გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ძირს თვითმპყრობელობა, მაგრამ ანტაგონისტის გარეშე

ილია ჭანტურიას წიგნის – „გემი დავლანდე“ –  შესახებ სხვადასხვა მოსაზრებადა ზედაპირული შთაბეჭდილებებიმოვისმინე, მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, თუ როგორ ცვლის ეს წიგნი თანამედროვე ქართული პროზის ტრადიციას, არღვევს პოსტმოდერნულ პარადიგმასაც და დიადი თემა, ანუ ემანსიპატორული მიზანი შემოაქვს ნაწარმოებში, ენობრივი სიმსუბუქით, ყველასათვის გასაგებად აფუძნებს ლიტერატურაში.

სიუჟეტი ისტორიულია, მოვლენები ვითარდება გასული საუკუნის დამდეგს, როცა მსოფლიოში საუკუნეების განმავლობაში მიძინებული ბნელი მასა, ანუ უბრალო, მშრომელი ადამიანები გამოდიან ჩაგვრის, უთანასწორობის, მონობის წინააღმდეგ და იბრძვიან საკუთარი ისტორიული ადგილისათვის – ხალხის ძალაუფლებისათვის, რაც პროლეტარიატის დიქტატურის სახით უნდა განხორციელდეს. საქართველო არ არის გამოთიშული ამ პროცესისგან, როგორც პერიფერიული სახელმწიფო იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ესაა განმათავისუფლებელი ბრძოლა, თვითგამორკვევის უფლების მოსაპოვებლად. ისტორიას მოზომილად და არაგადამეტებით აქებს მწერალი, მაგრამ არა მხოლოდ სიამაყით, როგორც წარსულის საკუთრებას, არამედ დღევანდელობისთვისაც აუცილებელ თავგანწირვას.

„გემი დავლანდე“ არაა წარსული საგმირო საქმეების რეპრეზენტაცია; არაა დღევანდელი სოციალური პესიმიზმის შედეგი; ჩვენებაა ჩაგვრასთან ჯიუტი წინააღმდეგობის.

სიუჟეტი „ხანმოკლე მეოცე საუკუნის“ გარიჟრაჟს განვითარებული მოვლენების არა გადმოთარგმნა, არამედ გადაფასებაა. მწერალს აქვს მკაფიო იდეოლოგიური პოზიცია, იდგეს უბრალო ხალხის გვერდით. ხალხი არა მარტო წარსულში, არამედ ახლაც იჩაგრება შიდა და გარე ეკონომიკურად ფაშისტური და ღიად იმპერიალისტური ძალების მიერ. ნაწარმოების სხვადასხვა თავში შეგვიძლია დავინახოთ მშრომელების სოციალური პრობლემები, ეს არ არის წარსული, ეს არის აწმყო.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორი (ზოგჯერ პერსონაჟი, ზოგჯერ მკითხველი) საკუთარ ნაწარმოებს მყარ პოლიტეკონომიკურ საფუძველზე აშენებს. თავისუფლება ესმის არა მისი პროპანაციული ფორმით, არამედ როგორც – კაპიტალისტური ექსპლუატაციისგან შეიარაღებული განთავისუფლება. თავისუფლებას აქვს ეკონომიკური ბაზისი. მწერალი ღიად აკრიტიკებს იმპერიალიზმს. ვიღაცებს ეშლებათ, რომ ეს არის მხოლოდ რუსული იმპერიალიზმი, რეალურად, ესაა  „იმპერიალიზმი, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადია“ ისტორიული პერსპექტივიდან, კონკრეტული კლასისა და ერის ტრაგიკული შემთხვევების ფონზე.

ზოგ შემთხვევაში, წიგნში იკარგება მატერიალური ხაზი და მწერალი გადაეშვება აბსტრაქტული იდეებით თამაშში, რაც კონკრეტული პერსონაჟების ურთიერთობაში მჟღავნდება. ვსაუბრობთ არა სამეცნიერო ტექსტზე, არამედ მხატვრულ ლიტერატურაზე და აქ ავტორს შეუძლია, გაერთოს.

რომანის წერა არის რუტინა, როცა ემპირიულობას ივიწყებ, ცნობიერების ნაკადი არ ექცევა კალაპოტში და საკუთარ თავს აძლევ უფლებას, წერო. პროცესი გართობს.

ვხვდებით უტა დადიანის პერსონაჟს, მქონებელთა კლასის სოციალურ პრაქტიკაში აღზდილს,  არისტოკრატული წარსულით. სწორედ ის ხდება მთავარი რევოლუციონერი პროტაგონისტი, რომელმაც გლეხები, მშრომელთა კლასი უნდა გაათავისუფლოს ჩაგვრისგან, მაგრამ როგორ მივიდა ამ დგომარეობამდე? მისი ცნობიერება ხომ ბურჟუაზიულ ყოველდღიურობაში ჩამოყალიბდა. ილია ჭანტურია უშვებს მეტამორფოზის შესაძლებლობას, ვინაიდან დათიკო პერტაიას მოკვლამ, უტას ეკონომიკური კლასის მხრიდან, უბიძგა მას, თავი განეცალკევებინა მისივე წარსულისგან. ძუძუმტის სიკვდილი იყო წყალგამყოფი. ქართულ პროზაში მსგავსი ნარატივი ახალი არაა, მაგრამ ამ რომანში ეს მომენტი განსხვავებულ ელფერს იძენს – ქიაჩელთან თუ წერეთელთან არ გვაქვს მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტეკონომიური დისკურსი. 

„ყოველი სიტყვა, დაწერილი სიყვარულზე“

ერთი შეხედვით, სიყვარულზე არ საუბრობს ავტორი, რეალურად კი ისაა ცენტრალური ნაწილი, პერსონაჟებისთვის ბიძგის მიმცემი. ესაა დათიკო პერტაიასა და  უტა დადიანის სიყვარული, ამ სიყვარულმა ასწავლა დადიანს მისი კლასობრივი პრივილეგიების დათმობა, გახადა ემპათიური გლეხებისადმი და  გადაალახვინა კლასობრივი უფსკრული. მიუხედავად ამისა, მწერალი არ განაზოგადებს ურთიერთოების საკითხს და ცნობიერებაგამოცვლილ უტას რევოლუციის სამსახურში ჩააყენებს.

სიყვარული არ ცვლის წესრიგს, რომელიც კლავს დათიკოს, არამედ ცვლის რევოლუცია.

რომანში ნიშანდობლივია თხრობის სტილი – წიგნს სამი ავტორი ჰყავს. წიგნში არ გვხდება ანტაგონისტი, ვგულისხმობ ანტაგონისტის არარსებობაზე და არა ანტაგონიზმის. რადგან ანტაგონისტი არის „ვიღაც“,  კონკრეტული სახელითა და გვარით, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამ ანტაგონისტებს ქმნის კლასობრივი ანტაგონიზმი და ეს ისტორიაში მოხვედრილი სუბიექტების მიღმა დგას.

ილია ჭანტურია არ მიყვება ტრადიციულ ლიტერატურულ ხაზს და საფუძვლიანად არღვევს პერსონაჟისა და ავტორის ურთიერთმიმართებას. ერთგვარი შეთანხმება და ავტონომიური სივრცეები არსებობს. ამ ავტონომიებს შორის მკაცრი სადემარკაციო ხაზია გავლებული. მართალია, ეს კითხვის პროცესში არ იგრძნობა, მაგრამ რამდენჯერმე გადაკითხვის დროს ამჩნევ, რომ არასდროს უზღუდავს ავტორი პერსონაჟს გამოხატვას, აღიარებს მათ, როგორც დამოუკიდებელ, თვითცნობიერ სუბიექტს. სამი მთავარი – მწერალი, პერსონაჟი და მკითხველი – ცოცხალ ურთიერთობაში არიან, ამიტომაც იქცევიან ავტორებად:

1. მწერალი, ანუ საზოგადო ყოფიერებიდან ამოზრდილი სუბიექტი;

2. თვითცნობიერი პერსონაჟი, ანუ თვითგამორკვევის უფლებით შეიარაღებული, ვინც თავად ქმნის ბედისწერას;

3. აქტიური მკითხველი, რომელიც მწერალსა და პერსონაჟებს არ ავიწყდებათ და აღიარებენ მის არსებობას.

ტექსტი ამ სამი ავტორის მოქმედების არეალია. მუდმივად იცვლება ვითარება, სურათები, მოვლენები, მაგრამ არასდროს ირღვევა სამ ავტორს შორის ურთიერთობა.

ერთგან მწერალი ოცნებას შეუსრულებს პერსონაჟებს: უტას, თავის ამხანაგებთან ერთად,  „სირიუსისკენ“ მიუწევს გული:

„ევროპელებს უყვართ მასეთ უკვდავ არსებებზე წერა, წამიკითხავს.

იქნებ ვინმემ ჩვენს უკვდავებაზეც დაწეროს ერთხელ.“

სწორედ ამას აკეთებს ილია ჭანტურია – წერს. წერს მათ დაუმორჩილებლობაზე, მათ გულწრფელ მიზანზე და შეცდომებზეც. მიზანი საერთოა, ცხოვრების სტილიც საერთოა, ინტერესიც საერთოა, რადგან  „დაუმორჩილებლობაა წმინდა მხოლოდ.“ – დაუმორჩილებლობა გაბატონებული კლასის წინააღმდეგ, გლეხებისა და მშრომელების ორგანიზებით უნდა წარიმართოს.

ტექსტში სამი დროა, სამი ავტორის დამსახურებით. უშუალოდ წერის დრო, კითხვის დრო და მოქმედების ისტორიული პერიოდი. სამი ავტორის გავლენაც რომ გამოვთიშოთ, დროის მიმდინარეობა მაინც არ არის ქრონოლოგიური, მნიშვნელობა არ ენიჭება. მიმდინარეობს მოვლენების პარალელური თხრობა – პროცესები წარსულსა და თანადროულობაში.

„გემი დავლანდე“ კლასიკური, მოდერნული და პოსტმოდერნული ლიტერატურაა.

კლასიკური ლიტერატურისთვის დამახასიათებელი „ბოროტების“ მოთავსება ინდივიდის ბუნებაში რომანში მჟღავნდება სოციალურ სივრცეში. ხმამაღლა გაჰკივის, რომ ნებისმიერი ადამიანური მანკიერება არის არა სუბიექტური ბუნებისა და მორალის შედეგი, არამედ ექსპლუატატორული, უთანასწორო, დეტერმინირებული ყოფიერების დამსახურება, რომელმაც ჩამოაყალიბა სოციალური სიქველეებისგან დაცლილი რეალობა.

მიუხედავად მიზნის ვერშესრულებისა, ადამიანების დაღუპვისა, ხშირად უდანაშაულოებისაც, წიგნი პესიმისტურად არ რჩება. არ მოთქვამს. შესაძლებელია რევოლუციური გეგმები ჩავარდეს, უბრალო ხალხი დროებით დამარცხდეს, მაგრამ გარდაუვალია მათი ისტორიული გამარჯვება.

„შეხვედრის ადგილი მომავალშიც იქნება და არ მოიცვლის ადგილს, უცვლელია.“

ავტორი: საბა ქერქაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა