გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ინტერვიუ გაბრიელ ტანიესთან | "მთავარი ის კი არ არის, რა შექმენი, არამედ ის, რა გაბედე“



გაბრიელ ტანიე სოსო გაჩავას ლიტერატურული ფსევდონიმია. მისი სადებიუტო რომანი „ქანაანის შვილები“ 2017 წელს გამოქვეყნდა და გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. მისი მეორე რომანი „ანგელოზთა საკითხავი“ კი მკითხველმა 2021 წელს იხილა.

 „ანგელოზთა საკითხავი“ რწმენაზე, სამართლიანობასა და ეკლესიის შიგნით არსებულ მტკივნეულ პრობლემატიკაზე დაწერილი რომანია. თუმცა, მწერალი რომანში გაშლილ თემებზე ცინიკოსის პოზიციიდან არ წერს. მისი პერსპექტივა, როგორც თავადაც ამბობს, გულგახეთქილი კაცის პერსპექტივაა.

მწერალი, ერთგვარად, ბეწვის ხიდზე გადის და წიგნის ბედს მკითხველს ანდობს.

ინტერვიუ რომანის შექმნის ისტორიაზე გვიამბობს და და ქართული ეკლესიის ირგვლივ დასმულ არაერთ საინტერესო საკითხს პასუხობს.

ანგელოზთა საკითხავი

ინტერვიუ ჩაწერა ქეთევან გახოკიამ


მინდა ინტერვიუ თქვენს ლიტერატურულ ფსევდონიმზე საუბრით დავიწყოთ. როდის და როგორ იქცა სოსო გაჩავა გაბრიელ ტანიედ?

გ.ტ. ეს წლების წინ მოხდა. მაშინ ხევსურეთში ვცხოვრობდი. შეიძლება იცით კიდეც, ხევსურეთში ერთი ულამაზესი ხეობა არსებობს, რომელსაც ტანიეს უწოდებენ. იქვე ამავე სახელწოდების ტბაცაა.  დათო ტურაშვილი ძალიან ხშირად ამბობს, რომ ტანიეს ტბას გულის ფორმა აქვს. მე თუ მკითხავთ, მკვეთრად გამოხატული ფორმა ნამდვილად არ აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სულიერი არსება მასში რაღაც განსაკუთრებულს აუცილებლად დაინახავს.

ძალიან მიყვარს ეს ტბა და ხეობა. თავისებური იდუმალების მატარებელია და ყოველთვის მგონია, რომ  ჩურჩულებს. 

ფსევდონიმიც მისი სიყვარულით ავიღე. მაგრამ მოგვიანებით დავფიქრდი და მივხვდი, რომ ძალიან ფრანგულად ჟღერდა და საკუთარ თავზე გავბრაზდი.  თუმცა, მაინც არ შემიცვლია.

ვიცი, რომ ხევსურეთში 7 წლის განმავლობაში ცხოვრობდით. რა გასწავლათ ხევსურეთში ყოფნამ?

გ.ტ. სიმართლე გითხრათ, აქამდე ამაზე არ მიფიქრია. ალბათ იმიტომ, რომ ეს კითხვა არასდროს დაუსვამთ.

ვფიქრობ სიყვარული და სიმართლე მასწავლა, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე, როგორც წესი, მრავალწახნაგოვანია. საქმისა და ადამიანების მიმართ თავდადება და ერთგულებაც ხევსურეთმა მასწავლა.

ახლა ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ხევსურეთის მონაპოვარია. სრულიად სხვა ადამიანი ჩავედი და განსხვავებული დავბრუნდი. 

წერა ხევსურეთში ყოფნის დროს დაიწყეთ?  „ქანაანის შვილები“ თქვენი პირველი ნაწარმოები იყო თუ მანამდეც გიცდიათ ბედი? 


გ.ტ.  კი, ხევსურეთში დავიწყე. ისე მოხდა, რომ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა და აქტიურ მკითხველად ვიქეცი.

რამდენიმე მწერალი, მათ შორის გაბრიელ გარსია მარკესი და მარიოს ვარგას ლიოსა განსაკუთრებულად მიყვარს. მათთან ერთად, იმ პერიოდში, ხელში დათო ტურაშვილის წიგნებიც ჩამივარდა. მათ შორის „ამერიკული ზღაპრები“. წერისკენ სწორედ ამ წიგნმა მიბიძგა.

თუმცა, ჩემი პირველი ნაწარმოები „ქანაანის შვილები“ არ ყოფილა. ამ რომანამდე ერთი წლით ადრე ძალიან პატარა მოთხრობა დავწერე, რომელსაც ასეთი სათაური შევურჩიე: „სენიორ ესტებანი სახლში ბრუნდება.“ 

ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ წერა მყიფე ქსოვილს ჰგავს და მტვრის პატარა ნაწილაკსაც ვერ იტანს. რას გულისხმობდით?


გ.ტ.  სულ მინდოდა ამ თემაზე საუბარი. ძალიან ხშირად მეგობრებსაც ვეუბნები, რომ ის, რაც წერისთვის გვჭირდება, შინაგანი თავისუფლებაა. თუ შინაგანად თავისუფალი არ ხარ, წერას ვერ შეძლებ. წერის პროცესი სულ მცირე ნეგატივსაც არ გპატიობს. წერას მაშინ იწყებ, როცა შინაგანად თავისუფლდები. „ქანაანის შვილები“ ასეთი მდგომარეობით დაწერილი წიგნია. სულ ვხუმრობ ხოლმე, რომ იმ პერიოდში გასხივოსნებული ვიყავი. გონებაში ერთი ცუდი აზრიც კი არ მიტივტივებდა.

თუმცა, „ქანაანზე“ მუშაობას სხვა არაერთი უსიამოვნება ახლდა. საკმაოდ კომპლექსიანი ადამიანი ვარ. ამიტომ როცა ვწერდი, ნაწერს მუდმივად ვანადგურებდი - ვწვავდი ან ვხევდი. ერთ დღეს, „ქანაანის“ დამთავრებული ხელნაწერი რომის ერთ-ერთ სასტუმროში დავტოვე. მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე და წერა ისევ თავიდან დავიწყე. 

ვფიქრობ, რომ წერის პროცესში, შინაგანად, ყველა ამ კომპლექსისგან, ყველა უარყოფითი ემოციისგან უნდა განთავისუფლდე. თუმცა, „ანგელოზთა საკითხავზე“ მუშაობის პროცესში პირიქით მოხდა.

 „ანგელოზთა საკითხავზე“ მინდა გკითხოთ: რა იყო ყველაზე დიდი სირთულე ამ რომანზე მუშაობის პროცესში? ტექსტში იგრძნობა, რომ მუდმივად არჩევანის წინაშე დგახართ


გ.ტ.  ყველა დღე, რომანის დაწყებიდან დასასრულამდე, პირველი დღიდან ბოლო დღემდე, სრული ჯოჯოხეთი იყო. გოლგოთა გავიარე. ვისაც ეს წიგნი წაუკითხავს, აუცილებლად მიხვდება, რომ მთელი ნაწარმოები - ამბით, თემებით, მოტივებით - ბეწვის ხიდზე გავლაა, მუდმივი არჩევანია დათმობასა და გადმოცემას შორის. გამუდმებით ვფიქრობდი, კომპრომისი სად უნდა დამეშვა და მკითხველთან რა უნდა მიმეტანა. მაგრამ, წერის დროს, ყოველთვის მახსოვდა ერთადერთი შეგონება: თუ მწერალი ხარ, მართალი უნდა იყო. არ დაგიმალავთ, საკუთარ თავთან მუდმივი ბრძოლა მქონდა და ეს წიგნიც ამ  ბრძოლის შედეგია.

ია ანთაძესთან ინტერვიუში თქვით, რომ ძალიან მორცხვი ადამიანი ხართ და გშურთ მათი, ვისაც დაუბრკოლებლად შეუძლია წერა და ფიქრი. „ანგელოზთა საკითხავი“ საკმაოდ თამამი წიგნია. სიმართლის მოტანა იყო ის მოტივი, რამაც მწერლის სიმორცხვე დაგაძლევინათ?

გ.ტ.  ამ შემთხვევაში, მიზეზი მხოლოდ სიმართლის გადმოცემა არ ყოფილა. წიგნი, ლიტერატურისა და წერის სიყვარულმა დამაწერინა. მაგრამ სიმართლის თქმაც  არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. ძალიან მიყვარს და მინდა აქაც ვახსენო მაილზ დეივისის სიტყვები: მთავარი ის კი არ არის რა შექმენი, არამედ ის, რა გაბედე. ეს ფრაზა „ანგელოზთა საკითხავზე“ მუშაობის დროს შუბლზე მეწერა.

მუშაობის პროცესში ძალიან დამეხმარა სალმან რუშდის “ჯოზეფ ანტონი, მემუარები“. დილის რუტინა მქონდა: კაფეში ვჯდებოდი, რუშდის რამდენიმე გვერდს ვკითხულობდი და შემდეგ რომანის წერას ვაგრძელებდი.  აქაც იგივე მაგიას ვგრძნობდი, რასაც „ქანაანის შვილებზე“ მუშაობის დროს. თუმცა, ძალიან დიდხანს მომიწია საკუთარ თავთან ბრძოლა. „ანგელოზთა საკითხავი“ ოპერაციას ჰგავდა. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სარკომა მოვიშორე და განვთავისუფლდი. 

როგორ დაძლიეთ საკუთარ თავთან წინააღმდეგობა?


გ.ტ. ისევ მაგიას ვაბრალებ. სხვაგვარად ვერ ვხსნი. ხშირად, როცა რომანის ფაბულა წერისკენ მიბიძგებდა, საკუთარ თავს ვეუბნებოდი:  „არა, არა, შეწყვიტე! ამ თემაზე წერა არ მინდა, მე მასზე ფიქრიც კი არ მინდა.’’ ეს იმპულსები ბოლო პერიოდში ძალიან გამიმძაფრდა. ამიტომ ბოლოს ჩემს შინაგან ხმას დავემორჩილე და წერა დავიწყე.
თავად ფაბულას გონებაში საკმაოდ დიდხანს ვამუშავებდი, ვფიქრობდი და ვხვეწდი. მაგრამ წიგნი დაახლოებით ორთვენახევარში, მადრიდში ყოფნის დროს დავწერე.

საკუთარ თავთან წინააღმდეგობა რამდენ ხანს გაგრძელდა?


გ.ტ.  დაახლოებით ოთხი წელი. ახლაც იმდენად ცუდად მახსენდება წერის პერიოდი, რომ ზოგჯერ წიგნსაც ვერ ვუყურებ.
არ დაგიმალავ, ხალხის გავლენის ქვეშაც მოვექეცი. როგორც აღმოჩნდა, მკითხველი ბოლო აბზაცით მსჯელობს მთელ ნაწარმოებზე. ზოგჯერ მგონია, რომ ვერ გაიგეს და სრულიად სხვა რამ დაინახეს. 

ფიქრობთ, რომ მკითხველმა „ანგელოზთა საკითხავი“ ვერ მიიღო?


გ.ტ.  ზოგმა მიიღო და მათგან ძალიან კარგი შეფასებები და წერილები მივიღე, ზოგი კი პირიქით, ძალიან გაბრაზდა. ჩემი რამდენიმე მეგობარი მხოლოდ იმის გამო გამინაწყენდა, რომ პატრიარქი ზედმეტად კარგ პერსონაჟად დავხატე.
ჩვენში შუალედური დამოკიდებულება და პოზიცია არ არსებობს. ერთნი იმის გამო მერჩიან, რაც დავწერე, მეორენი კი პატრიარქის დანდობას არ მპატიობენ. 

მაგრამ როცა თავად წიგნისა და მისი ლიტერატურული ღირებულების შესახებ ვსვამ კითხვას, მპასუხობენ, რომ  ნაწარმოები შესანიშნავად იკითხება. ალბათ შეამჩნევდით, რომანში ლიტერატურული წიაღსვლები არ არის, რადგან როცა ისეთ თემაზე წერ და მსჯელობ, როგორიც რწმენა ან იარაღად ქცეული რელიგიაა, ლიტერატურული კეკლუცობა რთული და თითქმის შეუძლებელია.

მინდა რომანის სიუჟეტზე გკითხოთ. ორ პარალელურ ხაზს ავითარებთ: პირველი ლაზარეს ხაზია და იგი საპატრიარქოს მოვლენებთან და გახმაურებული საქმის ჩანაწერებთან იკვეთება. მეორე კი ხუდიას ხაზია, რომელიც მარნეულში მცხოვრები ქართველებისა და ეთნიკური უმცირესობების - მუსულმანების თანაცხოვრების ამბებს გვიყვება. თემატურად, როგორ იკვრება რომანის ორი ხაზი?

გ.ტ.  სიუჟეტი სიყვარულის ნაკლებობითა და იარაღად ქცეული რელიგიით იკვრება. წიგნი თითქოს მკითხველისადმი მიმართული ჩემი ხვეწნა-მუდარაა: ნუ გააკეთებთ ამას.
ყველა ადამიანი ღვთის შვილია. ქრისტიანობის არსი ჩვენ ძალიან არასწორად და დამახინჯებულად გვასწავლეს. თავის დროზე მეუბნებოდნენ, რომ სამოთხეში მხოლოდ ის ადამიანები მოხვდებოდნენ, ვინც ქართველები და ამავდროულად მართლმადიდებლები იყვნენ. ამის კარგა ხნის განმავლობაში მჯეროდა.

ამგვარი სწავლებისადმი ჩემი დამოკიდებულება მოგვიანებით, პარიზში ყოფნის დროს, შეიცვალა.  მაშინ ლუქსემბურგის ბაღთან ვცხოვრობდი. ჩემი პირველი მოთხრობაც სწორედ აქ დავწერე. ბაღში მოსეირნე ადამიანებს ხშირად ვაკვირდებოდი.  ერთ დღეს, ერთი მოხუცი ქალბატონი გავიცანი, რომელიც ბაღში ყოველდღე საკუთარ ძაღლთან ერთად სეირნობდა. იისფერი თმები ჰქონდა. მაშინ პირველად დავფიქრდი: რატომ უნდა მოხვდეს ეს ქალბატონი ჯოჯოხეთში, მე კი სამოთხეში? შინაგანად ვიგრძენი, რომ იგი ჩემზე ბევრად უცოდველი და კეთილი ადამიანი იყო.

თქვენი აზრით, მთავარი პრობლემა სწავლებაშია? თუ იმაში, რომ ძიება თავად შევწყვიტეთ?


გ.ტ.  ვფიქრობ, პირველი პრობლემა გაუნათლებლობაა, მეორე კი სიყვარულის ნაკლებობა. და თუ ამ თემას გავშლით, აუცილებლად მივალთ დასკვნამდე, რომ ამ ამბავში ლომის წვლილი რუსულ ეკლესიასა და მის გავლენას მიუძღვის. ხევსურეთში ყოფნის დროს, დიდთოვლობის პერიოდში, საკუთარ ოთახში ვიკეტებოდი და რუსი წმინდა მამების მოძღვრებას ვკითხულობდი.  ამან ძალიან დამაზიანა. მე-17 საუკუნიდან დღემდე, რუსი წმინდა მამების მთელი მოძღვრება ერთადერთ სწავლებაზეა აგებული - რომ შენ ადამიანი, პიროვნება, ინდივიდი არ ხარ. შენ მხოლოდ მატლი ხარ ღვთის თვალში და ყველაფერი, რასაც გასწავლიან, მოცემულობად უნდა მიიღო.

მოგვიანებით, როცა კვლევა დავიწყე, ერთი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. წმინდა მამები, რომელთა სწავლებასაც ვკითხულობდი, ყოველთვის იმპერატორის კართან დაახლოებული პირები იყვნენ. რუსული ეკლესია რუსული შოვინისტური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. მათი სწავლებაც ხალხის დასაბეჩავებლადაა მიმართული. დაბეჩავებული ხალხის მართვა გაცილებით მარტივია.  დაზომბირებული მრევლია საჭირო. ეს ყველაფერი კი დღემდე გრძელდება.

ქართველი სამღვდელოებაც მათი გავლენის ქვეშ მოექცა. მათი სწავლება პირდაპირ გადმოიღეს და მოირგეს.  ქრისტესთან და ქრისტიანობასთან არაფერი აქვთ საერთო. დაივიწყეს, რომ ქრისტიანობის მთავარი ღერძი თავმდაბლობა და უბრალოებაა.

გახსოვთ სტივენ სპილბერგის ფილმის „ინდიანა ჯონსის“ უკანასკნელი სცენა?  პერსონაჟებმა, რომლებიც ოქროს გრაალს ეძებენ, შესანიშნავად იციან ქრისტიანობის არსი. ფინალურ სცენაში, რამდენიმე ბარძიმს შორის, გმირი ყველაზე უბრალოს ირჩევს, რადგან ქრისტე თავმდაბლობა და უბრალოებაა.
ის, რაც რუსულ და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხდება, ყველა იარაღზე, ყველა ნარკოტიკზე ვერაგი შტამია.
თუმცა, რომანში, ამ თემებზე, ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან არ ვწერ.

და რომელი პოზიციიდან წერთ?

გ.ტ.  გულგახეთქილი კაცის პოზიციიდან. ჩემი წიგნი არც სარკასტულია და არც ირონიული. რეალობასა და ადამიანის ტკივილზე ვწერ.

მინდა რომანში აღწერილი ქართული სამღვდელოების თემას დავუბრუნდეთ. როგორია ქართული ეკლესია, რომელსაც აღწერთ?

გ.ტ.  თუ ქრისტიანობაზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ ის, რაც ჩვენში ქრისტიანობის სახით არსებობს, ქრისტიანობა არ არის.

ქართულ ეკლესიას პირდაპირ აქვს გადმოღებული ფარისევლობის დოგმატიკა. ფარისევლობა ახლა გახდა სალანძღავი სიტყვა. სინამდვილეში კი, ადრე, სერიოზული რელიგიური გაერთიანება იყო. ფარისევლები კვირაში ოთხჯერ მარხულობდნენ და მთელ დღეებს ლოცვაში ატარებდნენ.

მაგრამ, მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, თავად სახარებაა. იესო ყველას ყველაფერს პატიობს, მაგრამ ფარისევლებს ეუბნება: „ნაშობნო იქედნეთანო, განმეშორენით.“

რუსებს პირდაპირ აქვთ გადმოღებული ფარისევლობა. მათთვის უბრალოება უცხო და გაუგებარია. არ იციან, რომ ქრისტიანობა, ქრისტეს უღელი ტკბილია და მართლმადიდებლობაზე მშვიდობიანი რელიგია არ არსებობს. უპირობოდ გთავაზობს სიყვარულსა და თავმდაბლობას. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია მართლმადიდებლობამდე. ჩვენთვის ქრისტიანობა მომავლის რელიგიაა. ერთი და ორი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს.

რამდენიმე წლის წინ, რუსეთში ასეთი ამბავი მოხდა: რუსულმა ეკლესიამ 30 ადამიანი წმინდანად შერაცხა და მათი კანონიზაცია გამოაცხადა. ახალმოწამე წმინდანები იყვნენ. მაგრამ მოგვიანებით, ვიღაც ამ ადამიანების ბიოგრაფიით დაინტერესდა, მათ ცხოვრების ისტორიას მისდია და აღმოაჩინა, რომ ოცდაათივე მათგანი ჩეკას აგენტები იყვნენ. სინოდი იძულებული გახდა, რომ განკანონიზაცია დაეშვა. ასეთ აბსურდში ვცხოვრობთ.
თუმცა, მათზე არ ვბრაზდები. ეს რუსული ეკლესიის საქმეა. მე ქართულ სამღვდელოებაზე ვბრაზობ, რომელთა გამო ადამიანები ტაძარში აღარ დადიან.

ეკლესიის შიგნით არსებული მთელი ის პრობლემატიკა, რაც რომანშია აღწერილი, მხოლოდ იმის შედეგია, რომ  რუსული ეკლესიის გავლენის ქვეშ მოვექეცით?


გ.ტ.  კი, მე ასე მგონია. ეს იმის შედეგია, რაც რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ჩვენთან საუკუნე-ნახევრის წინ დაიწყო.

რუსებს, სხვათა შორის, ძალიან მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული ბეჭდვითი დეპარტამენტი. მათი მაღაზია თბილისშიცაა, პლეხანოვის ქუჩაზე. ძალიან ხარისხიანი წიგნები აქვთ და ადრე მეც ბევრს ვყიდულობდი და ვკითხულობდი. ძალიან მიყვარდა ერთი რუსი წმინდანი, მაგრამ მოგვიანებით მის სწავლებაში აღმოვაჩინე, რომ იგი კავკასიელებს ადამიანებად არ თვლიდა.

ჩვენ კი რუსული ეკლესიის ამ პოლიტიკას, საპასუხოდ, ვერაფერი დავუპირისპირეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდვითი დეპარტამენტი ჩვენც გვაქვს, იგი მამა გაბრიელის ცხოვრების გარდა არაფერს ბეჭდავს.
არადა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან ბევრ ისეთ ისტორიას ინახავს, რომლებზეც ღირს წერა და საუბარი. ჩვენ, როგორც ერი, უბრალოების თესლსა და პოტენციალს ვატარებთ. დააკვირდით ქართულ ეკლესიებს, პატარა, მარტივ ბაზილიკებს. ეს უბრალოების საუკეთესო გამოხატულებაა.

ნეტარი ავგუსტინე ამბობდა: ეკლესია იდევნება მაშინ, როცა არ იდევნება. ამიტომ მგონია, რომ ის რაც ახლა ჩვენში ხდება, ისევ და ისევ ეკლესიის სასარგებლოდ და მის გამოსაფხიზლებლად ხდება.

მინდა რომანის დასასრულსა და ერთ-ერთ პერსონაჟზე, ლაზარეზე, გკითხოთ. ამ გმირს ძალიან დიდი დრო დაუთმეთ, მაგრამ ბოლოს, თითქოს, უგზოუკვლოდ დაიკარგა. სად მიდის ან როგორ სრულდება გმირი, რომელიც ეკლესიაში არსებული პრობლემების მოწმე გახდა?


გ.ტ.  კარგია, რომ მკითხეთ, რადგან ლაზარეს ამგვარი დასასრული ჩემი წინასწარი განზრახვის შედეგია. ხშირად ამბობენ, რომ ქართული ენა ლაზარეს ენაა. ლაზარე ჩვენი ქვეყანაა, მაგრამ არავინ იცის საით მიექანება იგი. შენ შეგიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა?!  მე არ ვიცი სად მიდის ჩვენი ქვეყანა. გმირი სახლიდან გადის და მისი ამბავიც ამით სრულდება.  მინდოდა ამგვარ დასასრულს ბევრი კითხვა გამოეწვია.

ამბობთ, რომ ქართული ენა ლაზარეს ენაა და გმირის სახელიც ამ სიმბოლიკის მატარებელია. მაინტერესებს, როგორ შეურჩიეთ სახელები დანარჩენ პერსონაჟებს, მათ შორის ხუდიას, არზუს, ევანთიას?


გ.ტ.  ხუდიას შემთხვევაში საქმე მარტივადაა, მისი სახელის ისტორიას რომანის შინაარსიც პასუხობს. რომანში ვხვდებით ამბავს ბორჩალოელო ხუდიას შესახებ, რომელმაც ერეკლე მეფის დროს ბრძოლაში თავი გამოიჩინა და ჩემს გმირსაც მამამ სახელი მის პატივსაცემად დაარქვა.

არზუ ქართულად ოცნებას ნიშნავს და არჩევანიც მისი ეტიმოლოგიური მნიშვნელობიდან გამომდინარე გავაკეთე.

რაც შეეხება ევანთიას, მას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.
ერთი პერიოდი, კონსტანტინოპოლში პონტოელი ბერძნებისა და სომხების  მიმართ დაწყებული გენოციდის თემაზე ვმუშაობდი. იმ ბერძნების ისტორიას ვსწავლობდი, რომლებიც კონსტანტინოპოლიდან ჩვენთან გადმოვიდნენ და აჭარის მაღალმთიან სოფლებში დასახლდნენ.

ერთ დღეს, ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი ერთი სტუდენტის ნაშრომს. თუ სწორად მახსოვს, „პონტოელი ბერძნების შემოსვლა საქართველოში“ უნდა ერქვას. ნაშრომს ბერძნული, მიტოვებული სასაფლაოს ფოტოებიც ჰქონდა დართული. ერთ-ერთ ფოტოზე უპატრონო, 16 წლის გოგონას, ევანთიას, საფლავი იყო გამოსახული. ეკალ-ბარდებით დაფარული ეს საფლავი ახლაც არსებობს. ჩემს რომანში სწორედ ამ ბავშვის სახელი გავაცოცხლე.

მე-18 საუკუნეში მცხოვრები ხუდიას ისტორია ჩვენი თანამედროვე ხუდიას სახელის ასახსნელად გამოიყენეთ?


გ.ტ.  ერთის მხრივ კი, თუმცა მეორე მხრივ, ეს ამბავი იმის შესახსენებლად გამოვიყენე, რომ თათრებიც ჩვენი ძმები და ჩვენი ისტორიის თანამონაწილენი არიან. ქართველების დამოკიდებულება თათრების მიმართ ხშირად დამამცირებელია. წიგნშიც არის მსგავსი მომენტები, როცა მათ ბინძურებს ვუწოდებთ. ხუდიას სახელის ისტორიაც სწორედ ამ მიზნით გამოვიყენე. ხუდიას წინაპარს რაღაც  ისეთი აქვს გაკეთებული, რაც ძალიან ბევრ ქართველს არასდროს გაუკეთებია. 

ხუდიას, არზუს, ევანთიას, ლაზარეს გვერდით, რომანის ერთ-ერთი პერსონაჟია ყვავიც. ვისი ხმაა იგი სინამდვილეში?


გ.ტ.  ჩემი ხმაა. ამასთანავე, არზუ ჩემი დაა. ჩემი დაც ზუსტად ისევე გარდაიცვალა, როგორც იგი. რომანში ერთგვარად ჩემი ბიოგრაფიული დეტალები შევიტანე.

ბოლოს, მინდა ინტერვიუ მკითხველზე საუბრით დავასრულოთ. როგორი მკითხველისთვისაა განკუთვნილი „ანგელოზთა საკითხავი“?


გ.ტ.  გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი როგორია ჩემი იდეალური მკითხველი. არ მინდა  მოკარნახედ ვიქცე. მკითხველი მკითხველია.

 

მასალა მომზადებულია გამომცემლობა "ინტელექტთან" თანამშრომლობით

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა