გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გურამ წიბახაშვილი

კედელ-კედელ გურამთან ერთად | თამარ ბაბუაძე

“გადაწერა” – “ასვლა”

სექტემბერი-ნოემბერი, 2024 – ნოემბერი-თებერვალი, 2025-26

ვარ ფოტოგრაფი, მაგრამ სულ მინდოდა, მხატვარი ვყოფილიყავი. 

ფოტოგრაფიაც ამ სურვილიდან მოვიდა. 

იმის გამო, რომ პროფესიონალი მხატვარი არ ვარ, არასდროს მიყიდია მხატვრის ატრიბუტიკა. კამერები სულ მქონდა, ფურცლები – არასდროს. თან არც ფული არ მქონდა და ვიყენებდი ნებისმიერ ქაღალდს – ვთქვათ, ჟურნალიდან ამოხეულ ფურცლებს, რომლებიც შედარებით თავისუფალი, ანუ ცარიელი იყო, ან ნაბეჭდ მუყაოს და ვხატავდი მეორე მხარეს. 

მერე აღმოვაჩინე, რომ ძალიანაც მეხმარება კომპოზიციის აგებაში ის, რომ ფურცელზე უკვე რაღაცაა დაბეჭდილი, რაც უნდა წავშალო და იმ წაშლილზე ახალი დავაფუძნო. 

1987-88-ში ორი უზარმაზარი შეკვრა გადაყრილი პლაკატები ვიპოვე. ძალიან ხარისხიან ქაღალდზე ნაბეჭდი, თავიანთ გაუხსნელ ყუთებში. იყო საბჭოთა კინოს პლაკატები, იდეოლოგიური ფილმების, ძალიან კარგი მხატვრების ავტორობით. 

მაგრამ ეს უკვე ის პერიოდია, როცა ყელში გაქვს ამოსული ყველაფერი, რაც საბჭოთაა. ვეღარ ითმენ, როდის დაინგრევა. და დავიწყე ამ პლაკატებზე გადახატვა-გადაწერა. 

და დღეს უკვე, კედლებიდან გამომდინარეც, ვიცი, რომ, რეალურად, სულ გიწევს ისტორიის გადაწერა; რომ ყველა ისტორია გადაწერადია. როგორც კი ის მმართველი კლასი მოშორდება, ვინც ისტორიის დაწერას იჩემებდა, მოვა სხვა და იტყვის: ლენინი კერპი ვერ იქნება. 

ამიტომ მაინტერესებს იმ წიგნების წაკითხვა, რომლებიც იდეოლოგიის ქვეშ დაიწერა – მათში გადასარევად იკითხება სინამდვილე, რომელიც დაიფარა. 

დღესაც ეგრე ვხატავ – ვიღებ ფურცელს, რომელზეც რაღაცა ხატია ან წერია და უკვე შეგნებულად, გაცნობიერებულად ვიწყებ გადაწერას. 

ფოტოგრაფია იდეაში არის ყურადღების მიქცევა. თითს მაშინ აჭერ ღილაკს, როცა რაღაცას ყურადღება მიაქციე და ჩათვალე, რომ ეს ან პირადად შენთვის არის საინტერესო, ან შეიძლება სხვას გინდა უთხრა. 

და სიახლე ყოველთვის თვალშისაცემია. ამიტომ კედელზე ნებისმიერი რამის დაწერა ან წაშლა ფოტოგრაფს აინტერესებს. მარტო კედელზე არა, ნებისმიერი რამ, როცა იწყება, ვთქვათ, მშენებლობა, საინტერესოა. 

მაგალითად, აქ, ახლა რომ საავადმყოფო შენდება, ადრე ლეჩკომბინატი იყო. ერთხელაც, ფანჯრიდან გახედვისას, დავინახე, რომ ლეჩკომბინატს ანგრევენ და მას მერე ყოველ დილას მოვდიოდი, ვიღებდი თითო ფოტოს, როგორ ინგრევა ერთი და მეორე შენდება. არქიტექტორმა დანგრევაც უნდა დააფიქსიროს და შენებაც. იმიტომ, რომ ამით ბევრი რამ იკვეთება. არქიტექტურა ცვლის მარტო იმ ადგილს კი არა, არამედ მთელ გარემოს და ამის დაფიქსირება – რა იყო და რად იქცა – მნიშვნელოვანია. 

კარგი, შენ, გატყობ, ბევრი დრო გაქვს და გიამბობ – კიდევ რა მახსოვს, იცი? ორი ბერლინი რომ შეერთდა, მეორე თუ მესამე წელს მეც ჩავედი. ეს ის დროა, გაერთიანებული ბერლინის ცენტრი რომ უნდა მოეწყოთ გახლეჩილი ქალაქის ორი ნაწილის შეერთებით, ანუ ერთმანეთს ხვდებოდა ორი ცალკე ქალაქის პერიფერია. გამოაცხადეს ისეთ შენობებზე კონკურსი, ცენტრს რომ შეეფერებოდა. ჟიურიმ აარჩია პროექტები და როცა ჩავედი, შევესწარი მეტროსადგურებთან ჩადგმულ ყუთებს და იქვე გამოკრულ ფოტოებს – ბერლინელებს აცნობდნენ კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს და სთხოვდნენ აზრის გამოხატვას. იდო ფურცელი და შეგეძლო, სრულიად ანონიმურად მოგენიშნა, რომელი პროექტი მოგწონდა. ეს ხალხს პროცესში რთავდა და მთავრობასაც აძლევდა ლეგიტიმაციას ეთქვა – რაც ავაშენე, ამდენმა ადამიანმა მოიწონა. მას მერე დგას იქ “სონის” შენობაც და “დოიჩე ბანისაც”. 

აქ ხალხს კი არა, არქიტექტორსაც არაფერს ეკითხებიან. ფულს გადაიხდი, მიწას მოგყიდიან, ააშენებ, უმეტესად, იდიოტობას, დიდ მოგებას ნახავთ შენც და მერიაც. 

და მერე ყველაფერს ეჩვევი. უკვე რომ აშენდება და ჩემი შვილის შვილიშვილი დაიბადება, ამ მაღალ შენობას შეხედავს და იფიქრებს: თბილისი ესაა. სინამდვილეში, მაგ თაობისთვის შეიძლებოდა, თბილისი სხვანაირიც დაგვეხვედრებინა. და ამის დამახსოვრება ფოტოგრაფიულად შეგიძლია. 

ფოტო აფიქსირებს ცვლილებებს. აფიქსირებს გარდასახვებს.

კედელიც აფიქსირებს ამას. წინა დღეს რომ გაივლი და სუფთაა, ან ახლად შეთეთრებულ-გარემონტებული და მეორე დღეს გხვდება წარწერა, ხვდები, რომ ეს არის პროტესტი. რადგან წავიდა ვიღაც, იყიდა საღებავი, მოიტანა და დააწერა, – შენი დედა ვატირეო. ეს ნიშნავს, რომ მას უნდა ცვლილება. 

გამოსახულება და წარწერა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

2000-იანების დასაწყისში ქუთაისის ძველ ციხეში შევედით რამდენიმე ფოტოგრაფი და ცარიელი საკნები გადავიღეთ – პატიმრები უკვე გადაყვანილი ჰყავდათ. მათი ოთახების კედლები დავათვალიერეთ – სავსე წარწერებით, ნახატებით, პლაკატებით. ადამიანი, რომელიც ათ წელს და მეტს ატარებს ერთსა და იმავე ოთახში, კედელზე რაიმეს დაწერ-მიხატვით ნიშანს ტოვებს, რომ ცოცხალია.

ციხე ხომ ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სიცოცხლე დაგიტოვოს; რომ სწორედ სიცოცხლე შეგიზღუდოს და წაგართვას. ამიტომ ვიღებდი ნიშნებს კედლებზე, რაც პატიმრებისგან დარჩა. 

“გადაწერის” გამოფენისთვის ფოტოები ორი ნიშნით შევარჩიეთ. 

ჯერ ერთი, უნდა ყოფილიყო გადაწერა – გინდ ფურცელზე, გინდ კედელზე და ამ მხრივ გამოფენის მთავარი სურათი იყო 

წითლად დაწერილი 

თავისუფლება.

და მეორე – ვიზუალურად ფერწერული უნდა ყოფილიყო გამოსახულება. 

თუმცა, მე პირადად ისიც არანაკლებ მაინტერესებს, რა წერია ან რისი წაშლა უნდოდათ, ამიტომაც გადაშლილი კედლების ფოტოები ჩემს არქივში მილიონია. თითქმის ყოველთვის ჩანს ქვედა ფენა, რადგან ბოლომდე არ იშლება. მეც ვცდილობ, გავარჩიო, პირველმა რა დაწერა, მეორემ – რა შეუსწორა, მესამემ რა გადაფარა და მეოთხემ კიდევ რა გადააწერა. 

სათქმელის შრეებია ყველგან. 

თბილისი სავსეა.

ოპერის გვერდით ჩასახვევში, პატარა, ლამაზ ქუჩაზე, კედელზე ეწერა ფაქ რაშა, მოვიდა ვიღაც და ფაქ ნატო დააწერა, მერე სხვამ ფაქ რაშა დააბრუნა, მერე კიდევ ვიღაც მოვიდა და ორივე გადაშალა. 

გუშინწინ გადავიღე, კიდევ ახალი წარწერა იყო, უკვე ამ პროტესტებიდან. 

მიშა სააკაშვილის დროს მაქვს გადაღებული ერთი კედელი მიწისქვეშა გადასასვლელის: ჩვენ ზანგები არ ვართ – ის ფრაზა, რაც მიშამ თქვა და მაშინ დიდი ამბავი მოჰყვა. 

ალბათ, 25 წლის წინ დავიწყე სერია “კერძო მუზუმი”. ეფუძნება იდეას, რომ მუზეუმი ინახავს და გამოფენს ქვეყნის განძს, თამარ მეფის ჯვარს და ხახულის ხატს. 

მაგრამ თან ყველას ცალკე გვაქვს პირადი მუზეუმი – ვაგროვებთ და გამოვფენთ ნივთებს ჩვენს სახლებში და კაბინეტებში, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. მეც დავიწყე იმის გადაღება, როგორ აფორმებენ ადამიანები თავიანთ გარემოს, სახლებს, სამსახურებს. 

მაგრამ მერე მივხვდი, რომ კედლებიც მუზეუმია. და დავიწყე ამ სერიაში ქუჩების გაერთიანებაც. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ “კერძო მუზეუმში” ქუჩა ბევრია იმიტომ, რომ ყოველწუთიერად ვიღაც წერს, შლის, ასწორებს, ფარავს. 

90-იანების დასაწყისიდან დავიწყე ეროტიკული წარწერების და გამოსახულებების შეგროვება. 

ფალოსის, მაგალითად. 

ვიღებდი ყველგან, სადაც მხვდებოდა. 

და ფალოსი გხვდება ყველგან. 

სხვათა შორის, 87-ში გამოფენა ჰქონდა გია ეძგვერაძეს – უზარმაზარ, თეთრ ტილოზე შავი, სამნაწილიანი მაკრატელი, რომელიც, რა თქმა უნდა, ფალოსივით იკითხებოდა. 

ერთხელ სადღაც გავიარე და შევეფეთე კუბისტურად დახატულ ფალოსს. 

არადა, რა ადვილი შემოსახაზია, ხელის აუღებლად იხატება და როცა იდეა არ გაქვს და ხელები გექავება, მაგას ხატავ. 

ამ კედლის ნახატში კი გამაოცა სტილმა და ფორმამ – ავტორის მონდომებამ ახლებურად გამოეყვანა. 

ასე შევყევი მათ გადაღებას. ბევრნაირი შემხვედრია. ზოგი – კილომეტრიანი, ზოგი პატარა, ზოგი ხატავს ვიღაცის შეურაცხყოფად, ან ვიღაცის გასაბრაზებლად. ვიღაცისთვის პროტესტის გამოხატვაა, ვიღაცისთვის ასო “ყ”-ს გამოჩენაც კედელზე პროტესტია – ბოლო დროს ასო “ყ”-ს გავლენით შეცვლილი ბევრი ირაკლი შეგხვდებოდათ. 

მაგრამ რაღაც ასაკში ფალოსის შენობის კედელზე ხატვა მოსულა და მერე უკვე პოულობ სხვა თემებს და ფორმებს და, ვთქვათ, უპირისპირდები უსამართლობას. 

ამისთვისაც საჯარო კედელი არის მისწრება. 

დღეს, მით უმეტეს, როცა რეალურად ყველაფერს გიკრძალავენ, აქ არ გააპროტესტო, იქ არ გამოაქვეყნო, არ გაიარო, არ დადგე, ხოლო კედელზე მაინც მოახერხებ დაწერო: 

თავისუფლება.

დიდება უკრაინას. 

ფაქ რაშა. 

უბრალოდ, ეგაა, რომ საჯარო სივრცე ამ ბრძოლების გამოხატვის და გამომზეურების არენად ჩვენთან გვიან იქცა. სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, კედლებზე წერა კი არა, ქუჩაში სამი კაცის ერთად დგომაც აკრძალული იყო. პოლიცია მოდიოდა და გეუბნებოდა, სამ-სამი ნუ გაჩერდებით. 

გეცნობა? 

საბჭოთა თბილისის ფასადები, თეთრი და სუფთაა. ერთი წარწერა მახსენდება მხოლოდ, რომელიც ზუსტად იმიტომ გადავიღე, რომ კედელზე შემხვდა – “არ შეიძლება” – წერია. მეტი არაფერი. რა არ შეიძლებოდა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ასე ეწერა და ძალიან დამაინტერესა. კონტექსტის ნიშნად აღვიქვი – ქალაქში, სადაც ყველაფერი აკრძალულია და არაფერიც არ შეიძლება, დავინახე ის, რაც, ასევე, არ შეიძლებოდა – ფასადზე წარწერა.

ყველაფერი და მათ შორის კედლებიც, ნელ-ნელა, 88 წლიდან აბობოქრდა. ეს მოხდა ნოემბერში, როცა თქვეს, რომ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს და საქართველოს კავშირიდან გასვლის უფლება არ ექნება. ყველაფერი უკვე ისე იყო, რაღაცას იმ მომენტში უნდა აეფეთქებინა პროტესტი და ააფეთქა ამან. 

მყისიერად პლაკატური წარწერები გაჩნდა, რომლებსაც დაატარებდნენ აქეთ-იქით, რადგან მოძრავი იყო ყველა ეს დემონსტრაცია. 

და მერე, ერთ დღეს, ეს ხალხი პარლამენტის წინ ჩამოჯდა. 

და ეს იყო პარლამენტის წინ პირველი საპროტესტო დაჯდომა. 

ჯერ წარწერებს კედლებზე არავინ აკეთებდა. ტრანსპარანტები ჭარბობდა – დავწერე სახლში, დავიჭირე და მივდივარ დემონსტრაციაზე – ამან უფრო იმუშავა. 

აპრილის დასაწყისში ხალხი ისევ გამოვიდა. 

აი, მაშინ კი მთავრობის სახლის თაღებზე საპროტესტო წარწერები მიკრული უკვე წებოთი აქვთ. 

მგონია, რომ მაშინ ბევრს ისიც კი ვერ წარმოედგინა, რომ კედელზე დაწერა შეიძლება. 

საპროტესტო გრაფიტი და სტენსილი, რაც ტექსტიცაა და ფორმაც და ქუჩაში გამოსული ხელოვნებაა, ბევრს ნანახი არ ჰქონდა. ან სად უნდა გვენახა. მე რომ პატარა ვიყავი, საზღვარგარეთ წასვლა ნიშნავდა სამოთხეში ცოტა ხნით ექსკურსიაზე წასვლას. 

ეგეთ იდიოტობაში გვაცხოვრებდნენ. 

მაგრამ ზუსტად მაგ ცხოვრებიდან ვიცი, რომ აბსურდულ აკრძალვებს პროტესტის სხვა გზების ძიება მოჰყვება. 

ამ გზებს ადამიანები სულ იპოვნიან. 

რამდენჯერაც შეგზღუდავენ, იმდენჯერ მონახავ სხვა გზას.

ასე გაგრძელდება, სანამ არ დაინგრევიან. 

ეგრე იყო საბჭოთა კავშირი. 

გინდა, კედელზე წერა აკრძალე, გინდა თქვი, რომ სამ-სამი ნუ გაჩერდებით, 

სულ ერთია.

საუბარი გურამ წიბახაშვილთან ჩაწერილია 2024 წლის 31 დეკემბერს. 

იმავე წლის 30 ნოემბერს  – დემონსტრაციების დარბევისა და ხალხის დაჭერა-ცემიდან მესამე დღეს – დაიხურა მისი გამოფენა “გადაწერა”, რომელიც საპროტესტო გრაფიტით სავსე ქალაქის ნაწილად იქცა თავისი თემებითა და ფორმებით; ანდა ქალაქი იქცა მის ნაწილად. 

გურამის ახალი გამოფენა “ასვლა” კი, რომელიც 1988-2016 წლებში გადაღებულ დოკუმენტურ და კონცეპტუალურ ნამუშევრებს აერთიანებს, ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში 2026 წლის 4 თებერვლამდე დარჩება. 

ინტერვიუ გურამ წიბახაშვილთან ჩაწერილია მცირედი ავტოეთნოგრაფიული კვლევისთვის ქალაქზე და ადამიანებზე, სადაც საპროტესტო მუხტი დროის შორ წერტილებს, უბნების საზღვრებს, ხალხის ჯგუფურ და მარტოსულ მოძრაობას და ანთებას კრავს და მარადიულ მდგომარეობად აქცევს უსამართლობის წინააღმდეგ – თავისუფლების მოსაპოვებლად.

ტექსტი იწყება “გადაწერით” და “ასვლით” გრძელდება. არ მთავრდება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა