ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ხაფანგი | დავით აფაქიძე


საუბრები უკრაინის მოქალაქეებთან ჩაწერილია 2022 წლის აპრილსა და მაისში

 

* * *

მე ახლა ვცხოვრობ რეალობაში, სადაც ყოველდღე იხოცება ხალხი... და ჰო, ყოველდღე ვაცნობიერებ ამას.

რამე ფუშფუშა მასალას თუ ეძებ, ჯობს, პანდას მისწერო.

Зсу

ჩვენს ჯარს ორი დანაყოფი აქვს: რეგულარული ჯარი და მოხალისეები. ქვედანაყოფში ვხუმრობთ ხოლმე, თვითმფრინავების ჩამოსაგდები დანადგარი რომ დაგვჭირდეს, მოხალისეები ერთ საათში გვიშოვნიან და ძეხვიან ბუტერბროდსაც ზედ მოაყოლებენო. ახლა ყველა ერთად ვიბრძვით ‒ქვეყანაში დარჩენილებიც და ქვეყნის გარეთ აღმოჩენილნიც. ლტოლვილების უმრავლესობა უკვე დასაქმებულია. ფულს ისინიც უკრაინაში აგზავნიან ‒ ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებენ.

ukraine

ომი რომ დაიწყო, ჩემი ქმარი თავის დანაყოფში გამოიძახეს. მეც წავედი სამხედრო კომისარიატში ‒მოხალისედ ჩაწერა მინდოდა. გამიშვებდნენ კიდეც, მაგრამ ჯერ ჩვენი ძაღლი ზაპოროჟიეში, მშობლებთან უნდა ჩამეყვანა. დაბრუნებისას გზაზე კომენდანტის საათმა მომისწრო. კომენდანტის საათი პარასკევს საღამოს რომ იწყება, ორშაბათს დილით მთავრდება ‒ სადაც ხარ, იქვე უნდა მოძებნო თავშესაფარი და დაიმალო. სრულიად უცხო ხალხთან მომიწია ერთ დღეზე მეტის გატარება. ბევრი იყო ჩემსავით. ერთი ბებო მახსოვს, იმავე კორპუსში ცხოვრობდა და საჭმელად გვეძახდა ხოლმე, ბორშჩს გადმოგვიღებდა, ბოლოს კი პატარა კანფეტებით გვიმასპინძლდებოდა.

* * *

2014 წლიდან ჩემთვის არსებობდა ორი უკრაინა ‒ თავისუფალი, ლამაზი, სადაც სტარტაპები „იხოდებოდა“, გალერეები მუშაობდა, კლუბები გუგუნებდა... და მეორე უკრაინა, სადაც, ისევე, როგორც თავისუფალ უკრაინაში, იზრდებოდნენ ბავშვები, ადამიანები დადიოდნენ სამსახურში, ოღონდ ბომბების ქვეშ.

რამდენიმე დღის წინათ ჩვენი დანაყოფი კიევში ჩავიდა. იქ დავინახე, როგორ იდგნენ ქალები და ბავშვები მაღაზიის რიგში. მერე უცბად განგაში ჩაირთო და მივხვდი, რომ თავისუფალი უკრაინა აღარ არსებობს... და დღეს გვეძლევა საშუალება, რომ ეს თავისუფლება დავიბრუნოთ. ძალიან დიდხანს მშვიდად ვუყურებდით მტერს თვალებში. არ შეიძლება, რუსეთს ელაპარაკო, ან ემეგობრო. მე საქართველოსგან მაინტერესებს ‒ რატომ უშვებთ ამ ხალხს თქვენს მიწაზე? ჩვენ არ გვჯერა პოლიტიკური ემიგრაციის. ამ ხალხს უბრალოდ ცივილიზებულ სამყაროსთან კავშირის დაკარგვა არ უნდა, თქვენ კი ამის საშუალებას აძლევთ, თუმცა რის ფასად?

ჩვენ, კაზაკები, დემოკრატიულ ცხოვრებას ვართ მიჩვეულნი. კაზაკობაში ბელადს რომ ვირჩევდით, ორ პარალელურ ზოლში დგებოდა ხალხი, ხელში ყველას ჯოხი ეჭირა. ბელადს ამ დერეფანში უნდა გაევლო და თითოეულისგან მიეღო დარტყმა. მას სცემდნენ, რაც ნიშნავდა, რომ კაზაკობაში დაბრუნებისას ყველაფრისთვის მოეკითხებოდა. დღესაც ასეა ‒ თუ არ მოგვწონს მმართველობა, ემიგრაციაში კი არ გავრბივართ, ვაპროტესტებთ და ვცვლით ‒ ნებისმიერ ფასად!

ასე უნდა მოიქცეს ყველა, ვინც ტირანიას არ უჭერს მხარს.

* * *

უკრაინაში უთანხმოებები და განსხვავებული შეხედულებები ყველამ გადადო გვერდზე. ომი რომ დამთავრდება, შეიძლება მოვუბრუნდეთ ერთმანეთს და ისევ დავაყაროთ, მაგრამ გამარჯვებამდე ასე ვიდგებით ‒ ერთად.

* * *

ბუჩადან იმ დღეს რომ არ გამოვქცეულიყავით, მეორე დღეს ვეღარც გამოვიდოდით. ეს ხაფანგი იყო.

მე ვიქტორია კურილენკო ვარ, ჟურნალისტი და სცენარისტი. ომი რომ დაიწყო, სცენარებს ვწერდი ტელევიზიისთვის. ორშაბათს დილას, 5 საათზე, რეაქტიული თვითმფრინავის ხმამ გაგვაღვიძა. ჩემმა შვილმა მკითხა, რა ხდებაო. დაიძინე-მეთქი. უფროსი ოცი წლისაა, უმცროსი ‒ ხუთის. ჩვენ ბუჩას ოქროს წრეში ვცხოვრობდით, იქ ხალხი ცხოვრობს, მუშაობით კი კიევში მუშაობს. ორშაბათიდან გოსტომელის დაბომბვა დაიწყო. ავარდა შავი კვამლი. გამოჩნდა დესანტი... იქით ‒ თვითმფრინავები. შემდეგ ბუჩასკენ წავიდნენ. მესამე დღეს უკვე არ გვქონდა წყალი, გათბობა, შუქი. მაგრად ციოდა, ტელეფონიც აღარ მუშაობდა.

სახლში ვიძინებდით ხოლმე, ღამის ორ საათზე სარდაფში ჩავდიოდით, მძინარე ბავშვებთან ერთად. ხალხს დაეწყო პანიკა. საშინელებათა ფილმის სცენებში რომ არის ‒ ლურჯი ცა, მზე და აფეთქებები, კვამლი...

პროდუქტები და სანთლები გვითავდებოდა. ტელეფონები დაგვიჯდა, მერე გენერატორი მოიტანეს და ხანდახან ვტენიდით. რუსის ჯარი რომ მობრუნდა, გენერატორსაც ვეღარ ვრთავდით ‒ ხმაურობდა.

დაიწყო ბლოკადა.

ყველა ხიდი ააფეთქეს. ერთი გზა დარჩა კიევთან, ღია და საშიში, მაგრამ ხალხი მაინც რისკავდა. ჩემმა მეგობარმა დაადო თავი და სქროლით წავიდა, ხუთი წლის შვილთან ერთად.

არ ვიცი, გავიქცეოდით თუ არა. მეგობრები გადმოვიდნენ გოსტომელიდან, სახლი აუფეთქეს. მათი ოჯახიც ჩვენნაირია: დედა, მამა და ორი შვილი (როგორც ჩემი მარკი და მარინკა). ორ დღეს ჩვენთან ცხოვრობდნენ, მერე გაქცევის გეგმა დავსახეთ. მათ გარეშე ალბათ ვერ მოვიფიქრებდით. ბოლო წვეთი ის იყო, მეზობლები რომ მოვიდნენ და ჭრილობის გადახვევა გვთხოვეს... ერთ-ერთი უბრალოდ ქუჩაში მიდიოდა, დღის ხუთი საათზე, და რუსული ბეტეერიდან ესროლეს. ეგდო და სისხლისგან იცლებოდა, ჩემმა ქმარმა შემოიყვანა სადარბაზოში. ექიმი გვყავდა სახლში და ის უვლიდა.

ჩემი მეგობრები მანქანითაც ცდილობდნენ გაქცევას, მაგრამ რუსებმა დაცხრილეს. ოთხი წლის შვილს მოხვდა ტყვია, მძიმედ დაიჭრა და უკან მოუწიათ დაბრუნება. მივხვდით, რომ ფეხით ჯობდა გაქცევა, ტყეებით და მდინარეებით. ორად გავიყავით. მეგობრები წინ წავიდნენ, ჩვენ 15 წუთში გავყევით, ყურადღება რომ არ მიგვექცია. სამჯერ გვესროლეს. უმრავლესობა ქალები ვიყავით, ბავშვებით. ირპენამდე უნდა მიგვეღწია. ვიცოდით, რომ იქ, ეკლესიაში, გადაზიდვების პუნქტი იყო და ტელეფონის დატენვას შევძლებდით.

ის რომ მცოდნოდა, რა დაგვხვდებოდა ირპენში, ალბათ არ გავიქცეოდი.

ვერ ვხდები, რატომ გვესროდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. ჩემს ქმარს ტყვიამ მხართან გაუარა. ირპენში ერთი პარკია, ლამაზი, მაღალსართულიანი, ჰაიტექკორპუსებით გარშემორტყმული. შევედით თუ არა, დაბომბვა დაიწყო, ნამსხვრევები და ნაფლეთები ცვიოდა. ჩემი ქმარი შვილს ეფარებოდა. მერე ვდგებოდით, გავრბოდით და ისევ ვეცემოდით. ერთი საათი მივრბოდით, შემდეგ ვიღაცამ მანქანაში ჩაგვსვა და ეკლესიაში დაგვტოვა, სადაც ტელეფონები დავტენეთ.

მერე გვითხრეს, თქვენით უნდა წახვიდეთო, სოფელ რომანოვკასთან აფეთქებულ ხიდზე უნდა გადაიაროთო. ორივე მხრიდან ისროდნენ. ზემოთ რუსული დრონი დაფრინავდა, ჩვენები მის ჩამოგდებას ცდილობდნენ. ჩემი ხუთი წლის გოგო ჯარისკაცმა ხელში აიყვანა. ბავშვი იცინოდა, ეგონა, რაღაცას ვთამაშობდით, ბიჭი კი ბევრად დაისტრესა...

გზის ორივე მხარეს გვამები ეყარა ‒ ყველამ ვერ გადაირბინა.

ჩვენ გაგვიმართლა.

ვიკა ირპენიდან

* * *

ხანდახან მგონია, „ბოევიკს“ ვუყურებ, რომელსაც გამოვრთავ და ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება.

* * *

არაბინარული, ტრანსფემინური ადამიანისთვის უბრალოდ დამანგრეველი იყო იმის გაცნობიერება, რომ ვერ დავტოვებდი ქვეყანას, იმიტომ, რომ ასე გამოვიყურები და პასპორტში სქესი „მამრობითი“ წერია.

კიდევ კარგი, თეთრი ბილეთი მაქვს და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული ვარ. ზუსტად ომის დაწყებამდე დავიწყე ტრანზიციის პროცესი, ახლა ესეც შევაჩერე, ვიდრე ყველაფერი დამშვიდდება.

* * *

მყავს 18 ცხოველი, 7 ძაღლი, დანარჩენი ‒ კატები. ერთ ძაღლს ინსულტი დაემართა ‒ ვასეირნებდი, უეცრად სროლა რომ დაიწყო და ფეხები წაერთვა. კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ სეირნობის ისევ ეშინია.

ველოდებოდი ამ ომს ‒ ყველაფერი აქეთ მიდიოდა.

მე ვფლობ გარკვეულ ძალას, მეტს ვხედავ და ვგრძნობ. 2012 წლიდან ვგრძნობ წნეხს უკრაინის სივრცეზე ‒ ეს ისეთი წნეხია, რომელიც ადამიანის ვიბრაციულ ველს ასუსტებს.

შემდეგ იყო რევოლუცია და ომი, რომელიც რვა წელია გრძელდება.

23 თებერვალს მთელი დღე ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი, ვტიროდი, მერე აბანოში წავედი. ვიცოდი, რომ რაღაც იწყებოდა. დილის 4 საათზე აფეთქების ხმამ გამაღვიძა. სარდაფში ჩავედი, ცხოველებთან ერთად.

სიკვდილის არა, ჩემი შვილების დაკარგვის მეშინოდა. შორს იყვნენ ‒ ასეთ მანძილზე ვერ შევძლებდი მათ თავზე დამცავი გუმბათის შექმნას.

ხალხს ძალიან დიდხანს ეძინა. რასაც დღეს ვხედავთ, უკრაინელი ხალხის გარდასაქმნელი სულია.

ნაცია ხელახლა იბადება. ვინც დღეს იღვიძებს, ისინი უნისონში სუნთქავენ, ერთიანი ენერგიით ‒ ეს ადამიანები ერთმანეთს გრძნობენ.

ახლა ქალის ენერგიაა ძალიან მნიშვნელოვანი. წყევლის ნაცვლად, ის ქვეყნის სიყვარულისკენ უნდა მივმართოთ ‒ უნდა მოვთოკოთ სიძულვილი.

როდის მოკვდება პუტინი? ‒ სულ ამას მეკითხებიან.

მე ვპასუხობ, რომ პუტინი შეიძლება მოკვდეს, მაგრამ ის ენერგია, უბრალოდ, სხვაგან გადავა.

ჩვენ ენერგიები უნდა გავაძლიეროთ, რომ აღარ ვკვებოთ მისნაირი არსებები.

რასაც ახლა ვგრძნობთ, მათი საკვებია.


ტექსტი: დავით აფაქიძე
ქავერ ფოტო: ტბელ აბუსერიძე

logos 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა