ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #თარგმანი

მეგობრობა, როგორც ცხოვრების წესი | ინტერვიუ მიშელ ფუკოსთან

გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალ Le Gai Pied-ში 1981 წლის აპრილში.

ორმოცდაათს გადააბიჯეთ. Le Gai Pied-ის მკითხველი ხართ, რომელიც ორი წელია, რაც გამოდის. რამდენად პოზიტიურად გეჩვენებათ მისი დისკურსი?

თავად ამ ჟურნალის არსებობაა პოზიტიური და მნიშვნელოვანი. შეკითხვის პასუხად კი გეტყოდით: მას არ უნდა ვკითხულობდე იმის გამო, რომ ჩემს ასაკს ერთგვარად ეხმიანება. აი, რას შეიძლება ვითხოვდე თქვენი ჟურნალისაგან: მისი კითხვისას საერთოდ არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი ჩემი ასაკი. ახლა, როცა ვკითხულობ...

ალბათ პრობლემას ასაკობრივი ჯგუფი აჩენს – ისინი, ვინც მისთვის წერენ და ვინც კითხულობენ. უმრავლესობა ოცდახუთიდან ოცდათხუთმეტ წლამდეა.

რა თქმა უნდა, ასეა. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა წერს, უფრო მეტად ეხება ყველაფერი ახალგაზრდებს. პრობლემა ის კი არ არის, რომ ერთი ასაკობრივი ჯგუფის გვერდით მეორისთვისაც გამოიძებნოს ადგილი, არამედ იმის განსაზღვრა, თუ როგორ არ უნდა გაიგივდეს მცდარად ჰომოსექსუალობა და ახალგაზრდული სიყვარული.

უნდობლობას იწვევს ტენდენციაც ჰომოსექსუალობის საკითხის დაკავშირებისა პრობლემასთან „ვინ ვარ მე?“ და „რა არის ჩემი სურვილის საიდუმლო?“ ალბათ სჯობს, საკუთარ თავს ვკითხოთ: „ჰომოსექსუალობის მეშვეობით როგორი კავშირების დამყარება, გამოგონება, გამრავლება და მოდულირება შეიძლება?“ საკუთარი სქესის თაობაზე სიმართლის მიგნება კი არ წარმოადგენს პრობლემას, არამედ ის, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენივე სექსუალობა კავშირების სიმრავლის მისაღწევად. აი, სწორედ ამ მიზეზითაა, რომ ჰომოსექსუალობა სურვილის ფორმა არ არის – რაღაც ისეთია, რაც სასურველია. ამდენად, უნდა ვიშრომოთ, რომ ჰომოსექსუალები გავხდეთ და ჯიუტად არ უნდა უარვყოფდეთ, რომ ვართ. ჰომოსექსუალობის პრობლემა სულ უფრო მეტად უკავშირდება მეგობრობისას.

ოცი წლისაც ასე ფიქრობდით თუ ეს წლების განმავლობაში აღმოაჩინეთ?

როგორც მახსოვს, ბიჭების ნდომა ის იყო, რომ ბიჭებთან ურთიერთობა მქონოდა. ამას ყოველთვის მნიშვნელოვნად მივიჩნევდი. მაინცდამაინც დაწყვილება კი არა, თავად შესაძლებლობა: როგორ შეუძლიათ კაცებს ერთად ყოფნა? ერთად ცხოვრება, დროის, საჭმლის, ოთახის, თავისუფალი საათების, ტკივილის, ცოდნის, საიდუმლოს გაზიარება? რას ნიშნავს „გაშიშვლება“ კაცებს შორის, ინსტიტუციური კავშირების, ოჯახის, პროფესიისა და სავალდებულო მეგობრობის მიღმა? ბევრს აწუხებს სურვილი, შფოთვა, შფოთვად ქცეული სურვილი.

იტყოდით, რომ სურვილი და სიამოვნება, და შესაძლო სასიყვარულო კავშირები ასაკზეა დამოკიდებული?

დიახ, დიდწილად. კაცისა და უმცროსი ქალის კავშირს ქორწინების ინსტიტუტი ამარტივებს: ქალი თანხმდება და ყველაფერს შესაძლებელს ხდის. მაგრამ რომელი წესი და კანონი დართავს ურთიერთობის ნებას ორ კაცს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ასაკობრივი განსხვავებაა? ისინი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან შესაფერისი გამოთქმების, სიტყვების გარეშე – ვერაფრით იქნებიან დარწმუნებულნი იმ მოძრაობის მნიშვნელობაში, რომელიც ერთმანეთისკენ უბიძგებს. მათ თავიდან ბოლომდე უნდა გამოიგონონ ურთიერთობა – ფორმა მისცენ ჯერ კიდევ უფორმო მეგობრობას: იმ ყველაფრის ჯამს, რითაც ერთმანეთისათვის სიამოვნების მინიჭება შეუძლიათ.

ერთგვარი კომპრომისია, წარმოადგინო ჰომოსექსუალობა წუთიერი სიამოვნების ფორმად – ქუჩაში ერთი ახალგაზრდა კაცი მეორეს ხვდება, ერთმანეთს მზერით აცდუნებენ, ტრაკზე ეცემიან და თხუთმეტ წუთში შორდებიან. ჰომოსექსუალობის ასეთი მკაფიო სურათი უკმაყოფილებას არ იწვევს ორი მიზეზის გამო: შეესაბამება სილამაზის გასაგებ კანონს და იმ ყველაფერს გამორიცხავს, რაც შეიძლება შემაშფოთებელი იყოს სიყვარულში, მეგობრობაში, ამხანაგობაში, ერთგულებაში... ჩვენს სტერილურ საზოგადოებაში ამ ყველაფრისათვის ადგილი ისე ვერ გამოიძებნება, რომ არ გაჩნდეს შიში ახალი ალიანსების ჩამოყალიბებისა, გაუთვალისწინებელი ძალების გაერთიანებისა. ჩემი აზრით, „ჰომოსექსუალობას“ შემაწუხებლად აქცევს ცხოვრების ჰომოსექსუალური სტილი – ბევრად უფრო მეტად, ვიდრე თავად სქესობრივი აქტი. ხალხს არ აწუხებს ისეთი სქესობრივი აქტის წარმოდგენა, რომელიც არც კანონს შეესაბამება და არც ბუნების წესს, მაგრამ როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ – ეს უკვე პრობლემაა. ინსტიტუცია წინააღმდეგობრიობის მახეშია გაბმული, მასში აფექტური ძალები მოძრაობენ და ამავე დროს მასაც ამოძრავებენ, არყევენ. შეხედეთ ჯარს, სადაც კაცებს შორის სიყვარულს განუწყვეტლივ იწვევენ და თან სამარცხვინოდაც მიიჩნევენ. ინსტიტუციური კანონები ვერ დაუშვებს ამ კავშირებს, რომლებიც სხვადასხვაგვარი ინტენსივობით, შეუმჩნეველი მოძრაობებით ხასიათდება, ფერსა და ფორმას იცვლის. ასეთი კავშირები ერთგვარ „მოკლე ჩართვას“ იწვევს – სიყვარული იქ შემოჰყავს, სადაც მხოლოდ კანონი, წესი თუ ჩვევა უნდა იყოს.

ამასწინათ ამბობდით: „შემცირებული სიამოვნების გამოტირებაზე მეტად ის უფრო მაინტერესებს, რისი გაკეთება შეგვიძლია“. აგვიხსენით, რას გულისხმობდით?

ასკეტიზმს, როგორც სიამოვნების უარყოფას, ცუდი კონოტაციები აქვს. ასკეზა კი სხვა რამაა: ეს ის სამუშაოა, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავზე ატარებს, რათა გარდაიქმნას ან ბოლომდე გამოავლინოს საკუთარი თავი, რაც, საბედნიეროდ, მიუღწეველია. შესაძლებელია, დღეს ეს ჩვენი პრობლემა იყოს? ასკეტიზმზე უარი ვთქვით. თუმცა ჩვენი გადასაწყვეტია, ავირჩევთ თუ არა ჰომოსექსუალურ ასკეზას, რომელიც საკუთარ თავზე გვამუშავებს და გამოგვაგონებინებს – არ ვამბობ, რომ აღმოგვაჩენინებს – არსებობის იმგვარ ფორმას, რაც ჯერ კიდევ წარმოუდგენელია.

ეს ნიშნავს, რომ ჰომოსექსუალი ახალგაზრდა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ჰომოსექსუალურ ფანტაზიებთან; რომ მან რაღაც სხვაზე უნდა იმუშაოს?

ჩემი წარმოდგენით, მეტი უნდა ვიმუშაოთ იმაზე, სიამოვნებისადმი ბევრად უფრო დამყოლნი რომ ვიყოთ და ნაკლები – სურვილების გათავისუფლებაზე. თავი უნდა დავაღწიოთ და სხვებსაც დავეხმაროთ, რომ თავი დააღწიონ ორ ფორმულას – მხოლოდ სექსის გამო შეხვედრისას და შეყვარებულების იდენტობების აღრევისას.

შეგვიძლია თუ არა ძლიერი კონსტრუქციული კავშირების პირველი შედეგების დანახვა შეერთებულ შტატებში, ყოველ შემთხვევაში, იმ ქალაქებში, სადაც სქესთან დაკავშირებული პრობლემები ერთგვარად კონტროლდება?

მართალია, შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ არსებობს საფუძველი სქესთან დაკავშირებული პრობლემებისათვის, მაგრამ მეგობრობით დაინტერესებაც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ურთიერთობას მხოლოდ იმის გამო არ იწყებენ, რომ უბრალოდ სექსი უნდათ, რაც ძალიან ადვილი მისაღწევია. თუმცა მეგობრობასთან მიმართებით უკიდურესად განსხვავებული პოზიციები აქვთ. როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ურთიერთობების სისტემა სქესობრივი პრაქტიკის მეშვეობით? შესაძლებელია ჰომოსექსუალური ცხოვრების წესის შექმნა?

ცხოვრების წესის ცნება მნიშვნელოვნად მეჩვენება. მოითხოვს თუ არა ეს დივერსიფიკაციის შემოტანას – ახლებურის, მათგან განსხვავებულის, რომლებიც კლასობრივი, პროფესიული და კულტურული განსხვავებებით განისაზღვრება; დივერსიფიკაციის, რომელიც იქნება ურთიერთობის ფორმაც და „ცხოვრების წესიც“? ცხოვრების წესი შეიძლება სხვადასხვა ასაკის, სტატუსისა და სოციალური აქტივობის მქონე ადამიანებმა გაიზიარონ. შესაძლოა გაჩნდეს ისეთი ინტენსიური კავშირები, რომლებიც არ დაემსგავსება ინსტიტუციონალიზებულს. მეჩვენება, რომ ცხოვრების წესს კულტურისა და ეთიკის გაჩენა შეუძლია. ჩემი აზრით, „გეი“-დ ყოფნა ჰომოსექსუალის ფსიქოლოგიურ თავისებურებებსა და ხილულ ნიღბებთან იდენტიფიკაციას კი არ ნიშნავს, არამედ ცხოვრების წესის განსაზღვრისა და მიყოლის მცდელობას.

განა მითი არ არის, რომ სოციალიზაციის პირველ შედეგებს ვხედავთ სხვადასხვა კლასს, ასაკსა და ქვეყანას შორის?

დიახ, დიდი მითია, რომ აღარ იქნება განსხვავება ჰომო- და ჰეტეროსექსუალობას შორის. მეტიც, ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ჰომოსექსუალობა დღეს პრობლემას წარმოადგენს. სექსუალური თავისუფლებისათვის მებრძოლმა მრავალმა მოძრაობამ აიტაცა ეს იდეა – „იმ საშინელი შეზღუდვებისაგან გათავისუფლება, რომლებიც ტვირთად გვაწევს“. და მაინც, მტკიცება, რომ ჰომოსექსუალობაა, როცა ერთ კაცს მეორე უყვარს – ცხოვრების წესის პოვნის ეს მცდელობა ეწინააღმდეგება 60-იანების სექსუალური თავისუფლებისათვის მებრძოლთა იდეოლოგიას. სწორედ ამ აზრით იძენენ მნიშვნელობას ულვაშიანი „გეი მაჩოები“. გვპასუხობენ: „ნურაფრის გეშინიათ; რაც უფრო თავისუფალი იქნება კაცი, მით უფრო ნაკლებად ეყვარება ქალები, მით უფრო ნაკლებად ჩაეშვება ამ პოლისექსუალობაში, სადაც აღარ არის განსხვავება ორს შორის“. ეს კი სულაც არ არის დიდი სოციალური გაერთიანების შექმნის იდეა.

ჰომოსექსუალობა ისტორიული მიზეზია აფექტური და რელატიური ვირტუალობების აღსადგენად, არა იმდენად ჰომოსექსუალის თანდაყოლილი თავისებურებების საშუალებით, არამედ იმიტომ, რომ მის „გადახრილ“ პოზიციას, დიაგონალურ ხაზებს, რომლებსაც სოციალურ ქსოვილზე ავლებს, როგორღაც დღის შუქზე გამოჰყავს ეს ვირტუალობები.

ქალები შესაძლოა წინააღმდეგნი იყვნენ: რას მოიგებენ კაცები ერთად, რაც ქალისა და კაცის ურთიერთობას, ან ორი ქალის ურთიერთობას შეედრებოდა?

შეერთებულ შტატებში ახლახან გამოვიდა წიგნი ქალების მეგობრობის შესახებ,[1] რომელშიც კარგად არის ნაჩვენები ქალებს შორის გაჩენილი სიყვარული და ვნება. შესავალში ავტორი აცხადებს, რომ ჰომოსექსუალური კავშირების კვლევა სურდა, მაგრამ მიხვდა, რომ ისინი არა მხოლოდ ყოველთვის არ ჩანდა, არამედ უინტერესოც იყო, მათ „ჰომოსექსუალურს“ უწოდებდი თუ ვერა. ურთიერთობის ისეთად მიღებით, როგორადაც სიტყვებსა და ჟესტებში ვლინდებოდა, არსებითი რამ გახდა თვალსაჩინო: არაერთი მძაფრი, კაშკაშა, გასაოცარი თუ ძალიან ბნელი და სევდიანი სიყვარული. წიგნში ნაჩვენებია, რა დიდ როლს თამაშობს ქალის სხეული და რა მნიშვნელობა აქვს შეხებას: ქალები ერთმანეთს თმას ვარცხნიან, სახის მოხატვაში ეხმარებიან, აცმევენ. ქალები სხვა ქალების სხეულებს ეხებიან – ეხვევიან, კოცნიან. კაცის სხეული კი მკაცრად აკრძალულია სხვა კაცებისათვის. ქალების სიახლოვეს ყოველთვის შემწყნარებლურად უყურებდნენ, კაცებისას კი მხოლოდ გარკვეულ პერიოდებში და ისიც მე-19 საუკუნიდან უყურებდნენ არა მხოლოდ შემწყნარებლურად, არამედ აუცილებლადაც მიიჩნევდნენ: მარტივად – ომის დროს.

ასე იყო ტყვეთა ბანაკებშიც. ჯარისკაცები და ახალგაზრდა ოფიცრები თვეებს, წლებსაც კი ატარებდნენ ერთად. პირველი მსოფლიო ომის დროს კაცები ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთზე იწვნენ და ეს მათთვის არც არაფერი იყო, რამდენადაც სიკვდილს ჩაჰყურებდნენ თვალებში; საბოლოოდ ერთმანეთის ერთგულება და მსახურება სიკვდილ-სიცოცხლის თამაშით მართლდებოდა. გარდა რამდენიმე შენიშვნისა მეგობრობაზე, სულიერ ძმობაზე და რამდენიმე მეტად ზედაპირული დაკვირვებისა, რა ვიცით იმდროინდელ ემოციურ მღელვარებებსა და გრძნობების ქარიშხლებზე? საკვირველიც კია, აბსურდულ და გროტესკულ ომებსა და ჯოჯოხეთურ ხოცვა-ჟლეტაში როგორ ახერხებდნენ კაცები ერთად ყოფნას. უდავოდ რაღაც ემოციური ქსელის მეშვეობით. იმას არ ვგულისხმობ, რომ რადგან შეყვარებულები იყვნენ, ამიტომ აგრძელებდნენ ბრძოლას; მაგრამ ღირსება, გამბედაობა, სახის შენარჩუნება, თავგანწირვა, სანგრის დატოვება კაპიტანთან ერთად – ყველაფერი ინტენსიურ ემოციურ კავშირს გულისხმობდა. ვერ ვიტყვით: „აჰ, ჰომოსექსუალობაც ეს არის!“ მძულს ამგვარი მსჯელობა. მაგრამ ეს უდავოდ ერთ-ერთი პირობაა – ერთადერთი თუ არა – რაც ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში აძლებინებდათ, როდესაც კვირების განმავლობაში გვამებს შორის, ტალახსა და სიბინძურეში გორაობდნენ, შიმშილისაგან კუჭი უხმებოდათ და შეტევის დილას თვრებოდნენ.

საბოლოოდ ვიტყოდი, რომ ისეთმა კარგად მოფიქრებულმა და ნებაყოფლობითმა წამოწყებამ, როგორიც ჟურნალია, შესაძლებელი უნდა გახადოს ჰომოსექსუალური კულტურა, ანუ ინსტრუმენტები პოლიმორფული, სხვადასხვაგვარი და ინდივიდუალურად მოდულირებული კავშირებისათვის. თუმცა პროგრამის შექმნის იდეა საშიშია. როგორც კი პროგრამა ჩნდება, კანონად იქცევა და იწყება გამონაგონის აკრძალვა. არადა, სწორედ გამომგონებლობა გვჭირდება, რომელიც მოერგება ჩვენს სიტუაციას, ამ გრძნობებს, ამ მოთხოვნილებას, რასაც ამერიკელები „ქამინგაუთს“ უძახიან, ანუ საკუთარი თავის ჩვენებას. პროგრამა სრულიად ღია უნდა იყოს. საფუძვლიანად უნდა გამოვიკვლიოთ, როგორ იყო ყველაფერი ისტორიულ პირობითობას დაქვემდებარებული, ამა თუ იმ მიზეზით გასაგები, თუმცა არა ყოველთვის. იმას, რაც გასაგებია, სიცარიელის ფონზე უნდა შევხედოთ და მისი აუცილებლობა უარვყოთ. უნდა ვიფიქროთ, რომ რაც არსებობს, შორსაა ყველა შესაძლო სივრცის შევსებისაგან. გარდაუვალ გამოწვევად ვაქციოთ შეკითხვა: რა შეიძლება ვითამაშოთ?

 ________________________
[1] ლილიან ფედერმენი, „კაცების სიყვარულზე ბევრად მეტი“ (1980).
ნამუშევრების ავტორი: გიორგი კარტოზია
ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ