გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ალენ გინსბერგი კადიში
თეგები: #თარგმანი

კადიში | ალენ გინსბერგი


„კადიში“, ასევე ცნობილი, როგორც „კადიში ნაომი გინსბერგისთვის (1894- 1956)“,  ალენ გინსბერგის შემოქმედებაში ყველაზე ემოციურ ლექსად ითვლება. ამერიკულ პოეზიაში „კადიშს“ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რადგან ის თანამედროვე ამერიკული აღსარებითი პოეზიის ერთ-ერთ პირველ ნიმუშს წარმოადგენს.
„კადიში“ აგებულია ავტობიოგრაფიულ მოვლენებზე. გინსბერგი აღწერს ტრავმებს, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულ დედასთან ერთად ცხოვრების გამო მიიღო, და რამაც, ფაქტობრივად, მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა. დედა, ნაომი გინსბერგი, რუსი ებრაელი ემიგრანტი, 1956 წელს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარკვეული მიზეზების გამო, ალენი დედის დასაფლავებას ვერ დაესწრო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დასაფლავებაზე „კადიში“ - ებრაული სამგლოვიარო რიტუალური ლოცვა არ წაკითხულა. 1958 წელს, ალენ გინსბერგმა, მეგობართან, ზევ პუტერმანთან ერთად, დედის სულის მოსახსენიებელად „კადიში“ წაიკითხა, მოგვიანებით კი ლექსიც წერაც დაიწყო. ლექსში ის ცდილობს, პატივი მიაგოს დედას, ჩაწვდეს მის ტრაგიკულ ცხოვრებას, გამოისყიდოს დანაშაული მის წინაშე. „კადიში და სხვა ლექსები“ 1960 წელს, ამერიკელი პოეტის ლორენს ფერლინგეტის გამომცემლობამ „City Lights Pocket Poets“ - სერიით მე-14 წიგნად გამოსცა. “კადიში“ ხუთი ნაწილისგან შედგება. მოცემულ პუბლიკაციაში ლექსის თარგმანის მეორე ნაწილი იბეჭდება მნიშვნელოვანი შემოკლებით. 



უცნაურია, რომ შენ, რომელიც კორსეტის & თვალების გარეშე წახვედი, გამახსენდი
ახლა,ზამთრის კრიალა დღეს მანჰეტენის ცენტრში, გრინვიჩ ვილიჯში,
როცა მზიან ტროტუარზე მივაბიჯებ და წუხელ თავზე დამათენდა, ლაპარაკში, ლაპარაკში,
კადიშის ხმამაღლა კითხვაში, ვუსმენდი  რეი ჩარლზის ბლუზის ბრმა ყიჟინას ფონოგრაფში,
რიტმს რიტმს - და თავში შენზე მოგონებებს სამი წლის შემდეგ და ვკითხულობდი ადონაისის*
ბოლო ტრიუმფალურ სტრიქონებს, მთელი ხმით - მოთქმით და ნათლად ვხედავდი,
თუ როგორ  ვიტანჯებით და როგორ გახდა სიკვდილი, ყველა მომღერლისთვის საოცნებო
წამალი, და მას უგალობენ და ახსოვთ და წინათგრძნობენ, როგორც ებრაულ  ფსალმუნებში და
ბუდისტურ პასუხთა წიგნში - და ჩემს ხილვაში გამხმარ ფოთოლზე - გამთენიისას -
სადაც ისევ დატრიალდა ჩვენი ცხოვრება, შენი დრო - ჩემიც სულ უფრო სწრაფად მიექანება
აღსასრულისკენ, ახლოვდება აპოკალიფსი. ალმოდებული ყვავილი დღისით, რა მოდის
შემდეგ?
ისევ უკან ვიყურები, მოგონებისკენ, რადგან მას ახსოვს ამერიკის დიდი ქალაქი,
შორი ნათება, და დიადი ზმანება ჩემზე, და ჩინეთზე, და შენზე, და ფანტომურ რუსეთზე
და არეულ ლოგინზე, რომელიც არასოდეს არსებულა,
როგორც ლექსი წყვდიადში - უკან, ისევ არყოფნაში დაბრუნებული -
აღარაფერი დარჩა სათქმელი, არც საქვითინო, გარდა ზმანების ბინადრებისა, და ისინიც,
გაქრობის ხაფანგში მომწყვდეულები, ოხრავენ და ყვირიან, და ფანტომის ნაკუწებს ყიდულობენ
და ყიდიან და ერთმანეთს ეთაყვანებიან და ეთაყვანებიან ღმერთს -
რომელიც, ვიდრე გრძელდება ილუზია, ყველაფერშია - სურვილსა თუ ბედისწერაში?  -
რა რჩება მეტი?
ის გარს მეხვევა, როცა გარეთ გავდივარ და დავსეირნობ, მეშვიდე ავენიუზე მხარს უკან,
მაღლიდან დამყურებს ღრუბლებქვეშ მოქცეული ლამის ცამდე აწვდილი ერთმანეთზე
დაკიდებული ფართო ფანჯრებიანი ბიზნეს-შენობების ქონგურები,  და მათ ზემოთ ზეცა,
ისევ ის ძველი, ლურჯი ადგილი.
მაშინაც, როცა ავენიუს ქვემოთ, სამხრეთისკენ მივუყვები, ლოუერ ისთ საიდზე - სადაც 50
წლის წინ  შენ დადიოდი, პატარა გოგო - რუსეთიდან,  მაშინ პირველად გასინჯე
ამერიკული მოწამლული პომიდორი, დაგაფრთხო უცხო ნავსადგურმა -
ბრბო გაარღვიე და გაიქეცი ორჩარდ სტრითისკენ. რა გიხმობდა? - ნიუარკი -
საკონდიტრო, იმ საუკუნის პირველი - სახლის ლიმონათი - აშმორებულ ფარდულში იატაკის
მოყავისფრო - ცისფერ დაფებზე ათქვეფილი - შინაურული ნაყინი.
გიხმობდა სწავლა ქორწინება ნერვიული შეტევები, ოპერაცია, პედაგოგიური სასწავლებელი,
სიგიჟეში დახელოვნება წარმოსახვებით. - სულ ეს არის შენი ცხოვრება?
გიხმობდა გასაღები ფანჯარაში - მოელვარე გასაღები თავის ნათელს ჰფენს გარეთ მანჰეტენს,
სახლში იატაკს, მისი სინათლე ეფინება ტროტუარსაც და თან დამყვება ერთ გაშლილ
სხივად, როცა პირველ ავენიუზე ებრაულ თეატრს ვუახლოვდები - ღატაკთა ადგილს,
იქაურობას კარგად იცნობდი, მეც კარგად ვიცნობ, მაგრამ ახლა ყველაფერი სულერთია -
უცნაურია, გაიარო პატერსონი, დასავლეთი, ევროპა და დაბრუნდე იქ,
სადაც სადარბაზოს შესასვლელთან  ლათინოსთა ხმაური ისმის,  ქუჩაში მუქკანიანი
ახალგაზრდები ირევიან, ხოლო სახანძრო კიბე კი შენსავით ხანდაზმულია
- თუმცა, ხანდაზმულს ვეღარ გიწოდებ, ეს ყველაფერი აქ დარჩა, ჩემთან -
მეც, უკვე ლამის ამ სამყაროს ხნის მოვიყარე - და მგონი, ისიც ჩვენთან ერთად იღუპება-
საკმარისია, უკუიქცეს ყველაფერი, რაც მომავლიდან ჩვენკენ  მოიწევს, -
ყოველ ჯერზე როცა რაღაც აქამდე აღწევს, სამარადჟამოდ იკარგება -
და ეს კარგია! რადგან არ გვზღუდავს, უფლებას გვაძლევს, არ შევინანოთ - არც შიშის ფრქვევა,
არც სიყვარულის ნაკლებობა, და არც წამება, და არც კბილის ტკივილი
ბოლოს -
თუმცა, ვიდრე გვიახლოვდება, ის არის ლომი, რომელიც ნთქავს სულს -  ხოლო კრავი კი,
ჩაბუდებული სული სხეულში, ვაი, რომ მსხვერპლად ეწირება ცვლილებების მძვინვარე
შიმშილს - თმასა და კბილებს - ძვლების ტეხისგან ატეხილ ღმუილს, მოტიტვლებულ
თავის ქალას, დამსხვრეულ ნეკნებს, კანზე ჩირქგროვებს და ტვინარეულ სისასტიკეს.
ვაი! ვაი! რას ვჩადივართ! ჩიხში აღმოვჩნდით! შენ თავს უშველე, სიკვდილმა გიხსნა,
მან შეგიწყალა. შენ ანგარიში გაუსწორე შენს საუკუნეს, ანგარიში გაუსწორე უფალს შენსას,განვლე შენი გზა -  როგორც იქნა, ანგარიში გაუსწორე საკუთარ თავს - და დაუბრუნდი
შობამდელი უცოდველობის უკუნეთს - განიწმინდე, მამის  წინაშე, ჩვენს წინაშე - სამყაროს
წინაშე - იქ განისვენე. ამით დასრულდა შენი ტანჯვა.  ვიცი, იქ, სადაც შენ წახვედი,  უკეთესია.
აღარ ხასხასებს ზაფხულობით ყვავილები ნიუ-იორკის ვრცელ მდელოებზე. აღარ სუფევს
მხიარულება, გაქრა ძრწოლა ლუის წინაშე,
და აღარც მისი სილამაზეა, აღარც სათვალე, აღარც მისი სკოლის წლები, აღარც ვალები,
აღარც  მისი სიყვარულები, თავზარდამცემი ზარები, აღარც საწოლი -
გოგოების გასანაყოფიერებლად, აღარც მისი ნათესავები, აღარც ხელები -
აღარ არის ელეანორი, - შენი და - ჯერ ის წავიდა - ჩვენ არ გიმხელდით - ის შენ მოკალი -
ან თავის თავი თვითონ მოიკლა ალბათ შენთან შესარიგებლად - გულის ართრიტით
- თუმცა, სიკვდილმა ორივე მოგკლათ - და ამაზე ფიქრს რაღა აზრი აქვს -
აღარ არის დედაშენის მოგონებები, მუნჯი კინოს სეანსებზე გატარებული 1915 წლის გრძელი
კვირები, ცრემლის დენა, თავდავიწყება, მწუხარებით თვალის დევნება,
როგორ მიმართავს  მარი დრესლერი კაცობრიობას, ახალგაზრდა ჩაპლინი ცეკვავს,
მეტროპოლიტენ-ოპერაში შალიაპინი ბორის გოდუნოვის არიას მოთქვამს,
მგლოვიარე მეფის ქვითინი ავსებს შენობას - შენ ელეონორთან და მაქსთან ერთად
ქანდარაზე ფეხზე დგახარ, პარტერს დასცქერით,
კაპიტალისტებს თეთრი ქურქებით და მოელვარე ბრილიანტებით,
1920 წელს, სოციალისტური ლიგის წევრებმა,  შავ ჩანჩურა სავარჯიშო კაბა- შარვლებში
პენსილვანია ავტოსტოპით გადაიარეს, ფოტოსურათზე 4
ნორჩი გოგონა დგას, თვალებმცინარი, ქალწულებრივად მარტოსული,
მეტისმეტად მორიდებული, ერთმანეთს წელზე ხელებს ხვევენ.  ყველა მათგანი დაბერდა
ან გარდაიცვალა, და იმ წელამდე კულულებით საფლავში წვანან - თუმცა, მაინც ბედნიერები,
რომ ამ ფოტოს გადაღებიდან ორიოდ წელში გათხოვდნენ და ქმრები ჰყავდათ,
მათ შორის ხარ შენც - გათხოვდი და მეც გამაჩინე - ჩემამდე კი იუჯინი, უფროსი ვაჟი
(ის დღემდე გლოვობს - აღმოჩნდა, რომ  სიმსივნე აქვს - და იგლოვებს სიკვდილამდე -
ვიდრე კიბო  ხელს არ წაართმევს - ან არ მოკლავს,  ალბათ ის უკვე ფიქრობს ამაზე-)
და ბოლო კადრში, რასაც ჩემი თვალებით ვხედავ, ყველა ერთად დგას, მაგრამ შენ ჩვენთან
აღარა ხარ.
ვერც წარმოვიდგენ, რას იგრძნობდი - რომელი ბილწი ხახა გადაიხსნა შემზარავად შენს წინ
პირველად? მზად თუ იყავი?  სად წასასვლელად?
იმ სიბნელეში - იქ - იმ ღმერთში? ღვთიურ ნათელში? სიცარიელის  შემოქმედთან?  წახვედი
როგორც ციური თვალი ჩაშავებულ სიზმრის ღრუბლებში?
როგორც იქნა, არს შენთან ადონაი, უფალი ჩვენი?
არ მახსოვს! ჩემი აღქმის ზღვარს ცდება! ვერც გამოვიცნობ!  გაყვითლებული ქალა საფლავში,
მატლიანი ნეშტის ყუთი ან დათხვრილი  სამგლოვიარო ბაფთა კი არა -  რით უნდა ავხსნა
სიკვდილის თავზე შარავანდედი? ვის დავაჯერებ?
ნუთუ ჩვენი არსებობა სულ ერთ წამს კრთება, გონებას მხოლოდ ერთადერთხელ გვინათებს
მზე და მერე ისევ ისადგურებს სიცარიელე?
არაფერია იმის იქით რაც  ჩვენ გვაქვს ახლა - ან რაც შენ გქონდა - დასანანია -
მაგრამ მაინც ტრიუმფია,
ამქვეყნად მოსვლა, განახლება, როგორც ახლდება გადატეხილი ხე ან ყვავილი - მიწით ნაკვები-
გაგიჟებული,  გაფოთლილი, აჭრელებული, სამყაროს დარდით შეპყრობილი, თავში დაჭრილი,
ჩამომხმარი ფოთოლივით მიწას გართხმული, კვერცხის კოლოფის მსგავს
პალატაში ღრმად  ჩამალული, ტანზე ტილოშემოხვეული, გონდაბინდული, თავგასული.

არც ერთი ყვავილი არ ჰგავს იმ ყვავილს, რომელმაც თავი შეიცნო ბაღში და დამარცხდა -
დანასთან ორთაბრძოლაში - ის მოჭრა ერთი იდიოტი თოვლისკაცის - გაზაფხულზეც კი -
გაყინულმა - უჩვეულო წარმოსახვამ, თითქმის სიკვდილმა - ხელში უჭირავს
წაგრძელებული ბასრი ლოლუა - გვირგვინად დამჭკნარი ვარდები  ადგას- თვალად ჰყავს
ძაღლი, ასოდ - რკინის მძიმე ქარხანა, გულად - ელექტრო მექანიზმები.
ბოლო მოგვიღო ცხოვრების გზაზე აგროვებულმა ჩვენმა ხორაგმა - მოვიმარაგეთ -
საათები, სხეულები, ცნობიერება, ფეხსაცმელი, მკერდი -
ორი შვილის გასაჩენად, კომუნიზმი, საავადმყოფოს „პარანოია“.
ერთხელ, მახსოვს, ელეონორს გამეტებით ფეხში ჩაარტყი, ის მალევე გარდაიცვალა, გულის
შეტევით. შენ კი ინსულტით. ჩაგეძინათ? ერთ წელიწადში ორი და მოკვდა.
ელეონორი კმაყოფილია?
მაქსი ჯერაც ცოცხალია, ის ლოუერ ბროდვეიზე, ოფისში გლოვობს - შუაღამისას - ულვაშის
ჩრდილი დავთრებს უფარავს. ალბათ. ცხოვრება გადის - თავადაც ხედავს - რაღა აეჭვებს?
დიდძალი  ფულის შოვნაზე ფიქრობს, ან წარმოიდგენს, რომ წარსულში ფული იშოვნა და
ახლა მედდაც დაიქირავა, შვილებიც გაჩნდნენ და შენი უკვდავებაც მოიპოვა. ნაომი?
 
მას მალე ვნახავ, მანამდე კი, დავასრულებ, რაც სათქმელი მაქვს - რადგან მაშინ ხმას არ
ვიღებდი - როცა ჯერ კიდევ მეტყველების უნარი გქონდა.
მარადისობა. განწირული ვართ სამარადისოდ - ემილი დიკინსონის ცხენების მსგავსად -
დასასრულისკენ მივექანებით.
გზა მათ იციან - ბედაურებმა - მიაჭენებენ იმაზე სწრაფად, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ - ჩვენს
ცხოვრებაში იჭრებიან და თან მივყავართ.

გასაოცარი, გამოგლოვილი, გულგატეხილი, გონდაბინდული, სიზმრებზე
გათხოვილი, სასიკვდილოდ გადადებული - ტრაკი და სახე მოსაკლავად გამეტებული.
მოცემულ სამყაროში, ჭკუიდან იშლება ყვავილი - ვერ აიხდინა უტოპია,
ფიჭვის ქვეშ მომწყვდეული, მიწას მიბარებული, მარტოობით მირონცხებული,
მიიღე შენთან, იეშუა!

უსახელო, სახეუცვლელი, ჩემთვის მარად მიუწვდომელი, უსაწყისო, უსასრულო,
მამა სიკვდილში. წინასწარმეტყველად აქ არ მოვსულვარ, მე ვარ უოჯახო, მე ვარ უფსალმუნო,
მე ვარ უღმერთო, მე ვარ განცხრომაში თავდაკარგული, მარად გადიდებ შენ,
ზეცავ, მიღმიერო, არყოფნაში მხოლოდ შენ ხარ კურთხეული, არც სინათლე არც
წყვდიადი, მხოლოდ სხივსმოკლებული მარადისობა -
მიიღე ჩემგან ეს, ეს ფსალმუნი, ჩემი ხელიდან ერთ დღეს შობილი,
ჩემი დროის შემადგენელი, აწ გადასული არაფერში, -  შენს სადიდებლად -
თუმცა სიკვდილი არის დასასრული,
ის არის ხსნა უდაბნოდან,  დამაშვრალის გზა, სანუკვარი სახლი,
შავი სამგლოვიარო ცხვირსახოცი, ცრემლით განწმენდილი - ამ ფსალმუნის მომდევნო გვერდი
-  ჩემი და ნაომის უკანასკნელი გაცხადება - უფლის სრულქმნილ წყვდიადში -
სიკვდილო, შეაჩერე შენი ფანტომები!

II

კვლავ და კვლავ - რეფრენად საავადმყოფო - აქამდე არ დაწერილა შენი ამბავი - და დაე
დარჩეს, შეუცნობელი -
ტვინში მიტრიალებს ძველი კადრები - როგორც საქსოფონის სოლო სახლებისა და წლების
თემაზე - ელექტროშოკივით მოგონებები.
უსასრულო ღამეები პატერსონში - მე, ჯერ კიდევ ბავშვი, შენს ნერვულ აფეთქებებს
ვდარაჯობდი - და ყოველ ნაბიჯს- შენ იყავი გასუქებული -
შენთვის თვალყურის სადევნებლად იმ დღეს სკოლა გავაცდინე -
- ერთხელ და უკანასკნელად - და დავდე სამუდამო აღთქმა, რომ
ოდესმე შევიქმნიდი სამყაროს შესახებ ყველასგან განსხვავებულ წარმოდგენას, დამაბნია
და ტვირთად დამაწვა ჩემი მეორე, გვიანდელი აღქმა - განმენათლებინა კაცობრიობა -
რაც ნიშნავს ყველა ნაწილაკის გაცხადებას - (სიგიჟე შენგან გადმომეცა) –
(კეთილგონიერება კი არის მზაკვრული საყოველთაო შეთანხმება) -
შენ, ფანჯარასთან ჩასაფრებული, გასცქეროდი ბროდვეის ეკლესიის კუთხეს -
ის-ის იყო, მიაკვლიე ნიუარკელ მისტიკურ მკვლელს.
ზარი ექიმთან: - „OK, გადით, გაისეირნეთ“ - პალტო ჩავიცვი და გარეთ გაგიყვანე,
ქუჩაში სკოლის მოსწავლემ რატომღაც მოგაძახა - „საით მიდიხართ, მემ, სიკვდილს დაეძებთ?“
მე დავიზაფრე -
შენ  ცხვირი ჩრჩილის ნაჭამ ბეწვის საყელოში ჩარგე, აირწინაღში, ბებიას გავრცელებული
ბაცილებით გაჯერებული ჰაერისგან თავის დასაცავად -
და ყველის დამტარებელი მანქანის მძღოლიც ბანდის წევრი გამოდგა?  მისი სახის დანახვაზე
აგაკანკალა, როგორც იქნა, დაგარწმუნე - ავტობუსს გავყოლოდით ნიუ-იორკში,
თაიმს სქვერამდე -
სადაც 2 საათი ვიბორიალეთ აღმა-დაღმა, მოვიგერიეთ გამჭვირვალე ხოჭოები
და ებრაული დაავადება - რუზველტის ბრძანებით მოწამლული ნიავი -
მათ შენც მოგაგნეს და მეც - რომელიც ფეხდაფეხ დაგდევდი იმედით, რომ როგორმე ტბის
პირას მშვიდ ვიქტორიანულ ოთახამდე მივაღწევდით.
3 საათი დავდიოდით გვირაბებში, გადავიარეთ ამერიკის მთელი ინდუსტრია, მეორე
მსოფლიო ომის სამზადისში გართული ბეიონი*, რკინის ავზები, ჭაბურღილები,  გაზიანი
სასმელების ქარხნები, მუშათა სასადილოები, ორთქლმავლის დეპოების კოშკურები -
ნიუ ჯერსიში - ინდიელების  წიწვოვანი ტყეები, უშფოთველი ქალაქები, ქვიშიან ხეივნებში
გაკვალული უსასრულო ბილიკები -
ხიდები გადებული მკვდარ წყლებზე, სადაც წყურვილის მოსაკლავად აღარ ჩადიან
ხარირმები, ხოლო  წყალსავსე ნაკადულების ფსკერი მოფენილია წლობით დაგროვილი მძივად
ასხმული ნიჟარებით, ტომაჰავკებითა და პოკაჰონტას ძვლებით - და მაინც, ერთი მილიონი
ხნიერი ქალბატონი ხმას აძლევს ყავისფერ ქოხებში რუზველტს - და თუ გიჟური ავტობანიდან
გადაუხვევ -
შეიძლება შევარდენიც შეამჩნიო ხეებში, ან გზირი,  რომელიც დაეძებს ტოტს დახუნძლულს
ჭოტებით - მთელი გზა გავიარეთ  კამათში - შენ დამფრთხალი შესცქეროდი ჩვენს წინ ტყუპ
სკამზე გაწოლილ  ორ კაცს, რომლებიც უცოდველად ხვრინავდნენ - ნეტავ,
რომელ ავტობუსში ხვრინავენ ახლა?
-„ალენ, არ გესმის? - დამდევენ მას შემდეგ - რაც ზურგში სამი დიდი ჩხირი ჩამარჭვეს -
იმ ჰოსპიტალში, რაღაც დამმართეს,  მგონი, მომწამლეს, ჩემი სიკვდილი განიზრახეს -
სამი დიდი ჩხირით, სამი დიდი ჩხირით -
ბებერი ძუკნა, ბებიაშენი! ერთი კვირის წინ დავინახე, მოხუც კაცს ჰგავდა,
შარვალი ეცვა, მხრებზე ტომარა წამოიკიდა, ჩვენი სახლის აგურის კედელს სახანძრო კიბით
მაღლა აჰყვა, ტომრით მიჰქონდა მომწამვლელი ბაცილები - და ღამით ზემოდან  დამაყარა -
და შეიძლება, ლუიც დაეხმარა - რა გიკვირს, მასზე დიდი გავლენა აქვს -
ალენ, მე ხომ დედაშენი ვარ, ლეიქვუდში წამიყვანე“ (იქვე ახლოს ჩამოვარდა „გრაფი
ზეპელინი“ და ჰიტლერი იწვის)  „და დამმალე“
როგორც იქნა, მივედით - თავშესაფარში დოქტორ ვიღაცასთან - ნაომი შეძვრა კარადის
უკან და მოითხოვა სისხლის გადასხმა.
იქიდან გამოგვყარეს - რკინის ჩემოდანს მივათრევდით სახლების წინ მწვანე გაზონზე
ფიჭვების ჩრდილქვეშ - ბინდში გავიარეთ ჩამკვდარი ქუჩა - ჭრიჭინებით და
შხამიანი სუროთი სავსე.
ბოლოს  ნაომი ნამდვილად გადავმალე - დიდ სახლში სახელად „საოჯახო პანსიონატი“ –
ბინის პატრონს წინასწარ გადავუხადე მთელი კვირის ფული - რკინის ჩემოდანი ზემოთ
ავათრიე - საწოლზე ჩამოვჯექი და გასაქცევად მოვემზადე -
სხვენის მყუდრო ოთახში დაგვხვდა საწოლის მოჩითული გადასაფარებელი - მაქმანის
ფარდები - ხელით ნაქსოვი ხალიჩა - დალაქავებული შპალერი - ნაომის ხნის -
ზუსტად ისე, როგორც შინ.
ნიუ-იორკში ავტობუსს გავყევი, დათრგუნული - ბოლო სკამზე თავი საზურგეზე გადავაგდე -
რაღა მოხდებოდა ამაზე უარესი? - ნაომი მივაგდე და მე კი, გავრბოდი, ქვად ქცეული - მაშინ
ვიყავი მხოლოდ თორმეტის.
ღამით ოთახში შეიყუჟება და დილით საუზმეზე  ჩავა თვინიერად? თუ კარს ჩარაზავს და
ფანჯარასთან ჯაშუშებს დაუდარაჯდება? თუ გასაღების ღრიჭოს მიაყურადებს, რომ არ
გამოეპაროს ჰიტლერული უხილავი გაზის გაფრქვევა? სარკის წინ მე გამომაჯავრებს მარტო
დარჩენილი - თუ სკამზე ჩამოეძინება?
12 წლის ბიჭი, ნიუ ჯერსისკენ ღამის რეისით გავემართე. ნაომი ლეიქვუდში მოჩვენებათა
სახლის მოირებს* გადავაბარე - და ბედის გამოგზავნილ ავტობუსს მივენდე - სკამში ღრმად
ჩავეფალი - მსოფლიოს ყველა ვიოლინო ერთბაშად ახრიალდა - ნეკნებში გული
დამიმძიმდა - თავი დამიცარიელდა - ნეტავ, კუბოში მაინც თუ იგრძნობს თავს დაცულად?

[...]

ერთ საღამოს შინ დავბრუნდი სან-ფრანცისკოდან - დამხვდა ორლოვსკი ჩემს ოთახში -
უეილენი რბილ სავარძელში - და დეპეშა ჯინისგან, რომ ნაომი გარდაიცვალა.
გარეთ გავედი, ავტოფარეხთან თავი ბუჩქის ძირას ჩავრგე - ვიცოდი - ახლა ის იყო უკეთ -
როგორც იქნა, აღარ უწევდა დედამიწის ყურება მარტოს - 2 წელი მარტოობაში - და არავინ
მასთან ახლოს - თითქმის 60 წლის გახდებოდა ხნიერი თავის ქალა - ოდესღაც კულულებიანი
ნაომი ბიბლიიდან -
თუ რუთი - რომელიც ამერიკაში აქვითინდა - რებეკა - რომელიც დაბერდა ნიუარკში - დავითი,
რომელსაც  ახსოვს თავისი ქნარი და ახლა არის იელში იურისტი
თუ სრულ ავრუმი - ისრაელ აბრაამი - რომელიც  ვარ მე - ის ვინც უმღერის უფალს უდაბნოში
ო, ელოჰიმ! - და ასე ბოლომდე - სიკვდილიდან ორი დღის შემდეგ მისგან ბარათი
მივიღე -
ახალი უცნაური წინასწარმეტყველება! - მომწერა - „გასაღები ფანჯარაშია, გასაღები მზის
ნათელშია ფანჯარასთან, მე მაქვს გასაღები - ალენ დაქორწინდი ნარკოტიკებს ნუ გაეკარები -
გასაღები გისოსებშია, ფანჯარაში, მზის ნათელში.“

მიყვარხარ,
შენი დედიკო
სახელად ნაომი.


საგალობელი

უფლის ნებით შექმნილ ქებულ სამყაროში გამრავლდეს გაბრწყინდეს ამაღლდეს იქუხოს კურთხეულ იყოს მისი წმინდა სახელი კურთხეულ იყოს უფალი!
ნიუარკის სახლში კურთხეულ არს უფალი! საგიჟეთში კურთხეულ არს უფალი! სიკვდილის
სახლში კურთხეულ არს უფალი!
კურთხეულ იყოს უფალი ჰომოსექსუალიზმში! კურთხეულ იყოს უფალი პარანოიაში! კურთხეულ იყოს უფალი
ქალაქში! კურთხეულ იყოს უფალი წიგნში!
კურთხეულ იყოს უფალი რომელიც ცხოვრობს ჩრდილში! კურთხეულ იყოს უფალი! კურთხეულ იყოს უფალი!
კურთხეულ იყავ შენ ნაომი ცრემლებში! კურთხეულ იყავ შენ ნაომი შიშში! კურთხეულ  კურთხეულ კურთხეულ იყავ შენ ავადმყოფობაში!
კურთხეულ იყავ შენ ნაომი საავადმყოფოებში! კურთხეულ იყავ შენ ნაომი განდეგილობაში!
კურთხეულ იყავ ტრიუმფში! კურთხეულ იყოს შენი გისოსები! კურთხეულ იყოს შენი ბოლო წლების მარტოობა!
კურთხეულ იყოს შენი მარცხი! კურთხეულ იყოს შენი ინსულტი! კურთხეულ იყოს შენი თვალების
დახუჭვა! კურთხეულ იყოს შენი ჩაცვენილი ლოყები! კურთხეულ იყოს შენი ჩამომხმარი თეძოები!
კურთხეულ იყავ შენ ნაომი სიკვდილში! კურთხეულ იყოს სიკვდილი! კურთხეულ იყოს სიკვდილი!
კურთხეულ იყოს უფალი რომელიც ყველა ვარამს ზეცისკენ მიუძღვება!
კურთხეულ იყოს უფალი დასასრულში!
კურთხეულ იყოს უფალი რომელმაც ბაღი გააშენა უკუნეთში! კურთხეულ კურთხეულ
კურთხეულ იყოს უფალი! კურთხეულ იყოს უფალი!
კურთხეულ იყოს სიკვდილი ყველა ჩვენგანზე!

III

ოღონდ არ დავივიწყო დასაწყისი, როცა ის სვამდა იაფფასიან სასმელს ნიუარკის მორგებში,
ოღონდ მენახა მტირალი რუხ მაგიდასთან მისი სამყაროს ვრცელ პალატებში
ოღონდ გამეგო უცნაური აზრები ჰიტლერზე კართან, ანტენებზე თავში, სამ ჩხირზე ზურგში,
ხმებზე, რომლებიც 30 წელი ჭერიდან დასძახოდნენ მის ადრეულ საზიზღარ სტროფებს
ოღონდ მენახა დროის ცვლილება, მახსოვრობის ჩავარდნა, ომების კრახი, ელექტროშოკის
უსაშველო დუმილი და ღრიალი
ოღონდ მენახა სასაცილოდ როგორ დახატა მატარებელი სახლის სახურავზე ბრონქსში
მისი ძმები დაიხოცნენ რუსეთში თუ რივერსაიდში, ის მარტოა ლონგ აილენდში და უკანასკნელ
წერილს წერს ჩემთვის - მისი სახე მზის სხივებში, ფანჯარასთან
„გასაღები არის მზის ნათელში ფანჯარასთან გისოსებში გასაღები არის მზის ნათელი“,
ოღონდ მივიდეს რკინის საწოლით იმ ბნელ ღამეს ინსულტის შემდეგ ლონგ აილენდზე
მზის ჩასვლისას
უკიდეგანო ატლანტიკა ღრიალებს გარეთ და მოუხმობს  ამქვეყნადმყოფთ -
უკან აბრუნებს კოშმარიდან - ღმერთის ქმნილებას - მიმობნეულს - ჰოსპიტალში თავი
სასიკვდილო ბალიშზე უდევს - უკვე ნაცნობ სიბნელეში უკანასკნელი გაელვება - დედამიწა
მარადიულ სინათლედ  მოჩანს - ცრემლი არ არის ამ ხილვაში -
გასაღები დარჩეს იქვე - ფანჯარასთან - გასაღები მზის ნათელში - ცოცხლებისთვის -
ვისაც აღება შეუძლია
სინათლის ზოლის - კარის გაღება - და ვინც უკან მოიხედავს დაინახავს
ღმერთის  ქმნილებას მოლიცლიცეს საფლავის ზემოთ - სამყაროს ზომის -
საავადმყოფოს თეთრი კარის თავზე თაღქვეშ დაკიდებული საათის წიკწიკის ზომი.

IV

ო დედა
რა გამომრჩა
ო დედა
რა დამავიწყდა
ო დედა
ვემშვიდობები
წვეტიან შავ ფეხსაცმელს
ო დედა
ვემშვიდობები
კომუნისტურ პარტიას  და თვალწასულ წინდას
ო დედა
ვემშვიდობები
ძუძუს კერტების ექვს შავ ბეწვს
ო დედა
ვემშვიდობები
ძველ კაბას და ვაგინის ირგვლივ გრძელ წვერს
ვემშვიდობები
შენს ჩამოწელილ მუცელს
შენს შიშს ჰიტლერის წინაშე
შენს პირს ცუდი ამბების მაცნეს
შენს თითებს ჭიანი მანდოლინების
შენს მკლავებს პატერსონის გაშლილი სადარბაზოების შესასვლელების
შენს მუცელს გაფიცვებისა და საკვამურების
შენს ნიკაპს ტროცკისა და ესპანეთის ომის
შენს ხმას წელში გაწყვეტილი & ლპობაშეპარული მშრომელების მადიდებელს
შენს ცხვირს ნიუარკის მჟავე კიტრის სუნით ამოქოლილს
შენს თვალებს რუსეთის
შენს თვალებს უფულობის
შენს თვალებს ყალბი ჩინეთის
შენს თვალებს დეიდა ელეონორის
შენს თვალებს მოშიმშილე ინდოეთის
შენს თვალებს რომელიც ფსამს პარკში
შენს თვალებს დაღმა მავალი ამერიკის
შენს თვალებს რომელიც ვერ ცნობს ფორტეპიანოს კლავიშებს
შენს თვალებს კალიფორნიელი ნათესავების
შენს თვალებს სასწრაფო დახმარების მანქანაში მომაკვდავი დედიკო რეინეის
შენს თვალებს ჩეხოსლოვაკიის სადაც შეიჭრნენ რობოტები
შენს თვალებს ბრონქსში ხატვის გაკვეთილებზე
შენს თვალებს მკვლელი ბებიის რომელსაც სახანძრო გასასვლელიდან ხედავ ჰორიზონტზე
შენს თვალებს რომელიც   შიშველი კივილით დარბის დერეფანში
შენს თვალებს რომელიც პოლიციელს სასწრაფო დახმარების მანქანისკენ მიჰყავს
შენს თვალებს დაბმულს საოპერაციო მაგიდაზე
შენს თვალებს ამოკვეთილი პანკრეასის
შენს თვალებს აბორტების
შენს თვალებს ამოკვეთილი საკვერცხეების
შენს თვალებს შოკის
შენს თვალებს ლობოტომიის
შენს თვალებს განქორწინების
შენს თვალებს ინსულტის
შენს თვალებს მარტოობის
შენს თვალებს
შენს თვალებს
შენს თვალებს ყვავილებში ჩაფლული სიკვდილის.

V

ყვა ყვა ყვა კაშკაშა მზეში ყვავები დასჩხავიან საფლავის ქვას ლონგ აილენდში
ღმერთო ღმერთო ღმერთო ნაომი ამ ბალახის ქვეშ განისვენებს ჩემი ნახევარი და მისი მთელი
ცხოვრება
ყვა ყვა ჩემი თვალი დაიმარხება იმავე მიწაში რომელზეც მე ანგელოზად ვგავარ
ღმერთო ღმერთო შენი ყოვლისშემძლე თვალი უყურებს ყველაფერს და დაჰყვება საავდრო
ღრუბლებს
ყვა ყვა ამქვეყნიერთა  უცხო ყვირილი მოშრიალე ტყის ზემოთ ავიდა ზეცად
ღმერთო ღმერთო ო მიღმიერთა ვეება ჩარხი ჩემი ხმა შეოლის* უსაზღვრო ველსა შინა
ყვა ყვა დროის ყვირილი ფეხქვეშ გვეცლება და მიფრთხიალებს კოსმოსში წამი
ღმერთო ღმერთო ექო ცაში ქარის დაფლეთილ ფოთლებში მოგონებების ღრიალი
ყვა ყვა ყველა წელიწადი ჩემი დაბადება სიზმარი ყვა ყვა ნიუ-იორკი ავტობუსი
დახეული ფეხსაცმელი ვეებერთელა სკოლა ყვა ყვა ღმერთის ყველა ხილვაღმერთო ღმერთო ღმერთო ყვა ყვა ყვა ღმერთო ღმერთო ღმერთო ყვა ყვა ყვა ღმერთო.

Paris, December 1957—New York, 1959

თარგმნა დალილა გოგიამ

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა