გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

როცა ყველაფრის დაყრა და გაქცევა შეგიძლია | ინტერვიუ ნესტან ნენე კვინიკაძესთან

მინდა ინტერვიუ რომანის სათაურის განხილვით დავიწყოთ: 38,44. რა სემანტიკური დატვირთვა აქვს სათაურში არსებულ რიცხვებს და როგორ უკავშირდებიან ისინი რომანის ფაბულას?

ერთი მხრივ, მინდოდა სათაურში რაღაც სასაცილო თუ არა, ღიმილის მომგვრელი მაინც ყოფილიყო. სწორედ სემანტიკური ასოციაცია გამოეწვია და ბოლოს, ფეხსაცმლის ზომა შერჩენოდა მკითხველს. თუმცა, ცხადია, სხვა სარჩულიცაა. ჩვენი და არამხოლოდ ჩვენი ისტორია, ერთგვარი ნომრების და ციფრების ისტორიაცაა: პირადი ნომრები, საცხოვრებელი მისამართები, დანომრილი სიკვდილმისჯილები თუ დათვლილი დემონსტრანტები.

ამ რომანის პერსონაჟებს გამუდმებით უთვალთვალებენ და მათ შესახებ ყველაფერი იციან, მათ შორის ზომებიც. 38, 44 ფეხის ზომას გულისხმობს. ასევე, ეხმიანება ერთ მთავარ სცენას, როდესაც ქალაქის მთავარ მოედანზე დარბეული ათასობით დემონსტრანტი ფეხსაცმელს კარგავს.

წიგნი ძალიან საინტერესო პასაჟით იწყება: უსახელო ე-ს შემთხვევით, რომელიც საკუთარ ქორწილში, ტუალეტში ჩავარდა და ჩაიხრჩო. ე-ს ამბავი ლაიმოტივად გასდევს რომანს. რამდენად მეტაფორულია მავანი ე-ს შემთხვევა და როგორ ეხმიანება იგი რომანის მთავარ თემას?

38, 44 ცოცხლების და მკვდრების ამბებია… მგონი, მაინტერესებდა საშინელების სასაცილოდ მოყოლას თუ შევძლებდი და ასევე, დამაჯერებელი იქნებოდა თუ არა მკვდარი ე.-ს არსებობა ცოცხლებში. ეს ერთგვარი საიდუმლოა ტექსტში.

„რომეო და ჯულიეტა“ 13 წლისამ წავიკითხე და ცეცხლი მომეკიდა. სიყვარული და სიკვდილი ისე ახლოს იყო ერთმანეთთან... თანაბრად განვიცადე შიშიც და სიხარულიც. ასეთი შეჯახებები საიდუმლოს აჩენს.

მიყვარს წიგნები, რომლებსაც, ადამიანების მსგავსად, საიდუმლო აქვთ. არ ვიცი, აქ ეს თუ გამოვიდა.

ე. ჩვენზე ადევნებული რაღაც აუხდენელი, იმედგაცრუების თუ დაკარგვის შიშის სიმბოლოა, თუ მაინც და მაინც სიმბოლოს ვეძებთ.

რომანი საქართველოს უახლესი ისტორიის ძალზე მნიშვნელოვან მოვლენებზე და მასში მონაწილე ახალგაზრდებზე მოგვითხრობს. დისიდენტი ლექსო, მაიას გაცნობისას იტყვის, რომ მისი თამაშში ჩართვა სურს. დასასრულს, ისევ ჩნდება ფრაზა, რომ „თამაშში მონაწილეობა აღარ უნდათ. დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლა რომანის გმირებისთვის გააზრებული ქმედებაა თუ უბრალო ბავშვური თამაშია?

რის გამო ერთიანდებიან ადამიანები და რის გამო შორდებიან ერთმანეთს? საერთოდ, რაციონალურია თუ არა ეს არჩევანი, არ ვიცით. ძალიან ჭკვიანი ადამიანები იკვლევდნენ ამას. ჩვენ რაც ვიცით, ალბათ, ესაა პირადი გამოცდილება – რა იყო მიზიდულობის ძალა, რის გამოც ასე სერიოზულად აღვიქვით თამაში? ღირებულებები თუ აუხსნელი ლტოლვა, სურნელით და სხვა ნაწილაკებით დამუხტული. რთული ამბავია.

მთავარი გმირების შესახებ დანამდვილებით ის ვიცით, რომ 1990-იანი წლების მიწურულის და 2000-იანი წლების დასაწყისის თბილისში ცხოვრობენ. ლექსო კინომცოდნეობას სწავლობს, მაია – სტომატოლოგიას. ლექსო „დისიდენტობანას” თამაშობს. მაია – ფულის საჭიროების გამო მიცვალებულ ქალებს მაკიაჟს უკეთებს. ლექსოს წარმოსახვით სამყაროში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება; ძლიერდება დევნილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და იწყება ბრძოლა. მაია, მკვდრებთან შეხების შიშის დასაძლევად, მკვდრების ისტორიებს თხზავს. ასე იქმნება მკერავი ჯუჯა ქალის პორტრეტი; ქუთაისელი კანონიერი ქურდის ცოლის ამბავი; ყოფილი პატიმარი ქალის ისტორია და კიდევ ბევრი სხვა.

მაია ლექსოს თამაშში აღმოჩნდება. ერთმანეთის პარალელურად მივყვებით ორ ხაზს, – რეალურს, სადაც სტუდენტები თამბაქოს გამონაბოლქვში ფილმებს უყურებენ, ერთმანეთის სხეულებს შეიცნობენ, სექსუალობას იკვლევენ, ბიშკეკში მკურნალობის ტრავმების შესახებ ამბებს ისმენენ, საქართველოს მოსახლეობის კბილების სიჯანსაღის მდგომარეობას აჯამებენ. მშობლებს და ბებიებს უვლიან.

მეორე ხაზი „დისიდენტობანას” თამაშია. პროკლამაციების გავრცელების გეგმა, ადევნებები და დაპატიმრებები, ცნობები ფსიქიატრიული საავადმყოფოების შესახებ. ჩხრეკა, დაჭერები. მრავალრიცხოვანი მიტინგი და სისხლისღვრა.

რა უნდათ ამ შეშლილებს თუ შეყვარებულებს, ვერ გაგვიგია. თან მკვდრების წამოყენებას ცდილობენ, უფრო ზუსტად კი ისტორიასთან მისვლას და მის შეცვლას. ხან საკუთარ თავს ცვლიან. შეცვლის მცდელობებია. ამ დაძაბულობის ველში არიან.

დაწვრილებით

ამბავს ორი მთხრობელი ჰყავს. ორივე ტრაგედიის გმირია, თუმცა განსხვავებული არჩევანით. ლექსო „თამაშშიდარჩენას ირჩევს, მაია კი მიდის. რა უფრო დიდი ტრაგედიაა ამ კონტექსტში, წასვლა თუ დარჩენა?

რაღაც დროს წარმოსახვის და სინამდვილის სინთეზი ძალიან ინტენსიური ხდება. რომელი რომელია, თავად ვეღარ არჩევენ. ჩემთვის სინამდვილეც და წარმოსახვითი სამყაროც ვეებერთელა, წამლეკავი წყლის რეზერვუარებია. ორივე განადგურებით ემუქრება იქვე მოთამაშე ადამიანებს.

საბოლოოდ, ვიღაცას ბეზრდება ასე ცხოვრება, ვიღაც კიდევ ახალ თავგადასავალში შედის. ფინალში რა ხდება? ახლა, მაია უბიძგებს ლექსოს ახალი თამაშისკენ, – მიდი, დაეხმარეო, – ტროტუარზე ჩამომჯდარ მტირალ ბიჭზე ანიშნებს. ნაცნობი ალუზიაა. აქაც მინდოდა მკითხველს გაცინებოდა.

ორი მთხრობლის მიერ გადმოცემულ ამბებში მთელი საზოგადოების სახე ირეკლება. როგორია ამ საზოგადოების პრობლემატიკა და მათი დამოკიდებულება რეალობის მიმართ?

ცხადია, წარმოსახვის და სინამდვილის ციმციმია მთელი რომანი, მაგრამ კარგად ნაცნობი, ისტორიული ამბებით და სახეებითაა გამოკვებილი. ამბები 1996 წლიდან ვარდების რევოლუციამდე. ამბები 1930 წლიდან – 1989 წლამდე. გამოყენებული და დამუშავებულია სხვადასხვა საარქივო მასალა. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტები. 9 აპრილის ღამე რეკონსტრუირებულია ზურაბ ჭავჭავაძის ჩვენებიდან.

რაც საკუთარ თავგადასავალში მეგულებოდა, შორს არ მიძებნია. ჩვენ რომ სტუდენტები გავხდით, რეალურად, ომებიდან 3-4 წელი იყო გასული. ტკივილი. სიღარიბე. ბუნდოვანება. დარღვეული მთლიანობა და გაუგემურებული ყოფა.

როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა დედები, მაშინ ისინი იძულებულები იყვნენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ წასულიყვნენ (ლექსოს მშობლების ამის გამო მიდიან). ეს ის დროა, ჩვენს ქვეყანაში, ახალგაზრდა ქვრივმა ქალებმა მძიმე წლები და დღეები რომ გადაიტანეს, სარკეში ჩაიხედეს და აღმოაჩინეს, კბილები გაფუჭებიათ და ამ კბილების გაკეთება ძალიან რთული და ძვირია. ამიტომ, მარტივად, აღარ იღიმოდნენ. ეს იყო რეალობა.

არადა, იმავე დროს ჩვენი ამბიციები და დიდი იმედები დუღდა. რაღაც სხვა გვინდოდა, ვიდრე მოცემულობა იყო. ასეთ დროს თუ არ ითამაშებდი, აუცილებლად დამარცხდებოდი ტოტალურ სიღარიბეში.

მოგონილ სამყაროში კომფორტი იყო. რადგან ამ მოგონილ სამყაროს კინო და წიგნები კვებავდა, ეს იყო ჩვენი თოფ-წამალი. ეს იყო ჩვენი სადაზღვევო ბარათები. ერთმანეთის ტანისამოსში, ნავთის ლამფის შუქზე გაკეთებული მაკიაჟით და სხვისი სიგარეტით, მაინც ძალიან მოგვწონდა ერთმანეთი. თუმცა, მეორე მხრივ, ეს სამყარო საერთოდაც არ ყოფილა მოგონილი. ნამდვილად იყო.

როდის და როგორ გაჩნდა იდეა 9 აპრილის ტრაგედიაზე რომანის დაწერის შესახებ?

არ ვფიქრობ, რომ რომანი 9 აპრილის ტრაგედიაზეა. ეს ერთი, მნიშვნელოვანი ეპიზოდია. თუმცა, დისიდენტობანა, ცხადია, მთავარი თამაშია.

მეტწილად ესაა ახალგაზრდების მოგზაურობა საკუთარ თავშიც და სამშობლოშიც. ერთმანეთის ტერიტორიების თუ სხეულების ხშირი გადაკვეთა.

ინტენსიური ინგრედიენტებია გამოყენებული და ამიტომაც, კარგია თუ ცუდი, – ვულგარული ტექსტია. თეატრალიზებული სცენები, განათებაც პრეტენზიული. სწრაფად იცვლება ეპიზოდები, მძიმე ამბავს მოულოდნელი და სასაცილო დასასრული აქვს. ან პირიქით, ზოგჯერ დაუსრულებლობის განცდა გაქვს.

ესაა რომანი, რომლითაც, სავარაუდოდ, დასრულდება თინეიჯერის, მოზარდის კვლევა ჩემს ლაბორატორიაში.

არამხოლოდ რომანებში (ისპაჰანის ბულბულები, იაგუარების ტექნო), მოთხრობებშიც, გოგონა და ქალბატონის სერიაში, განცხადება ბაჭიების თაობაზე და ბევრ სხვა ტექსტში, ყველგან, რაღაცას ამტკიცებდა, იმიტირებდა და იკვლევდა მოზარდი, ან, 27 წლამდე მეტწილად გოგო ან ბიჭი. ახლა ასე ვფიქრობ, რომ ჩემი “ბავშვური მე” აქ სრულდება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აღარ მოვაკითხავ მათ. არის რაღაც საშინლად საინტერესო ამ ასაკში და დროში, – როცა ყველაფრის დაყრა და გაქცევა შეგიძლია, როცა შეშლილობა და სიყვარული ასეა გამოხატული.

დაწვრილებით


რა იყო ყველაზე დიდი სირთულე რომანზე მუშაობის პროცესში?

მთავარი სირთულე ყოველთვის დროა. დროის მოხელთება. როგორღაც დაეხსნა ბავშვების ხმაურს და საქმეზე კონცენტრირდე. ასევე რთულია შეგუება იმ აზრთან, რომ არქივში მოძიებული და დამუშავებული მასალის 90 პროცენტი არ გჭირდება. რომ თურმე, მაგალითად, ორასი გვერდიდან მხოლოდ ეს ორი სიტყვა გამოგადგება – “ბრძოლა თამბაქოსთვის”. რთულია ღამით. ასე, 5 საათისკენ გეღვიძება; ერთმა სიტყვამ გაგაღვიძა, რომელსაც ან აღარ უნდა ტექსტში ყოფნა, ან პირიქით. ჩემთვის ესაა სირთულე. წერის პროცესში პირიქით, ყველაზე დიდი სიხარული მოდის. სერფინგივითაა. იცი, რომ საფრთხე ჩასაფრებულია, მაგრამ სიამოვნებისაგან ამ განცდაზე უარს ვერ ამბობ. შიში გავიწყდება.

ბოლოს იმ აზრსაც ეგუები, რომ წიგნი მალე შენგან დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებს. დროსთან ერთად ბევრი რამ შეიცვლება.

ტექსტები, მართლაც ძალიან ჰგვანან მცენარეებს, რომლებმაც შეიძლება სახე იცვალონ, გაიზარდონ ან პირიქით – გახმნენ. ერთი ტოტი გადაიხაროს და სხვა მცენარეს გადაეხვიოს. ვინ იცის რა იქნება?

 

ესაუბრა ქეთი გახოკია
მომზადებულია გამომცემლობა "ინტელექტთან" თანამშრომლობით

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა