ქართველი ემიგრანტები თურქეთში, ოცნება სამშობლოში დაბრუნებაზე და პოლიტიკური პოპულიზმი
საქართველოში, პოლიტიკურ სპექტრზე იდეოლოგიების როლი მეტად მწირია და პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, ფორმალური იდეოლოგიის ფაქტობრივი არარსებობისაგან გამოწვეული სიცარიელის შევსებას რელიგიური და ნაციონალისტური რიტორიკის გარკვეულ სოციალურ მესიჯებთან შერევით ცდილობს. ასეთ სიტუაციაში უკვე თითქმის ორი ათწლეულია, საზღვარგარეთ მცხოვრები და მომუშავე საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თემა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის პოპულისტური რიტორიკის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად იქცა. მოქმედებენ დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამებიც (როგორც საბიუჯეტო, ისე საერთაშორისო მხარდაჭერით), მაგრამ ცენტრს და რეგიონებს შორის არსებული ეკონომიკური და სოციალური უფსკრული, დეინდუსტრიალიზაცია, მინიმალური ხელფასის ფაქტობრივი არარსებობა და პენსიის სიმცირე, თუ სხვა პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აიძულებს სამშობლო დატოვონ, მეტწილად უცვლელი რჩება. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც დეინდუსტრიალიზაციამ, მცირემიწიანობით ცნობილი რეგიონის მოსახლეობა იმავე რეალობაში დააბრუნა, რომელშიც ის ინდუსტრიალიზაციამდე იმყოფებოდა.
***
შესაბამისად ვხედავთ, რომ არსებულ რეალობაში ემიგრანტი ქალების მნიშვნელოვან ნაწილს სოფლად, ან პატარა ქალაქებში მცხოვრები, პროფესიულად სასოფლო-სამეურნეო სფეროს გარედან მოსულები შეადგენენ, რომლებსაც თავისუფლად შეგვიძლია პროვინციული მუშათა კლასი ვუწოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საქართველოში წარმოებული ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც საქართველოდან წასული ემიგრანტების სოციალურ და პროფესიულ ანალიზს შეძლებდა და მათ კლასიფიკაციას მოახდენდა, კონკრეტულ ქვეყნებში სადაც ხსენებული ემიგრანტები ცხოვრობენ, არაერთი მსგავსი ტიპის კვლევა განხორციელდა, რომელთაგანა ზოგი ეროვნების განურჩევლად მიგრანტი ქალების შრომას ეხება, ზოგიერთი მათგანი კი კონკრეტულად საქართველოდან ჩასული ქალების შესახებაა. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა თურქეთი. რომელიც ქართველი ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის პოპულარული მიმართულებაა, რაც საქართველოსთან სიახლოვით და მგზავრობის შედარებითი სიმარტივით არის განპირობებული. ამავე დროს თურქეთი ყურადღებას იქცევს მიგრანტი მუშახელის პრობლემებთან დაკავშირებული აკადემიური შრომების რაოდენობითაც, რომელთა შორის არის ისეთი კვლევებიც, რომლებიც უშუალოდ საქართველოდან ჩასულებს ეხებათ.
ეს კვლევები, როგორც თურქი, ისე თურქეთში ჩასული, ან იქ მცხოვრები ქართველი მკვლევრების მიერ არის შესრულებული და სხვა დეტალებთან ერთად, ქართველი ემიგრანტების სოციალური და პროფესიული წარმომავლობის შესახებ იმ ინფორმაციასაც გვაწვდის, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ კვლევებში არ გვხვდება.
ეს ნაშრომები პირველ რიგში საინტერესოა იმით, რომ მთლიანად ადასტურებს თეზისს, რომლის თანახმადაც პროვინციებიდან წასული ემიგრანტი ქალები დიდწილად სწორედ პროვინციულ მუშათა კლასს და სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებს წარმოადგენენ, რომელიც თავისი პროფესიული უნარებით და საგანმანათლებლო წარსულით, საკმაოდ შორს არიან ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებული სოციალური ჯგუფისგან
მაგალითად, ნინო ტარტარაშვილის მიერ ღაზის უნივერსიტეტში დაცული სადოქტორო ნაშრომის ფარგლებში, ანკარაში მომუშავე ქართველი ემიგრანტი ქალების შესახებ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც დისერტაციის სახით გამოქვეყნდა, ვხვდებით გამოკითხული ემიგრანტების პროფესიულ და რეგიონულ კლასიფიკაციას, სადაც ნათლად ჩანს, რომ მათი უმეტესობა (ამ შემთხვევაში 2/3) სწორედ დეინდუსტრიალიზაციით ყველაზე მეტად დაზარალებული და მცირემიწიანი დასავლეთ საქართველოდანაა, უმეტესწილად (70 გამოკითხულის 94%) 45 წელზე უფროსია და მათი თითქმის ორი მესამედი „მოხელე“, მასწავლებელი ან ექთანი იყო. ხოლო კატეგორია „დიასახლისი“ ბევრ ღია კითხვას აჩენს, რადგანაც ავტორი ქვემოთ აღნიშნავს, რომ გამოკითხული ქალების უმეტესობას პროფესიული, ან უმაღლესი განათლება გააჩნია. ანალოგიურ სიტუაციას ვხვდებით თურქეთის ადამიანური რესურსების განვითარების საზოგადოების (İnsan Kaynakları Geliştirme Vakfı)-ს კვლევაშიც, რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსულ ორივე სქესის მიგრანტებს მოიცავს და 100 ქალ და ამდენივე მამაკაც ემიგრანტთან გასაუბრების საფუძველზე მათ სოციალურ და პროფესიულ დაყოფაზე დეტალურ ცხრილებს გვთავაზობს. რადგანაც გამოკითხული ქალების ერთ მესამედზე მეტს ამ კვლევაშიც საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ, ვფიქრობ მასზე დაყრდნობაც შესაძლებელია. ამ კვლევის მიხედვითაც, ქალების ნახევარზე მეტი 35 წელზე უფროსი, 72% ბავშვიანი, 78% ქალაქად მცხოვრები, ხოლო 80% სრული საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონეა. იმის გათვალისწინებით, რომ იგივე საბერძნეთში ან იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ქალებთან მიმართებაში მსგავსი ტიპის კვლევები ბევრად ნაკლებია, დეტალური ციფრების მოყვანა ძნელია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ სიტუაცია ამ ქვეყნების შემთხვევაშიც დიდწილად მსგავსი იქნება.
შესაბამისად, როდესაც ქართული სახელმწიფო ემიგრანტების დაბრუნების წინაპირობად სოფლის მეურნეობის აღორძინებას, ან მათთვის შეღავათიანი ბიზნეს სესხების და გრანტების გაცემას განიხილავს, დიდი შანსია რომ ეს შეთავაზება რეალობას იყოს მოწყვეტილი. ემიგრანტებისთვის, რომლებიც როგორც კვლევებიდან ჩანს ძირითადად მასწავლებლებს, ექთნებს და სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებს წარმოადგენენ, მთავარი მოტივაცია პირველ რიგში საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული ღირსეული სამუშაო პირობები, ღირსეული ანაზღაურება და ეფექტური რეგიონული განვითარების მოდელია .
საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას არაეფექტური რეგიონული განვითარების პოლიტიკით, ეფექტური ბიზნესის საწარმოებლად საკმაოდ მცირე არეალი გააჩნია. ბიზნეს სესხის ან გრანტის მეშვეობით საქმის წამოწყებისას წარმოქმნილი სიძნელეები, დაბრუნებულ ემიგრანტებს კვლავ ემიგრაციაში წასვლისაკენ უბიძგებს. ანალოგიურად, წარუმატებლობისთვისაა განწირული სოფლის მეურნეობის წამახალისებელი პროგრამებიც, რადგანაც ის ემიგრანტებიც კი, რომლებიც სოფლად ცხოვრობდნენ, ხშირ შემთხვევაში არ იყვნენ დასაქმებულნი სოფლის მეურნეობაში და არ გააჩნიათ შესაბამისი უნარები და არც მოტივაცია რომ ამ დარგში იმუშაონ.
***
ემიგრანტების, უპირველესად კი ოჯახს და მშობლიურ მხარეს დაშორებული ემიგრანტი ქალების დაბრუნების გზა თანმიმდევრულ რეგიონული განვითარების პოლიტიკაზე, შრომის პირობების და დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესებაზე გადის. მაგალითად როგორ შეიძლება დავარწმუნოთ პროფესიით ექთანი ემიგრანტი დაბრუნდეს სამშობლოში თუკი მას ეცოდინება, რომ მისი პროფესია კვლავ ისეთი დაუფასებელი დარჩება როგორიც დღესაა და კოვიდკლინიკაში სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაშიც კი მისი ხელფასი 800-1000 ლარს შორის იქნება, ჩვეულებრივ კლინიკაში კი 400 ლარს არ გასცდება? ან როგორ დავიყოლიებთ 90-იან წლებში ჯართად გაყიდული ფაბრიკების ყოფილ მუშებს დაბრუნებაზე როდესაც ხელახალი ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა ქვეყანას უბრალოდ არ გააჩნია, ხოლო წარმოების განვითარების მოდელად „იაფი მუშახელი“ და რეგულაციების ნაკლებობაა გამოცხადებული. რაც ქართულ რეალობაში არაადამიანურ სამუშაო პირობებს და მიზერულ ხელფასს ნიშნავს. შედეგად, წარმოების განვითარების მაგივრად ვიღებთ მუშახელის მასობრივ გადინებას, რომლის ადგილიც, ისედაც უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსის მქონე ქვეყანაში, უბრალოდ ვერ ივსება და წარმოება ვერ ვითარდება, ქვეყანა კი მუშახელს კარგავს.
შესაბამისად, გამოსავალი არა იაფ მუშახელზე ორიენტირებული, დერეგულირებული წარმოების განვითარება, არამედ შრომითი ურთიერთობების და მინიმალური ანაზღაურების რეგულირებაზე დაფუძნებული, ეფექტური წარმოების განვითარება, რეგიონული განვითარების ეფექტური მოდელი და დეცენტრალიზაციაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს თბილისის და ბათუმის გარეთაც მეტნაკლებად თანაბრად გადაანაწილებს. ხოლო საქართველოს უდიდეს პლუსად გამოცხადებული წარმოების და „ბიზნესის კეთების“ სიიაფე თავისუფლად შეიძლება ეფექტური მართვით და დაგეგმვითაც იქცეს მიღწეული, დასაქმებულთა უფლებების შელახვის გარეშე; მაგალითად გადამამუშავებელი ფაბრიკის ნედლეულის მომპოვებელ რეგიონში აშენებით.
ცხოვრება კი გადის, ანატოლიის გზებზე ქალაქიდან ქალაქში მოსიარულე ავტობუსებში „პატრონების“ ცხოვრებაზე საუბარში, სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებაში და იმაზე ფიქრში, თუ სად შეიძლება გაექცე ლირის გაუფასურებას, იტალიაში, საბერძნეთში თუ ამერიკაში?