გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
უილიამ შექსპირი დალილა გოგია ენ ჰეთეუეი

უილიამ შექსპირის ქორწინება | 5 ლექსი

28 ნოემბერი უილიამ შექსპირის ქორწინების თარიღია. 1582 წლის 28 ნოემბერს 18 წლის უილიამ შექსპირმა და 26 წლის ენ ჰეთეუეიმ ქორწინების ლიცენზიისთვის 40 ფუნტის ობლიგაცია გადაიხადეს.

შექსპირის შემოქმედება და პირადი ცხოვრება დღემდე დიდ ინტერესს იწვევს. მოცემულ პუბლიკაციაში მოცემულია თანამედროვე ბრიტანელი პოეტების თვალით დანახული, სხვადასხვა კუთხით გააზრებული ენ ჰეთეუეისა და უილიამ შექსპირის სახე. 

- მთარგმნელი, დალილა გოგია

 

ენ ჰეთეუეი

შექსპირის ანდერძის თანახმად, ენ ჰეთეუეის მეორე საუკეთესო საწოლი ერგო.

საწოლი, რომელშიც ვნეტარებდით, ბზრიალებდა
მისი ტყეებით, კლდეებით, კოშკებით, ცეცხლით, ჩვენ
ზღვებში ვყვინთავდით  და მარგალიტი ამოგვქონდა.
ჩემი საყვარელი სიტყვებს ვარსკვლავებს ესროდა,
ვარსკვლავები კი ამ ტუჩებზე ცვიოდა კოცნად. 
ჩემი სხეული მისთვის გახდა მსუბუქი რითმი, 
ექო, ხანაც ასონანსები, მის შეხებაზე
ცეკვას იწყებდა ზმნა არსებით სახელთა გულში.
მესიზმრებოდა, თუ როგორ მთხზავდა, საწოლი კი,
თეთრი ფურცელი, ცახცახებდა პოეტის ფრთის ქვეშ.
სურნელი, გემო, ჩვენი შეხება, იღვრებოდა
სატრფიალო ამბად და დრამად, სულ სხვა საწოლზე,
უკეთესსზე, სტუმრები თვლემდნენ, ოღონდ იმათგან 
პროზა ჟონავდა. მის დღემდე  ცოცხალ, მცინარ სიყვარულს
დაქვრივებული ჩემი თავის მოგონებათა 
ზანდუკში ვიცავ, როგორც მე ჩემი საყვარელი
მეორე საუკეთესო საწოლში მიცავდა.

- კეროლ ენ დაფი 


უილ ჰეთეუეი

ენ ჰეთეუეი.
An Hath-a-way*
ანას აქვს გზა: მრავლისმთქმელი.

მეორე, მისი** მსგავსი,
განსაზღვრულია უფრო ქმედებით,
ვიდრე არსით. 

ანას აქვს გზა,
ანა პოულობს გზას,
ანა ადგას გზას.

წავიდა.

ზმნის მხრიდან,
არა არსებითი სახელის მხრიდან.
რაც არის, არის

მოთამაშე და მოთამაშე
თამაში, და გათამაშება,
და სხვა მოთამაშეები,

რომელთაგან ყველა -
უილიც და სხვებიც
იქცნენ მტვრად.

თუმცა,

უილ ჰეთეუეიმ იპოვა გზა
თავი ეპოვათ 
სულ სხვა სხვებში,

რომლებშიც პერსონაჟები, რა თქმა უნდა
არა მხოლოდ თავად, არამედ ანაც,
ცოცხლობენ.

* ანას აქვს გზა (ინგლ.)
** ორიგინალში - like him - იგულისხმება უილიამ შექსპირი.

- ევან ფერნი 


რაც მას ვუთხარი

ერთხელ შინ მოვიდა ამოიღლიავებული
ხილით და ამაზე შაირებით და
მე ვუთხარი რომ არ უვარგოდა
რითმის გრძნობა პრემიერის ღამეს
ვთქვი რომ პარკში შობის საგალობელი
სრულდებოდა და იქ მსურდა მთელი ოჯახით
წასვლა ის განიცდიდა ასეთ ღამეებს
ანადგურებდა მღელვარება როცა მიძღვნიდა
რომელიმე ჩახლართულ სონეტს მე ვარწმუნებდი
რომ მას არ ჰქონდა კაცური საქმე შესაფერისი
სამსახური და ამიტომ არც დაქანცვის უფლება
ჰქონდა ამ სიტყვებს მისი სიყვარული
მკარნახობდა ქებით ცამდე აყავდათ და მე
ვხედავდი ამით როგორ ფერხდებოდა უნდა მეცადა
მისი დაცვა ხალხმრავალი გარემოცვისგან
აუცილებლად უნდა ეწერა და იმისათვის
რომ  ეწერა უნდა სცოდნოდა რომ
თვალს არავინ ადევნებდა.

- ენდრიუ მაკმილანი 


შენი სახელი
საძიებო ველში ჩავწერე

დავინტერესდი, იმ ცხოვრებაშიც 
მსახიობი ხომ არ იყავი* და შენი სახელი
საძიებო ველში ჩავწერე. ანა - სონეტებში
ნებისმიერი სხვა სახელით. ალბათ შენ ხარ, 
ვინც ჩაიფერფლა, ვის თვალებსაც არ შერჩა მზე,
გწვავს ცეცხლი, რომელმაც გამოგტაცა
ერთადერთი ვაჟი, შენი უმწეო მემკვიდრე,
განწირული შენი შვილი, ვისაც ართობდა
ზამბახები - მელნისფერი, მწუხარე, მდუმარე
ბაგეები, რომელთაც მზრუნველობას არ აკლებდი,
ისინი, გათხოვილიუსახელო თიხნარებზე,
საკუთარ არსს გადმოსცემენ თავის ენაზე:
იხოცებიან, რათა თავიდან კვლავ დაიბადონ,
მაისის თვეში მიწის ქვეშიდან თავს აჩენენ.

*იგულისხმება ამერიკელი მსახიობი ენ ჰეთეუეი (1982 -)

- ვასილიკი ალბედო 


ენ ჰეთეუეი ზის კაფეში, უორვიკშირი, 2023

ახლა ფანჯრები უფრო ფართოა, მაგრამ გარეთ 
არავინ იხედება. კვეთრი შუქი  სცილდება თეფშებს,
ფინჯნებს, კოვზებს, ჩანგლებს, ყველა მაგიდაზე
საჭმლის ნარჩენი ზედ რომ ახმება. რძე გადაუსხამთ
ხელსახოცებზე, რომელზეც შეგეძლო სონეტები დაგეწერა.

გოგონას, რომელიც მომემსახურა, იუდიტის თვალები
ჰქონდა. ეს მინდოდა მისთვისაც მეთქვა, მაგრამ
მას ზედ არ შემოუხედავს, არც იღიმოდა,
როცა ჩაი ცივ ოთახში გამოატარა, და
ქაღალდის ჭიქამ ფორმა ლამის სულ დაკარგა.

მინდა გითხრა, უილიამ, რომ ბავშვები დღემდე
ეწირებიან ტიფს და ქუნთრუშას. ჰამლეტის სახე
ისახება ყავის სურნელზე - და მე ისევ მეუფლება
იგივე შიში, ბავშვის ბოლო ამოსუნთქვის
უსასოობის, უეცარი და უმწეო მისი სიკვდილის.

ვსვამ ჩაის. სამოცდარაღაც ასაკის ქალი
თავის მაგიდას მარტო უზის. ცხადია, აქ არავინ იცის
ადრინდელი ჩემი სახე. სტუდენტები გადახრილან ლეპტოპებზე,
შეუკრავთ წარბი და ესეებს ეწვალებიან. რას გაიგებენ,
რომ ჩემი ტანი იყო ფურცელი, რომელზეც

პირველ სტროფებს ქმნიდა შექსპირი, ლამაზი ბიჭი,
ვისაც ღამით ოცნებები არ ასვენებდა.
ის მელანიც მე ვიყავი, მის პატარა შვილებს რომ წერდა
და ყვებოდა პაწია სრულქმნილი თითების ამბავს,
და როცა მამა შორს მიდიოდა, მათ ცრემლიან სახეებს ბანდა.

რუხი უსისხლო სისხლძარღვები დატყობია ამ მომცრო ქილას, 
ჩამოტეხილი პირი ყანყალებს, როცა წყალს ვასხამ,
ჩვენ ორივე გადავიღალეთ სიცარიელით და იმ რუტინით,
ძალას რომ გაცლის მეტისმეტად ცხელი წყალივით. დედა ამშვიდებს
თავის პირმშოს საბავშვო ეტლში, სალაროსთან რიგი მიღოღავს.

მწყურია. მთელი ამ დროის მერე ჩემი ქმარი დაბრუნდეს,
მინდა. ვიდრე ჩვენი სიყვარული გაიყოფოდა,
ის გათამაშდა. ვიდრე ცხოვრება გადათელავდა.
მინდა თაფლივით წებოვანი მაგიდის კიდეს გადავწვდე
და მას ტუჩები დავუკოცნო.  ყველა აჩრდილს გავაქრობ ასე.

- ოლგა დერმოტ-ბონდი 

______________________________

კეროლ ენ დაფი - შოტლანდიელი პოეტი, მანჩესტერის მეტროპოლიტანის უნივერსიტეტის პროფესორი, ყოფილი პოეტი-ლაურეატი. გაერთიანებულ სამეფოში პირველი ქალი პოეტი-ლაურეატი.

ევან ფერნი - ბრიტანელი პოეტი, ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორი.

ენდრიუ მაკმილანი- ინგლისელი პოეტი, მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი.

ვასილიკი ალბედო - ბრიტანელი პოეტი, ამჟამად ცხოვრობს საბერძნეთში.

ოლგა დერმოტ - ბონდი - ჩრდილოეთ ირლანდიელი პოეტი, უორვიკშირის ყოფილი პოეტი-ლაურეატი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა