გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
არჩილ ქიქოძე

არჩილ ქიქოძის „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ | რეცენზია


არჩილ ქიქოძის შემოქმედების გაცნობა „ნორვეგიული დღიურით“ დავიწყე, რომელიც დოკუმენტური პროზის ჟანრს მიეკუთვნება – წიგნი 2020 წელს გამოიცა, ნატურალისტურ-ლიტერატურულმა მოგზაურობამ პანდემიის დღეებში ის სიამოვნება მომანიჭა, რომელიც უმრავლესობას ასე გვაკლდა: გზა, კომუნიკაცია  და სიმშვიდე.

ერთი წლის მერე დაიბეჭდა „ხვლიკი საფლავის ქვაზე“. წინა წიგნით აღფრთოვანებულმა, ესეც მაშინვე წავიკითხე და წერილიც დავწერე. ვცადე ერთგვარი მიმოხილვის გაკეთება და რომანიდან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანის გამოყოფა.

                       

„ცრუ“ რწმენა  და „ნამდვილი“ მითი

ავტორი რომანში ორმაგი კოდირების ხერხს იყენებს, მთავარი გმირის ხასიათს ორ პლანში გვიჩვენებს. პირველი იმიტირებული თამაშია – Escape from Soviet Apartment, რომელმაც დასაწყისშივე შეგვიქმნა წარმოდგენა, როგორი კაცია მთხრობელი. იგი, იმის ნაცვლად, რომ თამაშის წესებს მიჰყვეს, პირველ ოთახს, საწყისს უბრუნდება, სადაც ქანჩები და ბრტყელტუჩები ეგულება. „ლეთ მი დუ ით, გერლზ!“ − ეუბნება სხვა მოთამაშეებს და მილიდან წყალი ასხამს. იმიტაცია იშლება. რეალობა პროგრამის ნაწილი არ არის. ის გამოცდილებასთან გამუდმებით ბრუნდება და ამ პროცესში ქმნის და შლის მითებს. რომანი მთხრობელის თამაშის, უფრო ზუსტად − „ართამაშის“, იმიტაციების ჩაშლის ილუსტრაციაა.

ადამიანები, მათი ამბებისა და განცდების დროსა და გარემოში არსებობის პარადიგმა მთხრობელისთვის არის შთაგონება, მთავარი პროვოკატორი ფიქრებისა, რომელშიც იქმნება მისი რეალობა, მისი „ნამდვილი“ მითი. ამბები ბნედიან ზღაპრების მთქმელზე, შეშლილ კონფერანსიეს ეკლესიაზე, ზღვაში აფრაგაშლილ, უსამართლობასთან რომანტიკულად  მებრძოლ ვექილზე და ამბები მთიელ გიგოზე, თავად ჯამბაკურზე, ქეთიზე, მძღოლ ვახტოზე  მოგვითხრობენ იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს ადამიანური არსებობა − ეგზისტენციალური თავისუფლების ქონისა და არქონის მდგომარეობები. ამბებისა და ადამიანების გამოცდილებად გარდაქმნის პროცესში მთხრობელი ადაპტირდება ცხოვრებასთან.

მთავარი გმირი წარსულში გადასულ, მოკვდავ და აღდგენად კერძო მითებს გამოიხმობს ეპიტაფიებიდან. იგი საკუთარ რწმენა-წარმოდგენებს სინჯავს, თხზავს, მითთაქმნადობის პროცესშია:

„საფლავის ქვაზე მამაკაცია გამოსახული, ძალიან პირობითად და პრიმიტიულად. ... ბოლშევიკი? წითელარმიელი? გამკულაკებელი? დამწიოკებელი? კომკავშირელი? შინსახკომელი? ნაძირალა? იდეალისტი? ... ქვა ოსტატმა თითქოს გულსგარეთ, ნაჩქარევად გათალა, ... „შენდობა“ კი მაინც მოხვდა ქვაზე, მოხვდა და დარჩა... ვიღაცეები იმ კომკავშირლის, − ჩემთვის ასე დავარქვი და ახალგაზრდად სიკვდილისთვის გავიმეტე − იმ მებრძოლი ათეისტის სულისთვის მაინც ღმერთს სთხოვენ შენდობას...“ (129)

მისთვის ლიტერატურული ტექსტიც ერთგვარი ხატია, ამიტომ „ფხოველი ჯარისკაცის წერილზე“ მეტად ვაჟას, როგორც კერძო ადამიანის ერთი შემოქმედებითი დღე ხიბლავს. ამაზე მეტად კი უცნობი ფხოველი და დედამისი აინტერესებს, რომელსაც თვითონ აძლევს სახელს:

„თავადების დაბადება და სიკვდილია დათარიღებული. ... მოხუც სანათასაც ამ წელს მოუვიდა წერილი შვილისგან, რომელიც თან დაატარებდა საკუთარ ღმერთს და ის იცავდა მტრის ტყვიისაგან, თუმცა ვინ იცის, იმ ბიჭისთვის როდის და როგორ დამთავრდა ომი?! მე მარტო ლექსის კვალდაკვალ ცხენით მორბენალი სნეული პოეტის ამბავი ვიცი.“ (131)

მთხრობელისგან განსხვავებით, მეგობარი, მთიელი გიგო იმდენად მიჯაჭვულია რელიგიურ-კულტურულ ფუნდამენტს, რომ უბრალო შენობა ვერ ააგო, წვიმის დროს თავი რომ შეეფარებინა, „თავისი“ რომ იქნებოდა. მისდაუნებურად ფხოვური სალოცავი, ხატი შემოეშენა, რომელიც შემდეგ სხვა მიჯაჭვულმა ადამიანებმა ქრისტიანულ სალოცავად აქციეს.

„ჰოდა, როცა მართლა გაწვიმდა, გიგომ თავშესაფარს ვეღარ მიაშურა... გიგოს სამალავი უკვე ნალოცი იყო და ქვის კედლებზეც უამრავი სანთელი იყო ჩამწვარი, იქაურობა ხატებით იყო სავსე და ვიღაცას შესაწირი ყუთიც დაედგა.“  

თავადების შთამომავალი ჯამბაკური კი სოციალურ-კულტურული ფუნდამენტისა და ბავშვობის ტრავმისაგან ვერ თავისუფლდება. გიგოსა და ჯამბაკურის ცხოვრებისეული რწმენა „ცრუა“ არა იმიტომ, რომ ისინი იტყუებიან, გაცნობიერებულად თვალთმაქცობენ ან მათ ქმედებებს საფუძველი არ აქვს, პირიქით, რა შეიძლება იყოს  რიტუალზე, მამის გამო შურისძიებასა და დემონსტრაციულად დაყენებულ სუფთა ღვინოზე რეალური? ისინი საკუთარ ეგზისტენციალურ სიცრუეს ქმნიან იმით, რომ არ განსჯიან, პირდაპირ იღებენ და ებმებიან იმ პირობითობებში, რომლებშიც დაიბადნენ; არ შეუძლიათ დაინახონ –

„სადღაც ვენახების, ვაშლის ბაღების და მავთულხლართების მიღმა ზღვა და სანაპირო ზოლიც აქვს ამ ქვეყანას“.

ამ გმირების ცხოვრებაში გონითი წილი არაა იმდენი, რამდენიც − გაუცნობიერებელი, გადაუმუშავებელი ლტოლვები, მიდრეკილებები, რომელთა გადასინჯვა აღარც იგულისხმება გიგოს შემთხვევაში. ამ უკანასკნელის სიყალბეს ვიზუალურად ააშკარავებს მის ტრადიციულ სამოსზე ჩამოკიდებული, სუვენირადაც გამოუსადეგარი ხანჯალი და მთის მოტივების ამსახველი  ნახატები, მყვირალა კიტჩად რომ ჩანს და მთხრობელი თვალს ვერ უსწორებს უხერხულობის განცდის გარეშე; აღტაცება ბერლინელი მეძავებით, რომლებსაც „სიშიშვლისგან იმისთანა უცოდველი იერი აქვთ, რომ თავიდან რამის კადრება გაგიჭირდება, მაგრამ შეეჩვევი...“ − აცხადებს ფარსთან გიგოს შემგუებლობას, უკონფლიქტობას; ჯამბაკურის ყოფის რაობას კი მწერალი ასე აფორმებს − ქალს, რომელთანაც ცხოვრობს, თავადვე უწოდებს არარაობას. გაუცნობიერებლად გაცნობიერების ეს პოეტური იმპლიკაცია გმირში უშვებს საკუთარი  არსებობის გადასინჯვის შესაძლებლობას.

გმირთა ეგზისტენციალური მდგომარეობები, თავისუფლების ქონა და არქონა, საკუთარ თავში დაფუძნებული „ცრუ“ რწმენა და წარმოებული „ნამდვილი“ მითი − რომანი პატარ-პატარა და მთავარი ამბებით საბოლოოდ  ამ ადამიანურ სივრცეს გვიჩვენებს.


ხედვის კუთხე

მთელი რომანი მთხრობელის ნაამბობია. ყველა  პერსონაჟს მისი აზრების გავლით ვიცნობთ. ამ მხატვრული პრივილეგირებით იგი აღიქვამს სხვა გმირების კომპლექსებს, სიმხდალეს, პიროვნულ შეუმდგარობას. ეს აღქმები ტექსტში რეპლიკა-მხილებების სახით ჩნდება:

„ისევ გიგომ შეგვკრიბა... − ისე მითხრა ტყუპებიდან ერთ-ერთმა, რომ მივხვდი, ყველას ამას ეუბნებოდა, სახეზე დაყენებული სევდით და იმისთანა სინანულით, რომ დროის უკან დატრიალება რომ შესძლებოდა, უამრავ რამეს შეცვლიდა.“

„არ მეშინია!“ იმდენჯერ ამბობს, რომ ვხვდები, ძალიან შეშინებულია“.

მთხრობელი ზოგჯერ მცირე შენიშვნის ნაცვლად ვრცლად აანალიზებს არამთავარი გმირის შინაგან სტრუქტურას:

„გიგო ტყვეა იმ მოტივების და ამბების, ბავშვობიდან რომ ესმოდა და სამუდამოდ რომ მიაჯაჭვეს კავკასიონის პატარა კუთხეს და აღარსად გაუშვეს. თვითონ დაიდო ეს ბორკილი და გასაღებიც შორს მოისროლა, რადგან თავისი მშობლების, ნათესავების და მთელი დაწყევლილი საგვარეულოს კვალად დაიჯერა, რომ მთის გარეშე დაიღუპება, მთავარს დაკარგავს, რაღაც ცოდნას, ურომლისოდაც გიგო გიგო აღარ იქნება...“

საინტერესოა, როგორ მიიტანდა მწერალი მკითხველამდე „ცრუ“ გმირების ცხოვრებას თავისი გაუცნობიერებელი, ლატენტური ლტოლვებით, რთული კომპლექსებით, რომელიმე მათგანი რომ ყოფილიყო მთავარი გმირი და მთხრობელი; ისინი როგორ გვიამბობდნენ და დაგვანახვებდნენ რომანის პროტაგონისტს, მის ფსიქოტიპს; ამ გმირების ეგზისტენციალური ინფანტილიზმითა და დანახვის შეუძლებლობით ნაამბობში მიხვედრის პრივილეგია თხრობის მეორე მხარეს − ობიექტსა და მკითხველს რომ ჰქონოდა და არა − მთხრობელს.

 

დროის გაუქმება

რომანში არის ეპიზოდები, როდესაც მთხრობელი გზიდან უხვევს და როდესაც მთხრობელისთვის გზა ჩერდება. ეს არის ადამიანში ისტორიის გაქრობისა და საკრალურის ჩენის მაღალმხატვრული სურათები, რომლებიც ტექსტში მითოლოგემებითა და სიმბოლური სახეებით იშლება.

ხალხური ზღაპრის „მიწა თავისას მოითხოვს“ რეპრეზენტაციას მოჰყვება ეპიზოდი, რომელშიც გმირმა სიყვარულით შეძლო დროის გაქრობა:

„ზევით და ზევით მივდიოდი და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი თითქოს მაბერებდა. ასე მემართება აქ ყოველ ჯერზე, იმ ერთი მოსვლის გარდა, როცა ალდეს და მე გვქონდა ქორწილი, მაგრამ მაშინ მოვიტყუე, ვითომ აქაური არ ვიყავი, ვითომ შემთხვევით გადავუხვიე მთავარი გზიდან...“

მთხრობელი დროს აჩერებს და სიკვდილს თრგუნავს სიყვარულის განსახიერებით. ქორწილი რომანში მხოლოდ იმიტაციაა, მაგრამ რეალურია ამ სიტყვის ყველაზე ღრმა მნიშვნელობით. ქორწილი არის არა რიტუალი, არამედ − ნიშანი სიყვარულთან ზიარებისა.

დროის გაუქმება განმეორებადია ტექსტში. სიკვდილის ხელახლა აქტუალიზებას ამჯერად მარადიული გაზაფხულისა და სიცოცხლის ხის მითოლოგემა მოსდევს:

„მაშ, ჩვენთანაც მოვა სიკვდილიო, დედი? ... მაგრამ მასზე ვეღარ ვფიქრობ, რადგან ვხედავ, ალდე უკვე მიახლოებია პაწაწინა საყდარს... დიდხანს მეგონა, რომ გაზაფხულზე მოხდა ეს ყველაფერი. არ არის ასე... ის ხე და ალდე მიკეთებენ იმ ცრუ გაზაფხულს, მატყუებენ.“

სიყვარულის საკრალურობასა და ძალას, გააუქმოს დრო, მწერალი ერთი ქალის შესახებ ნაამბობითაც გვიჩვენებს:

ქალს, რომელსაც დემენცია სჭირს და ხუთ წუთში ავიწყდება ყველაფერი, ახსოვს მხოლოდ ქმარი. მასზე ისეა შეყვარებული, როგორც ახალგაზრდობაში და ყოველწამიერად ბედნიერია მის გვერდზე ყოფნით. ეს არის ამბავიც და მეტაფორაც.

ისტორიის გაქრობასა და დავიწყებას გმირისათვის, გარდა სიყვარულისა, შესაძლებელს ხდის სივრცე და გარემო:

„ტყეში წაქცეული პატარა ვერხვი გვაბრკოლებს. ... ტყეში მხოლოდ ცულის კაკუნი ისმის და კარგად ვარ, ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ. დემენცია, დემენციიიია, ეს დიდებული სიტყვა ბურუსივით ედება ტყეს და სხვა არაფრისთვის ტოვებს ადგილს. მერე ხე ჭახანით ტყდება და ხელებში ვგრძნობ, როგორ კრთებიან ხმაურზე ცხენები. ყველაფერი მთავრდება. გზა გახსნილია“.

ავტორი მხატვრულად იხელთებს და მკითხველისათვის შესაგრძნობს ხდის ადამიანის ყველაზე იდუმალთან და შეუცნობელთან ზიარებას ბუნებრივად, ყოველდღიურობაში, ურიტუალოდ. 

ავტორი: თამთა ღონღაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა