენი გადარჩენის ურთულესი მისიის აღება აქვს განზრახული. რამხელა სიკეთეა!

გვითხრა რეი ბრედბერიმ, წაუკითხავ წიგნებს შურისძიება შეუძლიათო, მაგრამ დაავიწყდა ეთქვა, რომ აურჩეველ პოლიტიკოსებსაც შეუძლიათ შურისძიება, თანაც უფრო დაუნდობლად.

ერთხელ მაინც ვისაც არ ვანდეთ ქვეყანა, ისინი გამუდმებით გვაყვედრიან, ვისაც ვანდეთ, ისინი მეორედაც ითხოვენ, მესამედაც, სულ.

კარგი ამბებიც ხომ ხდება – პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, თვით რუსეთის მედროშე ირმა ინაშვილიც კი ისეთ პროდასავლურ „სფიჩებს“ ავრცელებს, თვალზე ცრემლი მადგება ხოლმე. მაინც რა არის ეს რეალპოლიტიკა.

მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე ისეთი სათუთი გზავნილი გამოუშვა ოდესიდან, რომ მისი პრეზიდენტობისას სამი ნაფაზის ამორტყმისთვის შვიდწელმისჯილ ასი ათასივე ახალგაზრდას გულებს აუჩუყებდა.

არც ივანიშვილი ჩამორჩენია რეალობას. ბიზნესმენებთან შეხვედრისას, როგორც მას სჩვევია, წარმატებულად ჩააანალიზა, მართალია, ხალხს ახლაც ისევე უჭირს, როგორც ადრე, მაგრამ ეს რა მთავრობის ბრალიაო! მართლაც, მთავრობის ბრალი როგორ იქნება. მთავრობას ხომ, როგორც წესი, იმისთვის ვირჩევთ, რომ მაღალი ხელფასები დავუნიშნოთ ბიუჯეტიდან, ზედ პრემიებიც მივათხლიშოთ ყოველთვიურად და სახელფასო დანამატებიც არ მოვაკლოთ. ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლა რა მთავრობის საქმეა.

და რას შვრება ამ დროს საზოგადოება? როგორ პასუხობს ის პოლიტიკურ დემაგოგიას?

მაქვს ეჭვი, რომ საზოგადოება აღარ არსებობს, სამოქალაქო საზოგადოება, მით უმეტეს.

ეს უბრალო ენობრივი კაზუსია, რომელიც, რატომღაც, ჯერ კიდევ შემორჩა ჩვენს ლექსიკონს. სამაგიეროდ, არსებობს მედია, რომელიც ალტერნატიულ რეალობას ქმნის. მეტიც – არის ეჭვი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ალტერნატიულ რეალობაში, ხოლო ის, რასაც მედია სახელდახელოდ ქმნის, ეგაა გენერალური რეალობა.

იყო ასეთი ამბავი ამერიკულ არჩევნებში, როცა ყოფილმა მსახიობმა რეიგანმა წინასაარჩევნო რეკლამაში საკუთარი მხატვრული ფილმიდან ამოჭრილი ეპიზოდები გამოიყენა და დოკუმენტურად გაასაღა. როცა ოპონენტებმა ტყუილში ამხილეს და ხალხს უთხრეს, არანაირ ომში არ ყოფილა, ეგ კადრები ფილმიდანააო, ხალხმა მათ არ დაუჯერა. როგორ შეიძლება მედია ტყუოდეს და ადამიანი მართალი იყოს! მაშინ კიდევ უფრო გამყარდა პოსტმოდერნისტული იდეა რეალობის არარსებობის შესახებ. არ (აღარ) არსებობს რეალობა, არსებობს მხოლოდ მედიარეალობა.

მე რომ ინტელექტუალი ვიყო, ნიცშეს ის ფრაზაც მეცოდინებოდა, არ არსებობს ფაქტები, არსებობს მხოლოდ ინტერპრეტაციებიო, რომ ამბობს და სათქმელსაც ქვასავით არგუმენტს მივახმარდი. მაგრამ მე ეგეთი ფრაზები არ ვიცი.

რაც ვიცი, ისაა, რომ წინასწარი შედეგებით გვაქვს რამდენიმე რეალობა: ერთ-ერთი ეგზიტპოლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ იგებს არჩევნებს, მეორე ეგზიტპოლის მიხედვით – მმართველი ძალა რჩება, მესამე ეგზიტპოლი, საერთოდაც, „პატრიოტთა ალიანსზე“ დებს ფსონს. არის კიდევ რამდენიმე ეგზიტპოლ-რეალობა.

მოკლედ, ისეთი სიტუაციაა, რომ მმართველი ძალის გამარჯვებაზე მეტად ერთადერთი რამ მაშინებს, მმართველი ძალის დამარცხება. 

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა