ხავიერ მარიასი - „ბერტა ისლა“ | ლევან ბერძენიშვილი
უდიდესი თანამედროვე ესპანელი მწერალი, ხავიერ მარიასი, თხუთმეტი რომანის ავტორია. მათ შორისაა სახელგანთქმული „გული ისეთი თეთრია“ (Corazón tan blanco, 1992) და „ხვალ ბრძოლაში ჩემზე იფიქრე“ (Mañana en la batalla piensa en mí, 1994). რომანების გარდა მას გამოცემული აქვს მოთხრობებისა და ესეების სამი კრებული. იგი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ესპანელი მწერალია, თარგმნილია ორმოცდაოთხ ენაზე და რვა-ნახევარი მილიონი ტირაჟითაა გამოცემული მთელ მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ მისი შემოქმედება მრავალი პრემიითაა აღნიშნული, ესპანურიდან და ამერიკულიდან მოყოლებული ფრანგულ („ფემინა“ 1996 წ.), ირლანდიურ (IMPAC, 1997 წ.), იტალიურ („ნონინო“, 2011) თუ ავსტრიულ (2011 წ.) პრემიებამდე. 2021 წელს იგი აირჩიეს საერთაშორისო მწერალთა სამეფო საზოგადოებაში.
თავისივე პერსონაჟის, ბერტა ისლას მსგავსად, მარიასი ფილოსოფიასა და ლიტერატურას სწავლობდა მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში, შემდეგ კი ასწავლიდა სხვადასხვა პრესტიჟულ სასწავლებელში, მათ შორის საკუთარ ალმა მატერშიც, ოქსფორდშიც, ვენეციაშიც და მასაჩუსეტსშიც.
მადრიდში დაიბადა. მამამისი, ხოსე ორტეგა ი გასეტის მოსწავლე და მადრიდის სკოლის წევრი, ცნობილი ესპანელი ფილოსოფოსი და „დონ კიხოტის“ ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარი, ხულიან მარიასი, დიქტატორმა ფრანკომ ცოტა ხნით ციხეში ჩასვა, შემდეგ კი პედაგოგიური მოღვაწეობა აუკრძალა, როგორც მარიასის რომანის, „შენი სახე ხვალ“ მთავარი გმირის მამას. ხუთი ვაჟიდან მარიასი მეოთხე იყო. ბავშვობის დიდი ნაწილი შეერთებულ შტატებში გაატარა, სადაც მამამისი დიდ უნივერსიტეტებში ფილოსოფიას ასწავლიდა, მათ შორის, სახელგანთქმულ იელის უნივერსიტეტშიც.
მარიასმა წერა ადრე დაიწყო. პირველი რომანი „მგლის სამფლობელო“ (Los dominios del lobo) 17 წლისამ დაწერა, მეორე რომანი „მოგზაურობა ჰორიზონტის გასწვრივ“ (Travesía del horizonte) _ ანტარქტიდის ექსპედიციას მიეძღვნა.
მადრიდის უნივერსიტეტში განსწავლის შემდეგ ინგლისურენოვან რომანებს თარგმნიდა ესპანურად. თარგმნა ჯონ აპდაიკი, ტომას ჰარდი, ჯოზეფ კონრადი, ვლადიმირ ნაბოკოვი, უილიამ ფოლკნერი, რადიარდ კიპლინგი, ჰენრი ჯეიმსი, რობერტ ლუის სტივენსონი, სერ ტომას ბრაუნი და უილიამ შექსპირი. 1979 წელს ესპანეთის ეროვნული პრემია დაიმსახურა ლორენს სტერნის გენიალური „ტრისტრამ შენდის“ („ცხოვრება და აზრები ტრისტრამ შენდისა, ჯენტლმენისა“) თარგმნისათვის. 1983-1985 წლებში ესპანურ ლიტერატურას ასწავლიდა ოქსფორდის უნივერსიტეტში.
1986 წელს გამოაქვეყნა „გრძნობათა კაცი“ (El hombre sentimental), ხოლო 1988 წელს „ყველა სული“ (Todas las almas), რომლის მოქმედება მისთვის ასე კარგად ნაცნობ ოქსფორდის უნივერსიტეტში ხდება. 1992 წელს დასტამბა რომანი „გული ისეთი თეთრია“ (Corazón tan blanco), რომელმაც მთარგმნელთან ერთად დუბლინის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა 1997 წელს. 1994 წელს გამოქვეყნებულმა „ხვალ ბრძოლაში ჩემზე იფიქრე“ (Mañana en la batalla piensa en mí) რომულო გალიეგოსის სახელობის ვენესუელური პრემია მოუტანა.
2002 წელს მარიასმა გამოაქვეყნა „შენი სახე ხვალ: 1. ციებ-ცხელება და შუბი“ (Tu rostro mañana 1. Fiebre y lanza), – პირველი ნაწილი ტრილოგიისა, რომელიც მისი ყველაზე ამბიციური ლიტერატურული პროექტია. მას მოჰყვა მეორე ტომი „შენი სახე ხვალ: 2. ცეკვები და ოცნებები“ (Tu rostro mañana 2. Baile y sueño, 2004) და მესამე „შენი სახე ხვალ: 3. საწამლავი, აჩრდილი და დამშვიდობება“ (Tu rostro mañana 3. Veneno y sombra y adiós (2007). პირველ ტომში გვევლინება მთარგმნელი, რომელიც რეალურ ისტორიულ პირს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ესპანურ კვლევათა პროფესორ პიტერ რასელს ასახავს.
ხავიერ მარიასი ესპანეთის აკადემიის წევრია 2006 წლიდან. როგორც ჟურნალისტი, თანამშრომლობს გამოცემა „ელ პაისთან“ (El País).
„ბერტა ისლა“ (Berta Isla, 2017) მისი ბოლოსწინა რომანია. ბოლო რომანი კი გახლავთ „ბერტა ისლას“ გაგრძელება „ტომას ნევინსონი“ (Tomás Nevinson, 2021).
ბერტა და ტომასი ძალიან განსხვავებული ადამიანები არიან. ისინი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ფრანკოს დიქტატურის ეპოქაში, 1960-იან წლებში, როდესაც მადრიდის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდნენ. ბერტა ისლა მეოთხე თუ მეხუთე თაობის მადრიდელია. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც გადაწყვიტა, ცოლად გაჰყოლოდა თანაკლასელს, ტომას ნევინსონს, – ნახევრად ესპანელ, ნახევრად ინგლისელ ბიჭს, რომელსაც უცხო ენების ათვისების არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდა. ბერტამ და ტომასმა ერთმანეთი აირჩიეს, მათ გადაწყვიტეს, ერთად ყოფილიყვნენ რაღაც უცნაური და შესაშური თავდაჯერებულობით. მათი სიმტკიცე იმ საკითხში, რომ მუდმივად ერთად უნდა იყვნენ, უცნაურად გამოიყურება წიგნში, რომელშიც ასე ხშირადაა დადასტურებული ჩვენი უძლურება ბედისწერის წინაშე და ეჭვქვეშაა დაყენებული ნებისმიერი მსჯელობა ნებისმიერ საკითხზე. ამავე დროს, ბერტასა და ტომასს პრაგმატიზმი ახასიათებთ. ქალწულობას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად კარგავენ: ტომი ოქსფორდში სწავლის დროს ბუკინისტ ქალს გადაეყრება, ხოლო ბერტა ქუჩაში, ანტისამთავრობო მიტინგზე ახალგაზრდა ტორეადორს გაიცნობს. ეს ორმხრივი ღალატი მხოლოდ გაზრდის შეყვარებულთა რწმენას, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან გაჩენილნი.
ტომასი, როგორც ვთქვით, უცხო ენების ათვისების დიდოსტატია. მას სხვისი მიმიკის ოსტატური მიბაძვაც ეხერხება. სწორედ ეს თვისებები მიიპყრობს დიდი ბრიტანეთის დაზვერვის, მი-6-ის ყურადღებას. დაზვერვასთან თანამშრომლობის წინადადება ტომის ხელმძღვანელისგან, პიტერ უილერისგან მოდის; ყმაწვილი კაცი მას ხელაღებით უარყოფს, მაგრამ მალე მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხდება. სპეციალური სამსახურები მკვლელობაში ბრალდებას კარგად გამოიყენებენ ახალგაზრდა კაცის მზვერავის კარიერის მახეში შესატყუებლად.
ახლა ტომი ორმაგ ცხოვრებას ეწევა, საელჩოს თანამშრომლის როლს ასრულებს, ბერტასთან ერთად ოჯახს უძღვება მადრიდში, მაგრამ ხშირად მიემგზავრება უცხოეთში, რომ საიდუმლო ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა. ბერტას არაფერს ეუბნება და ისიც უდრტვინველად ითმენს მის არყოფნას, სანამ ირას (ირლანდიის რესპუბლიკური არმიის) ორ საზარელ წარმომადგენელთან შემაშფოთებელი შეხვედრა საბოლოოდ არ დაარწმუნებს, რომ მისი მეუღლე ჯაშუშია.
ბერტას არ შეუძლია, გავლენა მოახდინოს ტომზე, ხშირად ვერც კი უკავშირდება მას; ამასობაში ათწლეულები გადის, ტომი კი მსოფლიოს ყველა პოლიტიკურ ქარტეხილში, ყველა სერიოზულ გეოპოლიტიკურ პერიპეტიაშია ჩართული; მის გარეშე არც ფოლკლენდის ომი ჩაივლის, არც ბერლინის კედელი დაეცემა და არც საბჭოთა კავშირი დაიშლება. ამ დროს ტომი, რა თქმა უნდა, გამქრალია და ბერტა გახდა ის, რისიც ასე ეშინოდა ჯერ კიდევ სკოლის წლებიდან, – მოუსვენარი ადამიანი, რომელმაც ყველაზე ახლობელ არსებაზე არაფერი იცის. ბერტამ უკვე „იცოდა, რომ, გარკვეულწილად, უცნობ ადამიანთან ცხოვრობდა. ადამიანს, რომელსაც აკრძალული აქვს, გაამხილოს, თუ როგორ ცხოვრობს თვეების განმავლობაში, ბოლოს და ბოლოს, უჩნდება განცდა, რომ შეუძლია საერთოდ არაფერი თქვას. მაგრამ ტომი, ყველაფრის მიუხედავად, ბერტას მთელი ცხოვრება იყო – ჰაერივით საჭირო და აუცილებელი. ადამიანი ხომ ჰაერს არასოდეს აკვირდება“.
ეს არ არის რომანი შპიონაჟზე, არ არის თხრობა არც საიდუმლო სამსახურის დრამასა და არც მორალურ არჩევანზე, რაც საიდუმლო აგენტის პროფესიას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მინიშნებაა სწორედ ამაზე (ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, სინამდვილეში რას წარმოადგენს ტომასის სამუშაო, ამიტომ იმასაც ვერ გავიგებთ, რა არის ის მორალური საზღვრები, რომელთა გადალახვა უწევს ან არ უწევს ტომასს). მარიასს ყველაზე მეტად აინტერესებს ნეგატიური მდგომარეობა: მოლოდინი, დაურწმუნებლობა, თავდაუჯერებლობა, უმნიშვნელობა, უმეცრება, ტყუილი და თავის მოტყუება. მთელი წიგნის მანძილზე იგი გვიჩვენებს თავისი პერსონაჟების დაბნეულობასა და ერთმანეთის გაგების მცდელობის სრულ უსუსურობას.
ხავიერ მარიასი მშობლიურ ესპანეთში საყოველთაოდ ცნობილია, როგორც აღიარებული ბესტსელერების ავტორი. მას ხშირად ახსენებენ, როგორც მთავარი ლიტერატურული პრემიის, ნობელის პოტენციურ კანდიდატს. „ბერტა ისლა“ ავსებს მის სახელგანთქმულ ტრილოგიას „შენი სახე ხვალ“, რომლის მოქმედებაც ბრიტანული დაზვერვის წიაღში ხდება; ბევრი თემა და რამდენიმე პერსონაჟიც კი მეორდება. პიტერ უილერი, რომელიც ტომასის გადაბირებას ცდილობს და ბერტი ტუპრა, მისი კურატორი, სხვა წიგნებშიც მნიშვნელოვან როლებს ასრულებენ.
მარიასს ხშირად აქებენ მისი დისკურსიული, განსჯითი სტილის გამო, მას ჰენრი ჯეიმზს, მიშელ დე მონტენს, მარსელ პრუსტს, ლორენს სტერნსა და სერ თომას ბრაუნს ადარებენ; სტერნი და ბრაუნი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას ესპანურად ოსტატურად აქვს თარგმნილი. ხავიერ მარიასი ნამდვილი ლიტერატორია.
„ბერტა ისლას“ კითხვისას ესპანურ ენაში კავშირებითი კილოს ფუნქციაზე უფრო მეტს გაიგებ, ვიდრე ჯაშუშის პროფესიაზე; მწერლის გატაცებები აშკარად ლიტერატურულია, ხოლო ტექსტი სავსეა შექსპირისა და თომას ელიოტის ალუზიებით.
რომანი ქართულად ცნობილმა მთარგმნელმა, ლანა კალანდიამ, თარგმნა. ესპანურენოვან ლიტერატურაში ღრმად გარკვეულმა პროფესიონალმა მთელი თავისი მაღალი ოსტატობა მოახმარა ბუნებრივი, გაწონასწორებული კილოს მიგნებას. რომანი ასე იწყება: „ერთხანს დარწმუნებული არ იყო, მისი ქმარი იყო თუ არა მისი ქმარი, როგორც ძილ-ბურანში არ იცის ადამიანმა, ფიქრობს თუ ესიზმრება, კვლავ მიუძღვის ფიქრების ნაკადს თუ დაღლილს სიზმარ-ცხადი ერევა“. ამ მშვიდი და აუღელვებელი კილოთია გადმოცემული მღელვარე პერსონაჟების დაბნეული და ორჭოფული მდგომარეობა. ეს კონტრასტი წიგნს სასიამოვნო საკითხავად ხდის. აქვე ვიტყვი, რომ ტექსტს თავისი ხელი დაატყვეს რედაქტორებმაც, პაატა ჩხეიძემ და ქეთევან გოჩიტაშვილმა.
მადლობა ეკუთვნის გამომცემლობა „ინტელექტს“, რომელმაც მსოფლიო მწერლობის ეს მნიშვნელოვანი ავტორი შემოიყვანა საქართველოში. მკითხველი აუცილებლად დაელოდება ამ კონკრეტული რომანის გაგრძელებასაც (ე. წ. სეკველს), „ტომას ნევინსონს“ და ე. წ. პრიკველსაც, ტრილოგიას „შენი სახე ხვალ“, რომლებიც აუცილებლად ლანა კალანდიამ უნდა თარგმნოს.
მასალა მომზადებულია გამომცემლობა "ინტელექტთან" თანამშრომლობით