აივ ინფექციის ბლუზი | დარიუს სტიუარტი
დარიუს სტიუარტი - ახალგაზრდა ამერიკელი პოეტი. ამჟამად ცხოვრობს აიოვაში თავის ძაღლთან, ფრაისთან ერთად და მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე.
რენე მაგრიტის „საყვარლების” მიხედვით
ქალმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია გოგრის არჩევა
ქმრისთვის, რომელსაც ხილი უფრო რბილი უყვარს,
ვიდრე მომარაგების მენეჯერს შემოაქვს.
ასე რომ, ქალი გოგრას რამდენიმე დღით
საკუჭნაოში ინახავს, ვიდრე ოდნავ
წვენი არ გამოუვა. აი, ეს არის სიყვარული,
ფიქრობს ის საღამოობით, როცა ქმართან ერთად
ბუხართან ზის. კაცი ამ დროს გაზეთს კითხულობს,
თან J&B ვისკის ჭიქა ჩაუბღუჯია & ქალი
შერის სვამს, ფეხმორთხმული,
და აეჭვებს ყველაფერი, რასაც ჩრდილი
ეფარება: თვალის გარშემო
მუქი წრეები, შავად შეფერილი თეთრი ღერები...
ამ წვრილმანებით ქმარს არ აწუხებს,
პირიქით, ფეხებს ისე არხევს,
როგორც საყურეს, რომელსაც ქმარი ყიდულობს მისთვის
ნიშნად იმისა, რომ ემახსოვრებათ სიყვარული,
ეცოდინებათ ყოველდღე & ყოველ დილით გაღვიძებისას
თბილი სხეული შემოეხვევა მეორე სხეულს.
ქალი ამით კმაყოფილია,
რადგან იცის, სიყვარული ცვალებადია & სიტყვაძუნწი,
როგორც ბაღნარი, მისი ფაქიზი მზრუნველობით აყვავებული,
როგორც ყურსუკან ფხანის მოლოდინში
კრუტუნა კატა, ფეხებში აბლანდული.
სიყვარული შეხებით: კაცი თმას ვარცხნის & აბანავებს
შებინდებისას. ქალი მის სახეს ხელებში იქცევს
ვიდრე კაცი სამადლობელ ლოცვას აღავლენს
იმისთვის, რომ სამყარო დახვდა სახეუცვლელი:
ჩიტები კვლავაც იჭრებიან ცის ლაჟვარდებში, მერე ბუდეში ბრუნდებიან
ფრთამოქანცული. ისე, თითქოს საყვარლები ძილს იგრძელებდნენ,
ეშურებიან მთვარის ბრიალა გაკვირტებას, შუქის ზეწრებში
ეხვევიან, ერთიმეორეს მიყრდნობილები,
ღია ფანჯრის წინ, უსმენენ, ჰაერში როგორ რჩება კვალი
კატის კრუტუნის, ყვავილნარში ფურცლების გაშლის.
ავტოპორტრეტი რვა წლის ასაკში
ერთხელ, როცა აბაზანისკენ ფეხაკრეფით მიმავალმა,
იატაკის ცივი ფილები გადავიარე, მომიჯნავე ოთახში
შევიჭყიტე და შიშველი დედა დავინახე.
მძინარე, განსაცვიფრებლად უშფოთველ მამას
მჭიდროდ ეკვროდა, ძუძუები ამობურცვოდა,
წვეტებზე კი ეტყობოდა ნახშირივით შავი თავები,
ბავშვისთვის რომ არასოდეს უწოვებია. გაოცებული,
ვერ ვინძრეოდი - პირველად ვნახე ქალის სხეული.
წლების შემდეგ, როცა პირველად
მქონდა სექსი, გავიფიქრე, იქნებ ის იყო -
დედის სხეული, ჩაძირული ადრიანი დილის ნათელში,
ოთახი, სავსე ნელი, ქაოსური ამოსუნთქვებით -
რამაც კაცისკენ გადამისროლა.
აივ-ინფექციის ბლუზი
წამიკითხე ლექსი დანაკარგზე ვამბობ მე.
უკეთ ხარ? ვამბობ მე.
არა. თავს ვაქნევ.
მჭირდება ლექსი ჩემი დარდის გასაქარვებლად ვამბობ მე.
რატომ დარდობ? ვამბობ მე.
დავკარგე ჩემი საყვარელი სევდიანი სიმღერების კომპილაცია ვამბობ მე.
ოდესმე გიცდია ოპერის მოსმენა უცხო ენაზე ვამბობ მე.
ყველა ოპერა უცხო ენაზეა ვამბობ მე.
არა, ყველა კარგი ოპერა უცხო ენაზეა ვამბობ მე.
მაგრამ არა მათთვის, ვისაც ოპერა ესმის ვამბობ მე.
შენ მათ გულისხმობ ვისთვისაც ის ენა მშობლიურია ვამბობ მე.
არა, მათ, ვისაც ესმის, რომ უდიდესი ტანჯვისგან უდიდესი სილამაზე რჩება ვამბობ მე.
მუსიკას და სიმღერას გულისხმობ ვამბობ მე.
ყველაფერს ვგულისხმობ ვამბობ მე.
წინათგრძნობა: სიყვარულის ისტორია
მე მაქვს სმის პრობლემა,
და მჭირდება ჰოსპიტალიზაცია.
გულის ქრონიკული უკმარისობა
თქვა კარდიოლოგმა
და იმდენი შეკითხვა მოაყოლა,
რომ აშკარაა,
ფაქტები უფრო აინტერესებს,
ვიდრე მათთან გამკლავება.
ექიმ-ინფექციონისტს
სამი დღის შემდეგ
ახალი ამბავი მოაქვს: დადებითი პასუხი
აივ ინფექციაზე. ორიოდ საათში
ჩამოსასხმელი ლუდის ყლუპვით
პალატაში შემოდის ჩემი სიყვარული
და ჩემი საწოლის გვერდით ჯდება
უძინარი დედა და მამა თავზე მადგანან, ერთად
ვაგრძელებთ ლაპარაკს ცვლილებებსა და შიშზე;
და როცა ჩემი სიყვარული მეუბნება,
მოვკეტო & დავისვენო, ვხვდები -
თავს კი არ იკატუნებს, ნამდვილად გვისმენს.
მეორე დღეს ის ძალას მატანს და
სადილს ბოლომდე მაჭმევს.
მესამე დღეს, როცა გულზე კათეტერის დადგმას
გეგმავენ, სამსახურს აცდენს
და ყველას ემუდარება
ილოცონ ჩემთვის და ექიმისთვის,
ვინც მიკეთებს „ოპერაციას“,
რაც ცოტათი არასწორია.
ეს არის მხოლოდ „პროცედურა“
რომელმაც მთელი ჩვენი კომუნა
ამაოდ შეაშფოთა და
მუხლებზე დააყენა.
სპორტულ ბიუსტჰალტერს მაგონებს სამაშველო ჟილეტი,
რომლითაც ვტოვებ საავადმყოფოს.
ჩემი სიყვარული მთხოვს,
მასთან დავწვე, ტახტზე,
ზურგიდან მეხვევა, გულში მიხუტებს
და თითებს მისვამს ყურებზე. ჰო,
მას შეუძლია იყოს ალერსიანი,
ვიდრე მე ვცდილობ მოვეშვა.
მიუხედავად ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად
ხორცში ისე ჩარჭობილი გულის მოდარაჯე სენსორებისა,
თითქოს ქილა დაატკბესო,
ჩემს სიყვარულს ვეკრობი -
რამდენადაც ჩემი მდგომარეობა საშუალებას მაძლევს.
ძილი თავს გვართმევს,
ის ცალ ხელს
ტორსზე მხვევს მჭიდროდ,
მეორე ხელს კი ხელზე მიჭერს; სახით
კისერში მეფლობა და მის სუნთქვას ვგრძნობ -
ღმერთს შესთხოვს წყალობა მოიღოს
ჩემზე. გოდებს უხმოდ
და მე აზრად არ მომდის,
რომ მისი პათოსის მიუხედავად,
მიგდებას მიპირებს.
უნდა მცოდნოდა -
ავი ნიშნები ენდორფინებით ინიღბებიან
და სხეულს მიდუნებენ.
ვიდრე ფეთქავს, ცხოვრებას
განადგურებული გულითაც შევძლებ,
მაშინაც, როცა ბოლოს, მომიწევს
მისი სახლის გასაღების
დაბრუნება. ამ გასაღებმა გამოიარა
ხელები ნაირ-ნაირი სახელებით,
რაც ამართლებს მის დანიშნულებას -
„სათადარიგო“.
გასაღები “ავარიული გაჩერება“, გასაღები
„მჭირდება ადგილი ბალახის მოსაწევად“
გასაღები „იმ შემთხვევისთვის, თუ
რაღაც დაგრჩა“ გასაღები...
მრავალწერტილი ნიშნავს იმას, რომ
ნებისმიერი მიხვდება
ვინ იქნება იღბლიანი შემდეგი.
და მეც ვიგრძენი, მე ვიქნებოდი,
როგორც კონკურსანტი
გოგონასთვის ნათელი ხდება
გამარჯვება, როცა
მეორე ადგილზე გასული განზე გადგება
რათა ელვარე გვირგვინი თავზე დაადგან
სილამაზის ახალ დედოფალს.
მე მთელი ოთახი მოვიარე
გამარჯვებულის გრაციოზული
ხელის ქნევით
და ვიზეიმე ღირსშესანიშნავი მოვლენა.
და ვახარე მეგობრებს ამის შესახებ.
და ვახარე ოჯახს ამის შესახებ.
და წავედი ეკლესიაში
სალოცავად
ამის შესახებ. მგალობლებმა
იგალობეს ამის შესახებ. მოძღვარმა იქადაგა
ამის შესახებ. ფული რომ მქონოდა,
ქვეყანას ვამცნობდი
“ნიუს სენტინელის“
პირველი გვერდიდან
ერთადერთი ჰედლაინით:
„დ ა რ ი უ ს ს გ ა დ ა ე ც ა გ ა ს ა ღ ე ბ ი“
თუმცა, ახლა:
მიიწურა სილამაზის დედოფლის ხანა!
რაც ნიშნავს:
დააბრუნე გასაღები და სამაგიეროდ,
ის ერგება ვინმე
ახალს.
აურაცხელი ანარეკლიდან
ჩემი მხოლოდ ერთი სახეა
და ის მგონი ცაზე წამიერად მოციმციმე
ვარსკვლავებში ამერია?
აღარ ვუყვარვარ -
მართალია.
შური უნდა ვიძიო და აღარ მიყვარხარ!
ცერემონიულად მივახალო,
ან დამაჯერებლად ვიცრუო:
მაგალითად, გავუგზავნო
ხელნაკეთი ღია ბარათი -
ფოტო, სადაც კაცი ზის ნავში,
თევზაობს ტბაზე, წყალი არ ბრწყინავს
ისე, როგორც უნდა იბრწყინოს,
ის ჰგავს შავი გრანიტის ფილას,
რომელიც ვერ ირეკლავს მზეს...
ეს ხომ მხოლოდ გასაღებია, რომელიც მომცეს
იმისთვის, თუ
იმ სახლში დამრჩება ჩანთა
ან რამე სხვა,
როცა დილით სახლიდან გამოვალ
გამოსაცდელ ფაზაში,
რომელიც საკმაოდ გახანგრძლივდა საიმისოდ,
რომ ცხოვრების სიამეს გემო გაუსინჯო.
მიდი, სრული სიცხადისთვის:
ააწრიალე პრესა, დაე,
ყველას ყურამდე მივიდეს: „გასაღები გადაეცა დარიუსს“.
განმარტე,
რომ ეს არ ნიშნავს „ჩემი ცხოვრების სიყვარულო,
აი შენ, ჩემი სახლის
გასაღები“. არა. ეს ნიშნავს
„გავიდა კიდევ ერთი ზამთარი
ერთი წელიც კი ვერ გავძელით ჩვენ
და ვერც…“
გასაღებმა.