გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„სიყვარული ჟამიანობის დროს“ | გაბრიელ გარსია მარკესი

გამომცემლობა „ინტელექტი“

თარგმნა თეა გვასალიამ

„უცნაური“, ვფიქრობ, ყველაზე ბუნდოვანი სიტყვაა და მაშინ ვიშველიებთ, როცა ჩვენი წარმოდგენა ვერ ეწევა მოვლენას, ან არსებას, რომელზეც ძალიან გვინდა რაღაც ვთქვათ.

ამიტომ, არ ვიტყვი, რომ ამ წიგნში უცნაურად უყვართ ან უცნაურად კვდებიან, სიყვარულის თითოეული ამბავი ან სიკვდილის უჩვეულო ფორმა და გაელვება მარკესის უკვე ნობელის პრემიის შემდგომ რომანში - „სიყვარული ჟამიანობის დროს“ - ფერად, ზოგჯერ კაშკაშა და მაინც, სევდიან მთლიანობად იკვრება.

სიუჟეტის ძირითადი ხაზი თითქოს ორი ხანშიშესული ადამიანის ურთიერთლტოლვას ან ურთიერთგანზიდვას, მათი სიყვარულის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას უნდა მიჰყვებოდეს, მაგრამ ამ მდინარეს, დიდ, სქელ, თიხისფერ მდინარეს, მრავალი პატარ-პატარა შენაკადი ერთვის და ასაზრდოებს, სიყვარულის სხვადასხვა, მცირეხნიანი თავგადასავალი, რომელიც ფლორენტინო არისასთვის, ექიმ ხუვენალ ურბინოსთვის და სხვებისთვისაც, ხან სიყვარულის დამვიწყებელ, ხანაც მათივე ცხოვრების ყველაზე დიდი გრძნობის კიდევ უფრო გამომკვეთ და მათ ფონზე, კიდევ უფრო გამომააშკარავებელ ისტორიად იქცევა.

„სიყვარული ჟამიანობის დროს“ სიკვდილის წიგნიც არის, ან სხვანაირად რომ ვთქვათ, სიყვარული და სიკვდილი, ამ წიგნში, ისე როგორც სხვაგან არსად, ერთვის ერთმანეთს. საცა სიყვარულია, იქ სიკვდილიც ჩნდება და საცა სიკვდილის ლანდი წამოიმართება, იქ უთუოდ სიყვარულმაც უნდა გაშალოს თავისი ველური ყლორტები.

სიყვარული და უსიყვარულობაც, ისე ჩაწვნია ერთმანეთს, ძალიან უჭირს, მკითხველს კი არა, თვითონ პერსონაჟებსაც ძალიან უჭირთ დაზუსტებით იმის თქმა, რომ ის, რასაც გრძნობენ, ნამდვილად სიყვარულით მოსდით. ან კიდევ, ყრმობიდან ახალგაზრდობამდე, ახალგაზრდობიდან შუახნის წლებამდე და შუახნის წლებიდან სიბერემდე - მათ არ იცოდნენ სიყვარული.

„სიყვარულზე ძნელი არაფერი იყო ამქვეყნად“. ეს ყველაფერი „ვინმეს იქნებ სიყვარულადაც მოსჩვენებოდა, მაგრამ ეს არ იყო სიყვარული და გოგოც უფრო იბნეოდა, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ სიყვარულს მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა“.

წიგნი ერთი კაცის სიკვდილით იწყება - ექიმმა ხუვენალ ურბინომ სახლში შესვლისთანავე იგრძნო მწარე ნუშის სუნი - „ანტილიელ ლტოლვილს, ხერემია დე სენტ ამურს, ომის ინვალიდს, ბავშვთა ფოტოგრაფსა და ჭადრაკში მის ყველაზე თანამგრძნობ მოწინააღმდეგეს, მოგონებათა ქარიშხლიდან ოქროს ციანიდის ორთქლით ეხსნა თავი“. მონათა ძველი უბანი, ექიმ ხუვენალ ურბინოსთვის სიკვდილის წინ დაწერილი წერილი, უცნობი ქალი - მეგობარი ან საყვარელი ანტილიელი ლტოლვილისა. თითქოს კიდევ რაღაც უნდა გაგვეგო ამ საიდუმლოებით მოცული თვითმკვლელობის შესახებ, ან თითქოს ველოდით, რომ მწერალი იმ წერილის შინაარსს მაინც გაგვიმხელდა, რომლის წაკითხვამაც ექიმს ტუჩები მიცვალებულივით გაულურჯა და ხელები აუკანკალა, მაგრამ ექიმმა წერილი თავისი სამუშაო მაგიდის უჯრაში გამოკეტა და ორიოდ დღეში მოულოდნელად თვითონაც მიიცვალა მანგოს ხეზე შემოსკუპებული თუთიყუშის დასაჭერად კიბეზე ასული და იქიდან ჩამოვარდნილი. ექიმის მოულოდნელ მიცვალებასთან ერთად, ხერემია დე სენტ ამურის ხაზი წიგნში მთავრდება, ძალიან მოულოდნელად მთავრდება.

მოხუცებულ ფერმინა დასას და ფლორენტინო არისას თავგადასავალი კი, სრულდება გემით მოგზაურობით მდინარე ლა მაგდალენაზე. „სრულდება“ ოღონდ მთლად ზუსტი სიტყვა არც უნდა იყოს, რადგან მეჩვენება, რომ რაღაც მოუხელთებელ მომენტში ეს მოგზაურობა, მდინარეზე აღმა-დაღმა ცურვა გემით, რომელზეც ქოლერის ყვითელი დროშა ფრიალებდა, მდინარისპირის ხრიოკი და უსიცოცხლო მიდამოები, ნასახლარები, თეთრებში ჩაცმული ქალის ლანდი უკაცურ ნაპირზე, რომლის სახეც კარგად ეცნო ფერმინა დასას, გემბანზე გატარებული საღამოები, სიყვარულის ღამეები - ეს ყველაფერი სცდება ზღვარს, სადაც რაღაცები სრულდება და ამის შემდეგ ყველა ქმედება, ყველა სიტყვა, ყველა მზერა მიმართულია ერთი მხარისაკენ, დაუსრულებლად, უკანმოუხედავად, სულ პირდაპირ და პირდაპირ, მთელი ცხოვრება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა