რატომ არ არის გრძელვადიანი უსაფრთხოება ქალაქში პრიორიტეტი?
12.10.2021 | 7 წუთიანი საკითხავიტექსტი მომზადებულია ურბანისტ გოგი აბაშიძესთან ჩაწერილი ინტერვიუს საფუძველზე
2008 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით თბილისში ანონიმური გამოკითხვა ჩატარდა. გამოიკითხეს საშუალო შემოსავლიანი ოჯახები, რომლებსაც საკუთარ ბინებზე მიშენებები ჰქონდათ. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა მიზეზს - თუ რატომ გადაწყვიტეს ფართის მიშენება თვითნებურად. პასუხი კი, ლოგიკურად, ოჯახში მეტი სივრცის საჭიროება იყო. შემდეგ ისიც ჰკითხეს, იცოდნენ თუ არა, რომ მიშენებები არ იყო უსაფრთხო. გამოკითხულთა 70 პროცენტმა თქვა, რომ მათ ეს იცოდნენ.
სივრცის აღქმა საქართველოში ძალიან სპეციფიკურია, მისი ერთ-ერთი მუდმივობაა ის, რომ მუდამ ქაოტურად იცვლება და გარდატეხების პროცესში თითქმის არასდროს ემყარება გრძელვადიანი უსაფრთხოების იდეას. ეს ყოველდღიურობაზეც აისახება - იმ მომენტისთვის წამოჭრილ საჭიროებებს ადამიანები შორს ჭვრეტის გარეშე აგვარებენ და ფიქრობენ, რომ თუ მისი ეს ქმედება დამატებით პრობლემას წარმოშობს, „იმას მერე მოაგვარებს”, „რამე იქნება”. ასე მუშაობს მთელი სისტემა. კონკრეტული კრიზისების დროს მთავრობა ამბობს, რომ რაღაც არის შესაცვლელი და გასამკაცრებელი, მაგრამ შემდეგ აღარ გრძელდება პროცესი. მაგალითად, 2015 წელს, ვერეს ტრაგედიის შემდეგ, დაიწერა ერთიანი სტრატეგია, რომლის მიხედვით, ყველა მცირე მდინარე უნდა გათავისუფლებულიყო კოლექტორებიდან და უნდა დამონტაჟებულიყო სწრაფი შეტყობინების სისტემა. მაგრამ რეალურად ეს არ განხორციელდა. ასეთი თემები აქტუალური ხდება მხოლოდ დროებით, შემდეგ კი მათ ივიწყებენ.
90-იანი წლების დასაწყისშიც მიშენებების დაკანონების მიზეზი ოჯახების იმწუთიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება იყო - ოჯახები იზრდებოდნენ სულადობით, თან იმ დროს კულტურული ჩვევები ყველას ერთ დიდ ოჯახად ცხოვრებას მეტად განაპირობებდა - შედეგად, ეს მიშენებები ქართულ რეალობას კარგად მოერგო. არავინ გაითვალისწინა ის, რომ საბჭოთა წლებში აგებული კორპუსები არ ყოფილა გათვლილი მიშენების შემდგომ რისკებზე. მაგალითად, თუკი საცხოვრებელ კორპუსში წყლის მილი გათვლილია ორმოც მოსახლეზე და რეალურად იქ ოთხმოცი იცხოვრებს, ამით ცენტრალურ სისტემას მილებში წნევის გაზრდა მოუწევს, ეს კი მილების ცვეთას იწვევს. ამიტომ ხდებოდა ავარიები, სარდაფების დატბორვა, რასაც შეუძლია კორპუსს საძირკველი გამოურეცხოს. ინფრასტრუქტურული გამართულობა პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან.
მიშენებები რეალურ პრობლემად ვარდების რევოლუციის შემდეგ აღიარეს და აკრძალეს. თუმცა, მაშინ მოტივაცია არა უსაფრთხოება, არამედ ქალაქის იერსახის დამახინჯება იყო. მაშინ საუბრობდნენ, რომ ქალაქი საერთაშორისო არენაზე შესაბამისად უნდა წარდგენილიყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოეზიდათ. მიშენებების გამო კი ქალაქის იერსახეს ვეღარ აკონტროლებდნენ. თუმცა, კანონმდებლობა მიშენებების პრივატიზებაზე სულ იცვლებოდა. თავიდან გადაწყვიტეს, რომ ვისაც უკვე ჰქონდა, ყველას დაუკანონებდნენ და ახლის მიშენების საშუალებას აღარავის მისცემდნენ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასე მოსახლეობა არათანაბარ მდგომარეობაში რჩებოდა, რადგან ზოგს ჰქონდა და ზოგს - არა. შემდეგ მოიფიქრეს, რომ ყველა საცხოვრებელი კორპუსი ერთ სახეზე უნდა მოეყვანათ, მაგრამ ეს მანიპულირების მიზეზი გახდა და ზოგმა იმის მტიცებაც დაიწყო, რომ ამგვარ შემთხვევაში მთელ კორპუსზე უნდა გაკეთებინათ მიშენებები.
დღეს, როდესაც მაცხოვრებელი მერიას საცხოვრებელ კორპუსში სართულის დაშენების მოთხოვნით მიმართავს, მერია ითხოვს ერთიან პროექტს, მის ფოტომონტაჟს, არქირეტურულ ანაზომს, რომელიც გადასაკეთებელი სივრცის ფართს და განლაგებას მოიცავს. ხოლო კონსტრუქციული დასკვნის მოთხოვნა, რომელიც ადგენს რამდენად გაუძლებს შენობა მოცემულ სამუშაოებს, განისაზღვრება იმით თუ რა ტიპის საძირკველი აქვს შენობას.
თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, როცა ადამიანებს სურთ ბინების ან ოთახების გაერთიანება ან რემონტი, თითქმის არასდროს მიმართავენ მერიას და გადაკეთებას თვითნებურად იწყებენ. მითუმეტეს, რომ კანონი მაცხოვრებელს არ ავალდებულებს რემონტის დროს კონკრეტული დასკვნებით მიმართოს მერიას.
მაგრამ რეალურად მერიაში არ მუშაობს ისეთი ადამიანი, ვინც კონკრეტულად მიშენების ან დაშენების მოთხოვნის განცხადებებზე მითითებებს მისცემს ადამიანებს, რა როგორ უნდა გაკეთდეს და რა უნდა გაითვალისწინონ უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამისთვის საჭიროა კონსტრუქტორი და უსაფრთხოების ექსპერტი. მერიაში ასეთი თანამშრომლები არ ჰყავთ. პროექტის მხოლოდ არქიტექტურულ-იურიდიული შეფასება კეთდება.
პრობლემაა ისიც, რაც ნებართვის გაცემის შემდეგ ხდება. ნებართვის გაცემის შემდეგ, სამუშაოების შემოწმება ზედამხედველობის სამსახურს ევალება. თუმცა, ვიღაცამ ხომ უნდა უთხრას ზედამხედველობას, რომ ახალი ნებართვა გაიცა და უნდა შემოწმდეს? ეს არ ხდება. არსებობს ერთიანი ბაზა, სადაც ყველა განაცხადი და ნებართვა რეგისტრირდება. რუკაც კი არ აქვს ბაზას, სადაც მაგალითად ცხელ წერტილებს დააკვირდებოდი, ახალ განაცხადებს ნახავდი და ა.შ. ზედამხედველობა ობიექტის შესამოწმებლად გადის მაშინ, როცა ვინმე დარეკავს კონკრეტულ მშენებლობაზე ან უბრალოდ ქუჩაში სიარულის დროს რაიმე საეჭვოს შეამჩნევენ, შემდეგ კი არსებულ ბაზაში გადაამოწმებენ.
ეს სისტემური ხასიათის პრობლემაა და ამის გამოსწორებას მუდმივი კვლევა სჭირდება. საზოგადოების ჩართულობა მსგავსი პრობლემების მოგვარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ კანონის გამკაცრებასა და ახლებური სისტემის დანერგვაზე.
ბათუმის ტრაგედიამ უნდა გვასწავლოს, რომ აუცილებელია ქალაქებში ავარიული შენობების რეგისტრირება, მათი ავარიულობის შესწავლა, ერთიანი ბაზის შექმნა და ავარიულ შენობებზე მუშაობის წესების დადგენა.
მაგალითად, ახლა ვმუშაობთ ბათუმის გენგეგმაზე. ერთ-ერთი, რაც მუნიციპალიტეტს შეეძლო გაეკეთებინა იყო ის, რომ დაგვკავშირებოდა ამ საკითხზე და ეთქვათ, რომ გენგეგმის მოცულობაში გვსურს თემატური ნაწილის დამატება, რომელიც ამ საკითხებსაც მოიცავდა. მაგრამ ჯერჯერობით არავის მოუმართავს.
ფოტო: 22 ND Room