გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ურშულა ჰონეკი თეთრი ღამეები

„მინდოდა ხმა დამებრუნებინა მათთვის, ვისაც იშვიათად უსმენენ“ | ინტერვიუ ურშულა ჰონეკთან

ურშულა ჰონეკი, 1987 წელს სამხრეთ პოლონეთში დაბადებული მწერალი, თანამედროვე პოლონური ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა. მისი შემოქმედება, რომელიც სათავეს პოეზიიდან იღებს, განსაკუთრებით გამოხატავს ადამიანის ყოფის ფსიქოლოგიურ, სულიერ და სოციალურ სირთულეებს. ჰონეკი რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია, პირველი წიგნი - Sporysz - 2016 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პროზაში მისი დებიუტი ცალკეული მოთხრობებისგან შემდგარი რომანით  - „თეთრი ღამეები“ -  შედგა.  წიგნი პრესტიჟული პრემიის  „კონრადის“ ლაურეატი გახდა, ხოლო 2022 წელს ინგლისურად ქეით უებსტერმა თარგმნა. სწორედ აღნიშნული წიგნი მოხვდა ბუკერის საერთაშორისო პრემიის გრძელ სიაში 2024 წელს.

„თეთრი ღამეები“ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, თუმცა, ამავე დროს, ერთმანეთთან ნარატიულად გადაჯაჭვული 13 მოთხრობისგან შედგება. აქ ჰონეკი არა მხოლოდ სოფლის ყოველდღიურობას აღწერს, არამედ ააშკარავებს ადამიანის ყოფის არსობრივ პრობლემებს - მარტოობას, დაუცველობას, დაკარგვის განცდასა და დანაკარგის ტკივილს. მისი შემოქმედება შეიძლება დახასიათდეს როგორც „ლირიკული რეალიზმი“, ვინაიდან, რეალური ამბები და სცენები ოსტატურადაა შერწყმული პოეტურ, სიმბოლურ ხედვებთან. ეს სინთეზურობა მკითხველს საშუალებს აძლევს ემოციურად და ეთიკურად ჩაერთოს ნარატივში, რაც თანამედროვე ლიტერატურულ თეორიაში აღიარებულია ინტერპრეტაციული ტექსტის საფუძვლად.

ურშულა ჰონეკის შემოქმედება პოეზიის პროზაში ტრანსფორმაციის მაგალითადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუკი „თეთრ ღამეებს“ კვლევის საგნად მოვიაზრებთ,  ცხადი ხდება, რომ ავტორი დამკვირვებლის პოზიციაშია და ადამიანის ყოფის, კულტურული მეხსიერებისა და ზნეობრივი პასუხისმგებლობის ურთიერთდამოკიდებულების განჭვრეტას ცდილობს.

ჰონეკის „თეთრი ღამეები“ წელს „ინტელექტმა“ 21-ე საუკუნის პრემირებული წიგნების  ფარგლებში გამოსცა, ხოლო წიგნი ქართულ ენაზე კატია ვოლტერსმა თარგმნა.

გთავაზობთ ურშულა ჰონეკის 2024 წლის ინტერვიუს, რომელიც „თეთრი ღამეების“ ბუკერის საერთაშორისო პრემიის გრძელ სიაში მოხვედრის შემდეგ ჩაიწერა.

...

- როგორი განცდაა 2024 წლის ბუკერის საერთაშორისო პრემიის გრძელ სიაში მოხვედრა? რას ნიშნავს თქვენთვის ამ პრიზის მიღება? მოახდენს თუ არა  ეს გავლენას პოლონური ლიტერატურის საერთაშორისო აღიარებაზე?

- ჯერ კიდევ მიჭირს დაჯერება, რომ ეს ყველაფერი მართლა ხდება. საშინლად აღელვებული და მადლიერი ვარ. გრძელ სიაში მოხვედრა ჩემთვის დიდი პატივია. გამარჯვებაზე ფიქრს კი ვერ ვბედავ - იქნებ იმიტომ, რომ ბუნებით ფრთხილი და თავშეკავებული ვარ? ან იქნებ უფრო უსაფრთხოა უნდობლობასა და ეჭვებში ყოფნა, ვიდრე იმის დაჯერება, რომ რაღაც შესაძლოა მოხდეს?  პოლონური ლიტერატურა უცხო ენებზე -  მათ შორის ინგლისურადაც - ძალიან იშვიათად ითარგმნება. იქნებ „თეთრი ღამეების“ გრძელ სიაში მოხვედრამ ამ მდგომარეობის შეცვლას ნელ-ნელა შეუწყოს ხელი. ძალიან მინდა, რომ ასე მოხდეს.

- რა იყო წიგნის შთაგონების წყარო? რამ განაპირობა თქვენი სურვილი, რომ სწორედ ეს კონკრეტული ისტორია მოგეთხროთ?

- მინდოდა ხმა დამებრუნებინა მათთვის, ვისაც იშვიათად უსმენენ; ოდნავ მაინც შემეტანა სინათლე მათ ცხოვრებასა და ისტორიებში; მეგრძნობინებინა, რომ მათი არსებობა მნიშვნელოვანი და ღირებულია. ჩემს წიგნში მოქმედი პერსონაჟები ტკივილგამოვლილი ადამიანები არიან: ისინი ძალადობას განიცდიან,  თან სდევთ სიცარიელე, მარტოობა და დაკარგვის განცდა. ხშირად ვწერ ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც ვიცნობდი. ზოგიერთ მათგანი ცოცხალი აღარაა და მათ შესახებ მხოლოდ ბიოგრაფიული ფრაგმენტები ვიცი. ჩემი ოჯახის ზოგიერთი წევრის ფოტოც კი არ მოგვეპოვება - მაგალითად, ჩვილი და პატარა გოგონა, რომლებიც ხანძარმა იმსხვერპლა. ვეცადე, მათი ისტორია წარმოსახვით შემექმნა. უპირველესად კი, მინდოდა სხეული დამებრუნებინა მათთვის: დამენახა მათი თმის, თვალებისა და ტუჩების ფერი.

წიგნის სხვა გმირებს - მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ უგუნურ ადამიანებად შეიძლება მოჩანდნენ -  ღრმა შინაგანი ცხოვრება აქვთ. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ყველა ადამიანს, განათლებისა და ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, ერთნაირი მოთხოვნილებები აქვთ და მოსმენას, პატივისცემას იმსახურებენ; 

ინგლისური თარგმანის წყალობით, ჩემი პერსონაჟები იმ ენაზე ალაპარაკდნენ, რომელიც თავად არასდროს იცოდნენ. ბედნიერი ვარ, რომ ნომინაციის წყალობით ახლა მათი ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ ისმის.

- რამდენი დრო დაგჭირდათ წიგნის დასაწერად და როგორია თქვენი წერის პროცესი? კომპიუტერზე ბეჭდავთ თუ ხელით წერთ? გაქვთ თუ არა ტექსტის სხვადასხვა ვარიანტი? სიუჟეტსა და სტრუქტურას წინასწარ დეტალურად გეგმავთ?

- ერთ-ერთი მოთხრობა 2016 წელს დავწერე. მაშინ გადავწყვიტე, რომ საკუთარი ენა ჯერ კიდევ არ მქონდა ნაპოვნი და წერას მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დავუბრუნდი. ამ პერიოდში ბევრს ვმოგზაურობდი ჩემს მშობლიურ მხარეში - ასობით კილომეტრს დავდიოდი ფეხით, სოფელ-სოფელ. უფრო ხშირად ვატარებდი დროს დაბალ ბესკიდებში[1]. წიგნთან დაკავშირებულ უამრავ საქმეს ვაკეთებდი: ვაანალიზებდი პეიზაჟებს, ვაკვირდებოდი ერთსა და იმავე სივრცეებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა სეზონზე. ხანდახან კონკრეტულ სავარჯიშოებსაც ვაკეთებდი: ერთსა და იმავე გორაკზე სხვადასხვა დროს ავდიოდი, რათა მენახა, როგორ  ეცემოდა სინათლე და იცვლებოდა ტემპერატურა.

წერა სიჩუმესა და მარტოობაში მიყვარს. მიყვარს უწყვეტობაც - ყოველდღიურად ვწერ, რამდენიმე საათის განმავლობაში. ყველაზე კარგად მკაცრ პირობებში ვმუშაობ, ყველანაირი კომფორტის გარეშე.  თავიდანვე ვიცოდი, რომ წიგნი მონოლოგების ფორმას მიიღებდა და პოლიფონიური იქნებოდა. კომპიუტერზე ვბეჭდავ. „თეთრ ღამეებს“  წელიწად-ნახევარი ვწერდი.

- როგორი იყო წიგნის მთარგმნელთან, ქეით უებსტერთან, მუშაობის გამოცდილება? რამდენად მჭიდროდ იმუშავეთ ერთად  ინგლისურ გამოცემაზე? იყო თუ არა თქვენი თანამშრომლობის დროს რაიმე გამოწვევა ან მოულოდნელი მომენტი, თუნდაც სიხარულის?

- ქეით უებსტერი წარმოუდგენლად დამოუკიდებელი, მგრძნობიარე და ფხიზელი მთარგმნელია. წიგნი პოლიფონიურია, შედგება მრავალი მონოლოგისგან, ისტორიები ერთმანეთის გარშემო ტრიალებს და ერთმანეთს ავსებს. ზოგჯერ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო პატარა დეტალები მნიშვნელოვან აღმოჩნდება შემდეგ მოთხრობაში. მეც ვწერ პოეზიას და ენის მუსიკალურობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ქეითმა ეს სრულყოფილად გადმოსცა! მოთხრობა, რომელზეც ყველაზე ხშირად ვსაუბრობდით, იყო „ანიელკა“ - ეს არის პატარა გოგონას მონოლოგი, რომელიც სინამდვილეში საკუთარ ენას იგონებს. ეს ტექსტი წარმოუდგენლად რთულია სათარგმნად, მაგრამ ქეითმა ბრწყინვალედ გაართვა თავი. მისი უზომოდ მადლიერი ვარ.

- გვიამბეთ თქვენი კითხვის ჩვევების შესახებ. ამჟამად რომელ წიგნს ან წიგნებს კითხულობთ და რატომ?

- ხშირად ერთდროულად რამდენიმე წიგნის კითხვას ვიწყებ. არის მომენტები, როცა მხოლოდ პროზას ვკითხულობ, ცხოვრების სხვა ეტაპებზე კი პოეზიაზე გადავდივარ. თუმცა, ბოლო სამი წელია, უფრო მეტად პროზაზე ვარ ორიენტირებული. ამჟამად ბრის დიჯეი პენკეიკის „ტრილობიტებს“ ვკითხულობ. მისი გამჭვირვალე სამყარო ძალიან მომწონს. იქ ბევრი არაფერი ხდება და მაინც ყველაფერი ხდება. ვფიქრობ, რომ მიკრო-ისტორიებში მთელი სამყარო, ადამიანის შინაგანი კოსმოსი ჩანს. პენკეიკი არ აფასებს თავის პერსონაჟებს, არასდროს აყენებს საკუთარ თავს მათზე მაღლა, არამედ თანაუგრძნობს მათ - ასეთი ხედვა ჩემთვის ძალიან ახლობელია.

- როგორი იყო თქვენი გზა მკითხველად ჩამოყალიბებამდე – რას კითხულობდით ბავშვობაში და რა როლი ჰქონდა ამბავთა თხრობას? იყო თუ არა რომელიმე წიგნი, რომელმაც განსაკუთრებით იმოქმედა თქვენს ფანტაზიასა და წარმოსახვაზე?

- ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ძმები გრიმების ზღაპრები.  ხშირად ვუყურებდი საშინელებათა ფილმებს. პატარაობაში ბიძაჩემს ხშირად ვთხოვდი  „პატარა საშინელებათა ფილმი [VHS-ზე]“ მოეტანა ჩემთვის. ხოლო როდესაც VHS ფირები არ მქონდა, ღამით ტელევიზორის წინ ვიჯექი და ველოდებოდი. გაზეთებს ვათვალიერებდი, რათა მენახა, რომელ საათზე გადიოდა საშინელებათა ფილმები. თუ მამას იმავე ოთახში ეძინა, ძალიან ჩუმად ვუყურებდი, რომ არ გამეღვიძებინა.  ვცდილობდი, სხვა ბავშვებიც ჩამერთო საშინელებათა ისტორიების გაზიარებაში.

სახლში კიბეებზე ერთად ვსხდებოდით და ყველას უნდა მოეყოლა თავისი პატარა ამბავი. ალბათ, სწორედ მაშინ გამიჩნდა წერის სურვილიც.

- გვიამბეთ იმ წიგნის შესახებ, რომელმაც მწერლობისკენ გიბიძგათ. როგორ განსაზღვრა ამ წიგნმა თქვენი შემოქმედებითი გზა და როგორ აისახა ეს ყველაფერი თქვენს წერის სტილსა და ზოგადად მწერლობაზე?

- ერთი კონკრეტული წიგნის დასახელება გამიჭირდება. მოზარდობაში ბევრ პოეზიას ვკითხულობდი. პატარა სოფელში გავიზარდე, სადაც ბიბლიოთეკები და წიგნები ძალიან შეზღუდულად იყო ხელმისაწვდომი. თუმცა ყველანაირად ვცდილობდი, რომ ბევრი მეკითხა: პროზაში განსაკუთრებულად მიყვარდა უილიამ ფოლკნერი, მოგვიანებით კი ჰერტა მიულერის სამყაროში აღმოვჩნდი და დღემდე მისი ერთგული მკითხველი ვარ.

წერის დაწყებამდე ყოველთვის ბევრს ვკითხულობ. ვუღრმავდები სხვა სამყაროებსა და ენებს. ზოგჯერ ვიღებ კარგად ნაცნობ წიგნს, რომელიმე გვერდზე გადავფურცლავ და მხოლოდ რამდენიმე წინადადებას ვკითხულობ. მერე ვხურავ და საკუთარი ისტორიის წერას ვიწყებ.

მჯერა, მწერლებს აქვთ განსაკუთრებული ნიჭი, რომელიც საკუთარი თავისა და შინაგანი სამყაროსკენ მიმავალ კარს გვიხსნის.

- გვითხარით პოლონურ ენაზე დაწერილი წიგნი, რომლის წაკითხვასაც ინგლისურენოვან მკითხველს ურჩევდით. როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ამ წიგნმა თქვენზე?

- კვლავ პოეზიას მივმართავ, რადგან ვთვლი, რომ პოლონურ პოეზიას სათანადო დაფასება არ აქვს. გირჩევდით მაგდალენა ბიელსკას წიგნს - „შვებულება. მირაჟი.“ მასში პოეტი ქმნის სამყაროს, რომელიც სიზმრებსა და რეალურ, მატერიალურ საგნებსა და მოვლენებს შორის არსებულ საზღვარზე მდებარეობს. ის თითქოს ამ, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი მხარეებიდან საუბრობს. ბიელსკა ქმნის სივრცეებს, რომლებიც გაჯერებულია ამ სამყაროების შემორჩენილი ანაბეჭდებით, არარეალობით და, ამავე დროს, რაღაც ხელშესახები არსებობით. ხანდახან ამ წიგნზე ვოცნებობ.  „შვებულება. მირაჟი.“ სრულად არ არის თარგმნილი ინგლისურად, მაგრამ შეგიძლიათ რამდენიმე ლექსი წაიკითხოთ Plume-ის პოეზიის ვებ-საიტზე, 21 პოლონური ლექსის განყოფილებაში, რომლის რედაქტორი და მთარგმნელი ბენჯამინ პალოფია.

რაც შეეხება პროზას, აუცილებლად გირჩევთ მაგდალენა ტულის წიგნებს; მაგალითად, „სიზმრები და ქვები“, რომელიც ინგლისურად ბილ ჯონსტონმა თარგმნა. არ ვიცი სხვა პოლონელი მწერალი მსგავსი ენითა და გამომსახველობითი სტილით.

-  ბუკერის საერთაშორისო პრემიის გამარჯვებულ რომელ ავტორს ან მოკლე სიაში მოხვედრილ რომელ რომანს გამოარჩევდით, რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ და  რატომ?

- ისევ გამიჭირდება კონკრეტული წიგნის ან ავტორის დასახელება. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა სიაში ისეთი მწერლების ნახვა, როგორებიც ლასლო კრასნაჰორკაი და დუბრავკა უმგრეშიჩი  არიან - ისინი მართლაც გამორჩეული ავტორები არიან.

- თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს თარგმნილი მხატვრული ლიტერატურა  ინკლუზიური და მრავალფეროვანი ლიტერატურული კანონის პოპულარიზაციაში და როგორ შეგვიძლია მეტი ადამიანი წავახალისოთ მათ წასაკითხად?

- მთარგმნელთა შრომას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ და მათ მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემასა და მადლიერებას ვგრძნობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, უცნობი სამყაროს აღმოჩენა სხვა ენების მეშვეობით. თარგმნილი ლიტერატურა არა მხოლოდ აფართოებს კანონს, არამედ - და მე ამის ძალიან მჯერა - მას აქვს ძალა, ჩვენ, მკითხველები შეგვცვალოს. ის ასევე შეიძლება იყოს მხსნელი და გადამრჩენელი, რაც მე პირადადაც გამომიცდია. 

საჭიროა თუ არა, ადამიანებმა იკითხონ თარგმნილი ლიტერატურა? მათში ამ სურვილის გასაძლიერებლად საკმარისია ვუთხრათ, რომ თარგმნილ წიგნებში საკუთარი თავის აღმოჩენას/პოვნას შეძლებენ.

მიუხედავად ჩვენი განსხვავებული წარმომავლობისა, თარგმნილი ლიტერატურა ადასტურებს, რომ ჩვენი შინაგანი მოთხოვნილებები და საჭიროებები ერთმანეთის მსგავსია.

______________________________

[1]ბესკიდები - დასავლეთ და ნაწილობრივ აღმოსავლეთ კარპატების ჩრდილოეთ ნაწილში ქედების ზოლი პოლონეთის, უკრაინის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ტერიტორიებზე. იყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ ბესკიდებად: აღმოსავლეთით ბეშჩადი (მთა ტარნიცა) და დასავლეთით დაბალი ბესკიდები (მთა ლაცკოვა).


ინგლისურიდან თარგმნა და შესავალი დაურთო თამარ მღებრიშვილმა

ფოტო: POLITYKA / Leszek Zych

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა