გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
წმინდა გიორგის მონუმენტი

გველი | ალექს ჩიღვინაძე

ცოლთან ვეღარ ვწვები. არა, რა პრობლემები. კვირაში ხუთჯერ გვაქვს სექსი. მართალია, ეს კვირა სამ თვეში ერთხელ არის, მაგრამ უკვე ექვსი წელია ერთად ვართ. მშვენიერ ფორმაში ვარ. ყოველ მეორე დღეს ვვარჯიშობ. ყოველ სამ თვეში ერთხელ დიეტაზე ვსხდებით. დიეტას სექსუალურ აქტივობებთან კავშირი არ აქვს. ახლა არ ვმუშაობ. ცოტა ხანი ოჯახში შემომტანი ჩემი ცოლია. შემოსავალი ყოველთვის ჩემზე მეტი ჰქონდა, მაგრამ ეს ხომ არ არის გადამწყვეტი. გვაქვს ლამაზი სახლი. გვყავს ჭკვიანი მეგობრები. ჯერ ახალგაზრდები ვართ. ოცდათხუთმეტი წელი არ არის ახლა ის ასაკი, რომ ხელი ჩავიქნიოთ, ან რატომ უნდა ჩავიქნიოთ. ყველაფერი წინ გვაქვს... (პაუზა) გვქონდა. ცოტა ხნის წინ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ... შეიძლება უფრო ადრეც დაიწყო. ერთხელ გამეღვიძა და მეგონა, რომ ხელის ნაცვლად ძაღლის თავი მქონდა. ცოცხალი, პირდაპირ იღლიიდან ამოზრდილი. თავიდან შემეშინდა, იმიტომ რომ ძალიან ახლოს იყო და ვერაფრით ვიშორებდი. ხვნეშოდა, მეკვროდა, მძიმედ სუნთქავდა, თვალები გადმოკარკლოდა. რამდენიმე წლის წინ კინაღამ ძაღლებმა შემჭამეს. შუაღამისას სახლში ვბრუნდებოდი და შუა ქუჩაში ალყაში მომიქციეს. მიღრენდნენ, ჩაყვითლებულ, ბასრ კბილებს კრეჭდნენ, დორბლი სდიოდათ. გავშეშდი. აუ, მეთქი შემჭამეს. ყველაფერი დამთავრდა. ცოფი დამემართება. თან ზაფხულია. ხორცებს ამომჭამენ სახეზე. მაგრამ უცბად თავი დამანებეს. ამის მერე ძაღლების პანიკური შიში დამჩემდა. ჰოდა, ის სიზმარიც ამ შემთხვევას დავუკავშირე. თან სასმელის ბრალიც შეიძლებოდა ყოფილიყო. იმ დროს ბევრს ვსვამდი. კაი გვარიანად მოწეულიც ვიყავი, ასე რომ, ჰალუცინაციისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ცოტა ხანში საერთოდ დავივიწყე.

ცოტა ხნის წინ, ქალაქგარეთ წავედით მე და ჩემი ცოლი. ერთი პატარა სახლია და როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ჩავდივართ ხოლმე. ზაფხულში ძირითადად. არაფრით გამორჩეული ადგილია, სახლიც საკმაოდ ძველია, მაგრამ ახლოს არის ქალაქთან. მანქანების ხმაური არ გვესმის და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩანს. ეს საკმარისია დასვენებისთვის. მიგვაქვს საჭმელი, წიგნები. ხანდახან მეგობრებიც ჩამოდიან ხოლმე. ამჯერად მარტო ჩავედით. დავანთე ცეცხლი, ვივახშმეთ, გავხსენით ერთი ბოთლი მშრალი, წითელი ღვინო. ბოლომდე არ დაგვილევია. ჩავრთეთ მუსიკა. ვიცეკვეთ. გვქონდა სექსი და ტკბილად ჩაგვეძინა.

ღამე მეღვიძება და რას ვხედავ, რომ მე და ჩემს ცოლს შორის...

ფსიქოლოგი ვერ დამეხმარა. ერთ ტომშიო, როცა ბიჭუნებს ინიციაციის პერიოდი დაუდგებათ, მამები, ბიძები და ტომის სხვა დიდი კაცები დაითრევენ და ეუბნებიან ახლა წაგიყვანთ გამოქვაბულშიო. გამოქვაბულში ცხოვრობს დიდი გველი და ის ჭუჭუზე გიკბენს, ჩუჩას მოგაჭამსო. და ბავშვები ტირილით გარბიან დედასთან. იასნა, დედებიც საქმეში არიან და შვილებს ამშვიდებენ, გამოიტირებენ. ვითომ გველს სთხოვენ, კარგად მოექეცით ჩვენს შვილებსო. მერე ბიჭუნებს უკეთებენ წინდაცვეთას. ჰოდა, ნუ, რა შუაშია ახლა ეს ისტორია ჩემთან. ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ შუაში კი არა, თავშია. ვეუბნები, რომ ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული და იმ ძველ სიზმარზეც ვუყვები. მაგრამ ის მაინც თავისას მიერეკება.

მოკლედ, იმ ღამეს რომ გამეღვიძა, აღმოვაჩინე, რომ მე და ჩემს ცოლს შორის გველი წევს. სისინებს. ნელა მოძრაობს. დახვეულია და ახლა იშლება. გავშეშდი, ქალაქგარეთ როცა გავდივარ, ყოველთვის მიმაქვს იარაღი. ნუ, მაინც, რა ვიცი, უახლოესი მეზობელი ნახევარ კილომეტრშია და ვინმე რომ შემოგვივარდეს, ვინმეს ჰანეკეს „ფანი გეიმსი“ ჰქონდეს ნანახი და პირდაპირ გაგებული... ვიცი? ახლა კი ჩვენს საწოლზე უზარმაზარი გველი გაწოლილა. კისერში წავავლე ხელი და ჯერ მინდოდა საწოლიდან გადამეგდო, მაგრამ ძალიან მძიმე იყო. თან ვერ ვყვირი, რომ ჩემი ცოლი არ გავაღვიძო, არ მინდა შევაშინო, როგორია, იღვიძებ და გველია საწოლში. სლიპინაა, ცივი, მიძალიანდება. ბავშვობიდან მახსოვს, რომ კისერში უნდა წაავლო ხელი და შხამს ვეღარ გამოჰყოფს. პირი დაფჩენილი აქვს, ფიწალივით ენას მიტრიალებს თვალებთან, იბრძვის, მაგრამ რაც ძალი და ღონე მაქვს, ვუჭერ და მეორე ხელით იარაღს ვეძებ. ვპოულობ, ვხსნი დამცველს და გველს ვუმიზნებ. სასხლეტს სადაცაა ხელი უნდა დავაჭირო, რომ ჩემი ცოლის სრულიად არაადეკვატურად მშვიდი ხმა მესმის: „რას აკეთებ?“ როგორ გინდა უთხრა, რომ საწოლში დიდი გველია, რომელსაც ახლა ვცდილობ, თავი გავუხვრიტო. „დამშვიდდი, პატარავ“... – კიდევ უფრო არაადეკვატურ სიმშვიდეს ვაგებებ. „რატომ მიჭერ ფეხზე ხელს?“ მთვარის შუქზე ვხედავ, რომ მართლაც ჩემი ცოლის ფეხზე მაქვს წავლებული ხელი და მაღლა მაქვს აწეული. „რას აკეთებ? იარაღი გიჭირავს?“ ვერაფერს ვპასუხობ, იარაღს ბალიშის ქვეშ ვჩურთავ, ვითომ ძილ-ბურანში ვიყავი, ვითომ ვხუმრობდი, ჩავეხუტე, მოვეფერე, თვალები დავხუჭე, მაგრამ ძილი არ მომეკარა. ძილი არ მომეკარა კი არა, დანა რომ დაერტყა ვინმეს, სისხლი არ წამომივიდოდა. მაგ შემთხვევის მერე საერთოდ აღარ მძინავს. თურმე შიში ყველაზე სწრაფად განიცდის ევოლუციას. თავიდან ციცქნა, ერთუჯრედიანი ტიპია და თვალის დახამხამებას ვერ ასწრებ, რომ უკვე ორმეტრიანი მონსტრია და შენი ეგოს ლოდის ქვეშ ბინადრობს.

ცოლთან ვეღარ ვწვდებოდი. მეშინოდა, რომ ერთ ღამესაც ისევ მომეჩვენებოდა გველი და მოვკლავდი. იარაღი, რა თქმა უნდა, მოვიშორე, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ვარ, შემიძლია ხელები წავუჭირო და დავახრჩო. არ დამიჯერა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგთანაც დავიწყე სიარული და საერთოდ უყურებდა, როგორ შევიცვალე, როგორ ჩამოვდნი თვალსა და ხელს შუა, მაინც არ დამიჯერა. აღარ გიყვარვარო, მეუბნებოდა, ტიროდა... აღარ გინდა ჩემთან დაწოლაო. აღარ ვარ შენთვის მიმზიდველიო. დიეტაზე დაჯდა. ვარჯიში დაიწყო. წონა დაიკლო, მაგრამ აგრესია მოემატა. ფსიქოლოგმა სხვა მიდგომაც სცადა, მოდი, სახელი დაარქვიო. მეთქი რას დავარქვა სახელი? გველსო. სცადე დაუმეგობრდეო, ვითომ შენ და შენმა ცოლმა შინაური ცხოველი იყიდეთო. შინაური ცხოველის და ბავშვის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს გველი მომელანდა. ხომ შეიძლება, ერთხელ გამეღვიძოს და გვერდზე მწოლიარე ბავშვი მორიელი მეგონოს ან ტარანტული. სამყაროში იმდენი საშინელი არსებაა. ხომ შეიძლება გავსრისო?

რა თქმა უნდა, დამაჯერებლად არ ჟღერს და კარგად მესმის ჩემი ცოლისაც, რომელმაც სახლიდან გამომაგდო, რადგან ვერაფრით გაიგო, რომ სწორედ მას ვუფრთხილდები. მაგრამ ასე მირჩევნია, სჯობს ერთად არ ვიყოთ, ვიდრე უკეთეს შემთხვევაში წვივი გავუხვრიტო. წარმოდგენაც კი არ მინდა, რამე რომ დავუშავო, ხომ მოვიკალი თავი ან როგორ ავუხსნა მოსამართლეს, რომ სინამდვილეში გველს ვკლავდი ცოლის ნაცვლად. თან ნამდვილ გველს კი არა – სიზმრიდან გამოყოლილ უხსენებელს. ჰალუცინაციას. ხორცშესხმულ სიზმარს. მოტივი? რა მოტივი უნდა მქონოდა? მე თვითონ ხომ არ მოვჭრიდი ტოტს, რომელზეც ვიჯექი. არა, რა ტოტიც მელანდება? გამოთქმაა ასეთი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. დაძინების მეშინია. ქალაქგარეთ გადავედი ცოტა ხნით. მეგონა, სიმშვიდე დადებითად იმოქმედებდა, მიუხედავად იმისა, რომ გველი პირველად სწორედ იქ მომელანდა.

ტელევიზორს მივშტერებივარ. არხიდან არხზე ვრთავ. ყველა არხი გამოვრთე ბუნებაზე. მაუგლისაც კი ვერ ვუყურებ. გველის დანახვაზე მბურძგლავს. წინასაარჩევნო კლიპები გადის. გული მერევა. პირდაპირ ტელევიზორის წინ ვარწყევ. ნარწყევში ირეკლება წმინდა გიორგის ძეგლი, რომელიც ქართველებს აჩუქა მოქანდაკემ, ვინც გააკეთა პუტინის და ილია მეორის, კიდევ სხვა გამოჩენილი რუსი გენერლების და ჟირინოვსკის ძეგლები. ეს ძეგლი დადგეს წლების წინ ქვეყნის მთავარ მოედანზე რევოლუციის სიმბოლოდ და ყოველ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, „კრანზე“ დამაგრებული კამერა ამ წმინდა გიორგის ავლით და ჩავლით აჩვენებს, როგორ სუქდებიან ახალგაზრდა პოლიტიკოსები, როგორ ედებათ ღაბაბები, ღიპები... როგორ იხდენენ ქართულ ოცნებას, რომელიც არ არსებობს. მაგრამ იმდენად ინფანტილურები ვართ, რომ შემდეგ არჩევნებში ალბათ გაჩნდება პარტია ქართული სიზმარი ან ქართული კოშმარი და ისიც გაიმარჯვებს.

რასაც არ უნდა ვუყურებდე, მაინც კოშმარებთან და გველთან ვბრუნდები. ტელევიზორს ვრთავ და ცოლს ვურეკავ, მაგრამ ის უკვე აღარ მპასუხობს. მობეზრდა ჩემი ახსნა-განმარტებები. მაგრამ ჯიუტად ვაგრძელებ რეკვას. ყველაზე დამთრგუნველი ხმა სამყაროში აქვს ტელეფონს, როცა არ გპასუხობენ. როგორც იქნა. გაგაღვიძე? მაპატიე. ჩუმად არის. მისმინე, გთხოვ, ორი წუთი მომისმინე, მე მგონი მივხვდი, რაც მჭირს. მგონია, რომ წმინდა გიორგიმ შემოაღწია ჩემში. არა, რა გავგიჟდი, მგონი წმინდა გიორგი ვარ...

ისმის გათიშული ტელეფონის ხმა, რომელიც თანდათან უფრო ძლიერდება.

დილით ვიღვიძებ. ვხედავ, გველები მომრავლებულან. ფანჯარაში ვუყურებ. ამოჰყოფენ თავს და მიყურებენ. წითელია, ყვითელია, ზოგი შავია, ჭრელია, ისეთი ლამაზები არიან, ნამდვილად რო მოეფერები, მაგრამ რქები იმათ არა აქვთ, რო ხელი ვტაცო და მოვეფერო. კარს ვაღებ და გარეთ გავდივარ. მე ხომ წმინდა გიორგი ვარ! 

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა