გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჯიმ ვაითის ამბავი

ნაწყვეტი მაქს ფრიშის რომანიდან „შტილერი“

ერთხელ, ზაფხულის ერთ დილას, პრერიაში, კოვბოის ყოველდღიურობით გაბეზრებულმა, ცხენი იმაზე შორს გავაჭენე, ვიდრე ჩვეულებისამებრ, ვიდრე შეიძლებოდა. ფიქრებში ვიყავი ჩაფლული (რა ფიქრებში, ჩემს მსმენელს არ აინტერესებს) და უმიზნოდ მივჯირითობდი. მერე ჩორთზე გადავედი. ხუთი საათის შემდეგ, ისე, რომ უკან ერთხელაც არ მომიხედავს, წითელ კლდეებს მივაღწიე, რომელთაც, რამდენიმე კვირა იყო, დაბლობის ჰორიზონტზე ვხედავდი. ჩემი შავი ცხენიდან ჩამოვხტი, იქვე მუხის ტოტზე მივაბი და მაღლა ავფორთხდი, მინდოდა, კიდევ უფრო ზემოდან დამენახა უსასრულო, ფართო დაბლობი, რომელიც უკან მოვიტოვე და მომწვანო მოვერცხლისფრო ოკეანესავით ლივლივებდა. ცხელი, ზუზუნა შუადღე იდგა. წყურვილი მახრჩობდა. ამაოდ ვეძებდი წყაროს, იქაურობა გამომშრალი კირისგან შედგებოდა და უცებ, იმ დროს, როცა ჩექმებით ვთელავდი გამოფიტულ ეკალბარდებს, ღიობს მივადექი, კლდის ნაპრალს, ზვიგენის დაფჩენილ ხახას ჰგავდა, უზარმაზარი იყო და ღამესავით ბნელი. ჩემს არცერთ ამხანაგს არ მოეყოლა ამ მღვიმის შესახებ.

სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ამ ბორცვიან, ველურ ბუნებაში შესასვლელი, რომელსაც მხოლოდ ძალიან ახლოდან თუ შეამჩნევდი. იქნებ აქ მაინც ყოფილიყო წყალი. სამარისებური სიჩუმე იდგა და არასოდეს დამავიწყდება, როგორ გადავდგი პირველი ნაბიჯები, რომ ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა და შევაბიჯე ბნელ ნაპრალში, ფრთხილად ვებღაუჭებოდი უკანასკნელ ტოტებს, ვცდილობდი კისერი წამეგრძელებინა და სიბნელისგან დაბრმავებულს გადახსნილ ხახაში ჩამეხედა. არავის უბრძანებია ჩემთვის მღვიმეში შესვლა; მაინც სული მეხუთებოდა და ჩემი აღმოჩენა არ მასვენებდა. ჩექმის ქვეშ ქვა მოწყდა, ხტუნვა-ხტუნვით ჩავარდა ქვევით, სულ უფრო და უფრო შორიდან სწვდებოდა ყურს მისი გრიალი, ხმა არ წყდებოდა, მე კი, კოვბოი კი ვიყავი, მაგრამ ფერი დავკარგე. მეჩვენებოდა მოხტუნავე ქვის ხმა თუ მართლა მესმოდა? შიშისგან სუნთქვა შემეკრა, მაგრამ თავს მოვერიე, რომ უკან არ გავქცეულიყავი. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. მხოლოდ საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა. შემდეგ ხმამაღლა დავიძახე: არის აქ ვინმე? და უაზრო შიშით შეპყრობილი, თითქოს ჩემი საკუთარი ხმა არ ყოფილიყოს, თითქოს დრაკონი მიპირებდა გადაყლაპვას, ფართხაფურთხით ამოვძვერი ზევით, თან ეკლიან ბუჩქებს ვეჭიდებოდი, ექო უკან მომდევდა, მზეზე რომ დავინახე, საკუთარ თავზე გამეცინა. უფრო სწორად, ვეცადე, საკუთარ თავზე გამეცინა. რადგან აქ, შუადღის პაპანაქებაში, მხოლოდ მწერების ნაცნობი ზუზუნი ისმოდა, მაღალი ბალახი ქარში შრიალებდა და თვალწინ ტეხასის დაბლობი, ის მიწა გადაშლილიყო ოკეანესავით, რომელსაც ყოველდღე ვხედავდი. მაინც ცოტა შემზარავი იყო, თითქოს ისევ მესმოდა მოხტუნავე ქვის ხმა.

ღამე იყო, ჩვენს რანჩოს რომ მივაღწიე. თავი თავხედური ტყუილით ვიმართლე, ჩემს მღვიმეზე კრინტი არ დამიძრავს, ჯიმისთვისაც კი სიტყვა არ მითქვამს, ჩემი საუკეთესო მეგობრისთვის, ჩემ გვერდზე რომ ეძინა. ჰამაკზე მომქაჩა, უნდოდა გაეგო, მართლა სად დავიკარგე მთელი დღე, მე კი არ გავუქარწყლე შური და რწმენა, რომ იქ, იმ თითქმის უკაცრიელ ველებზე (თვეები ისე გადიოდა, კაცების, ცხენებისა და საქონლის მეტს ვერავის გადაეყრებოდი) თავისუფალ გოგონას გადავაწყდი. ჯიმმა გვერდში ერთი მითავაზა, უნდოდა გამოეხატა, გულით ვიზიარებ შენს სიხარულსო და თან ასევე გულით დამიწუნა საქციელი. მაგრამ მე ჩემი მღვიმის ამბავი მაინც არ გავთქვი.

რანჩოზე მკაცრად გვამუშავებდნენ, ცოტანი ვიყავით, ერთი ჩვენგანი კი ავად იყო; ორი კვირა ველოდი შემდეგ თავისუფალ დღეს.

რასაკვირველია, ჯერ წესიერად გათენებულიც არ იყო, რომ ისევ ჩემი მღვიმისკენ გავქუსლე (ძალიან შორიდან მოვუარე, რომ კვალი ამებნია), ფარნით შეიარაღებული, რომ მღვიმის უკუნეთში შემეღწია და ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ერთი რამის გარდა – რომ ჩემს მღვიმეს ვეღარ ვიპოვიდი. უკვე ნაშუადღევი დამდგარიყო, მე კი ისევ ზევით-ქვევით მივაბოტებდი, იქნებ შესასვლელი სულ ახლოს იყო, იქნებ ერთ მილში, ირგვლივ სულ ერთნაირ გორაკებს და ტაფობებს ვხედავდი, ისეთივე ნარებს, კაქტუსებს, აგავებს, მათ შორის კი, იმ დაწყევლილი შხამიანი მუხების ეკალ-ბარდებს. ქანცგამოცლილმა და იმედდაკარგულმა გავაჭენე უკან, მღვიმე ვერ ვიპოვე, კიდევ უფრო მჯეროდა, რომ ამ მღვიმეში ზღაპრული საგანძური ინახებოდა, შეიძლება ოქრო, ესპანელების მიერ მოხვეჭილი და დაკარგული; აქ არ ჩაიარეს თავგადასავლების მაძიებელმა ვასკეს კორონადომ და ქაბეზა დე ვაკამ? ყველაზე ცოტა, რაც იქ შეიძლებოდა მეპოვა, ისტორიული მნიშვნელობის ნივთები იქნებოდა, მაგრამ იქნებ ინდიელების ძვირფასი თვლებიც, ამომწყდარი ტომის მთელი საგანძური. საღ გონებაზე ყველაფერი შესაძლებელი ჩანდა. ჩემი მეგობარი, რა თქმა უნდა, იღრიჭებოდა, დაღლილ-დაქანცული საღამოს ჩემს ჰამაკში უსიტყვოდ რომ ჩავეშვი. რა ჰქვია იმ გოგოს? მკითხა, მე კი ვუპასუხე: ჰაზელი! და მეორე გვერდზე გადავბრუნდი.

ასე გავიდა რამდენიმე კვირა.

ჩემი კლდეებში მიმალული მღვიმე ნამდვილ ზმანებად მექცა, ცხადში ვერაფრით ვპოულობდი, თუმცა რამდენჯერმე წავედი ცხენით იმ მიდამოში, ყოველთვის თან მქონდა ფარანი და ლასო, კარბიდით სავსე ჩანთა და კიდევ ერთი აბგა, რომელშიც საგზალი მედო და უკვე თვითონაც აღარ მჯეროდა ჩემი აღმოჩენის, როცა უცებ, ერთ საღამოს, უკვე რომ ბინდდებოდა და უკან დაბრუნების დრო მოსულიყო, ღამურების ღრუბელი დავინახე. თითქოს მიწიდან ამოფრინდა მილიონობით ღამურა. ჩემი მღვიმიდან ამოფრინდნენ!.. ფარანი და ლასო თუ გაქვს, რომელიც მთამსვლელივით შეგიძლია კლდის წვეტზე ჩამოკიდო, არც ისე ძნელია პირველ, უზარმაზარ ქვაბულში ჩასვლა. როგორც სინათლის უკანასკნელ სხივებში შევიცანი, თითქმის ნოტრ-დამის ტაძრის ხელა იყო. ჩემი ფარანი მცირე სალოცავებს ანათებდა, მაგრამ დრაკონების ცეცხლისმფრქვეველი თვალები და გოგირდის ოხშივარი, ცხადია, არსად შემხვედრია. მეამაყებოდა, რომ ამხელა მღვიმე აღმოვაჩინე, მაგრამ თან ცოტათი იმედგაცრუებულიც ვიყავი, რომ უკვე დამთავრდა ჩემი საიდუმლო მისია, და უცებ – ეს წამი არასოდეს დამავიწყდება! – ჩემი ფარნის შუქი თითქოს მიწამ შთანთქა. შიშისგან სუნთქვა შემეკრა, ფეხებთან მიწას დაეღო პირი, განძრევას ვერ ვბედავდი, დარწმუნებული ვიყავი: ფარნის შუქი მიწაზე აღარ ეცემოდა. ზევით ავიხედე, რომ დღის სინათლე დამენახა, მაგრამ უკვე ღამე ჩამოწოლილიყო დედამიწაზეც; მხოლოდ რამდენიმე ვარსკვლავი მოჩანდა, მიუწვდომელ სიშორეში სუსტად მოკიაფე ვარსკვლავი, ირგვლივ კი პირქუში კლდეების სიშავე იდგა და რომ გამახსენდა ქვესკნელში დაგორებული ქვების გრუხუნი, უკან ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ გავბედე, მეგონა, ერთი ნაბიჯიც და გადავიჩეხებოდი. ბოლოს დავიჩოქე, ფარანი ლასოს შევაბი და ქვევით ჩავანათე, რომ საშიში უკუნეთი შემესწავლა; ფარანი სიცარიელეში ქანაობდა.

ცოტა ხანში (ხვრელის პირას ვიდექი მუხლებზე, როგორც გითხარით, და საკუთარი გულის ბაგაბუგის მეტი არაფერი მესმოდა) მღვიმე შევიცანი, ისიც უზარმაზარი იყო, მაგრამ ნოტრ-დამს არ მაგონებდა, უფრო ზმანებას, სრულიად სხვა სამყაროს, არა ღამურებით შეფენილ კლდეს, არამედ ასობით და ათასობით ბრჭყვიალა ქვის სვეტებიან ზღაპარს. აღმოჩენა ეს იყო, თუ იყო! კარგი მცოცავისთვის ამ ზღაპარში ჩასვლა რა ბედენა იქნებოდა, მაგრამ უკან როგორ ამოვიდოდი? ოღონდ ერთ რამეს ცხადად ვგრძნობდი: ახლა თუ უკან დავიხევ, მთელი ცხოვრება ვინანებ და დავიტანჯები. შიში გამბედაობამ და სიამაყემ შეცვალა. ძალიან ფრთხილად, დიდი მონდომებით, (ოღონდ უკან დაბრუნებაზე არ ვფიქრობდი) გვარიანად დაკაწრულმა, ბოლოს და ბოლოს ნახტომით ჩავაღწიე იმ საოცარ სიღრმეში, საიდანაც ვარსკვლავებიც კი აღარ მოჩანდა. ჩემი ერთადერთი იმედი ფარნის მკრთალი შუქი იყო. ძალიან აღელვებული ვიყავი, მაგრამ ისე ფრთხილად და გონივრად ვმოქმედებდი, თავად მიკვირდა. ის კლდე, რომელზეც უკან უნდა ავცოცებულიყავი, მაშინვე მოვნიშნე ჩემი ფარნის ჭვარტლით, ისე დავაწერე დიდი ერთიანი, თითქოს ვიღაცას ესწავლებინოს. მხოლოდ მერეღა მოვავლე თვალი იქაურობას. საითაც არ გავიხედავდი, ლაბირინთი მოჩანდა, ფარნით შეიარაღებული მივიწევდი წინ, ისეთი ბედნიერი ვიყავი, თითქოს სანუკვარი მიზნისთვის მიმეღწიოს და თან თავზარდაცემული, თითქოს დასასრულს ვგრძნობდი, თითქოს ეს იყო ფასი, რომელიც ჩემი ცნობისმოყვარეობისთვის უნდა გადამეხადა – ვეღარასდროს დავბრუნებულიყავი დედამიწაზე, ვეღარასდროს მეხილა მზე, ვარსკვლავები, რომელთაც ცოტა ხნის წინ ვხედავდი და ვერც ის მკრთალი მთვარე, ვეღარასდროს გამეჭენებინა ცხენი მინდვრებში, ვერ შემეყნოსა ბალახი, ვეღარ დამენახა ადამიანი და ვეღარავის გაეგონა ჩემი ხმა.

დავიძახე: ვინმე არის მანდ? და მერე How are you? წესიერი ექოც კი არ ისმოდა. ყოველ ათ ნაბიჯში ვტოვებდი ნიშანს ჭვარტლით. ზევით, დედამიწაზე, ალბათ უკვე გათენდა-მეთქი, ვფიქრობდი. ერთხელ ვცადე მომესინჯა, ვიპოვიდი თუ არა ზევით ასასვლელ კლდეს (ნიშანი ნომერი პირველი), ჩემი ნიშნულები საკმარისი იყო თუ არა. საკმარისი აღმოჩნდა. მაგრამ ოფლმა დამასხა, როცა ნიშანი ნომერი პირველი ისევ ვიპოვე, არადა, იქ, ცხადია, საკმაოდ გრილოდა. მაკანკალებდა და რაღაც უნდა მექნა, თან დავმშვიდდი, თითქოს არიადნეს ძაფი მეპოვოს, მეორე მხარის შესწავლას შევუდექი, ზევით ავცოცდი, გაბედულად, მაგრამ ფრთხილად (არცერთხელ არ დამვიწყებია ჭვარტლით ნიშნის დასმა), მაკრთობდა თითეული მოცურებული ნაბიჯის ექო, რომელიც მამცნობდა, რამხელა იყო ეს გამოქვაბული, ეს უკუნეთი დედამიწის წიაღში, საიდუმლოებებით დახვრეტილი, რომელშიც ძეხორციელს არ შეედგა ფეხი და ჩემი ფარანი იყო პირველი სხივი, რომელსაც ამ ზღაპარში შეეღწია, პირველი შუქი, რომელსაც გაენათებინა მთელი ეს დარბაზები და ბრჭყვიალა სვეტები? უკან, ჩემი ფარნის შუქი რომ მოსწყდებოდა, ყველაფერი უკუნეთში იძირებოდა, თითქოს არც უარსებიაო და ვერ მიხვდებოდი, კლდეების უკუნეთი იყო თუ სიცარიელის უკუნეთი. სამარისებურ სიჩუმეში ათასწლეულების წიაღიდან წვეთავდა. ნეტა რა მინდოდა? ალბათ მინდოდა იმ მღვიმეში შემეღწია, საიდანაც გზა აღარსად მიდიოდა, სადაც ეს შეუცნობელი სამყარო მთავრდებოდა, სადაც ქვები, რომელიც ჩემი ჩექმის ქვეშ სწყდება მიწას, უფრო ღრმად აღარ ვარდება. ასეთ ადგილამდე ვერ მივაღწიე.

ისე შემაშინა ადამიანის ჩონჩხმა, რომელსაც უცებ დაეცა ჩემი ფარნის შუქი, რომ ყვირილი აღმომხდა, გაქცევაც კი დავაპირე, მაგრამ ფეხი რაღაცას წამოვდე, ჩემი ფარნის ერთი მინა დაიმსხვრა და სახე გამიჭრა. მეგონა ხაფანგში გავები და ამ ჩემი წინამორბედივით აქედან ვეღარ გავაღწევდი, შესაბამისად, არჩევანი მქონდა შიმშილით სიკვდილსა და ჩემს ლასოზე თავის ჩამოხრჩობას შორის, გონი და სხეული წამერთვა; დავჯექი, თბილი სისხლი პირში ჩამდიოდა, მთელი გონება უნდა მომეკრიბა, რომ ჩონჩხი, რომელსაც მრგვალად ანათებდა ფარანი, უცებ ჩემი საკუთარი არ მგონებოდა. რაღაცნაირად დამავიწყდა დროის გამოთვლა, არ ვიცოდი, კიდევ რამდენ ხანს მეყოფოდა ფარნის სინათლე და ალბათ იმ ჩონჩხმა გადამარჩინა (ახლა ასე მგონია). უკან დახევის გარდა აღარაფერზე ვფიქრობდი. არც ვიცი, ინდიელი იყო თუ თეთრკანიანი, ვინც ჩემზე ადრე იხილა ეს მღვიმეები; უცებ მივხვდი, დრო აღარ მქონდა, რომ ამ კითხვაზე პასუხი მეპოვა. საღამოვდებოდა, გასასვლელს რომ მივაღწიე. მზე ღამურების მკივანა ღრუბლის უკან იფერფლებოდა და ზევით, დედამიწაზე, გეგონებოდა, არაფერი მომხდარაო. ჩემი ცხენი წყურვილისგან ჭიხვინებდა. ქანცგაცლილი, ქვიშასა და სისხლში ამოთხვრილი დავეგდე თბილ მიწაზე და ჭამას შევეცადე. ისე მეშინოდა, ჩემი წანამორბედივით მეც შიმშილით არ მოვმკვდარიყავი, ჯერ საგზლისთვის ლუკმაც არ მომეკლო. ცხვრის ამძაღებული ხორცი ცხონებად მომეჩვენა (მაშინ უკვე ყელში მქონდა ამოსული ცხვრის ხორცი.) მიუხედავად იმისა, რომ საღამოს ბინდი იდგა, მაინც არ ვაქრობდი ფარანს, თითქოს მეშინოდა, ფარანს თუ ჩავაქრობ, ირგვლივ ყველაფერი ჩაქრება-მეთქი, მთვარეც, რომელიც იისფერი მდელოდან ამოიწვერა და ვარსკვლავებიც, რომლებიც პრერიას დანათებდა, და მთებს მიმალული მზეც, რომელიც ახლა ოკეანეზე ეკიდა და ჩინეთს ათბობდა.

რანჩოში იწყევლებოდნენ.

ძნელი, ის კი არა, შეუძლებელიც იყო, ჯიმისთვის მომეყოლა, რა ვნახე, იმდენად უხეიროდ ვიცოდი გეოლოგია. მაინც ავუხსენი: კირის კლდეებია, იმდენად მკვრივი, რომ გასაოცრადაა გადაშლილი. ჯიმი ჩემს შეფასებებს არ ენდობოდა, არადა, შემდგომში გამოიკვლიეს ის მღვიმეები (დღესდღეობით ტურისტები იქ კარლსბადიდან, ნიუ მექსიკოს შტატიდან, ავტობუსით ჩადიან) და სულ სხვა მასშტაბები დაადგინეს: დიდი დარბაზი ექვსასი ფუტის სიგანისაა, სამას ორმოცდაათი ფუტის სიმაღლის, კილომეტრზე მეტის სიგრძის და მიწიდან შვიდასი ფუტის სიღრმეზე მდებარეობს და თან, სულაც არ არის ყველაზე ქვედა მღვიმე. ოდესღაც, მიწისქვეშა მდინარე, რომელმაც ეს კლდე გამოშიგნა, თავად დაშრა. რატომ დაშრა, არ ვიცი. უზარმაზარი მდინარე უნდა ყოფილიყო, რიო გრანდეზე ოთხჯერ დიდი, წყნარად მიედინება ახლომახლო ხეობებში. შეიძლება, მდინარე, რაც უფრო ხრავდა კლდეს, სულ უფრო და უფრო ღრმად ჩაედინებოდა და სადღაც ჩაიკარგა, შეიძლება კლიმატი შეიცვალა და ვეღარ იკვებებოდა, არ ვიცი, ფაქტია, რომ დაშრა ეს მიწისქვეშა მდინარე და მღვიმეები, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე გამორეცხა, ცარიელი დატოვა. შრეები ირღვეოდა, რაც მღვიმეებს კიდევ უფრო აფართოებდა, ალბათ მანამდე ჩამოინგრეოდა ხოლმე, სანამ ერთი შრე უფრო გამძლე არ აღმოჩნდებოდა და ჭერად არ იქცეოდა. ჩამონგრევის შედეგად წარმოშობილი ქვაღორღი აღარსად ჩანს, ნაწიბურები გაქვავებულმა წვეთებმა გადაფარა.

მერე კი, აი, რა მოხდა: წვიმის მცირედი ნაჟური, რაც პატარა ნაპრალებსა და ნახეთქებში მწვანე ზედაპირიდან აღწევდა, ცარიელ გამოქვაბულებში წვეთავდა და ორთქლდებოდა და მერე იწყებოდა მეორე ნაწილი: მღვიმეების მოვარაყება, რადგან კირი, წყლის აორთქლების შემდეგ, ისევ გამოიყოფა. ასე იქმნება სტალაქტიდები, წვეთოვანი ქვა, რომელიც ჭერიდან კიდია და ასევე სტალაგმიტები, წვეთოვანი ქვა, რომელიც ქვევიდან ზევით იზრდება, ისეთი ზომის წარმონაქმნებია, რომ, გეოლოგების ვარაუდით, მათი შექმნის პერიოდი ორმოცდაათიდან სამოც მილიონამდე წელია. დროის ამ მონაკვეთებს, რომელთა გამოთვლა ადამიანს შეუძლია, მაგრამ დროის მისეული შეგრძნებით ვერ წარმოისახავს, ფანტაზიითაც ვერ სწვდება, ეონებს უწოდებენ. ძალიან ძნელი გადმოსაცემია, რეები წარმოიშვა იმ მღვიმეებში – წვეთ-წვეთად, ოღონდ მთელი ოკეანის წვეთები დასჭირდებოდა და ერთი ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ მისი რამდენიმე მილიმეტრით გაზრდას თუ ჰყოფნის. ჯიმს ჩემი არ სჯეროდა, არადა, მაშინ მხოლოდ ზედა მღვიმეების შესახებ ვუყვებოდი. რაც უფრო ღრმად შედიხარ, მით უფრო არაჩვეულებრივი და წარმოუდგენელია, მით უფრო მდიდრულია წარმონაქმნები, რომლებიც ჭერიდან ჩამოზრდილა როგორც ალებასტრის ფარდა, მოთეთრო, მოყვითალო, ჩვენი ფარნების შუქში აბზინებული, მაგრამ მარტო ფარდები კი არა, მთელი ტაძრები კიდია ზევიდან, გოთური ტაძარი თავდაყირა, შემდეგ უცებ სპილოს ძვლის კატარაქტა, მდუმარე და გაქვავებული, თითქოს დრო გაჩერებულაო. მერე უცებ მოჩანს ზვიგენის კბილები, ჭაღები, შუბის წვერები, სადღაც იქით დროშებით სავსე დარბაზია, მარადიული ისტორიის მუზეუმი, კლასიკური ბერძნული ნაოჭასხმული ქანდაკებებივით ფიგურები, მათ შორის კი, ჩრდილოეთის დრაკონების კუდები. ყველაფერი, რაც ადამიანის გონებას წარმოუდგენია, აქ მეორდება ქვაში და ინახება მარადიულობისთვის. და რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო მდიდრულია მღვიმეების ძირიდან ამოსული წარმონაქმნები, მარჯნის რიფები, ჯერ დათოვლილი ნაძვების ტყეში დადიხარ, მერე უცებ პაგოდა შემოგხვდება, კეთილი სულები, ან ვერსალის გაქვავებული შადრევანი, გააჩნია, საიდან უყურებ, გარდაცვლილთა უცნაური აკლდამები, ჰადესი, როგორშიც ორფეოსმა შეაბიჯა; არც გაქვავებული ქალბატონების ნაკლებობაა, რომლებსაც მალე შთანთქავს მათივე პირბადეები, ქარვის პირბადეები, ადამიანური სიყვარული მათ ვეღარ დაიხსნის, მომწვანო ტაძარში კი დუმფარები ყვავის, მაგრამ ისინიც ქვისაა, ცხადია, ყველაფერი ქვის.

ზოგ ნაპრალს ფარნის შუქი ვერ სწვდება; ჩააგდებ ქვას და შიშისგან შეშდები, როცა მისი ხმა აღარ გწვდება და ხვდები, რომ ლაბირინთს ბოლო არ გააჩნია, რომც მოახერხო და უფსკრული გადალახო, ძირს ვერ უპოვი. და მაინც გიზიდავს. და წელში იხრები, რომ ხმლების ქვეშ გაიარო და ხვდები არარსებული დედოფლის დარბაზში; მისი ტახტიდან მარმარილოს ძაფები წვეთავს, ზევით კი მკრთალად ელავს ბალდახინი. რას არ ნახავ აქ, ფალოსის უზარმაზარი მომუმენტებიც მრავლადაა, მთელი ჯარია, მათ შორის კი თითქოს ყვავილოვან კომბოსტოზე დააბიჯებ, პატარა ჯოხებს ეჭიდები, რომელიც შეიძლება ჩიტის ან ბოთლის ყელი იყოს, მცენარეები და ცხოველები, ადამიანის ზმანება, აქ ყველაფერია, როგორც მეტაფორების მიწისქვეშა არსენალში. უკანასკნელი მღვიმე, რომელშიც მე შევაღწიე, სულ სხვანაირია: ფილიგრანული, ფაიფურის შროშანების სარკოფაგი, კლდე აღარსად იგრძნობა, მით უმეტეს, აღარც ჩანს, მხოლოდ სტალაქტიდები, გლუვი და შუშისებური, მხოლოდ ორნამენტები, მთელი არაბული სამყარო. ჰო, ერთმანეთს ერწყმის ზედა და ქვედა, დაკიდული და ამოწვერილი ერთმანეთს ეხუტება, მარმარილოს ჯუნგლია, უხმო და სუნთქვაშეკრული, როგორც კოსმოსი, მაგრამ დრო მაინც იგრძნობა. ეონების ეს ქმნილებაც უნდა დასრულდეს და ჩაქრეს, ესეც წარმავალია.

შემდეგ ჯერზე ჯიმთან ერთად წავედი.

ორნი ვიყავით და თან უკეთ აღჭურვილები, ვიდრე მანამდე (ორი ფარანი, ას ოცი საათის სამყოფი საწვავი, თითქმის ერთი კვირის საგზალი, რაც მთავარია, ცხვრის ხორცი, ვაშლი და არაყიც, გარდა ამისა, სამი ლასო, ცარცი, რომ თეთრად აღგვენიშნა გზები და საათი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო), ამიტომ კარგა გვარიანად გავცდით ჩემი წინამორბედის ჩონჩხს და მივაღწიეთ ეგრეთ წოდებულ Dome Room-ს, სადაც ის უბედური შემთხვევა მოხდა. ეს იყო ჩვენი ერთობლივი თავგადასავლის სამოცდამეშვიდე საათზე, ანუ, მესამე დღეს, თუკი დღეებს ისე დავთვლიდით, როგორც ზევით, დედამიწაზე ითვლიან და არა წამებს და ეონებს, და ეს იყო არცთუ შორს იმ ადგილიდან, სადაც დღეს ტურისტებს ლანჩს სთავაზობენ, სანამ ლიფტით დააბრუნებენ მზის სინათლეზე. ჯიმს ფეხი გაუსრიალდა და რამდენიმე მეტრით ქვევით ჩაცურდა, გმინავდა და მაშინვე მე დამადანაშაულა, ლასოთი კარგად არ დამიჭირეო, რაც სისულელე იყო; მე ხომ მასზე წინ მივდიოდი და ჩემს მეგობარზე ნაკლებ საფრთხეში არ ვიმყოფებოდი, თავად უნდა გამოეჩინა სიფრთხილე. მაგრამ ნერვები ორივეს დაჭიმული გვქონდა, ამიტომაც ვკინკლაობდით, თუმცა, რა თქმა უნდა, მაშინვე შევრიგდით. ჯიმმა, მგონი, მარცხენა ფეხი მოიტეხა. აწი რა იქნებოდა? გავამხნევე, არაყი მივაწოდე და ვფიქრობდი, რა ვქნათ-მეთქი. ზურგზე მოკიდებულს წავათრევდი, მაგრამ კედელს რომ მივადგებოდით, მაშინ რას ვიზამდი? ზურგმოკიდებული კაცით ზევით ვერ ავცოცდებოდი. მეც დავლიე არაყი და ვუთხარი: ოღონდ არ აღელდე, ჯიმ, როგორმე აგათრევ ზევით-მეთქი! დავათვალიერეთ ფეხი, არყითაც დავამუშავეთ; იქნებ მოტეხილი არც იყო და მხოლოდ ნაღრძობი იყო. მისი ტკივილების და ჩემი გონიერების მიუხედავად, ჯიმმა დაიჟინა, ჩექმა ისევ უნდა ჩავიცვაო.

ნუთუ მართლა ეშინოდა, რომ იქ მივატოვებდი? აქამდე თითქმის არ გვძინებია, ცოტა დასვენებამ და არაყმა დაღლილობა გვაგრძნობინა. ჩემი გეგმა წმინდა გონებას ემყარებოდა: უნდა ჩაგვექრო ფარნები, რათა საწვავი დაგვეზოგა და რამდენიმე საათი უნდა დაგვეძინა, მერე ახალი ენერგიით უნდა გავდგომოდით გზას უკან. გზა ნამდვილად მტკივნეული იქნებოდა ჯიმისთვის, მეც არაქათს გამომაცლიდა. კიდევ სამი დღის საგზალი გვქონდა, სინათლის საქმე უფრო ცუდად იყო. ჩვენი მეორე ჩხუბი იმიტომ დაიწყო, რომ ჯიმს ფარნის ჩაქრობა არ უნდოდა. არადა, თითეული საათი, რომლისთვისაც საწვავი გვექნებოდა, შეიძლება უმნიშვნელოვანესი ყოფილიყო! მე მას ვუთხარი: ახლა თუ გონს არ მოუხმობ, ჩვენი საქმე წასულია-მეთქი! ჯიმმა მიპასუხა: ჩამასხამ არაყს და რომ დამეძინება, მიმატოვებ, ამას მეუბნება გონიო. გამეცინა, მისგან ასეთ უნდობლობას არ ვიმსახურებდი, ჯერ არ ვიმსახურებდი. რამდენიმე საათის შემდეგ, რადგან არცერთს არ გვეძინა და ორივე ვკანკალებდით, ვუთხარი: ადექი, ავიდეთ მაღლა-მეთქი! კისერზე ჩამოვიკიდე, გამწარებული იყო, მაგრამ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ტკივილისთვის გაეძლო, კოჭლობდა, მაგრამ ბარგი არ ჩამოუხსნია, არც ფარანი, არც საგზალი, არც ლასო. წინ უკეთ მივიწევდით, ვიდრე ვიფიქრებდით, სადაც გვერდიგვერდ ვერ გავივლიდით, ჯიმი ოთხზე მოხოხავდა; რადგან ვიცოდი, ეშინოდა, არ გავპარვოდი, წინ მას ვუშვებდი.

ცარცის ნიშნულები ძალიან გამოგვადგა, თუმცა, რამდენჯერმე დავიბენით და არასწორ კუთხეში გავუხვიეთ, გზის აბნევა შემდგომ შეცდომებს იწვევდა და შვებით ამოვისუნთქავდით ხოლმე, როცა რამდენიმე საათში ისევ იმ ნიშნულს მაინც მივადგებოდით, საიდანაც გზა აგვერია. იმასაც მალე მივხვდით, რომ ცალ ფეხზე ხტუნაობა და ხოხვა კედელზე ცოცვისგან საკმაოდ განსხვავდებოდა. მაგრამ ჩვენ (დღევანდელი ცოდნის მიხედვით) შვიდასი ფუტის სიღრმეში ვიმყოფებოდით! ვაღიარებ, მეშინოდა იმ მომენტის, როცა მივხვდებოდი, რომ ვერ დავეხმარებოდი ჩემს მეგობარს თითქმის ვერტიკალური კედლების დაძლევაში; რა უნდა მექნა? დაახლოებით ორმოცდაათი საათის სინათლეღა დაგვრჩენოდა, თუ ჯიმი არ მატყუებდა; საათი მას ჰქონდა. მაჩვენე-მეთქი, ვუთხარი. ჯიმი დაიღრიჭა და ციფერბლატი შორიდან დამანახა: ა, ბატონოო. დავეჭვდი, საათი ხომ არ გადაწია-მეთქი, მაგრამ რაში სჭირდებოდა? სიცრუით იქაურობას ვერ გაანათებდი. რა თქმა უნდა, მეცოდებოდა მტკივანი ფეხის გამო, მაგრამ ახლა ფეხი აღარ იყო მთავარი. ახლა მთავარი იყო დრო. ვიცოდი, რამდენი საათი დამჭირდებოდა მარტოს დედამიწაზე დასაბრუნებლად? ფეხის ამბის მერე ლუკმა არ ჩაგვედო პირში. დღეს „Rock of Ages“ ეძახიან იმ ადგილს, სადაც გათამაშდა ჩვენი მეგობრობის ბოლო სცენა. ჯიმი უცებ ატირდა: აქედან ვეღარასდროს გავაღწევო. სისულელეა, სისულელეა-მეთქი, ვუპასუხე. კედელზე ჯიმის თოკით ათრევის პირველი და მეორე მცდელობის შემდეგ – საშინლად ეშინოდა, შეიძლება სამართლიანადაც, რომ მე ზევით ავძვრებოდი და თოკს ჩავეხსნებოდი – ორივენი მხოლოდ ქანცგაწყვეტილები კი არა, დაშავებულებიც ვიყავით. მე შუბლზე მქონდა ნაკაწრი. არ ვიცი, ჯიმმა შიშისგან მოქაჩა თოკს, რადგან ეგონა, რომ ჩავეხსნებოდი, თუ გლუვ ქვაზე მოსრიალდა ცალ ფეხზე მდგარი; ასეა თუ ისე, ერთი მოქაჩვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქვევით ჩავეთრიე. თავს იკლავდა, ძალით არ მიქნიაო, მაგრამ იმ ჭრილობაზე უარესი, საიდანაც სისხლი მარცხენა თვალში ჩამდიოდა, გადატყავებული ხელები იყო. კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ახლა ჯიმი მეუბნებოდა, სისულელეა, სისულელეაო. მისმა სიმშვიდემ დამაეჭვა, მიუხედავად უმოწყალოდ დაღლილობისა, ჩასაფრებული ცხოველივით ფხიზლად ვიყავი, სანამ ჯიმი ხელებს მიხვევდა, თავისი პერანგის სახელოც კი გაიმეტა.

გული ამიჩუყდა, მაგრამ ეს რას მარგებდა! ხან მე ვიქცეოდი გულისამაჩუყებლად და ხან ჯიმი, რიგრიგობით, აიწონა-დაიწონასავით. ამასობაში დრო გადიოდა. და ერთხელაც, როცა საშინელი სიჩუმე დავარღვიე და ვკითხე, რომელი საათია-მეთქი, ჯიმმა საათი არ მაჩვენა, ეს კი იმის ნიშნად მივიჩნიე, რომ ერთმანეთისთვის უკვე ღია ბრძოლა გვქონდა გამოცხადებული. დახმარება იქით იყოს. ჯიმმა მკითხა, ასე დაჟინებით რატომ მაკვირდებიო. მეც იგივე ვკითხე. ერთხელაც, როცა რაღაცა ხანი დაჟინებული აღარ ვაკვირდებოდი, ჩუმად შეუდგა ცხვრის ხორცის ჭამას. რაც კუჭში გაქვს, იმას ვერავინ წაგართმევსო, ფიქრობდა ალბათ და მართლაც, გვიახლოვდებოდა საათი, როცა აბგაში მხოლოდ ერთი კაცის სამყოფი ხორციღა დარჩებოდა, უფრო ძლიერის. მოტეხილი ფეხი და ჰო, ორი გადატყავებული ხელი, ტკივილი რაღას მიქვია, ბოლოს და ბოლოს გაუძლებ და მაინც აცოცდები, ეცდები, იქნებ მარტოსაც გეყოს ძალა და დაბრუნდე დღის სინათლეზე, დაუბრუნდე ცხოვრებას. მაგრამ ეს მანამ უნდა მომხდარიყო, სანამ კიდევ შეგრჩენოდა ძალა, სანამ ერთი ფარნის სამყოფი საწვავი მაინც დარჩენილიყო. ჯიმმა მკითხა, რა განგიზრახავსო, კითხვითვე ვუპასუხე, რას ველოდებით-მეთქი? მე, ჩემი მხრივ, მშიოდა, მაგრამ ხორცს ვიზოგავდი, ამ ტაქტიკის წყალობით, იქნებ დავლოდებოდი, შიმშილით როდის გასავათდებოდა და მერე მე აღმოვჩენილიყავი უფრო ძლიერი, ამ წუთას კი მეშინოდა, რომ ცხვრის ხორცით კუჭამოყორილი ჯიმი მაჯობებდა; მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ტაქტიკა თვალის მოხუჭვის უფლებას არ მაძლევდა, თორემ ჯიმი გამძარცვავდა და დავიღუპებოდი. ასე რომ, არ ვიცი, რამდენი საათი ვუთვალთვალებდით ერთმანეთს ასე დაძაბულები და თან ვსაუბრობდით ჩვენს გეგმებზე, იქ, ზევით, მწვანე დედამიწაზე რომ უნდა განგვეხორციელებინა, მწვანე მიწაზე; ჯიმს გული ქალაქისკენ, განსაკუთრებით, ნიუ იორკისკენ და ქალებისკენ მიუწევდა, ჩვენს რანჩოზე ხომ დიდი ხანია ქალი არ ენახა, მე კი (იმ საათებში) მებაღის ხელობა მიტაცებდა, სადმე, ნაყოფიერ მიწაზე. ნეტა რა გვინდოდა ამ ღმერთისგან მიტოვებულ სიბნელეში! ორივე ფარანი ჯერ კიდევ ანათებდა; ჯიმი მართალი იყო, საწვავს ვფლანგავდით, იდიოტურად ვფლანგავდით.

მაგრამ თავისას რატომ არ აქრობდა? არ მენდობოდა და იმიტომ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ისევ და ისევ ჩვენს მეგობრობაზე ლაპარაკობდა, მაინც უშვებდა აზრს, რომ მე ჩემს ერთადერთ მეგობარს მომაკვდინებელ უკუნეთში მივატოვებდი. ვკითხე, ფეხი როგორ გაქვს, ძალიან გტკივა-მეთქი, თუ გშია, თუ გწყურია-მეთქი. ჯიმ! მიპასუხა მან – იმ დროს მეც ჯიმს ვუწოდებდი თავს, ამერიკაში ყველას ჯიმი ჰქვია – ჯიმ! მითხრა მან: ერთმანეთი არ უნდა მივატოვოთ, გესმის, ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ. მაშინ ჩააქრე შენი ფარანი-მეთქი, ვუთხარი, მან კი მიპასუხა, დრო აღარ გვაქვს, ჯიმ, უნდა წავიდეთ, უნდა ვეცადოთო. ჩემი შეფასებით ხუთი საათის შემდეგ მეორე მღვიმეს მივაღწიეთ, მაგრამ ისეთი არაქათგამოცლილები ვიყავით, რომ მაშინვე დავწექით. საგზლის აბგა თავქვეშ ამოვიდე და თასმა მარჯვენა ხელზე შემოვიხვიე, რომ მაშინვე გამღვიძებოდა, როგორც კი ჯიმი ჩემი უკანასკნელი ლუკმის მოპარვას შეეცდებოდა. რომ გამეღვიძა, აღმოვაჩინე, რომ ჩემი ფარანი გაეტეხა, იდიოტურად ვფლანგავთ საწვავსო და იმიტომ. თან მთხოვა, დარჩენილი ხორცის ნახევარი მიწილადეო; ღნაოდა, მშიერს ხომ არ მომკლავო! ერთადერთი ფარანი ჩვენ წინ აღმართულ თითქმის ვერტიკალურ კედელს ანათებდა, ეს იყო ის მზაკვარი ადგილი, რომელიც მე ერთხელ მარტომ უკვე დავძლიე; ჯიმს ხოხვისგან არაქათი გამოცლილი ჰქონდა და პირდაპირ ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი: ჯიმ, მომეცი ფარანი, გიტოვებ ხორცის ბოლო ლუკმას და ვეცდები, მარტომ დავძლიო ეს კედელი-მეთქი. უაზრობა იყო თოკზე ჩამოკიდება და თან მეორე ძალამიხდილის თრევა, მე გადატყავებული ხელებით, ის მოტეხილი ფეხით და წინ კედელი, რომელზეც მაიმუნივით უნდა გეცოცა.

მე ვუთხარი, ჯიმ, თუ მოვახერხე და ზევით ავედი, შენც გადარჩები, ხომ იცი, მოვალთ და აქედან ამოგიყვანთ-მეთქი. მან მიპასუხა, ქვევით რომ ჩავარდე და ჩემი ფარანიც წაიყოლოო? ვუყვირე: და შენ, ჯიმ, შენ რომ ჩაცურდე, მაგ შენი მოტეხილი ფეხით და მეც ჩამიყოლო, როგორც წინაზე, ღმერთო მაღალო, შენ რა ხეირი, ორივე თუ ქვევით დავეცემით? არაფრით არ მაძლევდა ფარანს. ჯიმ! აქ, ამ სიბნელეში ვერ დამტოვებ მარტოს, ამას ვერ იზამო, მითხრა. ყოველთვის, როცა ერთ-ერთი ჩვენგანი თავისი ეგოიზმის ღიად გამოხატვას ბედავდა, მეორე მორალის დაწყევლილი პოზიციიდან პასუხობდა. ვიცი, რომ მეც ზუსტად ასე ვიქცეოდი. ჯიმ! ვუთხარი, ვერ მომთხოვ, რომ აქ შენთან ერთად შიმშილით ამომხდეს სული, ჯიმ, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ფეხი მოიტეხე და ცოცვა არ შეგიძლია, ნუ მომთხოვ ამას, ჯიმ, თუ ჩემი მეგობარი ხარ. კიდევ ერთხელ, ამჯერად ბოლოჯერ აგვიჩუყდა გული, ვიხსენებდით რანჩოზე ერთად გატარებულ დროს, ყველაფერს, რაც კარგი გაგვიკეთებია ერთმანეთისთვის, და მართლაც, ჩვენი მეგობრობა ნაღდი იყო, ამ უქალობაში გატარებული კოვბოური თვეების მანძილზე ისეთი სინაზე გაჩნდა ჩვენ შორის, როგორიც კაცებს შორის იშვიათი არ არის, მაგრამ ჩემთვისა და ჯიმისთვის უცხო იყო. და ახლაც, თან ფარანი ისე მაგრად ჩაებღუჯა, რომ ვერ გამოვგლეჯდი, თან მეორე, მარცხენა ხელით, თმას მაშორებდა სისხლიანი შუბლიდან და ცოტაც და ერთმანეთს ჩავეკონებოდით და გულამოსკვნილი ავტირდებოდით, ფარნის ინტერესი რომ არ გვქონოდა ორივეს. ვვარაუდობ, რომ მხოლოდ ექვსი ან შვიდი საათიღა გაანათებს, შემდეგ ჩვენი მარაგი ამოიწურება. ზედა მღვიმემდე ასვლას, სადაც, საუკეთესო შემთხვევაში, დღის შორეული სინათლის იმედი შეიძლებოდა მქონოდა, ჩემი გამოცდილებით, ასევე შვიდ ან რვა საათს მოვუნდებოდი, გზის აბნევა სათვალავში არ ჩამითვლია. გადაწყვეტილება მისაღები იყო და თან ახლა, აქ, ამ კედლის წინ. ლაპარაკი უაზრობა იყო! ორივეს გვეწადა სიცოცხლე, რაც შეიძლება ღირსეული, მაგრამ მას თუ ჩემი მოკვლა უნდოდა ჩემივე ღირსებით? კიდევ ერთხელ გავიმეორე: მომეცი ფარანი, ჯიმ, და ჩემს უკანასკნელ ლუკმას დაგიტოვებ. ჯიმმა გაიცინა, ისე გაიცინა, პირველად გავიგე მისი ასეთი სიცილი, მისმა სიცილმა შემაშინა. ჯიმ! შეძრწუნებულმა ვკითხე: რას აპირებ? სიტყვაც არ უთქვამს, ჩემს კითხვას პასუხი მოქმედებით გასცა, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო.

კედლისკენ გახტუნავდა თავისი მოტეხილი ფეხით, აშკარად მზად იყო, როლები გაეცვალა, თავად ჰქონოდა ერთადერთი ფარანი, თავად ეცადა კედლის დაძლევა და ჩემთვის სამაგიეროდ ხორცი დაეტოვებინა. ჯიმ! ვუთხარი და სანამ კედლამდე მიაღწევდა, ხელი ვტაცე. მწვანე სტალაქტიდის კატარაქტასავით კედელზე ხელის ჩასაჭიდს ეძებდა, უკვე მიეგნო ჩვენი თეთრი ნიშნისთვის, რომელიც გასავლელის აღსანიშნად დავსვით. თავი დამანებეო! მითხრა. შიშისაგან სისულელეებს ვროშავდი: თუკი როდესმე ჩემი მეგობარი ყოფილხარ და ა.შ. იმ მომენტში, მოქანავე ფარნის შუქზე, რომელიც ჯიმს მეორე მხარეს გაშვერილ ხელში ეჭირა, რომ არ ვწვდომოდი, დავინახეთ ჩვენამდე დაღუპული ადამიანის მოკუნტული ჩონჩხი. ის აქ სრულიად მარტო (ან იქნებ მაშინაც ორნი იყვნენ?), ცხოველივით დაიღუპა. იმ მომენტში, როცა ჩვენს ჩუმ და დაგროვილ სიბრაზეს ვეღარაფერი დააკავებდა, მხოლოდ ერთი რამ რჩებოდა – ინსტინქტი – ბრძოლა მუშტებით; მეგობრების გამეტებული ბრძოლა საშინელი იყო, მაგრამ მოკლე, რადგან ვისაც პირველს დაუცდებოდა ფეხი, მისი საქმე წასული იყო, ჩაიძირებოდა უკუნეთის ნაპრალებში, დაიმსხვრეოდა და სამუდამოდ დადუმდებოდა.

***

„არ ვიცი, ორი მეგობრიდან რომელმა დაიწყო ის საშინელი ჩხუბი, ალბათ, ვინც უფრო გულწრფელი იყო, იმან, ფაქტია, რომ მხოლოდ ერთმა ამოაღწია მღვიმიდან, ალბათ უფრო ძლიერი რომელიც იყო, იმან. მისი სახელი ცნობილია, მემორიალურ ქვაზეც კი წერია რკინის ასოებით: Jim White. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ერთ პუბლიკაციაში, რომელსაც დღეს ტურისტებზე ყიდიან, წერია: James Larkin (Jim) White, a young cowboy who made his first entry trip in 1901. მის მეგობარზე კი, რომელიც თანმხლებადაა მოხსენიებული, მხოლოდ აღნიშნულია: a Mexican boy. მისი სახელი უცნობია, და მე ვფიქრობ, ეს უგზოუკვლოდ დაკარგული კაცი აღარასდროს გამოჩნდება!“

თარგმანი: მაია ფანჯიკიძე
ავტორი: მაქს ფრიში
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა