გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ნივთები, რომლებიც არ გადამიყრია მარჩინ ვიხა ილია ჭანტურია

ის, რაც არ (ვერ) დავივიწყეთ | ილია ჭანტურია

მოგონებები, რომლებიც ვერ გადავყარეთ

მარჩინ ვიხას რომანი „ნივთები, რომლებიც არ გადამიყრია“ პირველ რიგში მეხსიერების წიგნია. აქ ნივთები და მოგონებები ერთ სივრცეში მოძრაობენ და თან ერთმანეთთან მჭირდო კავშირში არიან. ნივთები არიან სწორედ ის დამაკავშირებელი საშუალებები, რომელებსაც ზუსტად მივყავართ იმ ამბებთან, რაც ოდესმე ჩვენ გადაგვხდენია, რაც გარშემო მყოფ საყვარელ ადამიანებთან გვაკავშირებს. აქ ყოველ ნივთს საკუთარი ამბავი აქვს სათქმელი, ყოველ წაკითხულ თუ წაუკითხავ, თაროზე შემოდებულ წიგნს თავისი ისტორია დაყვება თან.

მაგრამ როგორც ავტორი წიგნის დასაწყისშივე გვეუბნება, ეს წიგნი არის დედამისზეც, გარდაცვლილ დედაზე და ამიტომაც მხიარულიც აღარ იქნება. მიუხედავად ავტორის ჯიუტი წინააღმდეგობისა, ყოველი მოთხორბილი ამბავი საკუთარ ირონიული თუ სარკასტული სტილით შეფუთოს, ყოველი მისი გაღიმება ტექსტის უკან მაინც სევდანარევი გაღიმებაა.

რამდენადაც ავტორი საუბრობს ნივთების გამოხშირვაზე, მათ გადახარისხებაზე, გადასაყრელად თუ დასატოვებლად, ის ამასთანავე ახარისხებს საკუთარ მოგონებებსაც. ეს ყველაზე საინტერესო პროცესია და მე ვიტყოდი, საშიშიც, რადგან მეხსიერება არის ერთ-ერთი ის ნაწილი, რომელიც ადამიანებად გვამყოფებს, რომლებსაც საკუთარი ისტორიები გააჩნიათ.

მცდელობა, რომ მეხსიერება მოიხელთო და ყოველი მოგონება გამოხშირო, ხშირად რთულიცაა, მაგრამ ამ გახსენების პროცესში სრულიად მივიწყებულის პოვნაა შესაძლებელი.

მწერალიც ამას ცდილობს, საკუთარ მეხსერებაში დაიარება და ამბებს აკოწიწებს, ისტორიებს ეძებს წარსულიდან, ამიტომაცაა, რომ მისი თხრობის სტილი არ არის მწყობრი და თანმიმდევრული, რომანს არც სიუჟეტი გააჩნია და არც დრამატული მწყობრი ხაზი, თავისი კვანძის შეკვრით, გახსნით თუ ფინალით. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია მოგონებათა იერარქიაც შევამჩნიოთ, სწორედ ამ მეხსეირების ქექვის დროს ავტორი ისეთ ამბებს გადააწყდება, რომელიც, როგორც ძველი ნივთი, სხვენშია შემოდებული, რომელსაც ახლა აღარ ვიყენებთ, მაგრამ მისი გადაგდება ძალიან გვენენანება და ამასთანავე არის მოგონებებიც, რომელთა მოშორებაც რომც ძალიან ვეცადოთ, მაინც ვერ მოვახერებთ, რადგან ღრმად დაიბუდეს ადგილი ჩვენს გონებაში.

 

„ჩვენ შეგვიძლია ყოველივე ეს დავწეროთ“

მაგრამ თუკი ვსაუბრობთ მეხსიერებაში ქექვაზე, მოგონებების თაროდან გადმოღებაზე, მაშინ ამისთვის შესაბამისი იარაღია საჭირო, როგორ მოახერხებთ ყოველივე ამას? ან როგორ შევძლებთ, ეს ყველაფერი რაც გავისხენეთ, კვლავდვიწყების ქვიშაში არ ჩავაბრუნოთ? ამის პასუხი წერაა, წერის შესაძლებლობა, რომლითაც მოახერხებ დავიწყებული გააცოცხლო, უსულოს სული შთაბერო, ამბები გააცოცხლო იმისთვის, რომ დავიწყებას არ მიეცნენ, წერა თითქოს ბრძოლაცაა დავიწყებასთან.

ეს ძალა კი საკუთარ თავში ავტორმა ბავშვობისას აღმოაჩინა, როდესაც სახლში წყალი დრო გამოშვებით წყდებოდა და ერთ-ერთი ინჟინერი კი, რომელიც პასუხისმგებელი იყო შესასრულებელ საქმეზე, სპეციალისტები გაეგზავნა, ზარებს არ პასუხობდა. ამიტომაც დედა წერილის წერას იწყებს, საჩივარს წერს გაზეთში გამოსაქვეყნებლად. ამ დროს ავტორი ხვდება, რომ სწორედ ის, რომ მათ წერა შეუძლიათ, აძლევთ მათ განსაკუთრებულ ძალას და ამის შემდეგ მსგავს სიტყვებს წერს, რა თქმა უნდა, ზუსტი ირონიულობით და ეს ირონიულობაც საკუთარი თავისკენ უფროა მიმართული:

„აჰ, ინჟინერო კოპშჩიავკო. როგორ შეგრცხვება! მთელი ქალაქი წაიკითხავს ამას, შენი ცოლი ცრემლებს ჩაყლაპავს. შენი შვილები სირცხვილით დაიწვებიან.

შენი უფროსი აიღებს ტელეფონს და ნამდვილად გამოგაგდებს სამსახურიდან. ოთხ ქარს გაგაყოლებს, ინჟინერო. მაშინ კი გაიხსენებ, რომ სპეციალისტები გამოძახებაზე უნდა გაგეშვა მადალისკის ქუჩაზე. რამდენჯერ გთხოვეს, მაგრამ უშედეგოდ.

ახლა მოცუნცულდები. შემოსასვლელში ხალიჩაზე იწრიალებ, მაგრამ უკვე გვიანი იქნება. იმას მიიღებ, რასაც იმსახურებ, რადგან ჩვენ შეგვიძლია ყოველივე ეს დავწეროთ.“

 

კოლექტიური მეხსიერება

როგორც პირად ტრავმებზე და დედამისთან დაკავშირებულ ისტორიების წერასთან ერთად, ავტორის თხრობა პოლონელი ხალხის, უფრო კონკრეტულად კი პოლონელი ებრაელების კოლექტიურ მეხსერებასაც მიყვება. წიგნი მოიცავს როგორც ნაცისტური ოკუპაციის წლებს, როცა ებრაელების წინ სასიკვდილო მანქანა იყო აღმართული, ნაციზმი და ფაშიზმი, რომელიც სრული პრაგმატუობითა და სიზუსტით (იტყვიან გერმანული სიზუსტითო) სიცოცხლეს ასალმებდა ადამიანებს და პირველ რიგში ებრალებს, წიგნი ასევე მოიცავს სტალინურ პერიოდს, და პოსტ-სტალინურ პერიოდსაც, ამბებს პერესტროიკის საბჭოთა ინტელიგენციაზე, თავისი გულისამრევი კონსუმერიზმითა და ჩაკეტილობით, ვხვდებით პოსტ-საბჭოთა პოლიტიკანებსაც, რომლებიც დაუმალავი სიყალბით მათ ტელევიზორებში ჩნდებიან ხოლმე. მაგრამ მთავარი ტრაგედია მაინც ჰოლოკოსტიდან მოდის, ბაბუამისისგან, რომელიც მირანდა დე ებროს საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა, ბებიამისისგან, როგორც კომუნიზმის მშენებლისგან, რომელმაც საღი აზრი არ დაკარგა და ზოგადად ებრაელი ერისგან, რომლის კოლექტიურ მეხსერებაშიც დარჩა ეს ტრაგედია.

ფოკუსი მიუხედავად იმისა, რომ პირად ამბებზე ჩერდება, მის მიღმა, ფოკუსის გარეთ მყოფი მხარედან პოლიტიკური ცვლილებების ცივი ქარი უბერავს, რომელიც შეუძლებელია ვერ იგრძნო.

    

ადორნო - ცელანი

ჰოლოკოსტის შემდეგ, 1949 წელს თეოდორ ადორნო იტყვის, რომ აუშვიცის შემდეგ (იგივე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი) პოეზიის წერა ბარბაროსობაა. ეს სიტყვები პირველ რიგში ცელანის ლექსს მიემართება „სიკვდილის ფუგას“, რომელიც სწორედ საკონენტრაციო ბანაკის ამბებს ეხება, იმ სისასტიკეს, რომელიც სწორედ ევროპულ კულტურაში ჩაისახა

„ხოლო სიკვდილი მოძღვარია გერმანიიდან“

მაგრამ მარტო ცელანის ლექსშიც არ უნდა იყოს საქმე, ეს სიტყვები შეიძლება მივმართოთ ყოველ კაცობრიობაში დატრიალებულ ტრაგედიას, რომლის შემდეგაც ავტორს შეუძლია მასზე წეროს სრულად გააზრებულად. მაგრამ აქ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ცელანმა თავად გამოსცადა საკონცენტრაციო ბანაკი, თავად იყო მსხვერპლი იმ სრული ტერორის, რასაც ფაშიზმი ჰქვია. მარჩინ ვიხას ტექსტშიც ტრაგიკულ ამბებს ვაწყდებით, მაგრამ პირველ რიგში ეს ამბები იმიტომაცაა უხერხულად აღსაქმელი, რომ ეს ტრაგედია ავტორისაა, ამბავია დედამისის სიკვდილზე და მის სიკვდილისპირა პერიოდზე, კითხვისას გიჩნდება სწორედ მსგავსი განცდა და გაბრაზებულმაც შეიძლება იკითხო: როგორ შეიძლება წერო შენთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე, მითუმეტეს მაშინ, როცა თრხობა არაა ელეგიური, უფრო მეტიც, ავტორის ირონიაც იგრძნობა. ეს გაბრაზება სწორედ ავტორს შეიძლება მიემართოს, რომელიც წიგნის დასაწყისშივე გვეუბნება, რომ ეს წიგნი მხიარული არ იქნება, რადგან გარდაცვლილ დედაზეა, მაგრამ იქვე ამასაც დასძენს:

„დედამ მითხრა: „ცხოვრებაში ყველაფერს ვერ გადააკეთებ სასაცილო ისტორიებად“. ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობდი.“

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა