
კომიქსის ენა
ინდიგო: კომიქსების წერამდე ჟურნალისტი იყავით, მერე მთლიანად კომიქსების მწერალი გახდით. რატომ მაინცდამაინც კომიქსი?
ვენ ჯენსენი: პირველ რიგში იმიტომ, რომ ვიზუალურად ვფიქრობ. წერის პროცესში ყოველთვის მკაფიოდ ვხედავ იმ ამბავს, რასაც ვწერ. კომიქსი კი ყველაზე ვიზუალური მედიუმია და იდეალურად შეესაბამება ჩემს ამ უნარს. მეორე მიზეზი კი უშუალოდ კომიქსის შექმნის პროცესია. მიყვარს მწერალსა და მხატვარს შორის კოლაბორაცია. ხატვა, სამწუხაროდ, არც ისე კარგად გამომდის, ამიტომაც მჭირდება, რომ სხვა ხელოვანებთან ვიმუშაო. საოცარი გრძნობაა, როცა ადამიანთან კარგი ურთიერთობა გაქვთ და ერთად მუშაობთ. ერთმანეთს უფრო და უფრო მეტის გაკეთებისკენ, უფრო წინ წასვლისკენ უბიძგებთ.
ინდიგო: როგორ გადაწყვიტეთ კომიქსების წერა?
ვენ ჯენსენი: ძალიან პატარა ქალაქში გავიზარდე, სადაც სამასიოდე ადამიანი ცხოვრობდა და ამიტომ ბევრი კომიქსი ჩვენთან არც იშოვებოდა. ჩემს ბიძაშვილს მოჰქონდა ჩემთვის საინტერესო გამოცემები. ვკითხულობდი „ადამიან-ობობას“, „ბეტმენს“ და „იქს-მენს“, თუმცა ყველაზე საყვარელი ალბათ მაინც „G.I. ჯოუ“ იყო – 1980-90-იან წლებში გამოდიოდა კომიქსად და იმაზე ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
გარდა ამისა, დედაჩემი იყო მხატვარი და მეც ძალიან მინდოდა კომიქსების მხატვარი გავმხდარიყავი, მაგრამ იმ პატარა ქალაქში კომიქსების ხატვა რეალურ პროფესიად არ აღიქმებოდა. ამიტომ ჟურნალისტობა გადავწყვიტე. ერთ-ერთ გაზეთში მუშაობისას, გავიცანი მხატვარი, რომელსაც ჩემსავით უყვარდა კომიქსები. ხშირად ვლაპარაკობდით ამ თემაზე და ერთ დღესაც საკუთარი კომიქსის გაკეთება შემომთავაზა. დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ წიგნის შექმნის გამოცდილება არცერთს არ გვქონდა. ასე გაჩნდა „პინოქიო – ვამპირების გამანადგურებელი“. წიგნის გამოსვლას საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა თინეიჯერებში და არამარტო. მეუბნებოდნენ, რომ წერა უნდა გამეგრძელებინა. მეც ვწერდი და თან ვსწავლობდი მეტს კომიქსების სამყაროზე, ინდუსტრიაზე.

ინდიგო: გამოცემული გაქვთ საკუთარი კომიქსები და გიმუშავიათ მსხვილი გამომცემლობა „დი-სი“-სთვისაც (DC). რა განსხვავებაა ამ ორს შორის?
ვენ ჯენსენი: როდესაც საკუთარ კომიქსზე მუშაობ, ზღვრებს შენს თავს თავად უწესებ. ასევე, არ გყავს უფროსი, რაც მეტ თავისუფლებას ნიშნავს. ამ მეტ თავისუფლებას კი თავისი გამოწვევები აქვს. მაქსიმალურად მოტივირებული და ორგანიზებული უნდა იყო, რადგან, როდესაც ვადებს არავინ გიწესებს, სიზარმაცემ შეიძლება გძლიოს. გარდა ამისა, უნდა ისწავლო სიუჟეტის კონკრეტულ თემებზე ფოკუსირება. ამბის განვითარება მილიონი სხვადასხვა გზით შეიძლება და ხანდახან სხვაგან შეიძლება გაგიტაცოს. ამიტომაც, მართვის სადავეები ხელიდან არ უნდა გაუშვა. DC-ისთან მუშაობა სრულიად განსხვავდება ამისგან. ყველა პერსონაჟი, რომელზეც მუშაობ, მათი საკუთრებაა. ეს პერსონაჟები ათობით წელია არსებობენ და უამრავი მკითხველი და გულშემატკივარი ჰყავთ. ამიტომაც უნდა მოახერხო, რომ მკითხველს შესთავაზო რაღაც სრულიად ახალი ისე, რომ მათთვის კარგად ნაცნობი, საყვარელი პერსონაჟები და გარემო იგივე დარჩეს.
ძალიან უცნაური და საინტერესო დავალებაა – შეცვალო ყველაფერი ისე, რომ არაფერი შეცვალო.
სწორედ ამიტომ, DC-ში მუშაობის დროს უამრავ კომიქსს ვკითხულობდი, ათობით, ასობით, რომ კარგად გამეცნო ეს პერსონაჟები, მივმხვდარიყავი, რა სურდა მკითხველს.
ინდიგო: რამდენად რთულია ტექსტის კომიქსისთვის წერა, როგორ ახერხებთ მცირე ტექსტით დიდი შინაარსის გადმოცემას?
ვენ ჯენსენი: ეს კომიქსის წერის ალბათ ყველაზე რთული ნაწილია. მით უმეტეს, ყოველთვიური კომიქსები, ისინი მხოლოდ 20-22 გვერდია და ტექსტისთვის განკუთვნილი სივრცე თვალსა და ხელს შუა მთავრდება. კომიქსი ყველაზე კარგი გამოდის, როცა სათქმელს მოკლედ და სხარტად ამბობ, ამიტომ მუდამ ვცდილობ, ჩემი თავი გავაჩუმო და სიტყვები არ ვაფრქვიო.
შეიძლება უცნაური შედარებაა, მაგრამ მგონია, რომ კომიქსში ტექსტის ჩატევა ინჟინერული პრობლემაა.
ინდიგო: როგორ შეიცვალა კომიქსები ბოლო წლებში, რა ახალი მიმართულებები გაჩნდა?
ვენ ჯენსენი: ათწლეულების განმავლობაში ამერიკაში კომიქსები სულ სუპერგმირებზე იყო. უფრო სწორად, ასეთი კომიქსები იყო პოპულარული. სხვა ქვეყნებში უფრო მრავალფეროვანი გრაფიკული რომანები გვხდებოდა. ბოლო პერიოდში კი უკვე აშშ-შიც უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ორიგინალურ იდეებს, ახალ ხმებს და არა მხოლოდ „მარველს“ და „დი-სი“-ს.
გარდა ამისა, კომიქსების სამყაროში ყოველთვის კაცები ჭარბობდნენ, ახლა კი მკითხველების ნახევარი უკვე ქალია. და არამხოლოდ მკითხველები. უკვე საკმაოდ ბევრი ქალი მწერალი და მხატვარი გამოჩნდა ასპარეზზე. ეს ტენდენცია ძალიან მომწონს და მიმაჩნია, რომ აუცილებელიც კია ჯანსაღი ინდუსტრიის არსებობისთვის.
ინდიგო: საქართველოში კომიქსების კულტურა ჯერ არ არსებობს.
ვენ ჯენსენი: სხვათა შორის, სწორედ ამ საკითხზე შევხვდით ქართველ გამომცემლებს და მათაც ის ვუთხარი, რომ ამხელა ინდუსტრიის აშენება არც ისე მარტივია. თუმცა მჯერა, რომ ათ-ოც წელიწადში ამ მიზნის მიღწევა რეალურია. ამისთვის საჭიროა, ჯერ ბავშვებს შევაყვაროთ კომიქსები და ოცი წლის შემდეგ, როცა ისინი გაიზრდებიან და წაიკითხავენ უფრო სერიოზულ გრაფიკულ რომანებს, თავიანთ შვილებსაც შეაყვარებენ კომიქსებს.
ინდიგო: ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ კომიქსები ზედაპირულია და სიღრმე, შრეები, განზომილებები არ გააჩნია. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეუძლია კომიქსს გადმოსცეს მნიშვნელოვანი სოციალური და ადამიანური პრობლემები, მნიშვნელოვანი იდეები?
ვენ ჯენსენი: უბრალოდ, ადამიანები, ვინც ასე ფიქრობენ, ჯერ კარგ კომიქსს არ გადაჰყრიან.
უამრავი ძალიან საინტერესო, საოცრად ჭკვიანური კომიქსი არსებობს. ბევრი მათგანი, ჩემი აზრით, ლიტერატურული შედევრიცაა.
მაგალითად, შონ თენის „ჩამოსვლა“, რომელიც უსიტყვო გრაფიკული რომანია და საკუთარი ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანის ისტორიას გვიყვება. ამ ადამიანის ქვეყანას გიგანტური მონსტრები დაიპყრობენ, რის შემდეგაც მას ახალ ქვეყანაში გადასვლა უწევს. ახალი ქვეყანა უცნაური და განსხვავებულია, რის გამოც წიგნის პროტაგონისტს უჭირს მათი ენის, ნიშნების, ხალხის გაგება და თავის დამკვიდრებაც. ეს ყველაფერი გრაფიკულად გადმოცემისას იმდენად შთამბეჭდავი ხდება, რომ მკითხველს საშუალებას აძლევს, ბოლომდე იგრძნოს, რას ნიშნავს იყო ლტოლვილი და თავი ამოყო შენთვის სრულიად უცხო გარემოში. არ მგონია, ამ ემოციების ასე მძაფრად გადმოცემა რომელიმე სხვა ფორმით შესაძლებელი ყოფილიყო.
ინდიგო: თქვენი ახალი კომიქსი „კრიპტოკრასი“ სულ მალე გამოვა. რაზეა იგი და როგორ დაიწყეთ გამომცემლობა „დარქ ჰორსთან“ თანამშრომლობა?
ვენ ჯენსენი: ძალიან ხშირად გვხვდება ისტორიები ჩრდილში მყოფი, საიდუმლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ყველაფერს მართავენ. თუმცა ამ ყველაფერს ხშირად მხოლოდ ერთი მხრიდან აღწერენ და არავინ ჰყვება ისტორიებს ამ ორგანიზაციების პოზიციიდან. ამიტომაც მინდოდა დამეწერა იმაზე, თუ რა აშინებს იმ ხალხს, ვისიც ყველას ეშინია.
აშშ-ში ძალიან უყვართ კონსპირაციული თეორიები და უამრავი ვებსაიტი არსებობს, სადაც ამ გიჟური იდეების შესახებ წერენ. ამიტომაც, როდესაც „დარქ ჰორსის“ რედაქტორმა მითხრა, მოდი ერთად გამოვცეთ წიგნი და რა იდეები გაქვსო, სწორედ ეს იდეა შევთავაზე. თავად კომიქსის შექმნამდე უამრავ კონსპირაციის თეორიას გავეცანი და ძალიანაც ვერთობოდი. ფაქტობრივად, სამყაროს ისტორიის ალტერნატიული, კონსპირაციული ვარიანტი შევქმენი. „კრიპტოკრასიზე“ ჩემთან ერთად მომუშავე მხატვარსაც ძალიან უყვარს ეს თეორიები და ხშირად ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენთვის საყვარელ და საინტერესო თეორიებს. სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ამბავი არა კონსპირაცია, არამედ რეალური ფაქტია. ჯონ ფ. კენედის ტვინი მისი გარდაცვალების მერე გაუჩინარდა. წარმოგიდგენიათ, აშშ-ის პრეზიდენტის ტვინი აუტოფსიის შემდეგ უკვალოდ გაქრა. ბევრი ადამიანისთვის ამ ფაქტიდან დასკვნამდე, რომ სამყაროს მმართველები ხვლიკ-ადამიანებს წარმოადგენენ, სამი-ოთხი ნაბიჯია. მართალია, მე ამის არ მჯერა, მაგრამ ვხვდები, როგორ მიდიან მსგავს იდეებამდე.