ჯოან დიდიონის "ჯადოსნური ფიქრის წელიწადი" | მთარგმნელისგან
ის, რაც იწყება გლოვის შემდეგ
როცა პირველად ვნახე ნიუ იორკი, ოცის ვიყავი. ზაფხული იყო. ჩემი ახალი კაბით გადმოვედი dc-7-დან აიდლუაილდის დროებით ტერმინალში. კაბით, რომლის ჩაცმაც ძალიან კარგი იდეა მეგონა საკრამენტოში, მაგრამ რომელიც შეუსაბამოდ მეჩვენა უკვე იქვე, აიდლუაილდის იმ ძველ, დროებით ტერმინალში. თბილ ჰაერს ასდიოდა ობის სუნი და რაღაც ინსტინქტი - ყველა იმ ფილმით ნაკარნახევი, რაც მენახა და ყველა იმ სიმღერით, რაც მემღერა და ყველა იმ ამბით, რაც წამეკითხა ნიუ იორკზე - მატყობინებდა, რომ წინანდებურად იქნებოდა აღარაფერი. და არც ყოფილა. ცოტა ხნის მერე, სიმღერაში, რომელსაც ზედა ისტ საიდის ყველა მუსიკის საკრავში ატრიალებდნენ, გაისმოდა ასეთი ფრაზა:
სადაა ის მოწაფე გოგო, წინათ რომ ვიყავი.
და თუ გვიანი იყო ღამით, მეც ამაზე ვფიქრობდი.
ეს ნაწყვეტია ესედან “ნახვამდის იმ ყველაფერს” ("Goodbye to All That"), რომელიც შევიდა ჯოან დიდიონის 1968 წელს გამოქვეყნებულ პირველ პუბლიცისტურ კრებულში Slouching Towards Bethlehem.
ესე ქალაქ ნიუ იორკსა და მასთან გამომშვიდობებაზე ყველას დაამახსოვრებდა თავს, ვისაც დიდი ქალაქის ყოველდღიურობის მაგიაზე და ამ მაგიის ურბანულ სიმბოლოებზე, ახალგაზრდობის წლების სასწაულზე მოსწონს ფიქრი და რეფლექსია და ვერ დავივიწყე მეც (1967 წელს, როცა ტექსტი გაზეთ The Saturday Evening Post-ში დაიბეჭდა, სათაურში გამოერია კიდეც მაგიურის მონათესავე დახასიათება - “მოჯადოებული ქალაქი”).
ტექსტი იწყება ნიუ იორკის შეყვარებით და სრულდება მასთან განშორებით. განშორება ქალაქის რომანტიკული სიმბოლოებისგან, ურბანული მითოლოგიისგან, სენტიმენტალურობებისგან განზე გადგომაა და ეს ტექსტში ხან გაორებასავით იკითხება, ხანაც - მშრალ, ცალსახა გადაწყვეტილებად. ამბივალენტურობა მით უფრო მიმზიდველია - თითქოს, სულ გამოცნობაში გტოვებს: იზიარებს და ავსებს ნიუ იორკზე ნარატივს ჯოან დიდიონი, თუ ეწინააღმდეგება მას.
ესაა ტექსტი, რომელიც იქცევა ქალაქის მიმართ დამოკიდებულებების ჩხრეკა-ძიებად; ამ ადგილთან სიღრმისეულ, მარადიულ და შეულამაზებელ ნაცნობობად.
უცნაური თხრობის ეფექტს ჯოან დიდიონი უზუსტესი ენითა და სინტაქსით აღწევს. ესაა ის, რაც მკითხველს, პირველ რიგში, იზიდავს და თავს ამახსოვრებს. წამიკითხავს, დიდიონი ზრუნავს არა მხოლოდ სიტყვების თანმიმდევრობასა და ბგერებში გამოხატულ აზრობრივ მახვილებზე, არამედ ცალკეული სიტყვების კეთილხმოვანებაზეც - ზედსართავების ჟღერადობის შერჩევაზე და სხვა.
წლების განმავლობაში ჯოან დიდიონის სახელი ჩემთვის ამ ერთადერთ ტექსტს უკავშირდებოდა და მხოლოდ ამ ტექსტის გამო ვფიქრობდი, რომ ის არის მწერალი, რომელსაც მკითხველის სულში შეღწევა შეუძლია; შეუძლია “გამოიწვიოს” თუ გააცოცხლოს ქალაქი; უკან დააბრუნოს დრო, როცა 20 წლის იყავი (შენ და არა მხოლოდ თვითონ) და ამ ასაკის თანმხლები განცდები, გარემოს და ამ გარემოში საკუთარი თავის აღქმები ხელახლა აღძრას.
ახლა იმედი მაქვს იმავეს აფიქრებინებს მკითხველს წინამდებარე წიგნიც, რომ ჯოან დიდიონის პროზა მართლაც სულში შემღწევია. “ჯადოსნური ფიქრის წელიწადი” - ეს წიგნი - არა იმდენად ერთადერთ ქალაქზეა, არამედ ყველაფერზე, რაც იწყება იმ მომენტის შემდეგ, როცა ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ადგილზე გაშლილ ცხოვრებას გარდაცვალება ძირფესვიანად ცვლის. ადგილს, ქალაქს ხაზს კვლავაც ვუსვამ იმიტომ, რომ მეგაპოლისი იქნება, ოკეანის სანაპირო თუ პატარა ქალაქი, ჯოან დიდიონის ბევრ ტექსტშია მნიშვნელოვანი.
მას, როგორც მარადიული დამკვირვებლის მზერით შეპყრობილ მწერალს, ყოველთვის სჭირდება გარემოს იმგვარი სიზუსტით აღწერა, რომ ის მკითხველს ტექსტის ერთ-ერთ პერსონაჟად მიაღებინოს.
ამ გარდაცვალების ერთ წამს ავტორი ხან ურთავს, ხან უშლის აღმწერ სიტყვას - “უბრალო” - რადგან წამი უბრალო გვეჩვენება, დიახ. მის დადგომამდე ყველაფერი სწორედ უბრალოდ, ჩვეული წესრიგით მიდის, სინამდვილეში კი, ესაა წამი, რომელსაც რღვევის ძალა აქვს არა მხოლოდ გარდაცვლილის სიცოცხლის რღვევის, არამედ - ცოცხლად დარჩენილისაც.
ეს წიგნიც ამ რღვევის შემდეგ იწყება. მის წერას ქვრივი იწყებს სწორედ ამ წამის ჩავლის შემდეგ.
გამიგონია, უთქვამთ, “ჯადოსნური ფიქრის წელიწადი” წიგნია სიკვდილზე. ანდა გლოვაზე. ანდა შეგუებაზე, როგორც სიკვდილის, ისე - მის შემდეგ გარდასახული სიცოცხლის.
მხოლოდ ასეც რომ იყოს, ის მაინც არაა ერთი რიგითი წიგნი სიკვდილზე. ის უცნაური წიგნია სიკვდილზე; ტექსტი, რომელიც მკითხველს დაატარებს იმ საზღვრებს შორის, რაც დოკუმენტურ პროზას, სიღრმისეულ ჟურნალისტურ კვლევას, სამეცნიერო-სამედიცინო ლიტერატურის ანალიზს, საკუთარი თავის ანთროპოლოგიურ შესწავლას ანდა, თუნდაც, ლიტერატურათმცოდნეობას შორის გადის. ციტატები, რომელთაც სიკვდილის ასახსნელად, სიკვდილის გასაგებად იყენებს მწერალი, სწორედ ამგვარი მრავალმხრივი წყაროებიდანაა. ეპიზოდებში ჯოან დიდიონის თხრობის სტილი კიდევ უფრო მშრალი, ცივი, თავშეკავებული (ზოგჯერ თვითირონიული, ანდა გულგრილი, სენტიმენტისგან დაცლილი) ხდება და კიდევ უფრო დიდ კონტრასტს აჩენს ტექსტის იმ ეპიზოდებთან, როცა თხრობას სწორედ სენტიმენტი წარმართავს, ვთქვათ, მაშინ, როცა ამხელს, თუ როგორ არ სჯერა მეუღლის გარდაცვალების და მის დაბრუნებას როგორ ელის.
“ჯადოსნური ფიქრის წელიწადი” უცნაური წიგნია იდეური განზომილების სიფართოვის გამოც.
ცდუნება დიდია, რომ წიგნი მხოლოდ სიკვდილსა და გლოვის აღწერა გვეგონოს, მაგრამ თვალსაწიერი კითხვისას ნელ-ნელა ფართოვდება და იხსნება სხვა თემატური ხაზები.
ჩნდება კითხვის ნიშნები, ფიქრის გაელვებები თანაცხოვრებისა და სიყვარულში საკუთარი თავის შენარჩუნების, გაღების, მიღების, პიროვნული თავისუფლების თუ სხვა ადამიანთან - თანამოაზრესთან, ცხოვრების ხანგრძლივ პარტნიორთან გამთლიანებისას განცდილი დაკარგულობის შესახებ.
რისგან იცლება და რით ივსება ამ ხანგრძლივ ურთიერთობაში ადამიანის სული? როდის და რის გამო გაიღება მსხვერპლი, ჩნდება სინანული, ტკივილი, მარტოსულობა, სისავსე, იმედი, ცვლილების იმპულსი?
ეს საკითხები წიგნში მხოლოდ მთავარი ხაზის მიღმა ჩნდება, ზოგჯერ ძალიან შეუმჩნეველ და მხოლოდ ალაგ-ალაგ გაშიშვლებულ ნაკადებად. საბოლოოდ, ჩნდება მიგნება, რომ გარდაცვალების წამი არა მხოლოდ ასრულებს ერთის სიცოცხლეს, არამედ აჩენს ახალ სიცოცხლეს მეორესთვის, ოღონდ გაფართოებული რეალობით, რომელშიც არა უბრალოდ განვლილი ცხოვრებისეული ეპიზოდები მოჩანს, არამედ ამ ეპიზოდების სიკვდილისშემდგომი, გლოვასა და ტკივილში სხვაგვარად დანახული ინტერპრეტაციები.
ჯოან დიდიონზე წერენ, რომ მეოცე საუკუნის პოლიტიკური და კულტურული დინებების შესახებ შეუდარებელი ესეისტია. ვრცელი წერილები, რომლებიც სხვადასხვა კრებულში ერთიანდება, არაკონვენციური თხრობის მაგალითები უფროა. ჟურნალ “ნიუ იორკერის” 2021 წლის 25 იანვრის წერილში, რომელიც ჯოან დიდიონის ნაწარმოებების სტილისა და მნიშვნელობის შეფასების მცდელობაა, ავტორი ნათან ჰელერი წერს, რომ დიდიონის წიგნებმა მთლიანად შეცვალა ის, თუ როგორი სახეც ჰქონდა მანამდე ამბის ჟურნალისტურ თხრობას და ანალიზს, რის გამოც ხალხი ხშირად ფიქრობს, რომ დიდიონის ნაწარმოებების მთავარი ძალა არის პროზის გამორჩეული სტილი. ეს არაა მხოლოდ მაღალი ხარისხის დოკუმენტური პროზა, არამედ ის ხელოვნების სფეროში გადადის.
“ის ამკვიდრებს თავის წესებს და თავის ენობრივ დიალექტს და, წარმატებულ შემთხვევებში, ისე გადმოსცემს მნიშვნელობას, რომ გარკვეულწილად აფართოებს ამ მნიშვნელობათა ცალკეულ ნაწილებს.”
“ჯადოსნური ფიქრის წელიწადი” ამ ახალ საავტორო ენაზე დაფიქრების, შემჩნევის და გაშიფვრის არეალიცაა. ეს წიგნი აუცილებლად წასაკითხი მგონია ლიტერატურისა და წერის ტექნიკით დაინტერესებულთათვის.
ერთგან წავიკითხე, რომ ჯოან დიდიონი წერს პოლიტიკაზე, სოციალურ დინებებზე და დანაკარგზე. თემების ასეთი ჩამონათვალი საგულისხმოდ მეჩვენა, რადგან მკაცრი საზღვრების გავლება სხვადასხვა ესეში დასმულ თემებს შორის მაინც შეუძლებელია. თუნდაც, დანაკარგის თემა ტექსტიდან ტექსტში გადაედინება. ახლა რომ ვუფიქრდები, ნიუ იორკზე დაწერილ წერილსა და “ჯადოსნური ფიქრის წელიწადსაც” კი დანაკარგის თემა აერთიანებს. ერთგან პიროვნულ ზრდასთან დაკავშირებული უძვირფასესი ადგილის დაკარგვაზე თუ მის დასრულებაზეა საუბარი, მეორეგან - ცხოვრების ხანგრძლივი პარტნიორის დაკარგვაზე, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, რა იყო, ვინ იყო? თავისუფლება, გზა, თავშესაფარი თუ კიდევ სხვა რამ? რა იყო ჯადოსნური გლოვის იმ პირველ წელიწადში?
“ჯადოსნური ფიქრის წელიწადი” მოსმენის წიგნია - წიგნი იმ პერიოდზე, როცა ადამიანი საკუთარი თავის, საკუთარი გულის დეტალურად მოსმენას იწყებს.
ასეთი გაფაციცებული დაკვირვება საკუთარ თავზე და შემდეგ ამ პროცესის ამგვარი სიზუსტით აღწერა ბევრგან არ იძებნება, ჯოან დიდიონთან - კი. აქ გლოვა, თითქოს, ბიძგია, რომელიც საკუთარი თავის ძებნას აწყებინებს მთავარ გმირს. ესაა უკიდურესი თვითჩაღრმავება, პროცესი დაუძლეველ ტკივილში აღმოჩენის შემდეგ; და, ისევ, წერის სტილის თვალსაზრისითაც, ბეწვის ხიდს გადის - სენტიმენტალურობას და დრამატიზმს შორის.